- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ მოილოცეს, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა.
ტაზარში ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი აღავლინა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ.
ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ აფხაზეთში 23 წლის წინ განვიტარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და აფხაზთა და ქართველთა შერიგების მლოცველტათვის დაიწერა.
კლუბ „ქალაქურში" აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრის ემზარ ცირდავას შემოქმედებითი საღამო მოეწყო, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაღუპულთა და მამის ხსოვნას მიეძღვნა.
მოეწყო ემზარ ცირდავას ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ.
ემზარ ცირდავას ნამუშევრებს კარგად იცნობენ საზღვარგარეთ. მათი ნაწილი დაცულია ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში და ამერიკაში კერძო კოლექციებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთისა ვტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Lions Interantional" დანიის ოფისის პრეზიდენტს იორინ ანდერსონსა და „Campus Lions Club Tbilisi" პრეზიდენტს საქართველოში რატი ქირიას შეხვდნენ. ,,Campus Lions Club Tbilisi" გაეროს ანსამბლეის სრულ უფლებიანი წევრია და ,,Lions Interantional" სათავო ოფისთან ერთად აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან, ახორცილებეს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო პროექტებს.
ვახტანგ ყოლბაია და იორინ ანდერსონი მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გადასაადგილებელი ეტლები გადასცეს. ეტლები ეტაპობრივად 10 ბენეფიციარს დაურიგდება.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დიდი დარბაზში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პროფესორ ჯემალ გამახარიას წიგნის, „აფხაზეთის/საქართველოს ტრაგედია საერთაშორისო სამსჯავროზე" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ეძღვნება აფხაზეთში ომის დროს დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს. მასში მოცემულია აფხაზეთის ყველა დასახლებული პუნქტისა და იქ დაღუპული ადამიანების სია, ასევე თუ რა გარემოებაში გარდაიცვალნენ ისინი. ამ სიების დაზუსტება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც შემდეგ ამ გამოცემაში იქნა ასახული. მოცემულ სიას თან ახლავს ისტორიულ-პოლიტიკური და სამართლებრივი ანალიზი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები.
დღეს, ქორთიარდ მარიოტში საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გალის რაიონში განათლების უფლების შესახებ სპეციალური ანგარიში წარადგინა თემაზე „განათლების უფლება გალის რაიონში: 2015-2016 სასწავლო წლის სიახლეები და თანმდევი პრობლემები".
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპეციალურ ანგარიშში საუბარია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებაზე მიმდინარე სასწავლო წელს დაწყებით კლასებში რუსულენოვან სწავლებაზე გადასვლასა და რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოების შემოღებაზე.
ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი 1995 წლიდან დღემდე გალის მკვიდრთა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა.
სახალხო დამცველი მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობის გაზრდასა და გალის სკოლაში მომუშავე მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებას.
ასევე, სპეციალურ ანგარიშში საუბარია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურებისა და საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ, სამართლებრივ და დიპლომატიურ ძალისხმევაზე გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად, რომელიც უნდა მოიცავდეს მოლაპარაკებების დროს ამ საკითხის დაყენებას და საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო ინფორმირებას.
აღსანიშნავია, აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დაცვითი მისიების აღდგენის მნიშვნელობა და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რათა მუდმივი ყურადღება იყოს მიმართული აფხაზეთში განათლების უფლების დაცვაზე.
დღეს, საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრის, აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის (1919-1921წწ.) დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა.
აფხაზეთის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ფილმის ავტორმა ნინო ხოფერიამ და არზაყან ემუხვარის შთამომავალმა ნატო მარშანიამ.
პრემიერას აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის შთამომავლები დაესწრნენ.
დოკუმენტური ფილმი ნათელს ფენს ქართულ-აფხაზურ ნათესაურ კავშირებსა და მწვავე კონფლიქტების ისტორიულ პერიპეტიებს, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მოძიებულ და გადაღებულ იქნა უნიკალური დოკუმენტები, ვიდეომასალა, ჩაწერილია საუბრები საქართველოში, თურქეთში, ჩეხეთსა და საფრანგეთში.
ფილმი მოამზადა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებასთან“ არსებულმა სტუდია „ავტოგრაფმა“. ფილმის ავტორია ნინო ხოფერია, რეჟისორი - ზვიად მიქელაძე. იდეის ავტორი - ნატო მარშანია.
ფილმი ქალაქ თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა.
