- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
გასული სამი დღის განმავლობაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია სამეგრელოს სხვადასხვა რაიონში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ, მოისმინეს მათი პრობლემები და დაათვალიერეს აფხაზეთის მთავრობის ეგიდით მიმდინარე პროექტები.
ვახტანგ ყოლბაიამ დაათვალიერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხსა და რიყეში არსებული სიმინდის ნათესები, ასევე ხურჩაში მშენებარე სასათბურე კონსტრუქციები, სადაც დევნილები არიან დასაქმებული. მიწის ნაკვეთები, სადაც სიმინდის კულტურაა დათესილი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობას განკარგვის უფლებით გადასცა. მიწაზე დევნილებმა სიმინდი შარშანაც მოიწიეს. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, მომავალი წლისთვის, ნათესების ფართობი კიდევ უფრო გაიზრდება და შესაბამისად, დასაქმდება კიდევ უფრო მეტი დევნილი. რაც შეეხება სასათბურე მეურნეობას, ყოლბაიას თქმით, სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ობიექტი რამდენიმე თვეში გაიხსნება. პროექტი ასოციაცია „აგორამ" აფხაზეთის მთავრობის შუამდგომლობით, იაპონიის საელჩოს პროგრამა „გრასრუტში" გრანტის მოპოვების შემდეგ წამოიწყო. როგორც ყოლბაიამ აღნიშნა, აფხაზეთის მთავრობისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის გარკვეულ ტერიტორიაზე, განიხილება მეთევზეობის მეურნეობის შექმნის საკითხი, რისთვისაც მოხდება ინვესტიციების მოძიება, სადაც ასევე დევნილები დასაქმდებიან.
ვახტანგ ყოლბაიამ ასევე მოინახულა დევნილთა ჩასახლებები წალენჯიხაში, მათ შორის წალენჯიხის ყოფილი ჩაის მეურნეობის კომპაქტური ჩასახლება. როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აღნიშნავს, იქ ნანახმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, რადგან დევნილებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. მისი თქმით, ყოფილი ჩაის მეურნეობა, რომელიც წინა მთავრობის დროს იტალიურ კომპანია „ფერეროს" გადაეცა, ამჟამად პრაქტიკულად გაპარტახებულია და ტერიტორიაზე კომპანია თხილს აწარმოებს. მისივე თქმით, დევნილთათვის „ფერეროს" არანაირი პირობა არ შეუქმნია, არ დაუსაქმებია არც ერთი მათგანი.
ამჟამად, წალენჯიხაში აფხაზეთიდან დევნილი 10 000 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, ყველაზე დიდი ოდენობა ქალაქ ჯვარშია ჩასახლებული. ვახტანგ ყოლბაიას თქმით, ძალიან მძიმეა ზოგადად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ დევნილთა ცხოვრების პირობები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერას ძირითადად განსახლების კუთხით ითხოვენ.
წალენჯიხის შემდეგ, ვახტანგ ყოლბაია და ვალერი ბასარია სენაკის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე და მისი მოადგილე, ყოფილი დეპუტატი დემურ გადელია. დევნილებმა სხვადასხვა საკითხში დახმარება ითხოვეს და აფხაზეთის მთავრობას და ცენტრალურ ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი მოთხოვნა წაუყენეს. ვახტანგ ყოლბაიამ მათ დახმარება აღუთქვა ყველა იმ სფეროში, რაც აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციაში შედის, სხვა საკითხებში კი ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობა აღუთქვა.
„მესამე დღეა, სამეგრელოში ვიმყოფები. ჯვარში დავესწარი ენგურჰესისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მინიჭების ცერემონიალს. ეს შესანიშნავი ფაქტია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ შესანიშნავი ნაგებობის უნიკალურობას და, რაღა თქმა უნდა, გაზრდის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს.
