აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ათი წლისთავი აღინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაარსებიდან 10 წლისთავი აღინიშნა სლოგანით: „ერთად აფხაზეთისათვის".


შეხვედრაზე ოკუპირებული გალის რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, საბავშო ბაღებისა და სახელოვნებო სკოლების მიმართულებით 10 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და მიღწეული შედეგები ვრცლად წარმოადგინა გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნონა შონიამ. რესურსცენტრის საქმიანობა და გალის რაიონში ქართული სკოლების და ქართული ენის სწავლების მძიმე მდგომარეობა თავიანთ მხრივ შეაჯამეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და სხვ. გამომსვლელებმა გალის ოკუპირებული ზონის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს არსებულ რეალობაში გამოვლენილი უდიდესი ძალისხმევის გამო მადლობა გადაუხადეს. 


შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. გალის რაიონის სკოლების საბაზო საფეხურის 11 წარჩინებულ მოსწავლეს კი ლეპტოპები, ხოლო 4 წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.


არტ-გალერეაში გამოფენილი იყო გალის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა ნახატები და ხელნაკეთი ნივთები. გალის სახელოვნებო და საშუალო სკოლების მოსწავლეებმა საფორტეპიანო ნაწარმოებები შეასრულეს და ქართულ და აფხაზურ ენებზე ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თამარ მალაზონია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.