აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის ბაგა-ბაღის „სინათლე“-ს აღსაზრდელებს საჩუქრები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით, აფხაზეთის ბაგა-ბაღის „სინათლე"-ს აღსაზრდელებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცათ. 38-მა დევნილმა ბავშვმა საკანცელარიო და ჰიგიენური ნაკრები საჩუქრად მიიღო.

აღნიშნული აქცია საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით განხორციელდა.

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და ჟვანიას სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ 15 წლამდე ასაკის 100 ბავშვს უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდა.

გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა დაესწრნენ. ბავშვებს საჩუქრებიც დაურიგდათ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო და მისი მიზანია ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, ქრონიკულ პაციენტთა გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების დასახვა.

მსგავ აქციებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მომავალშიც განახორციელებს.

დევნილი ბავშვებისთვის „კოკა-კოლას“ ქარხანაში ტური მოეწყო

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით, ცნობილი ბრენდის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" ადმინისტრაციამ 30-მდე დევნილი ბავშვისათვის „კოკა-კოლას" ქარხანაში საინტერესო ტური მოაწყო.

მოზარდებმა ქარხნის უახლეს ულტრათანამედროვე წარმოების ტექნოლოგია დაათვალიერეს და  ტექნოლოგიის დარგის მნიშვნელობას გაეცნენ.

ტურის ბოლოს, დევნილ ბავშვებს „კოკა-კოლა"-ს ადმინისტრაციის მიერ სამახსოვრო საჩუქრები დაურიგდათ.

სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები დევნილი ბავშვები აფხაზეთის მთავრობისაგან საჩუქრებს მიიღებენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივა „საჩუქარი ყველა დევნილ ბავშვს" სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში გრძელდება.

აქციის ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 1300-ზე მეტი ბავშვი საჩუქარს მიიღებს. ტვირთი თბილისიდან დასავლეთ საქართველოში უკვე გაიგზავნა.

აქცია „საჩუქარი ყველა დევნილ ბავშვს", მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. საჩუქრები უკვე დაურიგდათ ქ. თბილისში, ქ. თელავში, სურამში, ქ. მარნეულში, ქ. ქუთაისში, თეთრიწყაროს რაიონში, წინწყაროსა და ქვემო ბოლნისში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს.

აქციის პარტნიორია ფონდი „კეთილი სამარინელი საქართველოში".

გიორგი ბარამია აფხაზეთის ხელოვნების სკოლების კონკურს-ფესტივალის „მუზა 2012“ გახსნას დაესწრო

დღეს, აფხაზეთის ხელოვნების სკოლების ახალგაზრდული კონკურს-ფესტივალი „მუზა 2012" გაიხსნა. ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

ფესტივალი წელს პირველად იმართება და მასში აფხაზეთის სახელოვნებო, სამუსიკო და სამხატვრო სკოლების 200-ზე მეტი მოსწავლე  იღებს მონაწილეობას. ღონისძიება მ. ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზა"-ში იმართება.

ფესტივალი 12:00 საათზე, აფხაზეთის სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა. აფხაზეთის სახელოვნებო სკოლების მოსწავლეების მიერ შესრულდა კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. ასევე, წარმოდგენილი იყო ფორტეპიანოს, სიმებიანი ორკესტრის, საესტრადო და ფოლკლორული განყოფილებები. დღის ბოლოს, სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.  

კონკურს-ფესტივალი „მუზა 2012" აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის  სამინისტროს ორგანიზებით იმართება და ის  29 მაისს დასრულდება.

აფხაზეთის ბაგა-ბაღ „იმედის“ აღსაზრდელებს საჩუქრები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით, აფხაზეთის ბაგა-ბაღი „იმედის" აღსაზრდელებს საჩუქრები გადაეცათ. ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 40-მდე დევნილმა ბავშვმა საკანცელარიო და ჰიგიენური ნაკრები საჩუქრად მიიღო.

საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომლებმა იაშვილის კლინიკაში სისხლი ჩააბარეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის 20-მდე თანამშრომელმა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში არსებულ სისხლის ბანკში სისხლი ჩააბარა.

მათ მიერ ჩაბარებული სისხლი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარება. იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ამ დროისთვის ლეიკემიითა და ლიმფომიით დაავადებული ათეულობით ბავშვი მკურნალობს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები მსგავს აქციებში მონაწილეობას მომავალშიც მიიღებენ.

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს კინოთეატრმა „საქართველომ“ უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ფილმის - „კარლსონი" უფასო კინოჩვენებას დაესწრნენ.