დავათვალიერე ის ობიექტები, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ჩვენ მიერ დევნილთათვის სამუშაო ადგილების აღრიცხვა მიმდინარეობს. ჩვენთვის ეს სისხლხორცეული საქმეა, გაწეული თანადგომისა და მხარდაჭერისათვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს ეკონომიკისა და დევნილთა სამინისტროებს. რაც შეეხება ბინებით დაკმაყოფილების თემას დევნილები არ უჩივიან მათთვის განკუთვნილი ბინების განაწილების ტემპებს. როგორც თავად აღნიშნავენ, ასეთი სისწრაფე ბინებით დაკმაყოფილების პროცესს უფრო ადრე რომ ხლებოდა, საბინაო საკითხები უმწვავეს ფორმებს არ მიაღწევდა. გაუსაძლის პირობებში ცხოვრება მარადიულად შეუძლებელია. ჯერ-ჯერობით ასეთ პირობებში მრავალი ოჯახი იმყოფება, საკმარისია ჯვარის ჩასახლების მაგალითი, რომელიც მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ დახმარება.
დევნილებს დიდ ყურადღებას უთმობს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მათი მუშაობა ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით მართლაც შესაშურია. დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების შერემონტებისათვის, ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ. ეს მუნიციპალიტეტის მუშაობის ორგანიზებულებაზე მეტყველებს. მსგავსი ინვესტიცია მათ უკვე მოიზიდეს ჩინელებისგან კურორტ მენჯის რეაბილიტაციისათვის, სადაც დევნილები დასაქმებულნიც არიან და, როგორც ჩანს, უკეთესი პირობებიც შეიქმნება საცხოვრებელი ბინების თვალსაზრისით. შედარებით მძიმე სიტუაციაა ეგრეთ წოდებულ სამხედრო დასახლებაში, მაგრამ, ვფიქრობ, მდგომარეობა აქ მალე გაუმჯობესდება. კვლავ პრობლემურია დასაქმების საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყველაზე მეტი ზრუნვა ესაჭიროება. დევნილები ხშირად ითხოვენ საცხოვრებლების შერემონტება-გადახურვის პრობლემის მოგვარებას. მე მათ შუამდგომლობა მთხოვეს დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან, რაშიც დახმარება აღვუთქვი და მივმართავ კიდეც ბატონ სუბარს. პრობლემა ძალიან ბევრია, რთულია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებას ყველა ეს საკითხი კონტროლზე აქვს აყვანილი და მათი გადაჭრა ეტაპობრივად ხდება. ახლა მომსწრე ვართ მართლაც უნიკალური ფაქტის - როცა მიმდინარეობს დევნილთა საბინაო პრობლემების მოგვარება და მათ საკუთრებაში გადაეცემათ ასეულობით ახალი საცხოვრებელი ფართი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამით იმის თქმა მინდა, რომ არის საკითხები, რომლებიც მოსაგვარებლად გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა არის ისეთი საკითხებიც, რომელთა გადაწყვეტაც უკვე მიმდინარეობს. ჩვენი დევნილები ამ ყველაფერს გაგებით ეკიდებიან. მათ ძალიან ბევრი პრეტენზია აქვთ აფხაზეთის სტრუქტურებისადმი, ამ გამოწვევას ჩვენ ვიღებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გავითვალისწინოთ ეს პრეტენზიები და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რაც შეიძლება უმოკლეს დროში აღმოვფხვრათ. რაც ჩვენს შესაძლებლობებს სცდება, ამ საკითხებს შესაბამის სტრუქტურებთან განვიხილავთ". - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ალავერდის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრიდან ჭყონდიდის ეპარქიის მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გადაბრძანდა.
დაბა ჯვარში ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონია გაიმართა. ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელს მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის განსაზღვრას ითვალისწინებს. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საინვესტიციო ფონდის, ენერგო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინიტროსა და შპს „ენგურჰესის" ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდება.
ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსია, რომელიც დაბა ჯვრიდან შავ ზღვამდე, ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრი, ხოლო განივი სიგძე 728 მეტრია; ცის თაღის ფორმის კაშხალი, მისი სიმაღლით, მეორე ადგილზეა მსოფლიოში თაღოვან კაშხლებს შორის.
ინდუსტრიული და საინჟინრო მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებისა და ამ მიმართულებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აქტიურ მუშაობას იწყებს.
