აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი რატიანის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში საქართველოს სახალხო არტისტის, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის „თეთრი ტალღა“ დამფუძნებლის გიორგი რატიანის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოს თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე უძღვებოდა.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ იუბილარს სამინისტროს სიგელი გადასცა ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის; საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა გიორგი რატიანს საგანგებოდ მისთვის დაწესებული რეჟისორ ანტონ თავზარაშვილის სახელობის პრემია მიანიჭეს; იუბილარს ხონის ამაგდარის წოდება და ფულადი ჯილდო გადასცეს ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.
 
მსახიობს იუბილე მიულოცეს და მის შემოქმედებასა და საქმიანობაზე ისაუბრეს მსახიობებმა: ნუგზარ ყურაშვილმა, გიორგი გასვიანმა, თეა დარჩიამ,; ჟურნალისტმა თეა სიჭინავამ და სხვ.
გიორგი რატიანმა მისივე თეატრის აღზრდილ, მსახიობ გიორგი გასვიანთან ერთად წარმოადგინა ფარსმან სპარსის როლის ფრაგმენტი კომსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ ინსცენირებიდან, ასევე წაიკითხა ლექსები.
 
ბოლოს თეატრის „თეთრი ტალღის“ ძველი და ახალი თაობის აღზრდილებმა და აღსაზრდელებმა იუბილარს ყვავილები მიართვეს და გაწეული წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს.