აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო მოსწავლეებში აფხაზეთის ისტორიის ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავს

წლეულს ოქტომბრიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით ქ. თბილისის საჯარო სკოლებში პროექტის ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ განხორციელება დაიწყო. ლექციების ციკლი მოიცავს საქართველოს ისტორიას აფხაზეთის ჭრილში - ანტიკური პერიოდიდან დღემდე. პროექტი საპილოტეა და მისი მიზანია ქ. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებში აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროექტის განხორციელების მიზნით თბილისის 5 (ხუთი) საჯარო სკოლა შეარჩია №55, №147, №31, №112, №157).

პროექტის მხარდამჭერია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურები.

აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში პროექტში მონაწილეობას მიიღებს 200-მდე ახალგაზრდა. სალექციო კურსს ხელმძღვანელობენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა და დამზირ ჯოჯუა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ედიშერ გვენეტაძე. მათთან ერთად პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ლექციებს კითხულობენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ირაკლი გელენავა და უფროსის მოადგილე ხელოვნებათმცოდნე გიორგი პატაშური.

პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე ჩატარდება მცირე კვლევა, რომელიც ორგანიზატორებს შესაძლებლობას მისცემს განსაზღვრონ პროექტის განვითარების პერსპექტივები. პროექტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში კი გაისად აფხაზეთის თემაზე ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდება.