მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობას სარგებლობის უფლებით გადმოსცა სიმინდის მორიგი მოსავალი მოვიდა. მოსავლის აღებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით გვაძაბიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ, ასევე აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და მთავრობის უწყებების თანამშრომლებმა.

თხუთმეტი ჰექტარი მიწის ფართობიდან მიღებული 15 ტონა მოსავალი დევნილ ოჯახებს დაურიგდებათ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით 2 წელია ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც დასაქმებულია რამდენიმე ათეული დევნილი ოჯახი.

დღესვე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა სოფელ რუხში არსებული სასათბურე მეუნეობაც მოინახულეს, რომელიც იაპონიის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება.

საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის საკონფერენციო დარბაზში სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის (სფტი) დაარსებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე მიესალმა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა დაესწრნენ. გია გვაზავამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

კონფერენციაში ბირთვული ფიზიკის სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები მონაწილეობდნენ. სხდომას სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი გურამ ბოკუჩავა უძღვებოდა. მან ინსტიტუტის დაფუძნებიდან დღემდე განვითარების ეტაპებზე ისაუბრა. თუ როგორ ყალიბდებოდა გამოჩენილი გერმანელი მეცნიერების მონაწილეობით, რაც განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს ინსტიტუტის არსებობის ისტორიაში.

ინსტიტუტის საქმიანობის სფერო მოიცავდა როგორც ბირთვული და თერმობირთვული იარაღის შექმნის ტექნოლოგიებს, ასევე სამეცნიერო კვლევებს პლაზმის, მყარი ტანის ფიზიკაში, არატრადიციულ ენერგეტიკაში, ფიზიკურ ელექტრონიკაში და სხვა დარგებში.

მძიმე წლებისა და დევნილობის მიუხედავად, სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტმა თბილისში საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეძლო ფუნქციონირება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში“ ლევან ესათიას იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღვაწლმოსილ პედაგოგს, წლების განმავლობაში ქ. სოხუმის №1 საშუალო სკოლის დირექტორს - ლევან ესათიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის 45, ხოლო დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა.

ლევან ესათია ხანგრძლივ პედაგოგიურ, საზოგადოებრივ და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა მოზარდი თაობების სწავლისა და აღზრდის, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა დარეგულირების, ქართული და აფხაზური სახელმწიფო ენების დაცვისა და შენარჩუნების თვალსაზრისით.

ლევან ესათიას იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა მისი წერილების, სტატიების, ნაშრომების კრებული - წიგნში გაანალიზებულია თანამედროვე აფხაზეთში არსებული ვითარება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და იუბილარს მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაინმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, ლევან ესათიას კოლეგებმა და მეგობრებმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ლევან ესათიას უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოთხ საჯარო სკოლაში, რომლებიც თბილისში, ზუგდიდსა და სენაკში ფუნქციონირებს ახალი სასწავლო წლიდან აფხაზური ენის სწავლება დაიწყო.

დღეს აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია  დაესწრნენ.

სასწავლო პროცესში გამოიყენება აფხაზური ენის შემსწავლელი პროგრამა, აფხაზური მხარის მიერ ქართულენოვანი სკოლებისათვის შექმნილი აფხაზური ენის სახელმძღვანელო, ლექსიკონი და სხვადასხვა  თვალსაჩინოება, ფერადი  ილუსტრაციები, რუკები, ფოტოები, ვიდეომასალა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, "საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე - აფხაზური". საქართველოს მთავრობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფხაზური ენის განვითარებაზე  განსაკუთრებულად ზრუნავენ. ამ კუთხით აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლების შემოღება არის ერთ-ერთი ქმედითი ნაბიჯი აფხაზური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის  გზაზე.

