აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ტურიზმის დამსახურებული მოღვაწის გივი მეშველიანის 90 წლის იუბილე აღინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის მკვიდრის, აფხაზეთის ტურიზმის დამსახურებული მოღვაწის გივი მეშველიანის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გამართა. თავდაცვის ვიცეპოლკოვნიკი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი წლების განმავლობაში ტურისტულ კომპლექს „ცხუმის“ ხელმძღვანელი იყო.

საიუბილეო საღამო გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა, ხოლო საღამოს უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე.

გივი მეშველიანს 90 წლის იუბილე მიულოცეს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ, გივი მეშველიანის მეგობრებმა და ცნობილმა პიროვნებებმა - ვასილ კადენეცმა, თემურ შაშიაშვილმა, შალვა წულეისკირმა, ლონდერ ცაავამ და სხვ.

გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ იუბილარი სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, თანაბრად ემსახურებოდა აფხაზ და ქართველ ხალხს და გამორჩეულად დაამახსოვრა ყველას თავი. გამომსვლელებმა გივი მეშველიანთან ურთიერთობის არაერთი საინტერესო ეპიზოდი გაიხსენეს და კიდევ დიდ ხანს სიცოცხლე უსურვეს მას. საღამოს მუსიკალური ნომრები უწევდა თანხლებას და ამრავალფეროვნებდა.

საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, გივი მეშველიანის ოჯახის წევრები და ახლობელ-მეგობრები.