ფონდი „ივერიის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ „არტ გალერეაში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტან ყოლბაია და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას შეუწყობს ხელს, ასევე აშენდება მუზეუმიც.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფონდ „ივერიის“ საქველმოქმედო აქციას, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს მასში თანაბარი მონაწილეობის საშუალებას. იქმნება სპეციალური წიგნი, რომელშიც მილიონობით აღმშენებლის გვარ-სახელი შევა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად იყვენენ ჩართულები და მომავალშიც ჩაერთვებიან ტაძრის მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქციაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის №7 საჯარო სკოლაში, რომელიც სენაკში ფუნქციონირებს, ახალი სასწავლო წლიდან აფხაზური ენის სწავლება დაიწყო.
დღეს, აღნიშნულ სკოლაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი დაესწრნენ.
სასწავლო პროცესში გამოიყენება აფხაზური ენის შემსწავლელი პროგრამა, აფხაზური მხარის მიერ ქართულენოვანი სკოლებისათვის შექმნილი აფხაზური ენის სახელმძღვანელო, ლექსიკონი და სხვადასხვა თვალსაჩინოება, ფერადი ილუსტრაციები, რუკები, ფოტოები, ვიდეომასალა.
აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა წლების მანძილზე სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამასა და ღონისძიებას ახორციელებს. შეიქმნა აფხაზური ენის შესწავლის ელექტრონული პროგრამა, რომელიც მთავრობის ვებ-გვერდზეა განთავსებული. მისი გამოყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.
სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წარმაოდგინეს მინიატურები, ლექსები და სიმღერები.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, 2017 წლიდან, აფხაზური ენის სწავლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ყველა საჯარო სკოლაში პირველი კლასიდან დაიწყება, შესაბამის პროგრამას და მეთოდოლოგიას საქართველოს განათლების სამინისტრო უკვე ამზადებს. მისივე თქმით, ეს აფხაზი ხალხისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
„საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქართული და აფხაზური სახელმწიფო ენებია. ამიტომ, ბუნებრივია, გადავწყვიტეთ, ენგურს გამოღმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სკოლებში, შემოვიღოთ აფხაზური ენის სწავლება. რთული ენაა თავისთავად და როგორც ყველა ენას, მასაც სჭირდება სერიოზული მომზადება და მიდგომა. გადავწყვიტეთ, საწყის ეტაპზე სწავლება შემოვიღოთ მხოლოდ მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში. იმ განზრახვით, რომ ამ ეტაპზე მოზრდილი ბავშვები უკეთ აითვისებენ სალაპარაკო ენას. 2017 წლიდან აფხაზური ენის სწავლებას პირველი კლასიდან დავიწყებთ. სწორედ ამ მიზნით, მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს განათლების სამინისტრო ჩვენთვის შესაბამის პროგრამას და მეთოდოლოგიას ამზადებს. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მასწავლებელთა ტრენინგები, შესაბამისი ლიტერატურის დამუშავება-დასტამბვა. ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ დრო, რომ 2017 წლიდან მასობრივად შევუდგეთ აფხაზური ენის სწავლებას. ჩვენთვის, ეს ძალიან სერიოზული ამოცანა და განზრახვაა. უწინარესად, ამით ჩვენ შევძლებთ აფხაზური ენის დაცვასაც და განვითარებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ დააკვირდებოდით, როგორი სიყვარულით ეპყრობიან აფხაზურ ენას ბავშვები - მინიატურებს დგამენ, ლექსებს წარმოთქვამენ, მღერიან. როგორც ხედავთ, აქ სათანადო განწყობაა. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ენის ცოდნა უდიდესი სიმდიდრეა ყოველი ჩვენგანისთვის. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ აფხაზური, რომ გარდატეხა მოახდინონ ქართულ- აფხაზურ ურთიერთობებში, აღადგინონ ურთირთგაგება, ნდობა და სიყვარული. ვფიქრობ, რომ აფხაზური ენის შესწავლა იქცევა ერთ-ერთ მთავარ პატარა ბერკეტად ქართულ-აფხაზური ხიდის აღდგენაში, რომელსაც გულმოდგინედ აშენებს მთელი საქართველო". - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
დღეს, ქალაქ ჯვარში „ჯვარის სათემო განათლების ცენტრისა“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით სათემო ბიბლიოთეკა დაფუძნდა.
ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ადგილობრივ სათემო ბიბლიოთეკას საბიბლიოთეკო ფონდის შესაქმნელად საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სამასამდე, ხოლო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ასამდე წიგნი გადასცა.
ბიბლიოთეკა აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით შეიქმნა. პროექტის მიზანია ქ. ჯვარის დასახლების, მიმდებარე სოფლების დევნილი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდებისთვის ინფორმაციისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
გარდა ამისა, დღესვე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის" მიერ მომაზადებული ნაშრომის - „ჰონკონგი, ჩინეთი-1997" ერთობლივი პრეზენტაცია გამართა.
