- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
ჟენევაში გაეროს ლტოლვითა უმაღლეს კომისარს ანტონიო გუტიერეშს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ჟენევაში, გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი შალვა ცისკარაშვილი და წარმომადგენლობის I მდივანი თემურ ფიფია შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს დევნილთა და ლტოლვილთა მიმართებაში საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგია, ამ სფეროში არსებული გამოწვევები, მიღწევები პრობლემები, მათი მოგვარების გზები და საშუალებები.
ვახტანგ ყოლბაიამ და ლტოლვითა უმაღლესმა კომისარმა ბატონმა ანტონიო გუტიერეშმა მიმოიხილეს ჟენევის დისკუსიების 33-ე რაუნდი. ვახტანგ ყოლბაიამ იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის მორიგ რაუნდებში, მე-2 სამუშაო ჯგუფში განსახილველ ჰუმანიტარულ საკითხებთან მიმართებაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა პრაქტიკაში განხორციელდეს გაეროს მიერ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები.
შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება ერთობლივი მუშაობა იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ ყველა საკითხში.
ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ყოფილი სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.
მიმდინარე რაუნდზე ქართული მხარე დააყენებს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობის საკითხს.
ასევე, საქართველოს დელეგაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გალის რაიონში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს. ქართული მხარე ყველა ღონეს იხმარს, რათა სათანადო ზომები იქნას მიღებული იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მისაღებად.
5 ოქტომბერს, მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი მოადგილეებთან - მანანა ქვაჩახიასთან და როლანდ ნიჟარაძესთან, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქებისა და სოფლების სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს - მარიამ ჩიქოვანს, თინა ლეჟავას, ნათელა ბუკიას, მარინა გურჩიანს, ნანული საინიშვილს, ალექსანდრა ჩაკაბერიას და რუბენ კოპალიანს სახლებში ეწვია. ხოლო ერთი მათგანი - ნაპოლეონ მესხია რკინიგზის საავადმყოფოში მოინახულა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ღვაწლმოსილ პედაგოგებს მომავალ თაობებზე ზრუნვისა და მათზე გაწეული ამაგისათვის. ასევე, მინისტრმა მათ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელები და საჩუქრები გადასცა.
დიმიტრი ჯაიანმა ამაგდარ პედაგოგებს ჯანმრთელობა, ხანგრძლივი სიცოცხლე და აღზრდილების წარმატებები უსურვა.
პედაგოგებმა აფხაზეთში ცხოვრების ბედნიერი პერიოდი გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ კვლავაც შინ დაბრუნების იმედი ასულდგმულებთ.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მათ გაგრის დაცემის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს საქართველოს ერიანობისათვის დაღუპულ მეომრებს.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, სამების საკათედრო ტაძრიდან ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან გადააბრძანეს, სადაც დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა. ხატი აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა.
გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა.
დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ყვავილებით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს. მოგვიანებით, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი.
რევაზ ლაღიძის სახელობის ზესტაფონის პირველ მუსიკალურ სკოლაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციისა და ზესტაფონის გამგეობის ორგანიზებით, აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო „აფხაზეთი ტკივილი ჩვენი" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ზესტაფონის კულტურის ცენტის ანსამბლი, სამუსიკო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, ზესტაფონში მცხოვრები დევნილი ბავშვები, ადგილობრივი შემოქმედები, მოიგონეს ზესტაფონის მკვიდრი მეომრები, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ აფხაზეთის ომში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი აჭარა-იმერეთში ზაზა ჩაჩავა, აფხაზეთის უმღლესი საბჭოს დეპუტატები რაისა ქარაია და თემურ მჟავია, ზესტაფონის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი თამარ გველესიანი, ომში დაღუპულთა ოჯახები და აფხაზეთიდან დევნილები.
ვახტანგ ყოლბაიამ საღამოს ორგანიზებისათვის ზესტაფონელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქალაქი დევნილთა მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევა. ყოლბაიას თქმით, 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, თუმცა იქვე დასძინა, რომ ქართველთა და აფხაზთა ერთად ცხოვრება გარდაუვალია და ეს უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება.
„არსებობს გამოთქმა, რომ თითქოს, დრო ტკივილებს კურნავს. 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დროებით დავკარგეთ სოხუმი, აფხაზეთი, მაგრამ ტკივილი არ ნელდება, პირიქით, უფრო მძაფრდება და ეს ძალიან კარგად გვიჩვენა დღევანდელმა საღამომაც, რომლის ინიციატორებიც ქალბატონი ციალა ნებიერიძე, ნუცა არდაშელია და მათი მეგობრები არიან. ეს ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს გულებს არაფერი ავიწყდება, ჩვენ ვალდებულები ვართ მომავალი თაობის წინაშე, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მოვაგვაროთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ყოველდღიურად ცდილობს ეს ტკივილიანი დღეები, თუნდაც წლები, დავიწყებას არ მიეცეს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ შესანშნავი ლექსები, მაღალ დონეზე შესრულებული მუსიკალური ნომრები, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ აფხაზეთი, გავიხსენეთ ზესტაფონში. საოცარი სითბო გამოამჟღავნა ამ რაიონმა, რაც ყოველთვის ისედაც ასე იყო დევნილთა მიმართ. დღეს სოხუმის დაცემის წინა დღეა, ასევე, ჯვართამაღლება; ყოველ დაცემას აუცილებლად მოჰყვება ამაღლება. არ არსებობს სხვა გზა გარდა ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების შერიგებისა, ეს აუცილებლად მოხდება. მინდა ხვალინდელ ტკივილიან დღეს იმედით შევხედო ყოველ დევნილთან ერთად", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის ზღვაზე არსებულ აფხაზეთიდან დევნილთა 3 კომპაქტურ ჩასახლებაში, „ტურბაზა“, „ოქროს საწმისი“ და „თბილისის ზღვა“ მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ. აქციის ფარგლებში დევნილებს პირველადი დახმარების მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა, აგრეთვე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანმა ექიმ-სპეციალისტებმა. სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, დერმატოლოგი, ულტრა-სონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი და ექიმი-ლაბორანტი. ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები .
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.
სამედიცინო აქცია აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
გლდანის რაიონში, ილორის ქუჩა №14 -ში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა საოჯახო მედიცინის ცენტრ „დიოსკურიას“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზაურ ხუბუტიას სახელი მიენიჭა და მემორიალური დაფა გაიხსნა.
ზაურ ხუბუტია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის, მესამე ბატალიონის სამედიცინო სამსახურის უფროსი კაპიტანი იყო. მან თავისი პროფესიონალიზმითა და თავდადებით უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა. ზაურ ხუბუტია სიკვდილის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ზაურ ხუბუტიას მეუღლე და შვილები, ნათესავები, მეგობრები, კოლეგები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.
საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სტუდენტური პროექტის „გზავნილები მომავლიდან" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემას ეხება და რეალურ დოკუმენტურ მასალაზეა აგებული, ცხრა სტუდენტის პროზაულ ნამუშევარს აერთიანებს.
ორენოვან, ქართულ-რუსულ წიგნში ახალგაზრდების მთავარი გზავნილი სამშვიდობოა და სახალხო დიპლომატიის, კულტურული დიალოგის ფორმატს ეხმაურება. ავტორთა უმრავლესობამ წიგნში შესული ნაწარმოებები აფხაზეთში მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად შექმნა. პროექტში გამოყენებულია დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის სტუდენტის თათია ზუხბაიას მიერ აფხაზეთში გადაღებული ფოტომასალა.
წიგნის „გზავნილები მომავლიდან" პრეზენტაციას დაესწრნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი იამზე გვათუა, პროექტის ავტორი, წიგნის რედაქტორი სალომე კაპანაძე, წიგნის ავტორები და სხვა მოწვეული სტუმრები.
