მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

ლტოლვილთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობისა და „ტრიო ბრაოს" ორგანიზებით,  აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან  40-მდე დევნილ ბავშვს შ.პ.ს. „ჯინო პარადაისის" აკვა პარკმა უმასპინძლა.

მრავალფუნქციურმა აკვა პარკმა ბავშვებს დაუვიწყარი დღე აჩუქა. ღია და დახურულ აუზებში სხვადასხვა სიმაღლის ტალღები წარმოიქმნება, რაც ზღვის ატმოსფეროსა და ხალისიან გარემოს ქმნიდა.

ღია და დახურული აუზების გარდა, „ჯინო პარადაისის" კომპლექსში სხვადასხვა წყლის ატრაქციონებზე დევნილმა ბავშვებმა მთელ დღე ხალსიანად გაატარეს.

აღნიშნული პროექტი „მშვიდობის ექსპრესი"-ს ფარგლებში და „ჯინო პარადაისის"  მხარდაჭერით ჩატარდა.

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის  ორგანიზებით, 19 ივნისს, ჟიული შარტავასა და ნიაზ ძიაპშიპას სახელობის თასებით ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის III ლიგის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი ჩატარდა. მონაწილეობა მიიღეს III ლიგის, ჟიული შარტავასა და ნიაზ ძიაპშიპას (2003 წელს დაბადებულები) სახელობის გათამაშებაში გამარჯვებულმა გუნდებმა. ღონისძიებას ეწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდმარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, აფხაზეთის მთავრობის წარმოამდგენლები, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრები და სხვა საპატიო სტუმრები.

ჟიული შარტავას ტურნირის გამარჯვებული და თასის მფლობელი გახდა სოხუმის გუნდი „ცხუმი", რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ მედლებითა და თასით დააჯილდოვეს.

ღონისძიების შესახებ ისაუბრა აფხაზეთის კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა.

„როცა იხსენებ ნიაზ ძიაპშიპას, როცა იხსენებ ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გენო ზარიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა ამ სპორტში, კერძოდ ფეხბურთში. აფასებ ამ ადამიანებს და არ გავიწყდება, ეს იმის ნიშანია, რომ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში. ეს არის ძალიან დასაფასებელი რამ და მადლობა მურად ანჯაფარიძეს, ჩვენს სპორტის დეპარტამენტს და საერთოდ პრეზიდიუმს ასეთი საოცარი საღამოსთვის. მე მაინც მგონია, რომ ჩვენ მალე დავბრუნდებით აფხაზეთში", - განაცხადა დიმიტრი ჯაიანმა.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მურად ანჯაფარიძის განცხადებით, ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებული რეგლამენტით ტარდება.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებული რეგლამენტით ჩვენ ვატარებთ ჩემპიონატებს, ტურნირებს აღმოსავლეთ საქართველოში. ის დაჯილდოება, რომელიც დღეს თქვენ იხილეთ, ეძღვნებოდა ჟიული შარტავას სახელობის თასის საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ლიგის დამთავრებასა და გამარჯვებულების დაჯილდოებას, ასევე დიდი აფხაზი ფეხბურთელის - ნიაზ ძიაპშიპას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის დამთავრებას და გამარჯვებულების დაჯილდოებას.

ორივე ტურნირი დავამთავრეთ. ეს არის სრულმასშტაბიანი ტურნირი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ტურნირი დამთავრდა და დღეს ჩვენ გუნდებს პრიზები და მედლები გადავეცით", - განაცხადა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

პროექტის „მშვიდობის ექსპრესი" ფარგლებში, რომელიც აფხაზეთის მთავრობის და ორგანიზაცია „ტრიო ბრაო"-ს მხარდაჭერით დაიწყო, 2014 წლის 17 ივნისს მოეწყო პირველი ტური დევნილი ბავშვებისათვის პრეზიდენტის სასახლეში. ტურის ფარგლებში დევნილ ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტი, ასევე ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დარბაზი, სადაც იმართება ოფიციალური შეხვედრები.

პროექტის შემდგომ ეტაპზე, ბავშვები ესტუმრებიან პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ხოლო 20 ივნისს, ლტოლვილთა მსოფლიო დღეს, პატარებს შ.პ.ს. „ჯინო ფარადაისი" აკვა პარკში უმასპინძლებს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 28-ე რაუნდი 17-18 ივნისს გაიმართება. ქართული დელეგაცია, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს, უკვე გაემგზავრა შვეიცარიაში.

