- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 95 წლის თავთან დაკავშირებით იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს.
„საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალშია ამ ბიჭების წინაშე. ახალგაზრდა იუნკერებმა თავისი მხრებით, საკუთარი სიცოცხლის ფასად მოგვიტანეს დღევანდელი დღე. ყველაზე ძვირფასი მათთვის იყო ქართველი ერის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მარადიული ხსოვნა და დიდება მათ სახელებს. მოწიწებით ვიხრით ქედს მათი ხსოვნის წინაშე," -განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა საავტომობილო სპორტის ექსპერტთან, ქართველ ავტომრბოლელთან, აფხაზეთის ომის ვეტერან დავთ კვარაცხელიასთან.
ბულგარეთისა და ევროპის სხვადასხვა თასების პრიზიორმა თავისი სურვილით, წარმატებული ვეტერანის თასები და სიგელები ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გადასცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი ირაკლი შიხიაშვილი, ბულგარეთის ელჩის საქართველოში პლამენბონჩევი, საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი კვლავ შალვა ოგბაიძე, აფხაზეთის ომის ვეტერანები და სპორტსმენები.
დღეს, საქართველოს მწერალთა სახლში კოლაუ ნადირაძის პრემიის ლაურეატის, მწერალ იროდი ასანაშვილის წიგნის „ღვთის ნათელი გზით" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნში შესულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისადმი და საქართველოს თითოეული მიტროპოლიტის, მთავარეპისკოპოსის და ეპისკოპოსებისადმი მიძღვნილი აკროსტიქული ლექსები.
პრეზენტაციას სტუმრის რანგში დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.
დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შერვაშიძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, მხატვარ გიგა დათუაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია ავტორის დაბადებიდან ორმოც წელს მიეძღვნა.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები 90-იან წლების მიწურულს მიეკუთვნება. წარმოდგენილია ტემპერის საღებავებით შესრულებული კომპოზიციები, ლიტერატურული პერსონაჟების ინტერპრეტაციების ამსახველი გრაფიკული სერიები, აკვარელით, ფანქრით და კალმით შესრულებული პორტრეტული ჩანახატები.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდოამრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა.
დღეს, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითმა კავშირმა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიამ ცნობილი აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი გულიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გამართეს.
ღონისძებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.
ზუგდიდში საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარე ადმინისტრაციულ ერთეულებსა და სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიმდინარე პროექტები განიხილეს.
სხდომას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია უძღვებოდნენ.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია ვახტანგ ყოლბაიამ მიაწოდა.
ასევე, სხდომის მონაწილეებმა იაპონიის მთავრობის პროგრამით ,,GRASROOT„ დაფინანსებული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში მოწყობილი სასათბურე-სადემონსტრაციო მეურნეობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ანკარაში, მიმდინარე წლის 17 თებერვალს განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა გამო.
მომხდარი ფაქტი, ტრაგედიაა არა მარტო თურქეთისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ უსამძიმრებს მომხდარის გამო და, ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში, მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის ხელისუფლებასა და სრულიად თურქეთის მოსახლეობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და წარჩინებული სწავლისათვის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მინიჭების საკითხზე სპეციალური პროექტი შეიმუშავა.
სტიპენდიები გათვალისწინებულია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილებოდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და საზოგადოებრივი აქტიურებით გამოირჩევიან.
პირველკურსელი სტუდენტები სასტიპენდიო რეიტინგში ჩართვას პირველი სემესტრში მიღებული ქულებით შეძლებენ.
სტიპენდიის მინიჭების საკითხის ორგანიზებული და შეუფერხებელი მუშაობისათვის აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროსთან შეიქმნება სპეციალური კომისია.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის დაარსება მიზნად ისახავს აფხაზეთის თემაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა სტიმულირებას აფხაზეთის საკითხის გააქტიურებისა და პოპულარიზაციისათვის.
ყურადღება მიექცევა ახალგაზრდების სამეცნიერო ნაშრომებს, რომელნიც აფხაზეთის თემისადმი ინოვაციური ხედვებით, თანამედროვე მიდგომებით, აკადემიური წარმატებით და სამეცნიერო კონფერენციებში დასამახსოვრებელი, საინტერესო, ინტელექტუალური გამოსვლებით გამოირჩევიან.
სტიპენდია მაგისტრატურის სტუდენტებისთვის განისაზღვრება თვეში 150, ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 100 ლარით. სტიპენდია ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე) გაიცემა.
იმ შემთხვევაში თუ სტიპენდიაზე წარმდგენი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან სტიპენდიანტზე კომისიას მოეწოდება ინფორმაცია, რომელიც ვეღარ აკმაყოფილებს სტიპენდიანტისადმი წარდგენილ მოთხოვნებს, კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება სტიპენდიის მოხსნის შესახებ.
