აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი 22-ე რაუნდი დასრულდა

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი 22-ე რაუნდი დასრულდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

ჟენევის მოლაპარაკებებში ქართულ მხარეს საქართველოს ახალი შემადგენლობა წარმოადგენდა. დისკუსიებში რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ.

ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ მიიღო მონაწილეობა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 23-ე რაუნდი 2013  წლის 26-27 მარტს გაიმართება.

მარჯანიშვილის თეატრში ღონისძიება „ქართულ - აფხაზური საგანძური“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ღონისძიება  სახელწოდებით „ქართულ - აფხაზური საგანძური" გაიმართა, რომელიც მიეძღვნა დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე საქართველოს უმშვენიერეს კუთხეს - აფხაზეთს, ქართულ - აფხაზურ ურთიერთობებს.

თეატრის ფოიეში, საგანგებოდ ამ დღისთვის მოეწყო „ქართულ - აფხაზური საგანძურის" ბანერული გამოფენა, წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა ნაშრომები ქართულ აფხაზურ ურთიერთობებზე. ასევე, მოეწყო აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის შემოქმედებითმა კოლექტივებმა. წარმოდგენილი იყო თემატური ვიდეო-ინსტალაციები, რომლებშიც ასახულია აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და ქართულ-აფხაზური მშვიდობიანი ურთიერთანაცხოვრება.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 21-ე რაუნდი დასრულდა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 21-ე რაუნდი დასრულდა. შეხვედრაზე მხარეებმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე დაიწყეს მუშაობა. ქართული დელეგაციის განცხადებით, ეს დოკუმენტი არის იმის გარანტი, რომ რუსეთის ფედერაციამ სამომავლოდ ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღოს.

მოლაპარაკებებზე განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული  დაბრუნების საკითხები.

მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ გაეროს, ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლები. ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებებში ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია  მონაწილეობდა.

მოლაპარაკებების 21-ე რაუნდს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეული წევრები პაატა ზაქარეიშვილი და გიორგი ვოლსკი ესწრებოდნენ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 22-ე რაუნდი 2012 წლის დეკემბერში გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სოხუმის დაცემის მე-19 წლისთავთან დაკავშირებული საღამო მოეწყო, რომელიც აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.

ღონისძიება მ.ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზა"-ში მოეწყო. საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე გიორგი ბარამია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ომში  დაღუპული გმირები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას. ნაჩვენები იქნა ვიდეო კადრები, რომელის აფხაზეთის ომამდელ და ომის პერიოდს ასახავდა. პარალელურად აფხაზეთის თემატიკაზე ფოტო გამოფენაც მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ სოხუმის დაცემის მე-19 წლისთავი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან აღნიშნეს.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და მთავრობის წევრებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

„ 27 სექტემბერი ტრაგიკული და მტკივნეული დღეა ქართველი ერის ისტორიაში.ომმა აფხაზეთში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მე მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო საქართველოს უახლესი ისტორიის ჭეშმარიტი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. თითოეული ჩვენგანის ვალია ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რასაც ეს გმირები შეეწირნენ და მივაღწიოთ მიზანს, რომელსაც გაერთიანებული საქართველო, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო ჰქვია,"-განაცხადა გიორგი ბარამიამ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 19 წელი სრულდება. საქართველო ტერიტორიული მთლიანობისათვის  ბრძოლა 13 თვისა და 13 დღიანი ბრძოლის შემდეგ, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

გიორგი ბარამიამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი სასწავლო წლის დაწყების ცერემონიალს დაესწრო. მან სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის DAAD-ის ხელმძღვანელი ელიზაბედ ფენორი ესწრებოდნენ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 450-მდე პირველკურსელია. სულ უნივერსიტეტში 3 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.

რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნივერსიტეტს 8 სართულიანი შენობა საკუთრებაში გადასცა.

გიორგი ბარამიამ აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი თეიმურაზ მაისურაძე ქ. ქუთაისში, ჟ. შარტავას სახელობის რეაბილიტირებულ აფხაზეთის №6 საჯარო სოლას ეწვივნენ და დევნილ ბავშვებს ახალი სასწავლო სწლის დაწყება მიულოცეს. გიორგი ბარამიამ და თეიმურზ მაისურაძემ სკოლა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

„მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს მოსწავლეებს, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ასევე დანარჩენ საქართველოში. რაც მთავარია, ვუსურვებ მათ წარმატებებს მომავალში. იმედი მაქვს, რომ ეს პატარები  ძალიან განათლებულები აღიზრდებიან, რამეთუ განათლებული თაობა, ეს ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა,"-განაცხადა გიორგი ბარამიამ.

აფხაზეთის №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია USAID დაფინანსებით „CHF international"-ის პროგრამის „ბავშვი" ფარგლებში განხორციელდა.