აფხაზური ენის დაცვისა და განვითარებისა მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა წლებია სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამასა და ღონისძიებას ახორციელებს. შეიქმნა აფხაზური ენის შესწავლის ელექტრონული პროგრამა, რომელიც მთავრობის ვებ-გვერდზეა განთავსებული. მისი გამოყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 17-18 ოქტომბერს, მარტვილში მცხოვრებ დევნილებს მაღალკვალიფიციური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქციაში მონაწილეობა თბილისის წამყვანი კლინიკების ექიმებმა, აგრეთვე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების სპეციალისტებმა მიიღეს.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი, ექიმი-ლაბორანტი, დერმატოლოგი, კარდიოლოგი.

ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები.

ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

ღონისძიებას მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე პირადად უწევდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ხელშეწყობით, აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, აფხაზეთის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი დავით ღვინჯილია და უფროსის მოადგილე თამაზ ინალიშვილი, ასევე სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის ომის ვეტერანები სიგელებით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გაწეული ღვაწილისათვის. 

ვეტერანებს, „ჩაისა და თაფლის ფესტივალის“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ხოლო აფხაზეთის მეომართა კავშირმა მათ მიერ გამოცემული ჟურნალი „ვეტერანი“ გადასცა.

„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის ეზოში „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

„საპატიო თბილისელის“ წოდება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თერთმეტ ადამიანს მიენიჭა. დედაქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს მწერალმა ლაშა თაბუკაშვილმა, მომღერალმა ფოლად ბიულ-ბიულ ოღლიმ, ექიმმა ბესიკ იაშვილმა, მეცნიერმა მზექალა შანიძემ, მხატვარმა გიორგი (გია) ჯაფარიძემ, არქიტექტორმა ომარ ნაფეტვარიძემ, მოცეკვავე ჯუმბერ ბერაძემ, მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, პიანისტმა ალექსანდრე კორსანტიამ, რეჟისორებმა ქეთევან დოლიძემ და გიორგი შენგელაიამ.

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ „საპატიო თბილისელებს“ სიგელები და თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა. სიმბოლური გასაღები საპატიო თბილისელებთან ერთად ქართველმა მორაგბეებმაც მიიღეს. ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ „ბორჯღალოსნებს“ „წლის წარმატებული სპორტსმენის“ სპეციალური სამკერდე ნიშნებიც გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, კულტურის მოღვაწეები და დედაქალაქის სტუმრები დაესწრნენ.

აფხაზეთის მთავრობასა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 4-11 ოქტომბერს იტალიის ქალაქ ფლორენციაში ინტერკულტურული ვორქშოფი გაიმართა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, სხვადასხვა სასწავლებლის პროფესორები და სტუდენტები როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან.

ინტერკულტურული ვორქშოფი „კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული და ევროპული ასპექტები" პალაცო კოპინის დარბაზში მიმდინარეობდა, რომელსაც ქართული მხარე ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობდნენ აფხაზი და ქართველი ახალგაზრდები, ასევე იტალიური ორგანიზაცია „რონდინე", რომელიც სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებით იყო წარმოდგენილი, მათ შორის, სამხრეთ კავკასიელი სტუდენტებიც. ახალგაზრდებმა იმუშავეს შერეულ ჯგუფებში თემაზე „რა გვაერეთიანებს და რა გვაშორებს". წარმოადგინეს ახალი ხედვები ქართულ-აფხაზური ურთიერთობის დარეგულირების მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებს.

ასევე, გაიმართა გამოფენა სათაურით „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთი", რომელშიც თავმოყრილი იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული კალიგრაფიის ნიმუშები და დამთვალიერებლებს დაურიგდათ მასალები ქართული კალიგრაფიის ისტორიის შესახებ.

პარალელურად ქართულ-აფხაზური სამზარეულოს პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალები და წიგნები გადაეცათ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გამოფენის დღეებში აქტიურად ჩაერთო ფლორენციის წმინდა ნინოს სამრევლო და ქართული დიასპორა.
ვიზიტის შემადგენელი ნაწილი იყო შეხვედრები ევროპისა და ფლორენციის უნივერსიტეტებში, სადაც მონაწილეთათვის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორებისა და ექსპერტების მიერ ჩატარდა ლექციები თემებზე: ინტერკულტურული დიალოგი, კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული ბიოგრაფიები და ევროპული ასპექტები.

პროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ფონდის,საქართველოს საელჩოს იტალიის რესპუბლიკაში, „დელ ბიანკოს" ფონდისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტების მიზანი იყო საქართველოს აქტიური ჩართულობა ინტერკულტურულ დიალოგში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გამახვილება აფხაზეთის პრობლემატიკისადმი, ასევე ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენა, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობა.

ადგილობრივ მედია საშუალებებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი აქტიურად გაშუქდა.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა" 20 წლის იუბილე აღნიშნა. ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას მათი ცენტრის 20 წლიანი საქმიანობის მოკლე ანგარიში წარუდგინეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა" საქმიანობა 1995 წელს დაიწყო და დღეისათვის მრავალ პროექტს ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრს თბილისის მერიამ თოფურიას №10-ში ახალი საოფისე ფართი გადასცა. ამ მოვლენის აღსანიშნავად, სულიერების ცენტრის ხელმძღვანელის, სვეტლანა ქეცბას ინიციატივით ღონისძიება მოეწყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვნები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ძველი ოფისი ე.წ. კაზარიანცის სახლში მდებარეობდა და ის იქ გაჩენილ ხანძარს შეეწირა. ცოტა ხნის წინ, თბილისის მერიის განკარგულებით, თოფურიას ქუჩაზე არსებული ფართი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების საკუთრებაში გადავიდა, რომელმაც შენობა სულიერებისა და კულტურის ცენტრს გადასცა.

აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ყოლბაიამ ფართის გადაცემისათვის თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა. გაწეული სამსახურისთვის ყოლბაიას მადლობა დაიმსახურა ცენტრის ხელმძღვანელმაც, სვეტლანა ქეცბამ.

„აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრს მინდა მივულოცო ახალი ჭერი და მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, რომელმაც ეს ფართი აფხაზეთის სტრუქტურებს გადასცა, ჩვენ კი თავის მხრივ, ეს შენობა აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრსგადავეცით, რომელსაც ქალბატონი სვეტლანა ქეცბა ხელმძღვანელობს. იგი მართლაც გამორჩეული ქალბატონია თავისი წარსულით, შემოქმედებითი მიდგომით, უნარით, სულ ახალი იდეებით. მას უამრავი საინტერესო ახლაგაზრდა ჰყავს გარშემო შემოკრებილი.ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციას, ამ ცენტრს, აქვს ლოცვა-კურთხევა პატრიარქისაგან. მადლობა მინდა მოვახსენო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ცენტრის შექმნაში და ვუსურვო წარმატებები“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, 1987-1989 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს პარლამანეტის წევრის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, ოთარ ზუხბაიას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა. საღამოზე ოთარ ზუხბაიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვიდეოკლიპისა და წიგნის პრეზენტაცია მოეწყო.

სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საკანონმდებლო, აკადემიური წრეების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ზუხბაიას ოჯახის წევრებიც.

შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია.

„ოთარ ზუხბაია ბევრი რამით იყო გამორჩეული, მაგრამ მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი შტრიხი სამშობლოს უზომო სიყვარული იყო; ის შეყვარებული იყო აფხაზეთზე. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა არ მომხდარიყო ეს ძმათამკვლელი ომი. ბატონი ოთარისადმი მიძღვნილი ჩვენი დღევანდელი საღამო იმას ემსახურება, რომ შევახსენოთ ჩვენს ახალგაზრდობას, რომ ქვეყნის სიყვარულში მთავარია პატრიოტიზმი, შენი შესაძლებლობების მორგება შენი ქვეყნისათვის, რასაც აკეთებდა ბატონი ოთარი“. – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, როგორც „საერთაშორისო დისპორის ჩართულობის ალიანსის" (IDEA) რეგიონული პარტნიორი, დიასპორულ კვირეულს მართავს.