მოლაპარაკებაში მონაწილეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიიღებს. მოლაპარაკებების მთავარი თემა კონფლიქტურ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იქნება.

ასევე, ქართული მხარე აპირებს მწვავედ დააყენოს მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური მართვის მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი დავით გვაძაბია იმერეთის რეგიონში, კერძოდ, წყალტუბოში, ხონსა და კოპიტნარში დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში იმყოფებოდნენ. დევნილებთან შეხვედრებს ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იმერეთის რეგიონში ზაზა ჩაჩავა.

ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებსა და საცხოვრბელ პირობებს გაეცნენ. შეხვედრისას გაირკვა, რომ კომპაქტურ ჩასახლებებში არსებობს  შიდა წყლის მილების პრობლემა, ზოგიერთ სანატორიუმში გადახურვისა და კანალიზაციის ჭების პრობლემა. აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივით და ადგილობრივი გამგეობის მხარდაჭერით, რიგ ჩასახლებებში, კერძოდ წყალტუბოს ზოგიერთ სანატორიუმში გაიწმინდა კანალიზაციის ჭები, ამოიტუმბა სარდაფებში დაგროვილი წყალი, მოგვარდა სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო-აზომვითი სამუშაოები.

დევნილთა განცხადებით, ვახტანგ ყოლბაია მათთან რამდენიმე კვირის წინაც იმყოფებოდა და სწორედ აღნიშნული პრობლემების მოგვარება აღუთქვა, რასაც ისინი მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ აფხაზეთის მთავრობა მათ მომავალშიც არ დატოვებს უყურადღებოდ.

გარდა ამისა, წყალტუბოსა და ხონში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საცხოვრებელი ბინების დაკანონების სამუშაოები მიმდინარეობს.

დამატებითი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის სანატორიუმებთან დაიდგა კონტეინერები, ხოლო გამგეობამ სანატორიუმ „სამგურალის" დაზიანებული სახურავის აღდგენის პროექტი შეიმუშავა.

ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. საკუთარი არჩევანი გააკეთეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩასახლებულმა აფხაზეთიდან დევნილებმა. დევნილების რაოდენობით დედაქალაქის შემდეგ მეორე ადგილზეა ქალაქი ზუგდიდი. არჩევნებში დევნილების მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სააგენტო smo.ge სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ოთარ გოგოხიას ესაუბრა.

- ბატონო ოთარ, მიუხედავად იმისა, რომ დევნილების ჩართულობის ხარისხი ნაკლებად მოტივირებული იყო რამოდენიმე მიზეზით და ერთ-ერთად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გამსვლელ სიებში არც ერთ პარტიას არ ყავდა შეყვანილი აფხაზეთის მკვიდრი, თქვენი მოსაზრებით, რა მიზეზით იყო განპირობებული დევნილი ამომრჩევლების აქტივობის მაღალი ხარისხი და კოალიცია „ქართული ოცნების" მხარდაჭერა?

- მიუხედავად იმისა, რომ სიებში არ იყვნენ წარმოდგენილი დევნილი მოსახლეობის ცნობადი სახეები ნამდვილად არ გამკვირვებია მათი აქტიურობის მაღალი ხარისხი, რაც უცილობლად განაპირობა ჩვენი უწყების კოორდინირებულმა მუშაობამ, როგორც რეგიონალურ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ არაფერი ვთქვათ განსახლების სამინისტროს წარმომადგენლობაზე. მხარის გუბერნატორი ბატონი ლევან შონია არც ერთ ჩვენ უმნიშვნელო პრობლემასაც არ ტოვებს ყურადღების და რეაგირების გარეშე. მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ეკონომიური და ფინანსური შესაძლებლობები არის ძალიან მწირი და თუ არა მათი კეთილი ნება, გულისხმიერება, სახელმწიფოებრივი აზროვნება და მიდგომა რეგიონში ჩასახლებული აფხაზეთის მკვიდრთა სოციალური ფონი იქნებოდა გაცილებით უარესი, ვიდრე ის არის დღეს. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აუცილებლად უნდა განვითარდეს სამოქალაქო საზოგადოება იმისათვის, რომ თითოეულ დევნილს ქონდეს ინფორმაცია იმაზე, რომ მას აქვს უფლება იყოს როგორც პასიური, ასევე აქტიური ამომრჩეველი და თვითონ გააქტიურდეს როგორც პოლიტიკური ფიგურა.

