აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საკითხის არსში სიცხადის შეტანის მიზნით

ახლახან მასმედიის რამდენიმე საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიისთვის „კინო და ღვინო“ ფილმის  „მუჰაჯირები“ (ციკლიდან „სიმართლე აფხაზეთზე“) გადაღების დაკვეთის ბრძანება გამოსცა და გადაწყვეტილების შესათანხმებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

ფაქტი ისაა, რომ ბრძანება მართლაც გამოიცა, თუმცა ზოგიერთი ტელევიზია რეალობის ფარგლებს გასცდა და აღნიშნა: თითქოს ეს თანხა სამინისტრომ კომპანიის ანგარიშზე 7 აგვისტოს ჩარიცხა, მაშინ, როდესაც ხსენებული ბრძანება 13 აგვისტოს იყო გამოცემული. სიცრუე მას მერე  გაცხადდა, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, წარდგენილ დოკუმენტაციაში გარკვეული ცვლილებების შეტანის მიზნით, სამინისტროს თანხმობის განაცხადის უკან გახმობა ურჩია. სამინისტრომ განაცხადი გამოიხმო, რასაც მასთან დაკავშირებული ბრძანების ბათილად ცნობა მოჰყვა. თუმცა შესაბამისი  ინფორმაცია არ გავრცელებულა.  სიცრუის გამო კი, რომ კომპანია „კინო და ღვინოს“ ანგარიშზე თანხა არ იყო ჩარიცხული, ბოდიშიც არავის მოუხდია.

ამიტომაც სამინისტროს, საკითხის არსში სიცხადის შეტანის მიზნით, მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რას ეფუძნებოდა ფილმის გადაღების გადაწყვეტილება:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აქვს „კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის“ პროგრამა, რომლის ქვეპროგრამაც „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია“ აფხაზეთთან დაკავშირებულ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გულისხმობს არა მხოლოდ კონკრეტულად ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციას, არამედ ქართულ-აფხაზური ერთიანი ისტორიული წარსულისა და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას საქართველოსა და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.

ამ შინაარსის განცხადების გავრცელების შემდეგ  სამინისტროს მომართა კომპანიამ „კინო და ღვინო“ და წარმოადგინა პროექტი ფილმის  „მუჰაჯირები“ (ციკლიდან „სიმართლე აფხაზეთზე“) გადასაღებად.  პროექტის განხილვის შემდეგ სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, ფილმის სინოფსის, პროექტის შინაარსისა და ამოცანების განხილვის შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი პროექტის ქვეპროგრამის ფარგლებში  დაფინანსება. პროექტისა, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთში რუსული იმპერიალიზმის ყველაზე მძიმე გამოვლინების -  XIX საუკუნის მეორე ნახევრის  ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის - მუჰაჯირობის, ანუ მშობლიური მიწა-წყლიდან აფხაზებისა და ქართველების იძულებითი განდევნის, ხოლო ამ გზით უბიხების,  შაფსუგებისა და აბაზგების მთლიანად გადაშენების რეალური სურათის ჩვენებას დოკუმენტური მასალებისა და ისტორიული წყაროების გამოყენებით. რუსული საოკუპაციო პროპაგანდა ისტორიის გაყალბებით, რეალობის დამახინჯებით, სიცრუითა და ცილისწამებით ცდილობდა და ცდილობს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს. დოკუმენტური ფილმი კი მსოფლიოს გააცნობს ისტორიულ სიმართლეს, რომლის თანახმადაც ქართველი და აფხაზი ერთნაირადაა დიდი იმპერიის მსხვერპლი. გარდა ამისა, დოკუმენტური ფილმი რეალობას გააცნობს მომავალ თაობებს - აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს და დასაბუთებულ პასუხს გასცემს მათ საერთო მტერს.

და ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ის მზად არის ნეიტრალური პოზიციის (და არა ტენდენციურ) საინფორმაციო საშუალებებს უფრო ვრცლად და საფუძვლიანად მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია.