აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ფარიკაობაში აფხაზეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით 2018 წლის 3-6 მაისს, ქ. თბილისში (სფფ -ის სპორტდარბაზში) აფხაზეთის ღია საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში ჩატარდა. ტურნირი ფარიკაობაში პირადი პირველობის სახით ხმალში, დაშნასა და რაპირაში 2003-2005, 2006-2008 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ბიჭებს შორის გაიმართა.

ტურნირის მიზანია აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში ფარიკაობის პოპულარიზაცია, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ა. შ.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, აგრეთვე რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის სპორტსმენები.
საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლებში სამდღიანი პაექრობის შედეგად აფხაზეთის სპორტსმენები შემდეგ საპრიზო ადგილებს დაეუფლნენ: ალექსანდრე თავართქილაძე, ხმალი - ბიჭები (2006-2008 წ.წ.) – I ადგილი;; ლუკა ლომინაძე, ხმალი - ბიჭები (2003-2005 წ.წ.) – II ადგილი; ლუკა კაჭარავა, დაშნა - ბიჭები (2003-2005 წ.წ.) – II ადგილი; ნატალია ხარაიშვილი, რაპირა - გოგონები (2003-2005 წ.წ.) – III ადგილი.
აფხაზეთის ღია პირველობაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირზე დაწესებული იყო წარსულში გამოჩენილი მოფარიკავეების როზა ჯოლოგუასა და თამაზ კაკულიას სახელობითი თასები. ტურნირის გამარჯვებულებს თამაზ კაკულიას მეუღლემ ოჯახის სახელით საჩუქრები გადასცა.