- იყო თუ არა ხელის შემშლელი ფაქტორები?

- ორგანიზაციული თვალსაზრიზით, ჩვენ არანაირი სერიოზული პრობლემა არ შეგვქმნია. თუმცა ამ არჩევნებმა გვანახა, რომ ძალიან დიდი სამუშოები უნდა ჩატარდეს გადამისამართებასთან დაკავშირებით. დევნილების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ მიიღო საცხოვრებელი ფართი ბათუმსა და ფოთში. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით ვერ მოხერხდა ყველა მათგანის საარჩევნო სიებში ადგილზე დაფიქსირება. თუმცა ამ ფაქტს არ შეუშლია ხელი იმაში, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებას" ზუგდიდში წინასწარი მონაცემებით დამაჯერებლად იმარჯვებს.

- რა ინფორმაციას ფლობთ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ამომრჩევლების აქტივობის ხარისხზე?

- ჩვენ ფრთხილად ვეკიდებით ყველა აქტივობას, განცხადებას და ქმედებას ამ ადამიანებთან მიმართებაში. ამასთან ერთად გავითვალისწინეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და მოვერიდეთ აფხაზეთის მკვიდრთა ღია და აქტიურ ჩართვას მიმდინარე პროცესში. თუმცა მათმა გარკვეულმა რაოდენობამ მაინც შეძლო გადმოსვლა, მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ მე, ჩემი უწყების თითოეული თანამშრომელი და ა/რ ხელმძღვანელობა ვფლობთ სრულად ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებზე, დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნებული მოსახლეობის დიდი ნაწილი იწონებს ცენტრალური ხელისუფლების თავშეკავებულ, ზომიერ და გათვლილ მიდგომას და პოლიტიკას დე ფაქტო ხელისუფლებისადმი. თითოეული მათგანი კი დარწმუნებულია იმაში, რომ ამ პოლიტიკით და მიდგომით დრო უკვე არ მათთვის, არამედ მუშაობს კონფლიქტის პროცესის დარეგულირების ხელშეწყობისათვის.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობისთვის სარგელობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთი მოინახულა.

მოცემულ მიწის ნაკვეთზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ამჟამად დასაქმებულია რამდენიმე ათეული ოჯახი.

ყოლბაიას თქმით, მსგავს პროექტებში ჩართვას სულ უფრო მეტი დევნილი ოჯახი ითხოვს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ასეთი მიწის ნაკვეთების რაოდენობა უახლოეს მომავალში გაიზრდება, შესაბამისად, დასაქმდება კიდევ უფრო მეტი დევნილი. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, ეკონომიკის სამინისტრო მათ საკმაო რაოდენობით სასათბურე კონსტრუქციებსაც გადასცემს. იგეგმება მიწის ნაკვეთების სხვა მიმართულებებით გამოყენებაც.

„მოვინახულე ზუგდიდში, ჩვენს განკარგვაში არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც წელს პირველად, სიმინდი დავთესეთ. როგორც ჩანს, მოსავალი კარგი იქნება. შევხვდი ნაკვეთზე დასაქმებულ დევნილებს, გავეცანი არსებულ პრობლემებს. მიწის ნაკვეთზე დასაქმებული ადამიანები კმაყოფილები არიან, რაც ყველაზე მეტად მახარებს. იმედის თვალით შესცქერიან ჩვენს პროეტქს და მჯერა, რომ ერთობლივი, კომპლექსური მუშაობით პროექტი მართლაც გაამართლებს. მომავალი წლისთვის ჩვენს განკარგულებაში მყოფი მიწების სხვა მიმართულებებით გამოყენებასაც ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტი დევნილი დავასაქმოთ. საგულისხმოა, რომ სულ უფრო მეტი დევნილი მოგვმართავს თხოვნით, რომ მათთვისაც შევძლოთ სახნავ-სათესი მიწის გამოყოფა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ სამომავლოდ ეს პროექტი ერთი-ორად გავზარდოთ. ჩასატარებელია შესაბამისი სამუშაოები, რაც გარკვეულ ფინანსირებას მოითხოვს. გუშინ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ვალერი ბასარიასთან ერთად შევხვდი USAID-ის ხელმძღვანელს თბილისში. წარვუდგინეთ შემუშავებული პროექტები, რომლებიც ამ მიწებზე სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს. გარკვეული სახსრებიც მოვიპოვეთ იაპონიის საელჩოსგან. დიდი მხარდაჭერა მივიღეთ ეკონომიკის სამინისტროსგან, კერძოდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან. პრაქტიკულად გადაწყდა, რომ ჩვენს მთავრობას განკარგვის უფლებით გადაეცეს რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრის სასათბურე კონსტრუქცია, რომლებსაც ჩვენ იმ პროექტების განხორციელებისთვის გამოვიყენებთ, რომლებიც იმთავითვე გვქონდა. მახარებს, რომ ჩვენს სოფლის მეურნეობის პროექტებს რეალური პერსპექტივები უჩანს და დევნილთა დასაქმების გეგმის პროცენტული მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზე არ დარჩება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების დინამიკა ერთ ადგილზე არ გაიყინოს და დასაქმებული ოჯახების და ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

