- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
თბილისის №153 საჯარო სკოლაში ჟიულ შარტავას 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული საღამო „სიზმრად ვნახე აფხაზეთი" მოეწყო. სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ფურცლები - აფხაზეთის ომი და ომისშემდგომი მოვლენები გააცოცხლეს. მათ მიერ მომზადებული ლიტერატურული კომპოზიციები დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებზე მოუთხრობდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს ჟიული შარტავას პერსონაჟი და გააცოცხლეს ის ფურცლები, რომელიც მის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პერიოდს ეხებოდა.
სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა მაყვალა ბერიანიძის ავტორობით გამოცემული წიგნები „ორივე მხარეს" და „აფხაზები ოსმალურ საარქივო დოკუმენტებში".
ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აკაკი გასვიანი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი მოადგილე ბესიკ ოდიშარია და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გახსნითი პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დაარსებიდან 25-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.
ჯონი აფაქიძებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაცია გამართა და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო.
სამეცნიერო კონფერენციაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკა ფარცვანიამ „აფხაზეთის ოკუპაციის სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტები"-ზე ისაუბრა.
ღინისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, მიწის ფართობის ერთ-ერთ ნაკვეთზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და შპს „მექანიზატორის" თანადგომით კომპლექსური აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელება (ნიადაგის ხვნა, დადისკვა, დაფარცხვა, თესვა და კულტივაცია სასუქის შეტანით) დაიწყო. აღნიშნულ ფართობის შემდგომ დამუშავებას უზრუნველყოფენ გამყოფ ხაზთან მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ამ პროექტის უშუალო ბენეფიციარები და სარგებლის მიმღები პირები იქნებიან.
ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნული მიწის ფართობი სარგებლობის უფლებით აფხაზეთის ა/რ სტრუქტურებს გადმოეცა.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ აგრეთვე სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი"-ს სპეციალისტები.
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ფარიკაობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო პირველობა გაიმართა. შეჯიბრი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, მსოფლიო ჩემპიონი იური ოსოპოვი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტურნირში აფხაზეთიდან დევნილ და საქართველოს სხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის (ვლადიკავკაზი) და ქუვეითის 200-მდე უცხოელმა სპორტსმენმა.
ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა წელს მესამედ გაიმართა და შეჯიბრი ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) ჩატარდა.
ხმალში პირველ ადგილზე გასული, აფხაზეთიდან დევნილი ლუკა ლომინაძე და მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გიორგი მასხულია დიპლომებითა და სიგელებით ვახტანგ ყოლბაიამ დააჯილდოვა. ასევე, გამარჯვებულებს სიგელები და დიპლომები გადასცა აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელ ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ეზუგბაიამ.
საპრიზო ადგილებზე გასულ ყველა სპორტსმენს თასები, მედლები და დიპლომები გადასცეს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა არჩილ გოგელიამ, ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონმა იური ოსოპოვმა და პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბენდელიანმა.
ტურნირის მიზანია, ფარიკაობის, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება. ასევე, ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, სპორტული ოსტატობის ამაღლება და ჯანსაღი თაობის აღზრდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 10 და 11 მაისს ქ. სენაკში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ტარდება.
დევნილების სამედიცინო გამოკვლევებში მონაწილეობას იღებენ აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) წამყვანი ექიმები, კერძოდ: კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ქირურგი, უროლოგი, ექოსკოპისტი, ალერგოლოგი, გინეკოლოგი და სხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტები.
აფხაზეთიდან დევნილებს ადგილზე უტარდებათ ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები, ასევე უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტები და ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია UMCOR-მა გადასცა.
10 მაისს, ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე, აფხაზეთის მთვარობი წევრები, ასევე ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოებისა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
2 დღის განმავლობაში უფასო სამედიცინო გამოკვლევა სენაკში მცხოვრებ 2000-მდე დევნილს ჩაუტარდება. ღონისძიებებს ერთჯერადი ხასიათი არ ექნება, მომავალშიც გაგრძელდება და მთელ საქართველოს მოიცავს.
