- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო ტურნირი ილია ვეკუას თასი პროგრამირებაში ჩატარდა.
ტურნირში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სანკ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვინიცას ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტისა და ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის პროგრამისტთა გუნდები და პროგრამისტები ინდივიდუალურად მონაწილეობდნენ.
საერთაშორისო ტურნირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი ზაალ ქორთუა ესწრებოდნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული ჟიული შარტავას სახელობის პრიზი ქართველ პროგრამისტს გიორგი საღინაძეს გადასცა.
ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით სპორტული მომზადების ცენტრმა ჭადრაკში რეგიონალური ტურნირი ჩაატარა.
ტურნირში მონაწილეობა 65-მდე მოსწავლე-ახალგაზრდამ მიიღო. გამარჯვებულებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.
ჭადრაკის ტურნირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სპორტული მომზადების ცენტრის დირექტორი ენვერ თოლორდავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ.
ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით გალის რაიონის სკოლას გადაეცა სპორტული ინვენტარი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შეხვედრისას დევნილებმა მთავრობის თავმჯდომარეს საკუთარი პრობლემები გაუზიარეს, ხოლო ვახტანგ ყოლბაია მათ დახმარებას დაპირდა.
დევნილებთან შეხვედრის შემდეგ ვახტანგ ყოლბაია დაესწრო აფხაზეთის თასის გათამაშებას ამპუტანტი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის ფეხბურთში. მასში დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონი - აჭარა, იმერეთი, სამეგრელო და აფხაზეთი მონაწილეობდნენ. ტურნირში გამარჯვება იმერეთის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულ სპორტსმენებს თასები და დიპლომები ვახტანგ ყოლბაიამ გადასცა.
თასის გათამაშება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის და აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ტურნირის მონაწილე გუნდები პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ ყოლბაია ქუთაისში მდებარე ბიზნეს ინკუბატორსა და სასათბურე მეურნეობას ეწვია. მან უკვე განხორციელებული პროექტები და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა .
ასევე, ზუგდიდში დევნილთა პოლიკნიკა დაათვალიერა, გაეცნო სამედიცინო მომსახურეობას და ინფორმაცია პოლიკლინიკის დირექტორისგან მიიღო.
გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს 109 წელი შუსრულდებოდა.
ქართველი მათემატიკოსი დაიბადა გალის რაიონის სოფელ შეშელეთში. მან ცხოვრების საინტერესო და წარმატებული გზა განვლო.
ილია ვეკუა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი და გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი იყო, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ ილია ვეკუას სახელი მიენიჭა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვის სფეროს წარმომადგენელთათვის სემინარი გაიმართა.
სემინარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.. სემინარზე სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
ასევე, შეხვედრაზე ბიუჯეტის კანონი, საბიუჯეტო კოდექსი, ბუღალტრული აღრიცხვა, ანგარიშება, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურები და სხვა მნიშვნელოვანი თემები განიხილეს.
ზუგდიდში აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი ახალ შენობაში განაგრძო.
1-დან მე-11 კლასამდე 300-მდე მოსწავლე სწავლას თანამედროვე სტანდარტების სკოლაში შეძლებენ. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერებით და ასევე, მოქმედებს შემოქმედებითი სტუდიები.
სკოლის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი ესწრებოდნენ.
კოლხეთის ეროვნულ პარკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია პროექტ „კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მდგრადი საშემოსავლო საქმიანობის მხარდაჭერის მეშვეობით" ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საპრეზენტაციო ღონისძიებას დაესწრო.
პროგრამის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ფოთში მდებარე ბიზნესის განვითარების ცენტრის მეშვეობით, მხარდაჭერა აღმოუჩინა ქალაქ ფოთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების, საშემოსავლო საქმიანობის გაღვივებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.
ღონისძიებას რუმინეთის ელჩი დუმიტრუ ბადეა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა და მათ მიერ მხარდაჭერილი თხუტმეთი ბიზნესის წარმომადგენელი.
პროგრამის მხარდამჭერი და პარტნიორი რუმინეთის საგარაეო საქმეთა სამინისტროა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა.
