აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
კულტურის საერთაშორისო ცენტრ ,,მუზაში“ საზოგადოებრივ კავშირ ,,გაგრის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა

საზოგადოებრივმა კავშირმა ,,გაგრამ“, რომელიც დევნილობაში დაფუძნდა, ფუნქციონირება 2015 წლიდან განაახლა და უკვე არაერთი შეხვედრა და საღამო მოუწყო გაგრიდან დევნილ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გაღრმავების, მათში მშობლიური ქალაქისადმი ინტერესისა და სიყვარულის განმტკიცებისათვის.
სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ გაგრიდან დევნილი, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, როგორც სრულიად ნორჩი, ასევე, უკვე წარმატებული, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების დარგში აღიარებული შემსრულებლები, რომელთა შორის აღსანიშნავია თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, შესანიშნავი სოპრანო მზია ჭილაძე, რომელიც ამ დღეებში, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, მონაწილეობას ღებულობდა იტალიის ქალაქ რივა დელ გარდაში მოწყობილ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში,
მაყურებელთა მოწონება და ოვაციები დაიმსახურეს ნიჭიერმა მომღერლებმა – მარიამ აკობიამ და ანა დვალმა, ნორჩმა მოცეკვავეებმა, მოზარდ მაყურებელთა ,,თეთრი ტალღის“ მსახიობებმა, დებმა ქეთი და ნინო ულუმბელაშვილებმა, ნორჩმა პიანისტმა ილია კივილაძემ, მევიოლინე ნინო ხოჭოლავამ.
კონცერტის დასასრულს, რომელიც გაგრის შესანიშნავი ვიდეო-ხედების, მისი თვალწარმტაცი ბუნების ჩვენების ფონზე მიმდინარეობდა, ახალგაზრდა შემსრულებლებმა ააჟღერეს ნინო სურგულაძის ცნობილი სიმღერა ,,აფხაზეთო, ჩემო“.
საღამო-კონცერტზე საზოგადოებრივ კავშირ ,,გაგრის“ გამგეობის წევრმა ივანე დოლიძემ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა და მადლობა გამოუცხადა გაგრიდან დევნილი საზოგადოების აქტიურ წევრებს, მათ შორის მათ, ვინც თავიანთი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ასახელეს აფხაზეთის ეს პატარა, მშვენიერი ქალაქი.
საღამოზე მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს კულტურის ცენტრის ფოიეში გამოფენილი, ნიჭიერი გაგრელი მხატვრის სალომე რიგვავას ფოტორეალისტური, ფიგურატულ სტილში შესრულებული ნახატები. აღსანიშნავია, რომ ამ უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედის მრავალი ნამუშევარი, საქართველოს გარდა, დაცულია ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთის კერძო კოლექციებში.
საღამოს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ცენტრის ფოიეში დაეთვალიერებინათ, აგრეთვე, ფოტოგამოფენა გაგრის ცნობილი ადამიანების შესახებ, გაცნობოდნენ გაგრაზე გამოცემულ წიგნებს.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა , აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და გაგრიდან დევნილები დაესწრნენ.

სამუშაო შეხვედრა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან

2017  წლის 6 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან კ. კუჭუხიძესთან შედგა უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურებში საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებთან დღის წესრიგით ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აღმასრულებელ დაწესებულებებში ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე (2017 წლის 1 ივლისამდე) განსახორციელებელი ღონისძიებები“.

თათბირზე აღინიშნა, რომ რეფორმის მიზანია ეფექტური და ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალიზმის წახალისებას, ხელშეწყობასა და დაფასებას. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული რეფორმის მოსამზადებელი ეტაპი, რაც გულისხმობს პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებების,  იერარქიულ რანგებში განაწილებისა და ახალი საშტატო ნუსხის პროექტის მომზადების მიზნით, ყველა დაწესებულებაში კომისიების შექმნას ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის, საფინანსო-იურიდიული სამსახურებისა და საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტების მონაწილეობით.

დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში მიმდინარეობს საჯარო სამსახურის რეფორმის განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში მიმდინარეობს საჯარო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების განხილვა. 2017 წლის 6 ივნისს დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შედგა  მოადგილეების, აპარატის უფროსის და ადამიანური რესურსების მართვის პასუხისმგებელი პირის მონაწილეობით შეხვედრა სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებთან, სადაც განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილებები ,,პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერერქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ; ,, პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების შესახებ“; ,,პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ და ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“. საჯარო სამსახურის ბიუროდან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით დაისახა საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები.

დეპარტამენტის თავმჯდომარის შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განსახლებულ დევნილებთნ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ალექსანდრე ჩიკვაიძესთან ერთად  ატარებს სამუშაო შეხვედრებს რეგიონში განსახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან მათი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით.

ბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში მონაწილეობის მორიგი დღე

 


  

2017 წლის 1 ივნისს   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობის პროცესში მორიგი  მონაწილეობა მიიღეს.

დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის სამუშაო ვიზიტი ქალაქ ბათუმსა და ქობულეთში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და დევნილთა ჩასახლების ობიექტებში,   შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია და  სამმართველოს უფროსი რომან კოკაია,   იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და  აჭარის ავტონომიურ    რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ზაზა ჩაჩავასთან ერთად  2017 წლის 24-25 მაისს  იმყოფებოდნენ  ქალაქ ბათუმსა და ქობულეთში, სადაც შეხვდნენ  ორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილებს.

ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით  სამუშაო შეხვედრები შედგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან,  ამავე სამინისტროს  დევნილთა  დეპარტამენტის უფროს ბადრი ქობალაძესთან და ქალაქ ბათუმის მერიის ა.ი.პ. ,, ბათუმის კორპუსის ” დირექტორ ზურაბ ნაკაიძესთან.  საქმიან შეხვედრებზე  განხილულ იქნა  რეგიონში განსახლებულ  დევნილთა პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები.

სვეტიცხოვლის ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი ჩატარდა

ყოველი თვის ბოლო შაბათს, დილის 10.00 საათზე  მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში,  მამა ილია (კავსაძე) ატარებს აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პარაკლისს.

მიმდინარე წლის 27 მაისს ჩატარებულ ლიტურგიას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესი და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში, აგლაძის ქუჩაზე (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა. მან აფხაზეთის ხელისუფლებას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის. პატრიარქმა შეკრებილი მრევლი დალოცა და უფალს საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება შესთხოვა.

ტაძრის ტერიტორიაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წევრები იმყოფებოდნენ.

თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.

2016 წლის მაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შემოწირულობებისათვის შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს შემოწირულობის სახით ეკლესიის მშნებლობისთვის გაიღოს მისთვის სასურველი რაოდენობის თანხა და თავისი წვლილი შეიტანოს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშნებლობის პროცესში. გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობენ ეკლესიის მშნებლობის პროცესშიც.

დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის მადლობის სიგელების გადაცემა

მიმდინარე წლის 2 მაისს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებს, დარეჯან ჩიქოვანს, ვარლამ ნარსიას, პაატა ლომიძეს  და ბაკურ გოგიას დევნილთათვის სოციალური პროექტების განხორციელებაში აქტიური მხარდაჭერისა და თანადგომისათვის გადაეცათ ქ. თბილისის მერიის, აფხაზეთის ა/რ მთავრობის  და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელები.

მზიანი დღე – დევნილ ბავშვებს

ამა წლის 28 აპრილს  ქ. თბილისის ვაკის გამგეობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის  ორგანიზებით ბავშვები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახებიდან,  დაესწრნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლს  ,, მე ვხედავ მზეს “.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად

2017  წლის  22-23 აპრილს,  სამეგრელო -ზემო   სვანეთის  რეგიონში, ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკისა და აბაშის რაიონებში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების რამდენიმე ობიექტი დაზიანდა  ძლიერი ქარის შედეგად.

  სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის კოორდინაციით,   აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან.

სამუშაო ვიზიტი იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში

2017 წლის 21 აპრილს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები დავით მიქავა და გიორგი ბულისკერია. წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, მოადგილესა და სამსახურის უფროსებთან სამუშაო ვითარებაში შეხვედრისას, წარმოადგინეს ანგარიში დევნილთა დეპარტამენტის მიერ პირველ კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ და დასახეს მომავალი სამუშაო გეგმები.

აფხაზეთის ხელისუფლების ორგანიზებით სოციალურად დაუცველი დევნილებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე” ფარგლებში სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი 550-მდე დევნილ ოჯახს გადასცეს. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები.

მოქალაქის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შედგა ზეპირი მოსმენა

მიმდინარე წლის 12 აპრილს  დევნილთა საქმეების დეპარტამენტში  ჩატარდა  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა  ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიების ” გადაწყვეტილებებზე შემოსული  საჩივრის  განხილვასთან დაკავშირებით  ზეპირი მოსმენა,  სადაც  განხილულ იქნა მოქალაქე    ა. ამირხანიანის  ადმინისტრაციული საჩივარი.  სხდომაზე   შესწავლილ იქნა მონაწილე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია,  მოსმენილ იქნა  მათი პოზიცია ,  მოწმის სახით დაბარებულ პირთა    ახსნა-განმარტებები  და ადმინისტრაციული საჩივარი ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო  ხელახალი განხილვის მიზნით  დაუბრუნდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა  ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიას” .

გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა

დიდუბეში, ვახუშტის ხიდის მიმდებარე       ტერიტორიაზე სრულიად საქართველოს   კათალიკოს- პატრიარქის ილია მეორის კურთხევით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება. ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება.

   2017 წლის 7 აპრილს ეკლესიის მშენებლობა აფხაზეთიდან დევნილ ქველმოქმედ ბიზნესმენებთან ერთად დაათვალიერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, მთავრობის აპარატის უფროსმა ოთარ გარმელიამ, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მიქავამ დ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ივანე დოლიძემ, რომლებმაც განიხილეს ეკლესიის მშენებლობის შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, მათ გადაჭრაში აფხაზეთის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების ჩართულობის პერსპექტივები.