ინდუსტრიული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის მნიშვნელობის დასტურია UNSESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წლევანდელი, 39-ე სესია, სადაც ნორვეგიის რიუკან-ნოტოდენის სამრეწველო მემკვიდრეობას - ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, ქარხნების, სატრნასპორტო სისტემებისა და ქალაქების ერთობლიობას - მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია ასევე, იაპონიის მეიჯი პერიოდის ინდუსტრიული რევოლუციის სივრცეები (ქარხნები, ქალაქები), ჰამბურგის საწყობები, ფორტ ბრიჯი დიდ ბრიტანეთში, „ფრაიბენტოს" ინდუსტრიული ლანდშაფტი ურუგვაიში. 2015 წელს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით „ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დღეების" მთავარი თემა სწორედ ინდუსტრიული მემკვიდრეობა იქნება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან ალავერდის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გადაბრძანდა.
14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 23 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
დღესვე აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული მეომრების საფლავები და საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავი.
მოგვიანებით, ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და 23-ე ბრიგადის ხელმძღვანელის, გენერალ გენო ადამიას საფლავები ყვავილებით შეამკეს.
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა და 300 000 მეტი ადამიანი დევნილად იქცა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრიდან გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში გადაბრძანდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მფლობელობაში არსებულ შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველ ეტაპს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი გაეცნენ. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ქართულ-აფხაზური კულტურის ცენტრის შექმნა იგეგმება.
ცენტრის რეაბილიტაციისათვის თანხები აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის მობილიზება ბიუჯეტის ეკონომიის ხარჯზე გახდა შესაძლებელი. რეკონსტრუქციის შემდგომ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საკუთრებაში შემავალი სასემინარო და სარეპეტიციო დანიშნულების დარბაზები დევნილობაში მყოფ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღა"-ს, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლსა და სხვა შემოქმედებით და სპორტულ კოლექტივებს მოემსახურება.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს შენობაში არსებული დარბაზი, რომლიც საჭიროებს რეაბილიტაციას, რის შემდგომაც განთავსდება საკონცერტო დარბაზი 400 მაყურებელზე და აფხაზეთის თეატრებსა და შემოქმედებით კოლექტივებს ექნებათ შესაძლებლობა გამართონ არა-ერთი შემოქმედებითი საღამო.
სტუმრები იმყოფებოდნენ და დაათვალიერეს ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზი, რომელიც რეკონსტრუქციის შემდგომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2014 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ანა ბიოთჰერმა და ა(ა)იპ "ქალთა თანადგომის" თავმჯდომარემ შორენა ტაბატაძემ სენაკის დევნილთა პოლიკლინიკის მთავარ ექიმს თამარ მიქაიას ექოსკოპიის პორტატული აპარატი გადასცეს.
ექოსკოპიის აპარატი გერმანიის საელჩოს მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობასთან კოორდინაციით იქნა შეძენილი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში ნანა უბილავა ესწრებოდა.
სენაკის დევნილთა პოლიკლინიკა 1994 წლიდან ფუნქციონირებს და 8000-მდე იძულებით გადაადგილებულ პირს უწევს სამედიცინო-ამბულატორიულ მომსახურეობას.
აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს მთავრობის წევრებმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა.
აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 12 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა. 11 მათგანი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპა, ხოლო ერთი კი - აჩადარაში ბრძოლების დროს. სამების საკათედრო ტაძარში გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
წითელი ჯვრის ორგანიზებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალშიც განაგრძობს.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია სამეგრელოში, სოფელ რუხში ასოციაცია „აგორას“ პროექტს გაეცნენ.
აღნიშნული ასოციაცია საერთაშორისო დონორებთან აქტიურად თანამშრომლობს და ორიენტირებულია დევნილთა დასაქმებაზე. ზემოთხსენებული პროექტი ასოციაცია „აგორამ“ აფხაზეთის მთავრობის შუამდგომლობით, იაპონიის საელჩოს პროგრამა „გრასრუტში“ გრანტის მოპოვების შემდეგ წამოიწყო. ორგანიზაციამ სოფელ ხურჩაში, 3 000 კვ. მ მიწის ნაკვეთზე სასათბურე კონსტრუქციის მშენებლობა დაიწყო და პროექტის ფარგლებში, სეზონზე 70-მდე დევნილი დასაქმდება. აქედან, მუდმივად სამუშაოს 15-მდე დევნილი მიიღებს. ადგილზე მიმდინარეობს მიწის დამუშავების პროცესი, ასევე ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებითი სამუშაოები. მოსავლიდან შემოსული თანხები მომუშავე დევნილებზე გადანაწილდება.
აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარის, ვალერი ბასარიას თქმით, ადგილზე არსებობს სხვა მიწის ნაკვეთებიც, რომლებიც სახელმწიფოს ბალანსზეა და მათი ათვისება მომავალში იგივე პრინციპით მოხდება.
„აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, მთლიანად აფხაზეთის მთავრობა, არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო ურთიერთობით აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნეს-პროექტებს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ საზღვრისპირა ზოლში მცხოვრებ დევნილთა დასაქმების პროექტებს. ერთ-ერთი ამჟამად მიმდინარე პროექტი, რომელიც ხორციელდება იაპონიის საელჩოს „გრასრუტის“ პროგრამის ფარგლებში 3 000 კვ.მ ფართობის სათბურის აწყობას გულისხმობს. პროექტი 70-მდე დევნილის დასაქმებას ითვალისწინებს. ჩვენ მალე დავიწყეთ აქ მცხოვრებ დევნილებს შორის იმ ხალხის შერჩევას, რომლებიც წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობას და უნარს ამ სფეროში სამუშაოდ. ვინც შეირჩევა მათთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები. აქ არის მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია. სახელმწიფო სამსახურებმა ამ მიწის ნაკვეთების გადმოცემის მზადყოფნა გამოთქვეს, რათა შემდგომში ანალოგიური პროექტები განხორციელდეს. ეს ბრწყინვალე მაგალითია იმისა, როცა სახელმწიფოსა და არასამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობით ძალიან ბევრი შესაძლებლობები ჩნდება დევნილთა დასაქმების კუთხით; ხდება იმ მიწის დამუშავება, რომელიც გამოუყენებელია, იმ მატერიალური აქტივების გამოყენება, რომელიც არალიკვიდირებულია და ადგილზეა. კარგი შედეგები გვაჩვენა წინა პროექტებმა, რომლებიც ეხებოდა მცირე სასათბურე კონსტრუქციების მშენებლობას დასავლეთ საქართველოში. ვთვლი, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია დღევანდელ პირობებში“. – განაცხადა ვალერი ბასარიამ.
გარდა ამისა, ვახტანგ ყოლბაია და ვალერი ბასარია ასევე გაეცნენ სოფელ ტყირში, ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობისთვის განკარგვის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სიმინდის ნათესის სასუქით გამდიდრების პროცესს. სოფელში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების თქმით, პროექტი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან წინა წლის უხვმა მოსავალმა მათ ბევრად მეტი სტიმული მისცა.
„გასულ წელს, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით მოხდა ამ ტერიტორიის დამუშავება, რომელიც 20 წელი უქმად იყო, შეჩერებული იყო მისი ხვნა-თესვა. დევნილ მოსახლეობას მიწის დამუშავება საკუთარი სახსრებით ძალიან ძვირი უჯდებოდა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ 2015 წელს, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, მოხდა ამ მიწის ათვისება, სადაც ამჟამად 15 ოჯახია დასაქმებული და ისინი მთელი წლის სიმინდის მარაგით არიან უზრუნველყოფილი. გასული წლის მაგალითმა დევნილ მოსახლეობას სტიმული მისცა ისევ დაემუშავებინა მიწა და მოეყვანა სიმინდის კულტურა. ახლა მეორედ შეგვაქვს აზოტი და იმედი გვაქვს, ეს პროგრამა კვლავ გაგრძელდება, რადგან მოსახლეობა კმაყოფილია და მიწების ათვისებაც უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდება“. – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი გოგა ნაყოფია.
დღეს, აფხაზეთის მთავრობის თვმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე სსიპ „ბიზნესინკუბატორს" ესტუმრნენ. „ბიზნესინკუბატორში" ამჟამად ფუნქციონირებს მონღოლური მწვანე ჩაის ქარხანა და სხვადასხვა ნაკეთობების საწარმო. აღნიშნული საწარმო მერხებსა და ნაგვის ურნებს აწარმოებს. გარდა ამისა, „ბიზნესინკუბატორში" მიმდინარეობს სასათბურე კონსტრუქციების დამონტაჟება, პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციისათვის საგამოფენო-სარეალიზაციო პავილიონის მშენებლობა, დაგეგმილია კადრების მომზადების და გადამზადების სასწავლო ცენტრის ამოქმედებაც.
