აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე, სვეტლანა ქეცბა გარდაიცვალა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე, საქართველოსა და აფახაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს „წმიდა გიორგის ოქროს ორდენისა“ და ღირსების ორდენის კავალერი სვეტლანა ქეცბა და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.


სვეტლანა ქეცბა სხვადასხვა დროს იყო ქალაქ სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი და ყოველთვის, ყველა თანამდებობაზე ყოფნისას გამოირჩეოდა მაღალი ზნეობით, მტკიცე სულიერებით და განსაკუთრებული მზრუნველობით ქართულ-აფხაზური ათასწლოვანი კულტურისადმი. 


მიუხედავად აფხაზეთში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიისა და ურთულესი პოლიტიკური ქარტეხილებისა, სვეტლანა ქეცბა ბოლომდე ქართულ-აფხაზური ნათესაური კავშირების, მეგობრობისა და მეზობლობის ერთგულად დარჩა. ისტორიის მეტად რთულ ეტაპზე იგი თავისი საქმიანობით, პუბლიკაციებითა და კრებულებით მტკიცედ და ჯიუტად ცდილობდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის გაჯანსაღებას, აფხაზებსა და ქართველებს შორის შერიგების ხიდის აგებას, ქართველთა და აფხაზთა ნათესაური, მეგობრული ურთიერთობების აღდგენას.
მის მრწამსს ზუსტად გამოხატავდა სიბრძნე „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია" და სჯეროდა, რომ აფხაზეთშიც ამ გზით დავბრუნდებოდით. 


სამწუხაროდ, აფხაზეთში დაბრუნების ნატვრა მასაც ნატვრად დარჩა. 


მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა.