
ახალი ამბები

უკვე წლებია, რაც ყველანი ვართ თვითმხილველები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მცდელობებისა როგორმე წარმოაჩინონ ოკუპირებული აფხაზეთი საერთაშორისო არენაზე. უმთავრესი აქცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე კეთდება. მათის მხრიდან, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარება ნებისმიერ ევროპულ ქვეყანასთან, გარდა მატერიალური კეთილდღეობისა, აფხაზეთის დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილება. სამწუხაროდ, ამისთვის დეზინფორმაციასაც არ იშურებენ. ამ შემთხვევაშიც, ამის მაგალითია იტალიის, ჩინეთის, თურქეთის კერძო სტრუქტურებთან ბიზნეს პროექტების განხორციელებითა და ხელშეკრულებების გაფორმებით ამ ქვეყნების მიერ აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების წარმოჩენა. კერძო პირების მიერ ნამოქმედარი, ვერანაირად ვერ იქნება გერმანიის სახელმწიფო პოზიციის ინდიკატორი.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ევროკავშირის არ აღიარების პოლიტიკა ძალაშია და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებაც მისი განუხრელი დამცველია. რაც, გერმანიის სამთავრობო წრეების მიერ გაკეთებული განცხადებებითაც დადასტურდა.
საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, არის მსოფლიო თანამეგობრობის მიერ, კონკრეტულ საზღვრებში აღიარებული სახელმწიფოს ლეგიტიმური ორგანო და მისი საქმიანობაც სახელმწიფოს რანგში განიხილება. ოკუპირებული აფხაზეთი კი ვერანაირად ვერ იქნება ლეგიტიმაციის მატარებელი და დროა გაითავისონ აფხაზმა თანამემამულეებმა, რომ ნებისმიერი მათი მცდელობა განწირულია კრახისთვის.
მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა აძლევს შესაძლებლობას და საუკეთესო შანსს აფხაზეთს, იყოს მსოფლიო თანამეგობრობის შემადგენელი ნაწილი და ისარგებლოს ყველა იმ სიკეთეებით, რასაც ცივილიზებული სამყარო სთავაზობს თავის სრულუფლებიან წევრებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება გერმანიის ხელისუფლებას ადექვატური რეაგირებისათვის და იმედოვნებს, რომ მსგავსი სახის გაუგებრობა არ განმეორდება ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ბიზნეს ცენტრ „მოზაიკა“-ს კონგრეს-ჰოლში, საქართველოში მცხოვრები დაღესტნელი პოეტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენისა და შამილის მედლის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის ალი ისაევ-ავარსკის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
„გამორჩეულად ვაფასებ ალი ავარსკის... კავკასიაში ცნობილმა პიროვნებამ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცმა ფეხით მოიარა დაღესტნის ყოველი აული, დაბების, ქალაქების თითოეული მცხოვრები და აუხსნა, რომ არ შეიძლება დაღესტნელებმა იბრძოლონ ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ, არ შეიძლება ძმებს შუა ჩადგომა და ცეცხლის გაღვივება, არ შეიძლება კავკასიური ომები მტრების საამებლად.
ალი ავარსკი უმძიმეს დროს საქართველოს, სრულიად კავკასიის სახალხო დამცველად იქცა, იმისდა მიუხედავად რომ ყველამ ვერ და არ გაითავისა კავკასიური სიბრძნე - ერთად ყოფნის აუცილებლობისა.... მერწმუნეთ ეს დროებითია, სიბრძნეს თავისი შედეგი მაინც მოაქვს, საქართველო აუცილებლად გაერთიანდება და გაძლიერდება“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ღონისძებაში მონაწილეობდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი (ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), აგრეთვე ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. კონგრეს-ჰოლის ფოიეში წარმოდგენილი იყო ალი ისაევ-ავარსკის ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და პოეტის ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.


ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. აგრეთვე, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პირველი კლასის მოსწავლეებს სსიპ „გამწვანებისა და გარემოს დაცვითი პროექტებისა" და კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოყვანილი ბზის 50 ნერგი გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლები სწარდგინებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას სახელი მიენიჭა.


სასტუმრო „კოპალაში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში პროექტი ,,საერთო წარსულით საერთო მომავლისაკენ" განახორციელა.
პროექტის მიზანი იყო სამშვიდობო ინიციატივათა მხარდაჭერა, სამოქალაქო ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლება ახალგაზრდებში, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
შეხვედრები გაიმართა ცნობილ და წარმატებულ ადამიანებთან, სამშვიდობო ინიციატივებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ჩატარდა მასტერკლასები.
ასევე, საღამოზე „ქართული კალიგრაფიისა" და „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის" გამოფენა მოეწყო.
ღონისძიების ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
პროექტის პარტნიორები იყვნნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი", საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაცია „რონდინე", სასტუმრო „კოპალა" (წყნეთი), კომპანიები „პროფილი" და „მარიგოლდი".
პროექტს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი ხელმძღვანელობდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში გასვლითი ღონისძიება გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო გასინჯვები მესტიასა და ჭუბერში ჩატარდა.
ორდღიანი სამედიცინო აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებმა მიიღეს თბილისის კლინიკების წამყვანი სპეციალისტებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმების მაღალკვალიფიციური მომსახურება. ჩატარდა ექიმთა კონსულტაციები, გამოკვლევები (ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, შაქრის განსაზღვრა სისხლში). აგრეთვე, ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.
ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მევლუდ ჯაჭვლიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საზოგადო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს რამინ აბლოთიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს მადლობის სიგელი გადასცა.
რამინ აბლოთია 60 წელია პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა. არის სოხუმის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ფაზისის საერო აკადემიის წევრი. 1991 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა სოხუმის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტი,რომელმაც მოკლე პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და საქართველოს კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მრავალპროფილიანი კადრების მძლავრი მომზადების კერა გახდა. 1993 წელს აფხაზეთში დატრიალებული მოვლენების შემდგომ უნივერსიტეტი ქალაქ ფოთში, ხოლო ფილიალები კი თბილისსა და ზუგდიდში განთავსდა.


მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
პანაშვიდს თამაზ ნადარეიშვილის მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ.


ფონდი „მოლოდინი“-ს ორგანიზებითა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, მზიურის პარკში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის - 30 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
საქართველოში 1990-იანი წლების სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2300-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა, რომლებიც დრემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის მიზანია ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდაყოფა. აგრეთვე მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მზადაა ბორჯომის ხეობაში, ხანძრით განადგურებულ 5 ჰექტარ ფართობზე მწვანე საფარი აღადგინოს.
„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა აღდგენით სამუშაოებში, იქნება ეს ფონდის სახით თანხის ჩარიცხვა თუ პირდაპირ აღდგენითი სამუშაოების წარმოება.
ჩვენ გვყავს კვალიფიციურ სპეციალისტთა ჯგუფი და გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება რეკრეაციული და გამწვანების ზონების მოწყობისა.
დღეს, ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით, შეგვიძლია 5 ჰექტარი ფართობის სრულად აღდგენა განვახორციელოთ“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს.
მომხდარი შეიძლება განხილულ იქნას როგორც შეტევა ცივილიზებულ სამყაროზე. მსგავსი სახის ტრაგედიები არის ზოგადსაკაცობრიო ხასიათის მატარებელი, სცდება ერთი კონკრეტული ქვეყნის ფარგლებს და წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში, მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ესპანელ ხალხსა და ესპანეთის ხელისუფლებას.


14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ორივე მხრიდან ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო იმ დროისათვის სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.


2016 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დაწესდა, რომელიც განსაკუთრებული წარმატებით გამორჩეულ და აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პოლიტიკის მეცნიერების დარგის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს გადაეცემათ. სტუდენტებს ასევე მოეთხოვებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და საზოგადოებრივი აქტიურობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეაჯამა სტიპენდიების მისაღებად შემოსული წლევანდელი წარდგინებები და ოთხი სტუდენტი გამოავლინა.
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მიენიჭათ: გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის ჟურნალისტიკის მე-3 კურსის სტუდენტ დავით დოლიძეს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტ თამარ ბარამიას;
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია მიენიჭათ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მე-4 სემესტრის სტუდენტ თამარ ჩითინაშვილს და კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლი საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს თეონა მჭედლიშვილს.
„ქართველი ახალგაზრდები კარგად უნდა იცნობდნენ აფხაზეთის პრობლემატიკას, ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სატკივარს, რომელიც გლობალური პოლიტიკის ნაწილიცაა. მათ ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ აფხაზეთის ისტორიაზე, მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, გარდა ამისა, საკუთარი ხედვა უნდა გააჩნდეთ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გზებზე. არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი და ჟიული შარტავა - ის აფხაზი და ქართველი მამულიშვილები იყვნენ, რომლებიც სხვადასხვა დროსა და ეპოქაში საქართველოს მთლიანობისთვის, ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის იბრძოდნენ. ეს იგივე სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის გამოხატულებაა, რაც ზოგადსაკაცობრიო იდეალებს ეხმიანება. ამდენად, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ამ სტიპენდიების მოპოვების მსურველთა შორის აფხაზი ახალგაზრდებიც ვიხილოთ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
სტიპენდიების ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 150 ლარს შეადგენს, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში - 100/150 ლარს. სტიპენდიები დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაიცემა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში, ეტლები იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 12 დევნილს გადაეცა.
ეტლების გადაცემის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები მარინა ონიანი და თენგიზ კვირტია, აგრეთვე იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის ახლად არჩეულ რექტორ ზურაბ ხონელიძესთან შეხვედრა გაიმართა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ახალ რექტორს მისმა წინამორბედმა რექტორმა ჯონი აფაქიძემ უფლებამოსილება ოფიციალურად გადასცა. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ზურაბ ხონელიძეს სიმხნევე და წარმატებები უსურვა და საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია გვაზავა, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, მწერალი გურამ ოდიშარია და უნივერსიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
