აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სოხუმის თეატრმა 138-ე სეზონი პრემიერით გახსნა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 138-ე სეზონი სპექტაკლის „უეცრად, გასულ ზაფხულს“ პრემიერით გახსნა.

სპექტაკლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა.

სპექტაკლი ამერიკელი მწერლისა და დრამატურგის ტენესი უილიამსის პიესის მიხედვით რეჟისორმა ჯეისონ ჰეილიმ დადგა. პიესა ფსიქოლოგიური დრამაა, რომელშიც მოქმედება 1930-იანი წლებში, ახალ ორლეანში ვითარდება.

პრემიერის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, სოხუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ დავით საყვარელიძეს თეატრის ახალი სეზონის გახსნა მიულოცა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

სპექტაკლს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

პრემიერას, ასევე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ბოლოს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ოფიციალური მიღება გაიმართა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სოხუმის დრამატული თეატრის ისტორიის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალას გასცნობოდნენ. აქვე მოწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.