10 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის სამეცნიერო ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ათეული წლების განმავლობაში სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ შოთა ბასილაიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალოების შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები. ვახტანგ ყოლბაია დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიესალმა და ღვაწლმოსილი მეცნიერის დამსახურებაზე ისაუბრა.

საიუბილეო საღამოს უძღვებოდა პროფესორი ზურაბ პაპასქირი. მოხსენებით პროფესორ შოთა ბასიალაიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისტორიის პროფესორი ბორის კვარაცხელია წარსდგა. მისალმებებითა და მოგონებებით გამოვიდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯონი აფაქიძე, პროფესორები - ლეონიდე ჯახაია, ოთარ ჟორდანია, ჯამბულ ანჩაბაძე, შოთა ახალაია; სიტყვით გამოვიდა პროფესორ შოთა ბასიალაიას მეგობარი, ბატონი ალექსანდრე მიქაძე, ღვაწლმოსილი მეცნიერი გაიხსენა ასევე ბატონმა ივანე მგალობლიშვილმა.

საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის, საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, 10 ივნისს მთავრობის საკონფერენციო დარბაზში „აფხაზეთის სოციალური სოლიდარობის ფონდის" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესწრნენ.

ფონდის გამგეობის თანათავმჯდომარეები პარლამენტარი გოგი ქავთარაძე და პროფესორი ოთარ ბენიძე იქნებიან, დირექტორი კი ირაკლი თადუმაძე იქნება.

ფონდის საქმიანობის მთავარი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური პირობების გაუმჯობესება, დევნილი მოზარდების ქვეყნის ფარგლებს გარეთ განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე, განსაკუთრებული ნიჭის მქონე დევნილი პირების შემოქმედების წარმოჩენის ხელშეწყობა. თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ფონდი იმოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ფონდი 33-მა ადამიანმა დააფუძნა, მათ შორის არიან აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, რომლებიც ნებაყოფლობით და  პერიოდულობით სოლიდარობის ფონდში გარკვეულ თანხებს გადარიცხავენ.

ფონდის მიზნებზე ვრცლად ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ:

