აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
დევნილთათვის მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

2017 წლის 8 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომელთა ხელშეწყობით დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

 კვალიფიციური სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

    გამოკვლევებს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია.

სამუშაო ვიზიტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა 2017  წლის  28 მარტს  სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ქ. ზუგდიდში.  შეხვდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებსაც  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2017 წლის 27 მარტს ქ. ზუგდიდში  ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გადაეცათ საცხოვრებელი ბინები.   ასევე დაათვალიერეს ამავე ტერიტორიაზე მშენებარე ორი საცხოვრებელი კორპუსი.

      რის შემდეგაც  შედგა სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის თანამშრომლებთან. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ  გააკეთა ინფორმაცია საკურატორო რეგიონში მიმდინარე სამუშაოებისა  და დევნილთა პრობლემური საკითხების  შესახებ.  კ. კუჭუხიძემ, თავის მხრივ, გასცა დავალებები და წარმომადგენლობას გადასცა დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ შექმნილი ბუკლეტები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მოქმედი სოციალური პროგრამების შესახებ.

სამუშაო ვიზიტი იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში

2017 წლის 27 მარტს    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ქ. ქუთაისში.  დაათვალიერეს რა წყალტუბოში მიმდინარე მშენებარე ობიექტი. გაესაუბრნენ იქ მომუშავე დევნილებს და სამუშაოს მწარმოებლებს, რის შემდეგაც,  შედგა სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის თანამშრომლებთან. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ გააკეთა ინფორმაცია საკურატორო რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შესახებ. კ. კუჭუხიძემ, თავის მხრივ, გასცა დავალებები და წარმომადგენლობას გადასცა დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ შექმნილი ბუკლეტები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მოქმედი სოციალური პროგრამების შესახებ.

აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს გასართობ ღონისძიებებში

2017 წლის 18 მარტს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილმა  სოციალურად დაუცველმა  ბავშვებმა  მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ სპორტულ – გასართობ ღონისძიებებში.

წყნეთში დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელშეწყობით  დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

        გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები. ამ დღეების განამავლობაში მოქალაქეებმა მიიღეს  ოჯახის ექიმის, ქირურგის, პედიატრის, დერმატოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგისა და ოტოლარინგოლოგის მომსახურება. აგრეთვე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასინოსკოპიური გამოკვლევები.

    სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

      გამოკვლევების პროცესის მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე ახორციელებდნენ.

პრეზენტაცია-დისკუსია მრგვალი მაგიდის ირგვლივ

2017 წლის 14 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ბულისკერიამ და დეპარტამენტის სპეციალისტმა მაკა ფიფიამ მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „PIN“ (ადამიანები გაჭირვებაში)-ისა და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს მიერ ქ. თბილისში სასტუმრო ,,თბილისი მარიოტ”-ში პროექტის ,,სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში გამართულ ,,პრეზენტაცია-დისკუსიაში მრგვალი მაგიდის ირგვლივ სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ“.

     შეხვედრას ესწრებოდნენ „PIN“-ის წარმომადგენლობის დირექტორი ლორიან გონი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი, პროექტის მენეჯერი ნანა ყურაშვილი და პროექტზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან

2017 წლის 02 მარტს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში შედგა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას შეხვედრა   აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და ამ დაწესებულებების თანამშრომლებით დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფის წევრებთან.

