- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
ზუგდიდის დევნილთა ახალ დასახლებაში რამდენიმე დღის წინ სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა, რამაც 110 ადამიანის მოწამლვა გამოიწვია. წყლის დაბინძურება სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაადასტურა.
აღნიშნული ფაქტის აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის, აფხაზეთის დევნილთა პოლიკლინიკისა და ინფექციური საავადმყოფოს ერთობლივი მოქმედებით პრევენციული ღონისძიებები გატარდა.
დევნილთა დასახლებაში სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებენ.
ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ესართია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე იმყოფებოდნენ, პრობლემებს გაეცნნენ და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
დღეს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში „სოხუმისა" და „დინამოს" საკალათბურთო გუნდებს შორის შეხვედრა გაიმართა. მატჩი თბილისის დინამოს მცირედი უპირატესობით, ანგარიშით 67:62 დასრულდა.
საკალათბურთო მატჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენა დედაა ერისა" მოეწყო.
ღონისძიებაში მონაწილეობა მარნეულის რაიონის აზერბაიჯანული, აფხაზეთის #2 და #3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და საქველმოქმედო სახლის „მომავლის გზა" აღსაზრდელებმა მიიღეს, ასევე მკვლევარ-ფილოლოგ მარინე კოლხიდაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და იაკობ გოგებაშვილის შთამომავალი ლილი გოგებაშვილი ესწრებოდნენ.
იმავე დღეს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის „გზად დედა ენისაკენ" პრეზენტაცია გაიმართა და ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმში ლიტერატურული კომპოზიცია „ვადიდოთ ენა ქართული" მოეწყო.
ასევე, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ დედა ენის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დღესვე, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში, თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 მებრძოლის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს.
6-7 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „ბაზი"-ს აღდგენითი ცენტრის თანამშრომლობითა და მხარდაჭერით ქ.თბილისის დევნილთა მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებში 200 მოსწავლეს აღნაგობის დარღვევის გამოსავლენად პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ.
სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, შპს" ბაზი"-ს აღდგენითი ცენტრის ხელმძღვანელი ვიქტორ გეგეშიძე და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროფილაქტიკური გასინჯვები შპს"ბაზი"-ს მაღალკვალიფიცურმა ექიმებმა ჩაატარეს. გამოკვლევების ფარგლებში დევნილმა მოზარდებმა თერაპევტის, ქირურგისა და ტრავმატოლოგის კონსულტაცია მიიღეს. შედეგების მიხედვით, მოსწავლეების 70% სქოლიოზი დაუდგინდა, ასევე გამოვლინდა გულის მანკის ერთი შემთხვევა. ქ.თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის მქონე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოზარდებს შპს"ბაზი"-ს თანამშრომლები უფასო აღდგენით თერაპიასა და მკურნალობას ჩაუტარებენ.
აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ორგანიზებით გაიმართა.
აფხაზეთისა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია", რომლის ქვეპროგრამაცაა „აფხაზეთის ტაძრების დეტალური რუკის"შედგენა. სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა ამ რუკაზე ანუ აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკის ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობა უკვე დაასრულა. რუკაზე დატანილ იქნა 150 არქიტექტურული ნაგებობის კოორდინატი, არსებული მდგომარეობის მითითებით.
„აფხაზეთის ტაძრების დეტალური რუკის" კიდევ უფროდაზუსტების მიზნით აფხაზეთისა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ გალერეაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომელთაც აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე უმუშავიათ ან ფლობენ ინფორმაციას აფხაზეთში არქიტექტურული ნაგებობების მდებარეობის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ დამსწრეთ წარუდგინა აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკის ელექტრონული ვერსია და სთხოვა, რუკის სრულყოფის მიზნით გამოეთქვათ თავიანთი შენიშვნები და წინადადებები.რუკის წარმოდგენილ ვარიანტთან დაკავშირებით მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს: აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა - ჯემალ გამახარიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა და აკაკი გასვიანმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა რეზო ხვისტანმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენელმა შერმადინ შარიამ და სხვ.
ერთხმად ითქვა, რომ აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკის შესადგენად ძალიან შრომატევადი სამუშაოა გაწეული; და რომ თანამშრომლობის შემდეგ მასში შეტანილი ცვლილებები ხელს შეუწყობს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ზუსტი რიცხოვნობის წარმოჩენას და სამომავლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოძიებას გაამარტივებს.
სამუშაო შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილ სკოტი, საქართველოში აკრედიტებული ჩეხეთის, პოლონეთის, რუმინეთის, იაპონიის საელჩოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების - USAID, USAID REAP, FAO, IOM, OXFAM, ACF, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ბასარიამ დევნილთა დასაქმებაზე ორიენტირებული, მიმდინარე და დაგემილი აგრო-პროექტების პრეზენტაცია გამართა, რომლებიც საქართელოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ხორციელდება.
