საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის მუსიკალურ კონკურსში აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა გაიმარჯვეს

25 ივნისს Georgian Junior Academy • საქართველოს ახალგაზრდული აკადემია ორგანიზებით, ინტერნეტსივრცეში დაიწყო საბავშვო მუსიკალური კონკურსი 16 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის. მონაწილეობის მსურველებს საკუთარი ნამღერის ვიდეო (სოლო ან მეგობრებთან ერთად ნამღერი - დუეტი, ტრიო ან კვარტეტი) უნდა გაეგზავნათ ან #smulecom აპლიკაციის საშუალებით მათთვის სასურველი სიმღერა უნდა ემღერათ, რაც #JuniorAcademy და #SmuleGeorgiaJunior შემოწმების შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდებოდა.

კონკურსი 6 ივლისს დასრულდა და მისი გამარჯვებული და ხალხის რჩეული გახდა აფხაზეთიდან დევნილი მოზარდი სალომე ზუხბაია. მან სმულეს (#smulecom) 1-წლიანი VIP ანგარიში მოიპოვა. საქართველოს ახალგაზრდულმა აკადემიამ გოგონა ასევე უფასო მასტერკლასებით დაასაჩუქრა. სალომე ზუხბაია 3 წლიდან, დედასთან ერთად, იტალიაში ცხოვრობს. ის ამჟამად მილანში, ლა-სკალას აკადემიის გუნდის პირველი ქართველი მოზარდი მომღერალია (50 ბავშვიდან 13 საუკეთესოთა შორის აღმოჩნდა).

კონკურსის ფინალისტები არიან ასევე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები: „#ბასტიბუბუს“ აღსაზრდელი თეკლა წურწუმია (მეორე ადგილი) და ლილე ბენდელიანი (მესამე ადგილი). ორივე მათგანიც სმულეს (smule.com) 1-წლიანი VIP ანგარიშით დააჯილდოვა.

იხ. სალომე ზუხბაიას ნამღერი: https://bit.ly/2OwlZ16
იხ. თეკლა წურწუმიას ნამღერი: https://bit.ly/398eFlV
იხ. ლილე ბენდელიანის ნამღერი: https://bit.ly/3h6sqEE

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის მოზარდებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 16 ივლისს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის დაიწყება ერთობლივი პროექტი „ევროპული არდადეგები“. პროექტი მოიცავს როგორც საგანამანათლებლო, ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს. ზაფხულის განმავლობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 300-მდე ახალგაზრდა სხვადსხვა რეგიონიდან გაეცნობა ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს, მიიღებს ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე,  მათი ჩართულობის გაზრდა აღნიშნულ პროცესში, ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა. ასევე, ახალგაზრდებისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტული პოტენციალის, ღირსშესანიშნაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.

რუსლან აბაშიძე საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას და ფრანგ ხალხს ბასტილიის დღეს ულოცავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას და ფრანგ ხალხს გილოცავთ დიდ ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა არა მხოლოდ საფრანგეთის აღმშენებლობაში, არამედ ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში.

ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი საზოგადოების უფლებების დაცვასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების თანადგომაში გამოიხატება. 

მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მთელი გულით ვუერთდები ფრანგი ხალხის დღესასწაულს  და ვუსურვებ მათ მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

რუსლან აბაშიძე

რუსლან აბაშიძე „ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ „ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორ ზაზა ავალიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო პროგრამას, რომელიც სასუნთქი გზების  ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტებისათვის უფასო კურსს ითვალისწინებს.   პროგრამა მოიცავს ბენეფიციარების განთავსებას, სამჯერად კვებას და სარეაბილიტაციო პროცედურებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შპს ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პაციენტები ცენტრში 20 დღიან უფასო, მრავალპროფილურ, სარეაბილიტაციო თერაპიის კურსს გაივლიან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ითანამშრომლებს საორგანიზაციო საკითხებში, რათა რაც შეიძლება მეტი დევნილი პირი ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში. ბენეფიციარების უფასო ტრანსპორტირებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ნანა გოგოხია და „ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თამარ როსტიაშვილი ესწრებოდნენ.

თბილისის ზღვის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში კალათბურთის ტურნირი გაიმართა

სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგარდულ საქმეთა სააგენტოს“ ორგანიზებით და აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის მონაწილეობით თბილისის ზღვის კომპაქტური ჩასახლების ტეროტორიაზე 3x3 კალათბურთში ტურნირი გაიმართა. ტურნირში კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

ტურნირში გამარჯვებული ახალგაზრდები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრის ყველა მონაწილეს სხვადასხვა სახის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

დევნილთა ჩასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგარდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ლიკა ქაჯაია და ცნობილი ქართველი სპორტსმენები იმყოფებოდნენ.

ტურნირის პარტნიორი იყო მინერალური წყლების კომპანია ბორჯომი.

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ პროგრამის „სტაჟირება დევნილი სტუდენტებისთვის“ პრეზენტაცია გამართა

კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ პროგრამის „სტაჟირება დევნილი სტუდენტებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაერთიანებული მეწარმეების საწარმოებსა და კომპანიებში გაივლიან. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის დევნილი სტუდენტები სტაჟირებას სპეციალობების მიხედვით გაივლიან და უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენებას შეძლებენ. სტაჟირება მომავალ სპეციალისტებს დასაქმებისთვის საჭირო უნარებისა და სამუშაო ჩვევების შეძენაში დაეხმარება. სტაჟირების შემდეგ მეწარმეების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტები დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ.

