გაგრის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ, 1992 წლის ოქტომბერში, გაგრაში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. რამდენიმე დღეში კი, 5 ოქტომბერს სეპრატისტებმა და რუსმა ბოევიკებმა განთიადი და ლესელიძე აიღეს და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე ტერიტორია დაიკავეს. გაგრის აღების შემდეგ, აფხაზი სეპარატისტები ქალაქში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან ერთად, გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„34 წელი გავიდა გაგრის დაცემის დღიდან. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მტკივნეულია ჩემთვის, პირადად ჩემი ოჯახისთვის, რადგან მამაჩემი ამ დღეს შეეწირა ქვეყნის ერთიანობას.
მაშინ დაღუპული ადამიანების თავგანწირვა და მომავლისთვის თავდადება ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, პასუხისმგებლობა იმისა, რომ მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ის ნდობა, რაც აფხაზ დებთან და ძმებთან გვაკავშირებდა.
მე დარწმუნებული ვარ, ეს დღე მალე დადგება და მათ მიერ გაღებული მსხვერპლი, მშვიდობიანი მომავლის რწმენით, აუცილებლად გამოიღებს შედეგს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
გმირთა მემორიალთან ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებს სიტყვით მიმართა, მათ სწავლის დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„ჩვენთვის, აფხაზეთის მთავრობისთვის აღნიშნულ უნივერსიტეტს განსაკუთრებული როლი აქვს. ეს უნივერსიტეტი არის ხიდი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვისაც, სამშვიდობო მიმართულებისთვისაც, პოლიტიკისთვისაც. მთელი გულით ვულოცავ სტუდენტებს, ვუსურვებ წარმატებებს და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ დიდი წვლილი შეეტანოთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დათო კოდუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სიგელები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების 40%-ზე მეტი აფხაზეთიდანაა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად, ქუთაისში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე დევნილ ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები და ახალი პროგრამა წარუდგინეს.
მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობასა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი პროგრამებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც მათ სოფლის მეურნეობის სექტორში საქმიანობის განვითარებაში დაეხმარებათ.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე ესწრებოდა.
მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დევნილი სტუდენტებისთვის არსებული სტიპენდიები, ფინანსური წახალისების მექანიზმები და ახალგაზრდების მხარდასაჭერად მომავალში დაგეგმილი ახალი პროექტები. ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და სტუდენტთა ჩართულობის გაზრდაზე.
შეხვედრა ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სტუდენტებმა მთავრობის თავმჯდომარესა და მინისტრს მათთვის აქტუალურ საკითხებზე კითხვები დაუსვეს და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
სტუდენტებთან შეხვედრის მიზანს ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების მოსმენა და საგანმანათლებლო მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების გაცნობა წარმოადგენდა.