წელს, აფხაზეთის 13 საჯარო სკოლაში 145 პირველკლასელია, ყველა მათგანს ნეტ-ბუქი გადაეცა, ხოლო სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანმა ოჯახებმა  სასკოლო სახელმძღვანელოები მიიღეს. აფხაზეთის საჯარო სკოლებში სულ 3 ათასამდე  მოსწავლე სწავლობს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის მართლმადიდებელი საზოგადოების შეკრება გაიმართა

დღეს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება შეიკრიბა. მათ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიიდან ოკუპირებული აფხაზეთის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის თაობაზე სეპარატისტთა მცდელობა გააპროტესტეს.

შეხვედრაზე შემუშავებულ იქნა მიმართვის ტექსტი, რომელიც უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ილია II და მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს I გადაეცემათ. მიმართვაში აღნიშნულია, რომ არ დაუშვან რელიგიური სეპარატიზმი და სეპარატისტული აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია.

შეკრების მონაწილეებს აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარემ გია ბარამიამ მიმართა. მან ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ქართულ ტაძრებში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები გაიხსენა, რომლის შედეგადაც აფხაზეთში ქართველთა ისტორიის კვალი გაქრა. წარმოდგენილი იყო ამის დამადასტურებელი ფოტომასალა.

„ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ყოველთვის იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში და ყოველთვის ასე იქნება. ეს ჩვენი მყარი და პრინციპული პოზიცია დაფიქსირებულია მსოფლიო პატრიარქისადმი მიმართვაში", - აღნიშნა გიორგი ბარამიამ.

აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები დასასვენებლად საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ

თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი მოზარდების მორიგი ნაკადი დასასვენებლად ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრა.

20 მოზარდი, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა შვილები, ბანაკში 10 დღეს გაატარებენ. მათთვის კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები ჩატარდება.

ბავშვები თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცილეს.

საქველმოქმედო აქცია დევნილი ბავშვებისათვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და კინოთეატრ „რუსთაველი"-ს მხარდაჭერით დევნილი ბავშვებისათვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო.

მოზარდები კინოთეატრ „რუსთაველს" დღეს სტუმრობდნენ. 25 ბავშვი 3D ფორმატში გადაღებული ფილმის  ჩვენებას დაესწრო. აქცია ამჯერად  აფხაზეთის ომის ვეტერანთა შვილებისთვის  მოეწყო.

მოზარდებს ფონდი „კეთილი სამარინელი საქართველოში" მიერ მოწოდებული საჩუქრებიც დაურიგდათ.

ღონისძიება რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ, მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათ ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისცემა და სოლიდარობა მკერდზე დამაგრებული ყაყაჩოს სიმბოლოებით გამოხატეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკეს.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან ოთხი წელი გავიდა. რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 169 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებისათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი გმირების შვილებისათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართება. მოზარდებს კინოთეატრი რუსთაველი და თბილისის „აკვაპარკი" უმასპინძლებს.

8 აგვისტოს დევნილი მოზარდები სათავგადასავლო ფილმის „წარმოუდგენელი ადამიანი-ობობას" უფასო კინოჩვენებას დაესწრებიან. ბავშვები მათთვის საინტერესო და კარგად ნაცნობი გმირის ახალ თავგადასავლებს იხილავენ, ხოლო 9 აგვისტოს „აკვაპარკში" მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ატრაქციონებზე გაერთობიან.

საქველმოქმედო აქცია რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ხორციელდება.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ბორჯომის ხეობის საზაფხულო ბანაკებში დაისვენებენ

თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 70-მდე მოზარდი დასასვენებლად ბორჯომისა და კეჩხობის საზაფხულო ბანაკებში გაემგზავრა. მოზარდები ბანაკებში 10 დღეს გაატარებენ. მათთვის კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები ჩატარდება.

ბავშვები თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცილეს.

ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა გიორგი ბარამიამ ფონდ „FINSOL" -ის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ შეხვედრა ესპანურ არასამთავრობო ორგანიზაცია ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის „FINSOL"-ის პრეზიდენტთან ხულიო გარსია კარპიოსთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს დევნილთა მიმართ უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ განსახორციელებელ ჰუმანიტარული ხასიათის პროექტებზე. შეხვედრაზე ასევე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL"-ი 2008 წლიდან თანამშრომლობენ. ესპანურ არასამთავრობო ორგანიზაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამ წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა.

მხარეებს შორის შეხვედრას ესპანეთის სამეფოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი ესპანეთის სამეფოში გრძელდება

ესპანეთში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას სამუშაო შეხვედრები გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 27 ივლისს მადრიდის ოლქის, კოლმენარ ბიეხოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მიგელ ანხელ სანტამარიას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და დევნილთა მიმართ განსახორციელებელი ჰუმანიტარული ხასიათის პროექტები განიხილეს.

შეხვედრას ესპანეთის სამეფოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდა.