აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი სერგო პაჭკორია გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს და აფხაზეთის დამსახურებული მსახიობი, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი სერგო პაჭკორია 60 წელი იდგა სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის  სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე. ის თავის კოლეგებთან ერთად ქმნიდა ამ თეატრის ისტორიას, მის შემოქმედებით ცხოვრებას, მათ შორის ოქროს ხანად წოდებულ პერიოდს.

სერგო პაჭკორიამ დიდი ოსტატობით აღბეჭდილი სახეები შექმნა ისეთ გახმაურებულ სპექტაკლებში, როგორებიცაა უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ (ანტონიო), კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ (ზვიად სპასალარი), გურამ ბათიაშვილის „1832 წელი“ (ნიკოლოზ ფალავანდიშვილი), ჰ. იბსენის „ბრძოლა ტახტისათვის“ (ნიკოლასი), ნ. დუმბაძის „ერთი ცის ქვეშ“ (ხრისტო), დემნა შენგელაიას „ბათა ქექია“ (ბათა) და ა. შ. მის მიერ შესრულებულ თითქმის 150 როლში აისახა მსახიობის თანამედროვე  ეპოქა თავისი ჭირ-ვარამითა და ქარტეხილებით. მან, როგორც სოხუმის თეატრის მთელმა დასმა, საკუთარ თავზე იწვნია საქართველოს ძიძველი კუთხის აფხაზეთის თავზე დატეხილი უბედურება და დევნილის უმძიმესი ხვედრი გაიზიარა.

სერგო პაჭკორია არა მარტო გამორჩეული მსახიობი, არამედ გამორჩეული პიროვნება იყო, მისი თითოეული პერსონაჟიც (დადებითი თუ უარყოფითი) გამოკვეთილი პიროვნული თვისებებით ამახსოვრებდა მაყურებელს თავს.

„მადლობა ჩემს მაყურებელს გულწრფელი ტაშისთვის, რომელიც ხშირად სიხარულის ცრემლებს მგვრიდა“, - თქვა ერთ-ერთ საიუბილეო საღამოზე სერგო პაჭკორიამ, რომლისთვისც მაყურებელს ანალოგიური სათქმელი ჰქონდა: „მადლობა თქვენს მიერ განსახიერებული გულწრფელი როლებისათვის, რომელიც ხშირად ცრემლებს გვგვრიდა“. სწორედ ამგვარი დამოკიდებულება ქმნიდა საოცარ კავშირს მსახიობსა და მაყურებელს შორის, რის გამოც ორივე ბედნიერი იყო. და ეს ბედნიერი დღეები და წლები ყოველთვის ემახსოვრება სოხუმელ მაყურებელს. 

თეატრმცოდნე ნათელა არველაძე წერდა: „სერგო პაჭკორიას ნიღბები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ბუნება, ისეთივე მრავალგვარია, როგორც ცხოვრება, ისეთივე მბორგავი, სევდიანი, დამაფიქრებულია, როგორც ადამიანი“.

წავიდა ჩვენგან გამორჩეული მსახობი, მბორგავი და ამავე დროს დაფიქრებული პიროვნება, რომელსაც თან გაჰყვა მშობლიურ ქალაქ სოხუმსა თუ მის განუყოფელ თეატრში დაბრუნების სევდა.