აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში მაესტრო გურამ ყურაშვილი გაიხსენეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის დამაარსებლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატის, აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკის გურამ ყურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.


გურამ ყურაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარების საქმეში. მან აფხაზეთში, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შექმნა პირველი ბავშვთა ინტერნაციონალური კაპელა, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებულ კონცერტებს მართავდა არა მარტო ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ის საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული იყო.

აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ კოლექტივმა დროებით შეწყვიტა არსებობა. 12 წლის შემდეგ კი გურამ ყურაშვილმა ახლა უკვე ქალაქ თბილისში ახალი შემადგენლობით შექმნა აფხაზეთის საგუნდო კაპელა, რომელმაც ძალიან მალე გამორჩეული სტილის კოლექტივის სახელი დაიმკვიდრა და არაერთხელ წარმოაჩინა საქართველო და აფხაზეთი საერთაშორისო ასპარეზზე.


საღამოზე გურამ ყურაშვილი გაიხსენეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, კომპოზიტორმა გოგი ჩლაიძემ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარინა შენგელიამ, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელმა ზვიად ბოლქვაძემ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის უფროსმა კახაბერ ძაძამიამ და სხვ. საღამოს აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები და გურამ ყურაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. 


აფხაზეთის საგუნდო კაპელამ რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა, მათ შორის კომპოზიტორ გოგი ჩლაიძის მიერ გურამ ყურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი „ფერიცვალება ღამეა“. საღამოს ასევე ესწრებოდნენ პირველი ბავშვთა ინტერნაციონალური კაპელის წევრები, რომლებმაც რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.