კომისიას 7 წევრის შემადგენლობით ამტკიცებს მინისტრი. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის პერონალურ შემადგენლბობაში ცვლილება შეაქვს მინისტრს.
კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სიგელები, სერტიფიკატები) წარედგინება მინისტრს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას განსახილველად კომისიას წარუდგენს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის 2015 წლის ანგარიში ფედერაციის პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემ წარადგინა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის დელეგატები, საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახაბერ ჭუმბურიძე, რომელმაც ახალი ხელმძღვანელობის ხედვასა და სამომავლო გეგმბეზე ისაუბრა.
ასევე, შეხვედრაზე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის წესდებაში შესატანი და აღმასკომში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახელით სამეცნიერო ხელმძღვანელმა ფრიდონ თოდუამ მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი, აფხაზეთის მთავრობის და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მემორანდუმი ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დახმარებას.
ასევე, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის პროფესიულ მომზადება/გადამზადებაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მეორადი სამედიცინო-ტექნიკური ინვენტარით აღჭურვასა და სხვა ერთობლივ პროექტებში.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „აფხაზეთის" რეპეტიციას დაესწრნენ.
აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს აფხაზეთის მთავრობის მფლობელობაში არსებულ შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც დასასრულს უახლოვდება და სადაც უახლოეს მომავალში ქართულ-აფხაზური კულტურის ცენტრის პრეზენტაცია მოეწყობა.
ანსამბლ „აფხაზეთის" მხატვრულმა რეჟისორმა ლევან ღვინჯილიამ სტუმრებს საკონცერტო პროგრამის ძირითადი მიმდინარეობები გააცნო. პროგრამაში შეტანილი იქნება აჭარული, აფხაზური, სვანური და მეგრული სიმღერებისა და ცეკვის ახალი ელემენტები.
ანსამბლი ,,აფხაზეთი" დასავლეთ საქართველოში ტურნეს იწყებს, გაზაფხულზე კი სრული საკონცერტო პროგრამით თბილისში წარსდგება.
გარდაბანის რაიონ სოფელ ვაზიანში, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით სამკერვალო მინი-ფაბრიკა 2015 წლის აგვისტოში გაიხსნა, სადაც 20-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დასაქმდა. მინი-ფაბრიკის ფინანსური დახმარების მიზნით თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA"-მ აღნიშნული სამკერვალოს მიერ წარმოებულ 350 წყვილი ფეხსაცმელი შეისყიდა, რომელიც I ჯგუფის ინვალიდებსა და სციალურად დაუცველ ომის ვეტერანებს გადაეცათ საჩუქრად.
მინი-ფაბრიკაში იმყოფებოდნენ და გადაცემის ცერემონიას დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს" თბილისის ოფისის კოორდინატორი მუსტაფა ქორქმაზი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და დირექტორის პირველი მოადგილე მიხეილ ხომერიკი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ შამუგია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია შემუშავდა. დოკუმენტის მთავრობის მიერ დამტკიცებამდე, მისი სრულყოფის მიზნით, სამინისტრო იწყებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან მთელი საქართველოს მასშტაბით.
3 თებერვალს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე - ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი - დიმიტრი ჯაიანი. პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
თებერვალში დაგეგმილია 12 რეგიონული, 10 დარგობრივი და 4 თავისუფალი დასწრების ფორმატის შეხვედრა. მინისტრი ეწვევა საქართველოს ყველა რეგიონს (ქვემო ქართლი -ბოლნისი, სამეგრელო-ზემო სხვანეთი - ხობი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - ქობულეთი, გურია - ოზურგეთი, კახეთი - საგარეჯო, მცხეთა-მთიანეთი - დუშეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - ონი, იმერეთი - წყალტუბო, შიდა ქართლი - ხაშური, ახალციხე-სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომი. აფხაზეთის ა/რ-სა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების წარმომადგენლებთან შეხვედრები ჩატარდება თბილისში), წარადგენს სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიას და გამართავს კონსულტაციებს რეგიონის კულტურის სფეროს მუშაკებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან. რეგიონული შეხვედრების პარალელურად, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით, დაგეგმილია შეხვედრების ციკლი თბილისში, კულტურის სფეროს პროფესიულ წრეებთან და დაინტერესებულ მხარეებთან (შშმ პირები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია და სხვ.). ბოლო ოთხი შეხვედრა თავისუფალი დასწრების ფორმატით ჩატარდება. საზოგადოებასთან კონსულტაციების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, დოკუმენტის შემდგომი დახვეწისა და სრულყოფის მიზნით სამუშაო ვერსია განთავსებული იქნება