„ასეთი ფონდის შექმნის იდეა დიდი ხანია არსებობს და მის შესახებ ჩვენთვის არაერთხელ მოუმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათ შორისაა ბიზნესმენთა, ადვოკატთა და ჟურნალისტთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „სინერგია". საქართველოს ბიუჯეტი ვერ აუდის იმ მოთხოვნებს, რომელიც დევნილ მოსახლეობას მარადიულ პრობლემად ექცა. ძალიან მძიმეა დავრდომილ ადამიანთა ყოფა. როდესაც დახმარებას ითხოვს მძიმედ დაავადებული ბავშვის მშობელი და შენ მას ვერ ეხმარები, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ყველასთვის. მშობლისთვის, მოზარდისთვის, საზოგადოებისთვის. ასევე, გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომელსაც ჩვენ სათანადოდ ხელს ვერ ვუწყობთ. პრობლემები გვაქვს განათლების სფეროში. სათანადო ბაზის უქონლობის გამო ახაგაზრდები საზღვარგარეთ სწავლისგაგრძელებისკენ მიისწრაფიან, რასაც ჩვენ ძალიან მცირე რაოდენობით ვახერხებთ კულტურის და განათლების სამინისტროსტან ერთად. გვეზრდება ძალიან სპორტული და ნიჭიერი ახალგაზრდობა სხვადასხვა სახეობაში - ფარიკაობაში, ფეხბურთში, ფრენბურთში, ჭიდაობაში; მათ სერიოზული ხელშეწყობა სჭირდებათ. აღარაფერს ვამბობ კულტურის იმ დარგებზე, რომელთაც ყველაზე მეტად აქვთ შესაძლებლობა წარმოაჩინონ აფხაზეთის კულტურული ცხოვრება, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია: გვყავს შესანიშნავი კაპელა, ცეკვისა ანსამბლი, სამუსიკო სასწავლებლები, მრავალი სხვა. ჩვენ ყველას გვსურს, რომ მათ ჩვენი ხელოვნება მსოფლიოს დიდ სცენებზე გაიტანონ. მოკრძალებული დაფინანსებისა და ხელფასების მიუხედავად ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი კულტურის, მეცნიერების, განათლების, სპორტის მუშაკები უდიდეს ენთუზიაზმს ავლენენ და ხვალინდელ დღეს იმედით გასცქერიან. სწორედ ამ მიზნების განხორციელებისკენ იქნება „აფხაზეთის სოციალური სოლიდარობის ფონდის" საქმიანობა მიმართული. ჩვენ ნახევარი წელი ვიფქრობდით, ვის შეეძლო ეტვირთა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარეობა. საბოლოოდ ჩვენი არჩევანი გოგი ქავთარაძეზე შევაჩერეთ. გოგი ქავთარაძესთან ერთად ფონდში მუშაობა ვთხოვეთ ოთარ ბენიძეს, ის გახლავთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, პროფესორი. ფონდში ნებაყოფლობით გადაირიცხება ჩვენი მინისტრებისა და მათი მოდაგილეების მიერ გარკვეული შემოწირულობები. იმედი გავაქვს, რომ ამ ფონდს შეუერთდებიან სხვა სტრუქტურებიც, ბიზნესმენები თუ ნებისმიერი მსურველი", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, სამინისტროს თანამშრომელთა ჯგუფთან ერთად, იმერეთის რეგიონში, კერძოდ ქ.ქუთაისში, წყალტუბოში, კოპიტნარსა და ქ.ხონში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. აქციაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ცანავა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენელი ზაზა ჩაჩავა.

ღონისძიების მიზანია აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა ადგილზე, ასევე დევნილთა კონტიგენტის (5-წლამდე; 5-დან 16-წლამდე და 16 წელს ზემოთ) დაზუსტება და განსაზღვრა.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, დევნილთა კომიტეტების წარმომადგენლებს და გააცნეს ინფორმაცია, რომელიც 20-22 ივნისსს დაგეგმილ გასვლით სამედიცინო გამოკვლევას უკავშირდება. მომავალ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალპროფესიონალ ექიმთა ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ჩაატარებენ ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს.

7 ივნისს დედოფლისწყაროში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ვ.ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ „ენმედიცს" შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მორიგი სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ამჯერად დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის ტარდება.

აქცია დედოფლისწყაროს რაიონის ცენტრალურ პოლიკლინიკაში დილის 10 საათიდან დაიწყო. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევა კლინიკის მაღალპროფესიულ ექიმთა ჯგუფმა ჩაუტარა, ასევე უფასოდ გაიცა მედიკამენტები.

მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები თბილისში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს, აფხაზეთის ომის ვეტერანებს, ომში დაღუპულთა დედებს, ბორჯომსა და ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უკვე ჩაუტარდა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ინიციტივით დევნილი ბავშვებისათვის საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო და აფხაზეთიდან დევნილ პატარებს 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

კონცერტზე ბავშვებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიციები, იმღერეს, წაიკითხეს ლექსები. მოეწყო აფხაზეთის შესახებ კლიპის პრეზენტაცია. მოზარდებს საჩუქრები დაურიგდათ.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კომპანია "როშენის" მხარდაჭერით მოეწყო.

31 მაისს, პრივატბანკის ორგანიზებით სპორტომპლექს „დუშეთის" ტერიტორიაზე ფერხბურთსა და კალთბურთში კომპლექსური სპარტაკიადა გაიმართა.

სპარტაკიადაში პრივატბნაკის თანამშრომლებისა და კლიენტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სპორტულ ტურნირზე კალათბურთისა და ფეხბურთის გუნდები წარადგინა.