შეჯიბრებაში პროგრამის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს რეგიონების მძლეოსნები მონაწილეობდნენ. ასპარეზობებში გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები.
აფხაზეთის წარმომადგენლებიდან მძლეოსნობის სახეობებში გამარჯვებულები და პრიზიორები გახდნენ: სამმხტომი - მაკა სანიკიძე, პირველი ადგილი; სიმაღლეზე ხტომა - საბა სოსელია, პირველი ადგილი; სიმაღლეზე ხტომა - სალომე ინჯგია, პირველი ადგილი; სიგრძეზე ხტომა - ნიკა დუნდუა, მესამე ადგილი.
აფხაზეთის ღია პირველობაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
კომპოზიტორთა სახლში ხელოვნების სკოლამ „აფხაზეთი 2" აფხაზეთიდან დევნილ კომპოზიტორსა და შემსრულებელ ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო მიუძღვნა.
სკოლის აღსაზრდელებმა საფორტეპიანო ნაწარმოებები და ყველასთვის ნაცნობი სიმღერები შეასრულეს.
საღამოს აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და სტრუქტურების წარმომადგენლები და სკოლის დირექტორი ლელა უბილავა ესწრებოდნენ.
ღონისძიება სიმღერით „აფხაზეთო, საქართველოს მშვენებავ" დასრულდა.
ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში კინოცენტრის „ქართული ფილმი - აფხაზეთი" შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები დაესწრნენ.
კინოცენტრი „აფხაზეთი" 2005 წელს დაარსდა და აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი ახალგაზრდებით დაკომპლექტდა. კინოცენტრის შემადგენლობაში შედის: ხელის ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა გაგრა"; კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კვალი XXI"; კინოსტუდია „კვალი". კინოცენტრი საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალ „ნიქოზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორია, ასევე მუსიკალური ფესტივალის „თბილისი - თანამედროვე მუსიკის საღამოების" მუდმივი პარტნიორია.
საღამოზე კინოცენტრის მუშაობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის პრეზენტაცია გაიმართა და ასევე, კინოცენტრი "აფხაზეთის" განახლებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიასა და UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილ სკოტს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ჯანდაცვის სფეროში და დევნილთათვის სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით პროქტების განხორციელების შესაძლებლობები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში" კლინიკის ხელმძღვანელს თემურ ხუროძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს და დაათვალიერეს კლინიკის ინფრასტრუქტურა.
„ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა" უკვე მრავალი წელია პაციენტებს მაღალტექნოლოგიური კვლევებითა და კვალიფიციური მედპერსონალით ემსახურება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კლინიკებთან, მათ რიცხვს „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა" უახლოეს მომავალში შეემატება.
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
დღევანდელი სხდომის მიზანი ხელისუფლების ყველა შტოს პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებაა გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად, ასევე, საკითხის შემდგომი აქტუალიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურების მიღწევა, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული განათლების უფლების მონიტორინგი.
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, მანანა ქვაჩაკიამ გააცნო. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება ქართული მოსახლეობის უფლებების შელახვა. მისივე განცხადებით, ამ მხრივ, უკიდურესად არის ვითარება გამწვავებული გალის რაიონში, რომელიც მუდამ იყო და დღესაც რჩება უპირატესად ქართულ რეგიონად. „კონფლიქტის დასრულებიდან 20 წლის განმავლობაში ოკუპანტები და სეპარატისტები თანმიმდევრულად ეწევიან ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ფიზიკური და კულტურული გენოციდის მიზანმიმართულ პოლიტიკას. გალის რაიონის მოსახლეობა აღნიშნული პოლიტიკის გავლენით ამჟამად განახევრებულია, და ეს მაშინ, როდესაც ის ომამდე უტოლდებოდა მთელ აფხაზეთში ეთნიკური აფხაზი ეროვნების ადამიანების რაოდენობას. რაიონს აკონტროლებენ რუსული საოკუპაციო ძალები. მოქალაქეები ელემენტარულ ადამიანურ უფლებებს არიან მოკლებულნი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი ინფორმაციით, ოკუპანტები და სეპარატისტები ცდილობენ დემოგრაფიული მდგომარეობის ძალადობრივ შეცვლას და იძულებით რუსიფიკაციას;შეიცვალა რაიონის ადმინისტრაციული საზღვრები, მოსახლეობის უმრავლესობა კანონგარეშე არის გამოცხადებული; ქართველებს ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები.
მანანა ქვაჩაკიამ ოკუპირებული გალის რაიონის საგანმანათლებლო სისტემის მდგომარეობა მიმოიხილა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლების ენისა და სტატუსის შესახებ ისაუბრა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებების დარღვევის ზოგადი სურათი და ფაქტები გააცნო დეპუტატებსა და მოწვეულ სტუმრებს. ასევე, ისაუბრა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვით გამოწვეულ იძულებით გადაადგილებაზე ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ტერიტორიის სკოლებში სწავლების რუსულ სტანდარტზე გადაყვანის კონკრეტულ ღონისძიებებსა და ფაქტებზე.
განათლების სისტემაში, მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა. ოკუპანტები და სეპარატისტები კატეგორიულად კრძალავენ მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას. „ომამდე, იქ არსებული ზოგადსაგანმანათლებლო 58 სკოლიდან, მხოლოდ ორი იყო რუსული, დანარჩენში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ამჟამად გალის რაიონში 31 სკოლაა, აქედან 20 ქართული სკოლა იძულებითი წესით რუსულ სწავლებაზეა გადაყვანილი, დანარჩენი 11 სკოლა გასული წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად გადაჰყავთ რუსულენოვან სწავლებაზე, და ეს ხდება მაშინ, როდესაც რაიონში მოსწავლეთა კონტიგენტის 98 %-ს ქართველები შეადგენენ", - განაცხადა მანანა ქვაჩაკიამ. მისი თქმით, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 2008 წლიდან მთლიანად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, ქართული სახელმძღვანელოების გამოყენება, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლა. მისივე ინფორმაციით, სასკოლო ატესტატებში მოსწავლეებს მშობლიურ ენად უწერენ არა ქართულს ან აფხაზურს, არამედ რუსულ ენას. დარღვეულია ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეების უფლება, ასწავლონ და ისწავლონ მშობლიურ ენაზე.
მანანა ქვაჩაკიამ ისაუბრა, ასევე, საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამასა და პროექტში გალის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და პედაგოგთა ჩართულობაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ვახტანგ ყოლბაიას მოსაზრებით, ეს საკითხი მტკივნეულია არა მხოლოდ აფხაზეთის მოსახლეობისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. მისი თქმით, აღნიშნულ თემაზე როგორც გაეროს ტრიბუნიდან, ასევე პრეზიდენტის, პრემიერის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნიდან არაერთხელ გაჟღერებულა. „ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სხვადასხვა უწყებები დიპლომატიურ ურთიერთობებით ცდილობენ ამ რთული საკითხის მოგვარებას", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.
დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განმარტებით, არის თემები, რომელზეც ქართულმა საზოგადოებამ არ იცის და ეს თემები არ უნდა დავივიწყოთ. „დღევანდელი ინფორმაცია, რომელიც მოვისმინეთ, მნიშვნელოვანია. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება გზავნილი, რომ იყოს მობილიზებული და არამარტო ჩვენს საზოგადოებას", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. იგი კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით წლის ბოლოს საერთაშორისო კონფერენციის გამართვას გეგმავს. „ყველა საკითხს, რაც აქ ითქვა, კრიტიკული იყო თუ არა, აქვს თავისი ნიშა. მოდით, ვიმუშაოთ იმ თემებზე, რაც დღეს სხდომაზე მოვისმინეთ", - განაცხადა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს კობა კობალაძეს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, არსებულ მემორანდუმში დამატებით პუნქტებისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ ისაუბრეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ვეტერანთა პრობლემებზე მომუშავე სტრუქტურის შექმნის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრაზე დაიგეგმა ვეტერანებთან მიმართებაში ქმედითი პროგრამების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სამუშაო შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები და აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 14 აპრილს იაპონიის სამხრეთ ნაწილში მომხდარი ტრაგედიის გამო. მიწისძვრამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასეულობით დაშავდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თანაგრძნობას უცხადებს იაპონიის ხელისუფლებასა და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.