სამინისტროს ვებგვერდზე, სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე (www.culturepolicy.ge), ვიკიპედიაზე. რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაზიარების საშუალება მსურველებს თებერვლის ბოლომდე შეეძლებათ. საზოგადოების ამგვარი ფართომასშტაბიანი მონაწილეობა უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში სტრატეგიული ხასიათის დოკუმენტებზე მუშაობის ისტორიაში. კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან დაიწყო გზამკვლევის შემუშავებით, რომელმაც განსაზღვრა სტრატეგიის მთავარი პრინციპები: ღიაობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. აღნიშნულ პროცესში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამართა შეხვედრების პირველი ეტაპი: შედგა სულ 34 რეგიონული, დარგობრივი და უწყებათაშორისო შეხვედრა კულტურისა და შემოქმედების სფეროს მოღვაწეებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან (სულ ესწრებოდა 2000-მდე ადამიანი). შეხვედრების პარალელურად, მიმდინარეობდა კონსულტაციები - შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარება როგორც წერილობით, აგრეთვე სხვადასხვა ელექტრონული რესურსის საშუალებითაც (ვებგვერდი, ელ.ფოსტა, ცხელი ხაზი, სპეციალური ონლაინ კითხვარი და სხვ.). კულტურის სტრატეგიის მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც წარმოაჩენს როგორც კულტურის თანდაყოლილ ღირებულებას, ასევე, მის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „Campus Lions Club Tbilisi" -ს თანამშრომლობით მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
ამჯერად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბენეფიციარს, აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს ადაპტირებული გადაასადგილებელი ეტლი გადაეცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და „Campus Lions Club Tbilisi"-ს პრეზიდენტი რატი ქირია ესწრებოდნენ.
აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 2015 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიუირ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები. ანგარიში ეხებოდა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას, სტატეგიულ მიმართულებებსა და სოციალური ხასიათის პროექტებს. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასთან დაკავშირებული ხედვები.
„ჩვენ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩავაბარეთ პარლამენტს, მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენს წარმომადგენლობებს იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. დღეს კი ანგარიში წარვუდგინეთ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, რადგან კონსტიტუციურად ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვართ უმაღლესი საბჭოს წინაშე. ბატონმა გია გვაზავამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჩვენს მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა აფხაზეთის მთავრობას და მის სტრუქტურებს ახლებური და ნოვატორული მიდგომებისკენ უბიძგა. ეს გამოჩნდა 2015 წლის ანგარიშში, რომელმაც გამოკვეთა შესრულებული საქმეების მასშტაბი. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ დევნილებთან დაკავშირბით ჩვენ ზღვა სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ბუნებრივია, უნდა გაძლიერდეს საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი აქტიურობა, მათ შორის ევროსაბჭოში.
საჭიროა მუხლჩაუხრელი მუშაობა იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას, სამეცნიერო წრეებს, პოლიტიკურ ელიტას მცდარი წარმოდგენა აქვთ აფხაზეთის ტრაგედიაზე. დავასახელებდი ესპანეთს, იტალიას, თურქეთს და სხვა ქვეყნებს. ეს პოლიტიკური საკითხია, ამიტომ საჭიროა ხშირი ჩასვლა ამ ქვეყნებში, ინფორმაციების გაცვლა, პოლიტიკოსებთან და სამეცნიერო წრეებთან შეხვედრები, ფრთხილი, მოზომილი და ეფექტიანი მუშაობა, რომელსაც შეუძლია ჩვენს სასარგებლოდ სიტუაციის შეცვლა და მისი სხვა ყალიბში გადაყვანა. ძალიან მახარებს, რომ კარგად შეფასდა საინფორმაციო ცენტრის უზრუნველყოფის საკითხი, ასევე კარგი შეფასება მიეცა ჩვენ მიერ დაფინანსებული ჟურნალების პერიოდიკას „იალქანი", „რიწა", „აფქიო". სამწუხაროდ ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ იქ მომუშავე თანამშრომლებს, რაც გამოსასწორებელია. ამავე დროს გვისაყვედურეს, რომ მცირე დაფინანსება აქვს ჯანდაცვის უზრუნველყოფას. რასაც ვიზიარებთ კიდეც, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის ახალი პროგრამები, რომელიც ამ ნაკლის კომპენსირებას მოახდენს. ვერ დაგიმალავთ, იმასაც, რომ გულისწყრომას იწვევს ჩვენს კოლეგებში ჰააგის სასამართლო, რომელიც იხილავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის ტრაგედიას, პროცესს მიღმა კი რჩება 2008 წელს კოდორში მომხდარი მოვლენები. გამოითქვა მოსაზრება, რომ ამასთან დაკავშირებით მოეწყოს ჩვენი შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში, რომ მივაწოდოთ ჩვენი დოკუმენტაცია ჰააგის ტრიბუნალში წარსადგენად." - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.