      შეხვედრაზე დაიგეგმა  მიმდინარე წლის მარტის თვეში წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „უფასო პროფილაქტიკური გასინჯვების“ ჩატარებისათვის და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესი”-თ დადგენილ ფარგლებში დახმარებით სარგებლობისათვის  საჭირო ღონისძიებები.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა განცხადება დაკმაყოფილდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა, წერილობითი თხოვნით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, ქ.თბილისში დ.აღმაშენებლის გამზ.N138-ში განსახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა კოლექტიურ განცხადებაზე რეაგირების მიზნით, სადაც  დევნილები გამოხატავდნენ პროტესტს მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ  მისამართზე დ.აღმაშენებლის N136, სსიპ თბილისის გ.მიქელაძის სახელობის თოჯინების  პროფესიული სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაციის დაქირავებული სამშენებლო  კომპანიის მიერ  სამუშაოების ჩატარების გამო, რაც დევნილების აზრით, ზიანს აყენებს მათთვის სახელმწიფოს მიერ კერძო საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ შენობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის შუამდგომლობის გათვალისწინებით,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, საქმის მასალების  შესწავლის მიზნით მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების დროებით შეჩერების  შესახებ, რაზეც დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, 2017 წლის 1 მარტს  ადგილზე გასვლით, მიეწოდა ინფორმაცია განმცხადებლებს.

საინფორმაციო შეხვედრა წყნეთში მცხოვრები დევნილებისათვის

აფხაზეთის ა/რ  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის მოადგილე, მარინა ონიანი  და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბულისკერია, სამუშაო ჯგუფთან ერთად  წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ.

     სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაეცნო დევნილთა საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობებს, მოისმინა იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმაცია სოციალურ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და სხვა პრობლემურ საკითხებზე.  ასევე მოხდა მათთვის  აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული უფასო  სამედიცინო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ დევნილებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური სამედიცინო მიმართვა, საჭიროების შესახებ(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) ასევე ამ პროგრამებით და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესი”-თ დადგენილ ფარგლებში დახმარებით სარგებლობის მექანიზმები.

      შეხვედრაზე დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, სხვა საჭირო ინფორმაციასთან ერთად, წყნეთში დაგეგმილ  „უფასო პროფილაქტიკური გასინჯვების“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, რომელიც მარტის თვეში წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ჩაუტარდებათ.

ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიღების მიზნით წარმომადგენლობებში ბენეფიციართა განცხადებების მიღება დაიწყო

2017 წლის 30 იანვრიდან „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 20 იანვრის №1 დადგენილების საფუძველზე წარმომადგენლობებში დაიწყო ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიზნით ბენეფიციართა განცხადებების მიღება. განცხადებები მიიღება შემდეგ მისამართებზე:

  • თბილისი,  დ. აღმაშენებლის გამზირი  №89/24 (მე-13 სართ).
  • ქუთაისი,   ირ. აბაშიძის №27,   მესამე სართული;
  • წყალტუბო,   შ. რუსთაველის ქ. №25, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა, წარმომადგენლობის  წყალტუბოს რაიონული განყოფილება;
  • ბათუმი,   გორგასლის ქ. №141,  სსიპ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობა;
  • ზუგდიდი,   შ. რუსთაველის  ქ. №35.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ძალისხმევით ოპერატიულად შეკეთებულ იქნა ხანძრის შედეგად დაზიანებული დევნილთა ორგანიზებული ჩასახლების ჭერი და სახურავი

2017  წლის  15 თებერვალს, სოფელ რუხში არსებულ კომპაქტურ ჩასახლების ობიექტში ,,საჭკადუოს სკოლა – აფხაზეთიდან დევნილი კორსანტიების სამსულიანი ოჯახის საცხოვრებელი ფართის ჭერს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩნდა ცეცხლი და დაიწვა ერთი ოთახი. ხანძარი ლოკალიზებულ იქნა სახანძრო ბრიგადის  გამოძახების  შედეგად.

  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ძალისხმევით ოპერატიულად შეკეთებულ იქნა კორსანტიების საცხოვრებელი ფართის ჭერი და სახურავი.

  აღნიშნულ შენობაში, რომელიც არის ავარიულ მდგომარეობაში,   რასაც ადასტურებს  საქართველოს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა (2016 წ.), ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი ოთხი ოჯახი. ოთხივე ოჯახი ითხოვს ბინით დაკმაყოფილებას.