დიასპორული კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული დიასპორის მონაწილებას სამშობლოში მიმდინარე პროცესებში, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება.

13 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" დიასპორული კვირეული, „დიასპორული ეკონომიკური რეგიონული ფორუმით" გაიხსნა. ფორუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მისულ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის წევრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, ასევე, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იან კელიმ.

ფორუმი მიზნად ისახავს, პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, ახალი დიასპორული ინტელექტლუალური და ფინანსური სერვისების პროგრამების პრეზენტაციას. ასევე, დიასპორული საინვესტიტიო პროექტების გაზიარებას უცხოეთში არსებული დისპორული ბიზნეს საბჭოებისა და სამრეწველო პალატების მიერ, ინოვაციური დიასპორული საინვესტიციო მექანიზმების განვითარების გაძლიერებას რეგიონში, დიასპორის აქტიურ მონაწილეობას სამშობლოში მიმდინარე პროცესებში, ადამიანთა გაერთიანებას საერთო მიზნებისა და საჭიროებების ირგვლივ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ქ. ანკარაში იმყოფებოდა. დელეგაცია, რომელსაც მთავრობის მეთაური ვახტანგ ყოლბაია ხელმძღვანელობდა, შეხვედრები გამართა სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

საქართველოს საელჩოში აფხაზეთის ომის 22-ე წლისთავთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, სადაც მოეწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ექსპოზიციის გამოფენები "დევნილები ფოტოკამერებში" და "კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის ქვეშ", ასევე, საელჩოს მიერ მომზადებული აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ვიდეო-ინსტალაცია.

გამოფენა გახსნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ. გამოფენის შემდეგ სტუმრებმა ქართული ღვინო და აფხაზური კულინარიის კერძები დააგემოვნეს.

მიღებას თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, აკადემიური, არასამთავრობო, ბიზნესის და მედია წრეების წარმომადგენლები, ქართული და აფხაზური დიასპორების წარმომადგენლები როგორც ანკარიდან, ასევე თურქეთის სხვადასხვა რეგიონიდან, ანკარის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებს შორის ტურნირი მინი ფეხბურთში თბილისში, გოძიაშვილის სახ. პარკში არსებულ სპორტულ კომპლექსში  6 – 12 ოქტომბერს მიმდინარეობდა. ტურნირში   მონაწილეობა მიიღეს  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ზემო აფხაზეთის მუნიციპალიტეტის, აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტის, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის აღმოსავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატისა  და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გუნდებმა.

ფინალური შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართა. I ადგილზე გავიდა აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდი, II ადგილი დაიკავა აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობამ  აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო - III ადგილი აიღო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა.

მინი ფეხბურთში გამარჯვებული პრიზიორი გუნდები და სპორტსმენები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა დიპლომებით, მედლებით, თასებით დააჯილდოვეს.  გამარჯვებულებს  ასევე   სპორტული ინვენტარი  გადაეცათ.

ტურნირი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით  ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ანკარაში, მ.წ. 10 ოქტომბერს განხორციელებული ტერორისტული აქტის  შედეგად დაღუპულთა გამო.

ტერორიზმი 21-ე საუკუნეში თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. გარკვეული ექსტრემისტული ორგანიზაციები, ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ, რაც არანაირ ზნეობრივ ჩარჩოებში არ ჯდება, და უფრო მეტიც, შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

ტერორიზმი არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს და ეთნიკურობას. სწორედ ამიტომ არის, რომ აღნიშნული ტრაგედია აღემატება ერთი კონკრეტული ქვეყნის ტრაგედიას და ის ყველა ჩვენთაგანის ტკივილად აღიქმება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და, ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში, მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად თურქეთის მოსახლეობას.