ვახტანგ ყოლბაია და გივი ჭიჭინაძე გაეცნენ სასათბურე კონსტრუქციის მშენებლობას, სადაც მოიყვანენ მარწყვს, ყვავილებს, ადგილზე იქმნება სამშენებლო მასალების შემნახველი საწყობი, ასევე სასწავლო სადემონსტრაციო ცენტრი და მაღაზია, სადაც ჩაის დაგემოვნება და შეძენა იქნება შესაძლებელი. შენობაში ასევე შეიქმნა აფხაზეთიდან დევნილთათვის რეფერალური ავადმყოფების მისაღები. იმერეთის გუბერნატორმა აფხაზეთის მთავრობასა და ბიზნესინკუბატორს ხელშეწყობა აღუთქვა.
„აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომრესთან ერთად დღეს გავეცანი ბიზნესინკუბატორს. მართლაც ძალიან საინტერესო ბიზნეს-გეგმებია დასახული.ტერიტორია ძალიან დიდია და ძალიან კარგი პროექტები ხორციელდება. პროცესში ჩართულნი არიან არა მხოლოდ დევნილები, არამედ ეკომიგრანტები და ერთობლივად ხდება ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც საქართველოში ალბათ არსად არ არის. ვფიქრობ, უნდა ჩავრთოთ სხვადასხვა ორგანიზაციები და ერთად გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რომელიც ბიზნესინკუბატორს უკვე აქვს". - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ აფხაზეთის მთავრობამ რეგიონში მიმდინარე და სამომავლოდ დასახული პროექტების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მისივე თქმით, „ბიზნესინკუბატორი" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და წამყვანი საწარმოა დევნილთა დასაქმების კუთხით.
„იმერეთში ჩვენ გვყავს საკმაოდ მოტივირებული, წარმატებული არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ერთ-ერთი სსიპ „ბიზნესინკუბატორია", რომელსაც ალუ გამახარია ხელმძღვანელობს და რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. შენობა აფხაზეთის მთავრობამ სარგებლობის უფლებით ერთი წლის წინ გადავეცით "ბიზნესინკუბტორს". როგორც ხედავთ სამუშაოები სრული სვლით მიმდინარეობს. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტების განხორციელებისთვის მხოლოდ ჩვენი მხარდაჭერა არ არის საკმარისი. ამ მიზნით, გუშინ გვქონდა შეხვედრა იმერეთის გუბერნატორთან, ბატონ გივი ჭიჭინაძესთან, რომელმაც სურვილი გამოთქვა ჩვენთან ერთად მოენახულებინა სამუშაოები, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ გუბერნატორი ნანახით გაკვირვებულიც კი დარჩა. იმ საკითხებში, სადაც გვჭირდება მხარში ამოდგომა, მან სრული მხარდაჭერა აღგვითქვა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყდება დევნილთა ადგილზე დასაქმების საკითხები. რაღა თქმა უნდა, ამ საქმეში ერთ-ერთი წამყვანია საწარმო,საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ბიზნესინკუბატორი". მიხარია, რომ ბატონ ალუს ირგვლივ შემოკრებილი ჰყავს პროფესიონალები, მცოდნე და გამოცდილი ადამიანები, რომლებთან ერთადაც, საერთო ძალიხმევით, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ერთობლივად განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის." - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
6 აგვისტოს, ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, ფოთის განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვისდეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა დალტოლვითა სამინისტროს, ქალაქ ფოთის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ მუშაკთა, გაეროს , საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და სხვა საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სხდომაზე განიხილეს კავშირის თავმჯდომარის ანგარიში და სამომავლო გეგმები, ქ. ფოთში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური საკითხების დარეგულირება, მათ შორის საცხოვრებელი ფართით დევნილთა უზრუნველყოფის პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ხელისუფლებისადმი მიმართვის ტექსტი და ორგანიზაციული საკითხები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სხდომის მონაწილე საზოგადოებას აფხაზეთის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროების, აფხაზეთის მთავრობის სხვა და სხვა სტრუქტურების მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტები გააცნო. ყოლბაიამ მზადყოფნა გამოთქვა, დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად, საბჭოს უშუამდგომლოს სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებთან.