ცენტრალური ხელისუფლებისგან გამოყენების უფლებით გადმოცემულ მიწებზე ერთწლიანი კულტურის მოყვანისა და სასათბურე მეურნეობებში 200-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სადაც დევნილები არიან დასაქმებული.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რაც აგრარულ სექტორში დევნილთა დასაქმებას შეუწყობს ხელს.
დღეს ვალერი არქანიას სახელობის სამხატვრო გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ნიდერლანდების დიასპორის წარმომადგენლის პროდიუსერ დალი უბილავა-დე გრააფის პროექტის „ოსკარი გადაეცემა - სილია ვან დაიკის ვორქშოფები"-ს ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის შემოქმედებითი კოლექტივი ოსკაროსან პროდიუსერს სილია ვან დაიკის შეხვდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და შემოქმედებითი კოლექტივი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა და ოსკაროსანმა პროდიუსერმა აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივისათვის ვორქშოფი ჩაატარა.
სილია ვან დაიკი ჰოლანდიური ანიმაციის ასოციაციის საბჭოს წევრია. მის კოლექციაში 10 წელიწადში 400-მდე ანიმაციური ფილმი დაგროვდა. 1985 წელს კი ამერიკის კინოაკადემიამ სილია ვან დაიკის პროდიუსერული საქმიანობა უმაღლესი ჯილდოთი შეაფასა და გადასცა „ოსკარი" ანიმაციური ფილმისთვის „ანა და ბელა".
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება ნატოს დაარსებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნით ნატოს კვირეულის გამართვას.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი დაარსებიდან დღემდე მოწოდებული იყო დაეცვა არამარტო რეგიონალური, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოება, რომელიც პირველ რიგში თავისთავში მოიცავდა კონსტრუქციულ - პოლიტიკურ თანამშრომლობას მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების შესანარჩუნებლად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ საქართელოში გამართული ნატოს კვირეული კიდევ ერთი დამაახლოვებელი ფაქტორი იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკული მისწრაფებების გზაზე, რომლისკენაც საქართველო წლებია მიზანმიმართულად მიისწრაფვის და თავისი სერიოზული წვლილი შეაქვს ნატოს ეგიდით მშვიდობის განმტკიცების საქმეში.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველო უახლოეს მიომავალში ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.
1991 წლის 31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდატეხის დღეა, რომელმაც მთლიანად შეცვალა სახელმწიფოს მომავალი.
რეფერენდუმი ჩატარდა 25 წლის წინ 31 მარტს, როდესაც ქართველმა და აფხაზმა ხალხმა ერთად დაადასტურა დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრების ნება.
დღევანდელი დღე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერ - ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება. დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა.
სწორედ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უზრუნველვყოთ ქართველებისა და აფხაზების შერიგება და მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიან საქართველოში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მორიგი შეხვედრა თემაზე „აფხაზეთი დღეს. პრობლემები და გამოწვევები" გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აკადემიური წრის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის თემით დაინტერესებულმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს და აფხაზეთში პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სტუდენტებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე და ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35 -ე რაუნდის შედეგებზე.
მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრები სისტემატიური ხასითის ატარებს და საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში გაიმართება. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების მეტად ჩართულობა აფხაზეთის თემასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2016 წლის 22 მარტს ქ. ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს.
მომხდარი ტერაქტები არ ეხება კონკრეტულ ქვეყანას, არამედ წარმოადგენს გამოწვევას ყველა სახელმწიფოსთვის. მთელი კაცობრიობის ძალისხმევაა საჭირო, რომ 21-ე საუკუნეში არ ხდებოდეს მსგავსი სახის ბარბაროსული აქტები და არ იღუპებოდნენ უდანაშაულო ადამიანები.
კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ყველა დაღუპულის ოჯახს და ამ მძიმე წუთებში ვდგევართ ბელგიელი ხალხისა და ხელისუფლების გვერდით.
საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მთავარი თემები იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. საუბარი შეეხება ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობას.
დისკუსიებზე ჰუმანიტარული საკითხებზე მომუშავე - მეორე სამუშაო ჯგუფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უხელმძღვანელებს. ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიიღებს მონაწილეობას.
ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნება გამყოფ ხაზებზე გადაადგილების თავისუფლების, გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომის, ხელოვნური ბარიკატების მოწყობის, გარემოსდაცვითი, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები.
ჯგუფის მუშაობის ცენტრალურ საკითხად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი გმობს 2016 წლის 16 მარტს, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის გადამღებ ჯგუფზე განხორცილებულ თავდასხმას.
აგრესიულად განწყობილმა პირებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის ჟურნალისტსა და ოპერატორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელი შეუშალეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მუდმივ მზადყოფნას გამოთქვამს არა მხოლოდ აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრისა და ჟურნალისტების, არამედ თავისუფალი სიტყვის დასაცავად.
აფხაზეთში 1993 წლის მარტში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის სტუქტურების თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
1993 წლის 15-16 მარტს, მოწინაღმდეგემ სოხუმზე, გუმისთის მიდამოებში ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა, რაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად მოიგერიეს და პოზიციები გაიმაგრეს, მაგრამ ამ ბრძოლამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.