„დინამო“ სოხუმის ახლადშექმნილი ქალთა საფეხბურთო გუნდი უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს

 

„დინამო“ სოხუმის ახლადშექმნილი ქალთა საფეხბურთო გუნდი უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს

საფეხბურთო გუნდ „დინამო“ სოხუმთან შეიქმნა ქალთა საფეხბურთო გუნდი, რომელიც უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ,  ქალთა ფეხბურთის ფედერაციამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ.

„დინამო“ სოხუმის ქალთა გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა.მის შემადგენლობაში ითამაშებენ: ნეგარ საიდი, თამარ ახობაძე, მარიამ როსტიაშვილი, ნატო კევლიშვილი, ნინო ჩანგელია, მარიამ კაკალაშვილი, ანა კულდონაშვილი, ლანა ქარდავა, მარიამ ბექიშვილი, ელენე ელოშვილი, მედეა მუმლაძე და სხვ. გუნდის მთავარი მწვრთნელია დავით თაქთაქიშვილი.

 სექტემბერში დიღმის მასივში მდებარე ოლიმპიური მომზადების ცენტრის სტადიონზე გაიხსნება, „დინამო” სოხუმის აკადემია, სადაც გოგონებისა და ვაჟების გუნდები ივარჯიშებენ. ეს იქნება ამიერკავკასიაში პირველი გოგონათა აკადემია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, „დინამო“ სოხუმის ქალთა საფეხბურთო გუნდს ევროპის მასშტაბით წარმატებულ ასპარეზობებს უსურვებს და სხვებთან ერთად იმედოვნებს, რომ ის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მესიჯს - ,,აფხაზეთი საქართველოა!" - მის ფარგლებს გარეთ გაიტანს.

პრეზიდენტმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სიტუაციაზე ისაუბრეს. 

საუბარი შეეხო ასევე, სამომავლო გეგმებსა და აფხაზურ კულტურასა და ენასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას.

ქ. ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირებს ეტლები გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით განხორციელებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა კ. კუჭუხიძემ, მინისტრის პირველმა მოადგილემ გ. მისაბიშვილმა, მინისტრის მოადგილემ დ. მიქავამ და სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა კ. ბასარიამ ქ. ზუგდიდში. აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირებს გადასაადგილებელი სავარძელ-ეტლები გადასცეს.

 

რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

ლატვიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ლატვია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი მთავარი მხარდამჭერია.

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ. გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე განათლების სფეროში და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ესეების კონკურსის - ,,ბერტა ფონ ზუტნერი - ევროპა საქართველოში" პრემია გალის რაიონის სკოლების ორ მოსწავლეს გადაეცა

ევროპის დღეებთან დაკავშირებით, საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსი უფროსკლასელებისთვის – „ბერტა ფონ ზუტნერი – ევროპა საქართველოში“ დასრულდა, კონკურსში 150-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა და იგი ევროპული ღირებულებების უკეთ შემეცნებასა და ქართულ-ავსტრიული ურთერთობების განმტკიცებას ემსახურება. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 6 გამარჯვებული, რომელთაგან პირველი და მესამე პრემია გალის რაიონის ორი სხვადასხვა სკოლის XI კლასის მოსწავლეებს გადაეცათ.

• პირველი პრემია - ჯიმი თუთისანი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლა (XI კლასი); გალის რაიონის XI კლასის მოსწავლე;
• მეორე პრემია - კესო ავალიშვილი, ქ. თბილისის 35-ე საჯარო სკოლა (XI კლასი); სოფიო ბასიალაია - ქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის ზ/ს საშუალო სკოლა (XI კლასი);
• მესამე პრემია - ანა კეკოშვილი, ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა (XII კლასი); გალის რაიონის XI კლასის მოსწავლე;

კონკურსში გამარჯვებულები 6 ივლისს, ავსტრიის ელჩის რეზიდენციაში დააჯილდოვეს.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი ენგურის ხიდის პირობებში, გალის რაიონის საჯარო სკოლების გამარჯვებულები დაჯილდოების ცერემონიას დისტანციურად დაესწრნენ.

გამაჯვებულებს კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით ,,ბერტა ფონ ზუტნერის“ პრემია, სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. ცერემონიას გალის რაიონის საგანმანათლებლო რესუსცენტრის უფროსი ნონა შონია ესწრებოდა.

სანატორიუმ "მეტალურგში" მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით განხორციელებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულმა ორგანომ აფხაზეთიდან დევნილ ოთხ შშმ პირს გადასაადგილებელი ეტლი გადასცა. ეტლები ქუთაისსა და წყალტუბოში, სანატორიუმ "მეტალურგში" მცხოვრებ დევნილებს გადაეცათ.

სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სენაკში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.

ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია იმყოფებოდნენ.

წირვის ბოლოს, მეუფე შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები დააჯილდოვა.

 

აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრისა და მოადგილეების სამუშაო ვიზიტი იმერეთის ტერიტორიულ ორგანოში

იმერეთის, გურიის,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ ორგანოში სამუშაო ვიზიტით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და მოადგილე დავით მიქავა იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე ტერიტორიულ ორგანოში დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების და მოხელეთა შეფასების პროცესის მიმდინარეობა, შესრულებული სამუშაოს შედეგები და სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს. შეხვერას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსი დავით ჭეიშვილი ესწრებოდა, რომელმაც ტერიტორიულ ორგანოსთან ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

 

რუსლან აბაშიძე სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო

იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სენაკში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.

ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია იმყოფებოდნენ.

წირვის ბოლოს, მეუფე შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები დააჯილდოვა.