„ფოთში უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს დევნილთა საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც დევნილთა პრობლემებს განაზოგადებს და საკუთარ ხედვას წარმოგვიდგენს. მნიშვნელოვანია მათი დასკვნები სოციალურ პრობლემათა მოწესრიგების კუთხით, ასევე დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის მხრივაც. ჩვენ მზად ვართ ვუშუამდგომლოთ საზოგადოებრივ საბჭოს სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებთან დევნილთა პრობლემების დროულად გადაწყვეტის მიზნით. დღევანდელმა დღემ ბევრი რამ დაგვანახა. უწინარესად ის, რომ საზოგადოებრივი საბჭოს მუშაობა ძალიან პროდუქტიული და არსებითია. მათ მიერ მოწოდებული მასალები საყურადღებო ინფორმაციას ეყრდნობა.
დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც თანამშრომლობენ საზოგადოებრივ საბჭოსათან და ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს და იდეას უყრიან საფუძველს. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი მცირე ბიზნესის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ და ერთობლივად ვიმუშავებთ ამ პროექტებზე. თუ ბინის თემას დავუბრუნდებით ფოთელთა პრეტენზიები ძირითადად ბინების განაწილების კრიტერიუმებს უკავშირდება. ამ საკითხებში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომელთა გამოსწორებაც შეიძლება. საზოგადოებრივ საბჭოს დავპირდით, რომ ამ თემებზე ხელისუფლებასთან მუშაობას გავაგრძელებთ.“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
კონფერენციის მონაწილე რამდენიმე დევნილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ.
დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, ხონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.
დევნილებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები.
ხონში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ 200 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, უკვე დაუკანონდა. იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტის ფარგლებში, დაკანონების პროცესი გრძელდება. 2015 წლის სექტემბრამდე, საცხოვრებელი ფართი ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ ყველა დევნილ ოჯახს დაუკანონდება.
დაკანონების პროცესის პარალელურად, 2015 წლის თებერვალში ენერგეტიკის სამინისტრომ ხონის სამხედრო დასახლების სრული გაზიფიცირება მოახდინა.
დღესვე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, სტივენ ჰეიკინმა კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, დევნილ ოჯახებს გაზის გამათბობლები გადასცა.
USAID-ის დაფინანსებით გაზის გამათბობლები 450 ოჯახში დამონტაჟდება, გარდა ამისა, დასახლებაში მოეწყობა ახალი სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის და სპორტული მოედანი.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.
თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით ვაზიანში არსებული ერთ-ერთი მიტოვებული, ნაწილობრივ დანგრეული ფართის კაპიტალური რემონტი და ფეხსაცმლისა და სამკერვალო მინი-ფაბრიკის ფუნქციონირებისათვის საჭირო თანამედროვე დანადგარებითა და ინვენტარით აღჭურვა განახორციელა.
„TIKA"-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა პროექტის ფარგლებში მინი-ფაბრიკას გადასცა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საკერავი მანქანები, ფრიზერის, პრესისა და საშრობი აპარატები, ქსოვილები და ნაჭრების კომპლექტები. საწარმოში ამჟამად 10 იძულებით გადაადგილებული პირი დასაქმდა.
სამკერვალო მინი-ფაბრიკა დღეს გარდაბანის რაიონ სოფელ ვაზიანში გახსნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გარსევან ნიორაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გიუმრუქჩუმ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს" თავმჯდომარემ სერდარ ჩამ, თურქეთის პარლამენტის (მეჯლისი) დეპუტატმა ლუთფიე სელვა ჩამ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს" თბილისის ოფისის კოორდინატორმა მუსტაფა კორკმაზმა გახსნეს.
გახსნის ცერემონიას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.
აფხაზეთის მთავრობა და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA" სამომავლო ურთერთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს" თავმჯდომარის, მისი აღმატებულება სერდარ ჩამის განცხადებით, მინი-ფაბრიკის ფინანსური დახმარების მიზნით, „TIKA" შეისყიდის აღნიშნული სამკერვალოს მიერ 1 თვის მანძილზე წარმოებულ 300-350 წყვილ ფეხსაცმელს და მას გადასცემს დევნილებს საჩუქრად.