საქველმოქმედო აქცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის ორგანიზებითა და კინოთეატრ „საქართველოს" მხარდაჭერით მოეწყო.

სოციალურად დაუცველი, 40-მდე დევნილი მოზარდი თბილისში კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტებიდან შეირჩა.

აფხაზეთის მთავრობა მსგავს აქციებს მომავალშიც განახორციელებს.

თავისუფალ ჭიდაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით 18-20 მაისს, თავისუფალ ჭიდაობაში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა. ჩემპიონატი 1997-99 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის საჭიდაო კომპლექსის დარბაზში გაიმართა. სპორტსმენები 14 წონით კატეგორიაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს და მასში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსულმა 250-ზე მეტმა სპორტსმენი მიიღო.

ფინალური შეხვედრები 20 მაისს ჩატარდა. საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის მედლები, თასები და დიპლომები გადაეცათ.

შეჯიბრის მიზანია სპორტის ამ სახეობაში, აფხაზეთის მოზარდების ოსტატობის ამაღლება, წარმატებული პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თავისუფალი ჭიდაობის პოპულარიზაცია.

ჩემპიონატი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოსა და აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

გიორგი ბარამიამ 100 წლის დევნილ ქალბატონს იუბილე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ 100 წლის დევნილ ქალბატონს, ფედოსია ხურცილავას იუბილე მიულოცა და აფხაზეთის მთავრობის სახელით საჩუქრები გადასცა.

ქალბატონი ფედოსია 1912 წლის 20 მაისს გალის რაიონ სოფელ შეშელეთში დაიბადა. იგი აფხაზეთში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. მას ჰყავს 5 შვილი, 10 შვილიშვილი და 9 შვილთაშვილი.

გიორგი ბარამიამ ფედოსია ხურცილავას დღეგრძელობა და საქართველოს ძირძველ მიწა-წყალზე, აფხაზეთში დაბრუნება უსურვა.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2–ს’’ ეწვივნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის ორგანიზებით, 8 -დან 15 წლამდე 20 დევნილი ბავშვისთვის ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის'' ახალ შენობაში საინტერესო ტური მოეწყო.

მოზარდებმა ტელეკომპანიის სხვადასხვა განყოფილება, საეთეროები, სტუდიები დაათვალიერეს და მოინახულეს ის ადგილები, სადაც მათთვის კარგად ცნობილი სატელევიზიო გადაცემები იქმნება.

ბავშვები გაეცნენ უახლეს სატელევიზიო ტექნოლოგიებს და დაათვალიერეს ულტრათანამედროვე,  უნიკალური ვიდეოარქივი.

ტურის ბოლოს დევნილ ბავშვებს სამახსოვრო სუვენირები დაურიგდათ.

გიორგი ბარამიამ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი მიულოცა.

გიორგი ბარამია აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანის, 87 წლის პარმენ ჩიქოვანის ოჯახს ესტუმრა. მთავრობის თავმჯდომარემ, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისგან საჩუქრები და მისალოცი ბარათები აფხაზეთიდან დევნილმა, 90-მდე ვეტერანმა მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო.

დევნილ ბავშვებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ქუთაისის დევნილთა პოლიკლინიკაში, ერთ წლამდე ასაკის, 100-მდე დევნილ ბავშვს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.

აქციის ფარგლებში, პატარებმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სახელით საჩუქარი მიიღეს. ინიციატივა - „საჩუქარი ყველა დევნილ ბავშვს", აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ბარამიას ეკუთვნის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მსგავსი სახის აქცია სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში უკვე განხორციელდა და საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ გალის რაიონში მოქმედი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების პროფესიული გადამზადება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული კანდიდატები ტრეინინგს გაივლიან საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ, გადაუდებელი მედიცინის თეორიასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში.

გიორგი ბარამია აფხაზეთის უსინათლო და ყრუ-მუნჯთა საზოგადოება „ჰერას" ეწვია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აფხაზეთის უსინათლო და ყრუ-მუნჯთა საზოგადოება „ჰერას" ეწვია. მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ, უნარშეზღუდულ ბავშვებსა და კავშირის წევრებს შეხვდა.

გიორგი ბარამია საზოგადოება „ჰერას" სამუშაო გარემოს გაეცნო. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დევნილი ბავშვების ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა და პატარებს საჩუქრები გადასცა.

ბავშვების საჩუქრებისთვის ფონდმა ,,კეთილი სამარინელი საქართველოში" იზრუნა.