ნაშრომის შექმნის მოტივაცია განაპირობა საქართველოში არსებულმა მოუგვარებელმა კონფლიქტებმა. „კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრი" კონფლიქტების ჩიხიდან გამოსასვლელი გზების ძიების პროცესში ჰონგ-კონგის ფენომენმა დააინტერესა. 1997 წელი ჰონგ-კონგის ჩინეთის სახლემწიფოს შემადგენლობაში დაბრუნების ფაქტი უნიკალურ მოვლენად იქცა მსოფლიო პოლიტიკურ სვრცეში. ჰონგ-კონგზე ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენამ საერთაშორისო სამართალში კონფლიქტების დარეგულირების მშვიდობიანად გადაწყვეტის პრეცედენტი შექმნა. წიგნის ავტორებმა პროფესორებმა ჯემალ გახოკიძემ და სოფო მიდელაშვილმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ამ ისტორიული ფაქტის კვლევა და წიგნის სახით წარდგენა. ის განკუთვნილია როგორც კონფლიქტებითა და საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებულ პირთათვის, ისე საზოგადოების ფართო წრისათვის.
პრეზენტაცია მიზნად ისახავს საქართველოში არსებული კონფლიქტების დარეგულირებისათვის ახალი გზების ძეიბას, რეალპოლიტიკის გათვალისწინებით.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდოამრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობს წევრები, აღნიშნული პრობლემით დაინტერესებული მეცნიერები.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში საზოგადოების ყველა ფენა უნდა ჩაერთოს და ეს ნაშრომიც სწორედ ამის მაგალითია.
„არაერთხელ მითქვამს და კვლავაც მინდა გავიმეორო, რომ აფხაზეთის თემას მეცნიერული კვლევა და მიდგომა სჭირდება. 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფიზიკურად დავშორდით აფხაზეთს. გალის მოსახლეობის საშუალო ასაკი 50 წელს უახლოვდება. დრო ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს და არც იმუშავებს თუ ჩვენ მხოლოდ მოლოდინით ვიცხოვრებთ. ასეთი მიდგომა საქართველოს შემადგენლობაში ვერ მოაქცევს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. დღევანდელი პრეზენტაცია მაგალითია იმისა, რომ მეცნიერულ კვლევებს ალტერნატივა არ გააჩნია. საგულისხმოა წიგნიდან ერთი ამონარიდი, რომელიც ჩემ სათქმელს მთლიანად გამოხატავს. „რეალპოლიტიკა კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანად გადაწყვეტის უალტერნატივო და ერთადერთი სწორი გზაა. მიზნის მისაღწევად ომისა და ძალადობის გამოყენება უტოპიაა და მეტი არაფერი". - ჩვენ ერთი წუთითაც არ უნდა გავჩერდეთ. უწინარესად უნდა ვისარგებლოთ იმით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთს, როგორც სახელმწიფოს არ აღიარებს. ეს პოლიტიკური ავანსია, რომელსაც გამოყენება სჭირდება. მეცნიერული კვლევა ჰონგ-კონგი, ჩინეთი-1997, როდესაც 99 წლის შემდეგ ინგლისმა ჩინეთს ჰონგ-კონგი დაუბრუნა, შესაძლოა ასი პროცენტით არ ემთხვეოდეს ჩვენს პრობლემას, შესაძლოა ფანტაზიის ნაყოფი და კონტექსტიდან ამოვარდნილიც იყოს. მაგრამ, მთავარი ის გახლავთ, რომ თუნდაც ირიბი პარალელების ძიება, მოწინააღმდეგესთან პოლიტიკური ვაჭრობის საუკეთესო მაგალითების მოხმობა, დიპლომატიური ნიუანსების გამოყენება და მრავალი სხვა მიგვიყვანს პრობლემის სწორ გადაწყეტამდე. მამოძრავებელი ძალა ყოველთვის იყო და არის იდეა, რის ნაკლებობასაც ვუჩივით ჩვენ ყველანი. ეს კი ჩვენი საზოგადოებისთვის უმთავრესია. სწორი გზის ძიებაში მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს. მსჯელობა, კამათი, ძიება, კვლევა, აზრთა ჭიდილი, აი სად იბადება ჭეშმარიტება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ხელებს არ ჩამოვყრით, არ დავიღლებით . საქართველო და აფხაზეთი ერთი სხეულია, რომლის დანაწევრებაც შეუძლებელია.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი პრეზენტაციის მესვეურებს, დამსწრე საზოგადოებას, წიგნის ავტორებს, პროფესორებს ჯემალ გახოკიძეს და სოფო მიდელლაშვილს ამ შესანიშნავი ნაშრომისთვის". - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ღვაწლმოსილ პედაგოგს, წლების განმავლობაში ქ. სოხუმის №1 საშუალო სკოლის დირექტორს - ლევან ესათიას 70 წლის იუბილე მიულოცა.
სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და წარმატებული საქმიანობისათვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გაიმართა და მას აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
ვალერი არქანიას „არტ-გალერეაში“ აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრისა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა და ახალგაზრდობის კავშირის „მომავლის ხმა“ ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა „მშვიდობა უდრის მომავალს“ მოეწყო. პრეზენტაცია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის დაბადებიდან 82 და აღსაყდრებიდან 38 წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყობაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აგარ-წალკის ეპარქიის ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე სვეტლანა ქეცბა, საპატრიარქოს წამომადგენლები, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე ხუბუა, მხატვრები და პოეტები ესწრებოდნენ. მათ სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების მხატვრულ ნაწილში ფოლკლორის ეროვნული სკოლა, საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი „შავლეგო“, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“ და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირი „ მომავლის ხმა“ მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზურ საზოგადოებას და სრულიად საქართველოს ულოცავს აფხაზური ენის დღეს, რომელიც 27 ოქტომბერს აღინიშნება. დღეს, საქართველო წარმოადგენს შემდგარ სახელმწიფოს, რომლის ფარგლებშიც აღიარებული და დაცულია ავტოქტონური მოსახლეობისა თუ მცირე ეთნიკური ჯგუფების ფუნდამენტური უფლებები. ხელისუფლების მხრიდან, ყველანაირად ხელი ეწყობა მათ პიროვნულ და კულტურულ განვითარებას. ეს კი საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მაღალი პოლიტიკური სტანდარტების შედეგია.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად, სახელმწიფო ენის სტატუსის მატარებელია. სახელმწიფო, მის დაცვასა და განვითარებაზე ისევე ზრუნავს, როგორც ქართულისა და სხვა ენების პატრონობაზე. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება აფხაზური ენა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს აფხაზური ენის კათედრა. ამის ფონზე, გულსატკენია ის მდგომარეობა, რომელიც დღესდღეობით შექმნილია ქართულ ენასთან მიმართებაში აფხაზეთის ტერიტორიაზე. ვინაიდან ენა წარმოადგენს მსოფლიო კულტურის საგანძურს და თვითგამოხატვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, კონტრპროდუქტიულ შედეგებს იძლევა ადამიანებისთვის საკუთარ ენაზე სწავლების აკრძალვა.
იმედს გამოვთქვამთ, რომ გათვალისწინებული იქნება აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობების საუკუნეების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით აღკვეთილი იქნება აფხაზური ენისა და ეთნოსის დაკნინების ნებისმიერი მცდელობა, რომლის უპირველესი დამცველი სწორედ რომ საქართველოს სახელმწიფოა.
კიდევ ერთხელ, ვულოცავთ ჩვენს აფხაზ თანამოძმეებს და საქართველოს მოსახლეობას დღევანდელ დღეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა ასევე თბილისის მასშტაბით ფლაერები დაარიგეს, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია დიმიტრი გულიას მოღვაწეობასა და აფხაზური დამწერლობის ისტორიაზე.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
დღეს, ავჭალაში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლება „ბახტრიონის" მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და გლდანის გამგეობის მხარდაჭერით ხელოვნურსაფარიანი სტადიონი გაიხსნა.
სტადიონის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, გლდანის გამგეობისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოედანზე ფეხბურთში „ბახტრიონის უბნის" გუნდსა და გლდანის რაიონის ჩემპიონ „ავჭალა" -ს შორის მეგობრული მატჩი გაიმართა.
ვახტანგ ყოლბაიამ მხარდაჭერისა და გაწეული სამუშაოსათვის თბილისის მერიასა და გლდანის გამგეობას მადლობა გადაუხადა.
„როდესაც თავის დროზე ამ ჩასახლებაში დევნილებს თბილისის მერი დავით ნარმანია და გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე შეხვდნენ, დაპირდნენ,რომაქ აშენდებოდა დიდი სტადიონი, სადაც ითამაშებენ არა მარტო დევნილები, რომელთა შორისაც დაახლოებით 300 ბავშვია, არამედ უბნის სხვა ახალგაზრდებიც. ძალიან მიხარია, რომ მერიამ და გამგეობამ გულთან ახლოს მიიტანეს ეს საკითხიდა ეს სტადიონი ააშენეს. ამ საქმეს უამრავი კარგი შედეგი ექნება.მადლობას ვუხდი მათ და მჯერა, რომ დევნილთათვის კიდევ მრავალი სასიკეთო საქმე გაკეთდება", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