მცირეფასიან სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე წარმომადგენლობებში განცხადებების მიღება დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის” საფუძველზე წარმომადგენლობებში დაიწყო განცხადებების მიღება. განცხადებები მიიღება შემდეგ მისამართებზე:

  • თბილისი,  დ. აღმაშენებლის გამზირი    №89/24 (მე-13 სართ);
  • ქუთაისი,   ირ. აბაშიძის   ქ.  №27, მესამე სართული;  (ბათუმის, ქობულეთის და წყალტუბოს ოფისების დახმარებითაც ხდება განცხადების მიწოდება)
  • ზუგდიდი,   შ. რუსთაველის  ქ. №35.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის კონსტანტინე კუჭუხიძის განცხადება

2017 წლის 10 თებერვალს მედია-კავშირ ობიექტივში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროს მურად აბლოთიასთან ინტერვიუში გაჟღერდა, რომ თითქოს მუშა ჯგუფში (ე.წ “დროებით ექსპერტთა ჯგუფში”), რომელიც მუშაობდა დევნილთა შემწეობის რეფორმებზე, ჩართული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა განვმარტო, რომ დროებით საექსპერტო ჯგუფებში აფხაზეთის მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ არის და არც იყო ჩართული. მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი თხოვნის შემდეგ, 2017 წლის იანვრის თვეში ბატონ სოზარ სუბართან შეთანხმებით აფხაზეთის მთავრობამ მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში წარადგინა თავისი წარმომადგენლები სამივე დროებით ექსპერტთა ჯგუფში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჩართულები ამ პროცესში.

როგორც ცნობილია, პირველად აღნიშნული რეფორმის შესახებ გაცხადდა 2016 წლის 23 დეკემბერს და ჩვენს მიერ 2017 წლის 14-15 იანვარს სხვადასხვა გზებით მოპოვებულ იქნა რეფორმის პროექტი, რასაც მოყვა საზოგადოებისათვის ცნობილი შესაბამისი რეაგირება.

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა სთხოვს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისაგან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის განცხადება

2 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დევნილთა შემწეობის რეფორმის შესახებ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება, რომლებიც სხვა ორგანიზაციებთან ერთად არიან სამუშაო ჯგუფში და განიხილავს დევნილთა საჭიროებაზე მორგებული დახმარების მოდელს.
დევნილთა საქმეების დეპარტამენტში საფუძვლიანად იქნა შესწავლილი განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები და ამასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ მთლიანად ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ ზოგად შეფასებას აღნიშნული რეფორმის შესახებ, ასევე არსებული რისკების აღმოსაფხვრელად ამ ორგანიზაციების მხრიდან შემოთავაზებულ მიდგომებს და მათი მხრიდან გამოთქმულ იმ პათოსს, რომ „შესაბამისი მოდელის შემუშავებისას, სახელმწიფომ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივაციით არ უნდა იხელმძღვანელოს. მისი მიზანი უნდა იყოს, დევნილთა საჭიროებების მაქსიმალურად ზუსტად გამოვლენა და შესაბამისი დახმარების სისტემის შექმნა“.
აქვე გვინდა გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ამ ორგანიზაციების მხრიდან, დევნილთა წინაშე არსებული ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად გამოჩენილი ძალისხმევისა და პროფესიონალური მიდგომისათვის, რაც მათ არაერთხელ გამოავლინეს არამარტო ექსპერტთა ჯგუფის მუშაობის პერიოდში, არამედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მოქმედი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებზეც.
კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, აღნიშნულ საკითხზე მომუშავე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ხელი შევუწყოთ დევნილთა საჭიროებაზე მორგებული დახმარების სამართლიანი და ეფექტური სისტემის შექმნას.

აფხაზეთის მთავრობაში ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის მთავრობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივის პროექტთან – „დევნილის შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტი” დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

    სამუშაო შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ექსპერტები და სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

    დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე   შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა პროექტთან დაკავშირებით გამოთქვეს შენიშვნები და შეიმუშავეს რეკომენდაციები და წინადადებები, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარუდგენენ.