აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა სახელობო სწავლების ფარგლებში შესრულებული  ნამუშევრები  წარმოადგინეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. ნამუშევრები შესრულდა  ქვეპროგრამის - „კარიერის დაგეგმვა, პროფესიული ორიენტაცია და სახელობო სწავლება სკოლებში“ ფარგლებში. ამ ქვეპროგრამას  კი  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური „განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში უკვე წლებია ახორციელებს.

სახელობო სწავლება დანერგილია აფხაზეთის №1, №2, №3, №5, №7, №10, №11 და №12 საჯარო სკოლებში. მოსწავლეები ამ სწავლების დროს სხვადასხვა პროფესიას ეუფლებიან, კერძოდ: ჭრა-კერვას, ქარგვას, მინაზე ვიტრაჟულ ხატვას, აკრილის საღებავის ტილოზე დასხმით აბსტრაქციული ნახატების შექმნას, პოლიმერული თიხის მაღალი ტექნოლიგიებით დამუშავებას, თიხაზე მუშაობას. ამასათანავე მოსწავლეები ქართული ხალხური რეწვის ტრადიციულ სახეებს - კერძოდ, ქართული ხალხური ხალიჩის შექმნის ტექნოლოგიას სწავლობენ. სწორედ აქედან გამომდინარე,   აფხაზეთის №1, №2, №3, №5, №7, №10, №11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოფენაზე თითქმის ყველა სახეობის ნამუშევარი წარმოადგინეს და საბოლოოდ ძალიან შთამბეჭდავად წარმოაჩინეს  ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობა. გამოფენას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ გამოფენის ბოლოს აღნიშნა: „ქვეპროგრამის მიზანია, სკოლებში არსებული სახელობო პროგრამების განვითარებასა და  სასკოლო ინიციატივების წახალისებას შეუწყოს ხელი და მოსწავლეებს მომავალი პროფესიის გააზრებულად არჩევასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში დაეხმაროს“. მისივე თქმით, „კითხვაზე, რომელიც დღეს აქ უნდა დასმულიყო, გაგრძელდეს თუ არა აფხაზეთის საჯარო სკოლებში სახელობო სწავლება, პასუხი გასცა თვით ამ გამოფენაზე წარმოდგენილმა შესანიშნავმა ნამუშევრებმა და მოსწავლეების პოზიციამ, რომ სახელობო სწავლებმა მათ სულიერად განვითარებას და ამა თუ იმ მიმართულებით დაოსტატებას  უწყობს ხელს“.

დასასრულ, აფხაზეთის საჯარო სკოლები, პროექტში მონაწილეობისათვის,  საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.