აფხაზეთის მთავრობის გუნდებმა კალათბურთის ტურნირში I ადგილი დაიკავეს, ხოლო ფეხბურთში II ადგილის მფლობელი გახდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია წყალტუბისა და ხონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. ყოლბაია ამ ქალაქებში ზუგდიდიდან გაემგზავრა, სადაც უკვე მეორე დღეა, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, დევნილთა უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს. ყოლბაია წყალტუბოში შეხვდა პანსიონატ „საქართველოში", „მეგობრობაში", „სამგურალში", ახალ დასახლებასა და ახლად რეაბილიტირებულ საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ დევნილებს, ხონში კი სამხედრო დასახლებაში ჩასახლებულ დევნილებს.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ის ადგილზე გაეცნო დევნილთა პრობლემებს, დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები და მათთან ერთად იმსჯელა ამ პრობლემათა მოგვარების გზებზე. მისივე თქმით, არის საკითხები, რომელიც ძალიან მალე უნდა გადაწყდეს. ამ საკითხების მოგვარებას  შესაბამის სამსახურებთან ერთად ის უახლოეს დღეებში შეუდგება.

„გუშინ და დღეს შეხვედრები მქონდა წყალტუბოსა და ხონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან. მე მათთან თვენახევრის წინაც ვიყავი და  მინდოდა მენახა რა კეთდებოდა. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ პრობლემები კვლავ მოუგვარებელია. ეს ძირითადად ეხება ბინების დაკანონების საკითხს, კეთილმოწყობის სამუშაოებს, საცხოვრებლების გადახურვას. ამასთან დაკავშირებით შემუშავებული გვაქვს ახალი წინადადებები. ამ შეხვედრებს ესწრებოდა ის ხალხიც, ვინც დევნილთა ინტერესებს წარმოადგენს, მათ შორის ჩვენი რეგიონალური მართვის სამინისტრო - აპარატის ხელმძღვანელი კოტე კუჭუხიძე და დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გვაძაბია. შევხვდით დევნილთა ადგილობრივი მმართველობის საინიციატივო ჯგუფებს. ჩამოვწერეთ ყველა ის საკითხი, რომლებიც აუცილებელ, გადაუდებელ გადაწყვეტას საჭიროებს. ესენია  გაზმომარაგების საკითხი, კეთილმოწყობა, ბინების დაკანონება. ეს პრობლემები რამდენიმე უწყებას ეხება და მე დევნილებს პირობა მივეცი, რომ თბილისში ჩასვლისთანავე დავსვამ საკითხს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან და მათთან ერთად მოვძებნი ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებს. შეუძლებელი არაფერია, მაგრამ დევნილებმაც იციან, რომ არის საკითხები, რომლებსაც გრძელვადიანი მიდგომა სჭირდება და არის საკითხები, რომლებიც დიდ ფინანსურ დანახარჯებს არ მოითხოვს და ოპერატიულად, უახლოეს დროშიც შეიძლება  მათი მოგვარება", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით დევნილი ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყო.

საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, სადაც ქართული ესტრადის მომღერლებმა მარიკა თხელიძემ, თიკა ჯამბურიამ, ბოკა კვეკვესკირმა და დიტო ქისიშვილმა იმღერეს. ბავშვებმა მომღერლებთან ერთად სიმღერებიც შეასრულეს. მოზარდებს ტკბილეული დაურიგდათ.

130 დევნილ ბავშვს უმასპინძლა კინოთეატრებმა „ამირანმა" და „რუსათველმა". ბავშვები ანიმაციური ფილმების ჩევნებას დაესწრნენ.

დღესვე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები 50 მოზარდი „ბომბორას" პარკს სტუმრობდა. მათმთაწმინდის პარკი დაათვალიერეს და მთელი დღის განმავლობაში პარკის სხვადასხვა ატრაქციონზე გართობის საშუალება მიეცათ.

დევნილ ბავშვებს შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულმა თეატრმაც უმასპინძლა. მოზარდები წარმოდგენას „უფლისწული და მათხოვარი" დაესწრნენ.

გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და მუშტაიდის პარკის ადმინისტრაციის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი 200 მოზარდისათვს მუშტაიდის პარკში გაიმართა გასართობი პროგრამა-კონცერტი. დევნილი ბავშვებისთვის ასევე უფასო იყო პარკში არსებული ატრაქციონები.

ასევე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საბავშვო სტუდია „გვირილას" მიერ გამართულ კონცერტს თბილისის ზღვაზე კომპაქტურ ჩასახლებაში  მცხოვრები 50 მოზარდი დაესწრო.

ღონისძიებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებითა და კომპანია  „ნატახტარისა" და „ბარამბოს", კინოთეატრების „ამირანისა" და „რუსათველის", შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის, მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციისა და საბავშვო სტუდია „გვირილას" მხარდაჭერით მოეწყო.