„გზავნილები მომავლიდან" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა.
24 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე „დინამო-არენა" ლეგენდარული ფეხბურთელის ვალტერ სანაიას 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ცნობილმა ფეხბურთელმა თამაში ჯერ კიდევ მშობლიურ ქალაქ ოჩამჩირეში, ახალგაზრდულ ნაკრებში „სტრელაში" (1940 წელი) დაიწყო, 1944 წლიდან კი უკვე თბილისის „დინამოში" გადავიდა. განსაკუთრებულ წარმატებებს ფეხბურთელმა მოსკოვის „დინამოში" გადასვლის შემდეგ მიაღწია, 1954 წელს კი კვლავ თბილისის „დინამოში" დაბურნდა. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი ვალტერ სანაია მისთვის დამახასიათებელი თამაშის მანერითა და მეკარის განსაკუთრებული ტექნიკით გამოირჩეოდა.
დიდი ფეხბურთელის იუბილე დამსწრე საზოგადეობას მიულოცეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ვალტერ სანაიას მეგობრებმა.
ღონისძიება ოჩამჩირელების კავშირის „ერთობის" ორგანიზებით გაიმართა.
გამოჩენილ ქართველი საზოგადო მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის სოხუმის ფილიალის (სოხუმის უნივერსიტეტი) რექტორის (1993-2005 წლებში), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლის ოთარ ჟორდანიას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მიღება გაიმართა.
ოთარ ჟორდანიას დაბადების დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა დანიელმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ თორდიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა.
ოთარ ჟორდანიას „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ქ.თბილისში ფუნქციონირების, აღდგენის, თანამედროვე დონის უმაღლესი განათლების კერად ჩამოყალიბების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. სასწრაფო დახმარების მანქანას „მერსედესის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ორი წევრი – ექიმი ლია ჩქოტუა და საშუალო მედპერსონალი თეა ჭედია, ასევე პაციენტი, რომელიც სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს საავადმყოფოში გადაჰყავდათ. პაციენტის ოჯახის წევრი, რომელიც სასწრაფო დახმარების ავტმობილში იმყოფებოდა, ამჟამად გალის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლი მსუბუქი დაზიანებებით ამავე სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურის, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითის ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.
აფხაზეთის თასის გათამაშება ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის გოძიაშვილის სახელობის პარკის ხელოვნურსაფარიან მინიფეხბურთის მოედანზე ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის საქართველოს რეგიონალურ თასის გათამაშება ჩატარდა.
ტურნირში მონაწილეობდნენ აფხაზეთის, თბილისის, იმერეთისა და ქართლის გუნდები. ფინალური შეხვედრის შემდეგ ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი დაიკავა ქ.თბილისის გუნდმა, მეორე ადგილი აფხაზეთის გუნდმა, მესამე ადგილი კი გორის გუნდმა. ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, თასებით, მედლებით, სპორტული ფორმებითა და ბურთებით დაჯილდოვდნენ. სპეციალური პრიზი გადაეცა საუკეთესო მეკარეს, ფეხბურთელსა და ბომბარდირს.
ტურნირის ორგანიზატორობა გასწიეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ, სპორტული მომზადების ცენტრის და აფხაზეთის ამპუტანტ-ფეხბურთელთა ფედერაციამ. ტურნირს ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჯარაძე, აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დირექტორი ენვერ თოლორდავა, აფხაზეთის ამპუტანტ-ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ ინალიშვილი, საქართველოს ინვალიდ ამპუტანტ-ფეხბურთელთა ლიგის პრეზიდენტი რუსლან ბაქრაძე და სხვები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი აფხაზეთის №2 და ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლებს ეწვივნენ. ვახტანგ ყოლბაიამ და დიმიტრი ჯაიანმა სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აფხაზეთის 13 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 2000-მდე მოზარდი სწავლობს. მოსწავლეებს უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები, ხოლო პირველკლასელებს საჩუქრად ასევე ნეტ-ბუქები გადაეცათ.