9 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა მელიტონ ქანთარიას საფლავი გვირგვინით შეამკეს. მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქეთევან ბაკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ოთარ გოგოხიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, კობა ქანთარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ.
მელიტონ ქანთარიამ 1945 წლის 30 აპრილს ბერლინის აღების შემდეგ რაიხსტაგზე ფაშისტური დროშა ჩამოაგდო და საბჭოთა დროშა აღმართა.
ომიდან დაბრუნების შემდეგ, ქანთარია აფხაზეთში ცხოვრობდა. სოხუმის დაცემის შემდეგ კი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც 1993 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მელიტონ ქანთარია მის მშობლიურ ჯვარში, მისსავე სკოლის ეზოში დაკრძალეს. მოგვიანებით კი ამ სკოლას მელიტონ ქანთარიას სახელი ეწოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის მიღება გამართა.
ვეტერანებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ უმასპინძლა. მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა.დევნილ ვეტერანებს დღევანდელი დღე აფხაზეთის მთვრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმაც მიულოცეს.
ვახტანგ ყოლბაიამ ვეტერანებს ქვეყნის ისტორიაში მათი განსაკუთრებული წვლილის შეტანისა და ღვაწლისთვის, მათი გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვებას ჩვენს ვეტერანებს. ეს გამარჯვება კაცობრიობის დიდი მონაპოვარია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა დღეს ჩვენთან არიან წარმომადგენლები იმ დიდი არმიისა, რომლებმაც 69 წლის წინ საქართველო დატოვეს და ომში გმირულად იბრძოდნენ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მოვეფეროთ და ყურადღება მივაქციოთ ამ ადამიანებს, რომლებმაც ეს დაიმსახურეს თავიანთი პატრიოტიზმით, სისხლით, შრომით, ტკივილით, ჭრილობით, გმირობით, საოცარი განცდით და ეს ყოველივე საქართველოს კეთილდღეობას მოახმარეს"- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის მთავრობამ „პრივატბანკი"-ს მხარდაჭერით ვეტერანებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა. ყველა მათგანს ასევე კომპანია „ბარამბოს" ტკბილეული, კომპანიების „ბორჯომი"-ის, „ნატახტარი"-ის, „სანტე"-სა და „გაგრა+"-ის მიერ მოწოდებული სასმელები დაურიგდა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში, გამოჩენილი აფხაზი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახელმწიფო და დიმიტრი გულიას სახელობის პრემიების ლაურეტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გიორგი ძიძარიას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა.
სხდომა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. სხდომაზე მოხსენებით პროფესორი ოთარ ჟორდანია წარსდგა.
დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა.
ასევე, აფხაზე მეცნიერის ღვაწლზე ისაუბრეს სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ, პროფესორებმა გიორგი ანთელავამ, ზურაბ პაპასქირმა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ვაჟა შენგელიამ.
ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს ისტორიკოსთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.
გიორგი ძიძარიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომას ქართველი მეცნიერები, ისტორიკოსები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრნენ.
5 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და აფხაზეთის მთავრობა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, პროგრამა ითვალისწინებდა შეხვედრებს კონფლიქტის გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლების და ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილ საზოგადოებასთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან, თემის წარმომადგენლებთან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დროს ყურადღება იქნა გამახვილებული არსებულ და ახალ შესაძლებლობებზე, რომელშიც შეიძლება ჩაერთოს დევნილი თემი, მისი ნებისმიერი წევრი.
ღონისძიებას უძღვებოდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.
ღონისძიების პარალელურად აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, დარიგებულ იქნა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), ჩეხური ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში", ორგანიზაცია „საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის" მიერ გამოცემული საგანმანათლებლო საინფორმაციო მასალები.
ხელი მოეწერა მემორანდუმს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლასა და აფხაზეთის #1 საჯარო სკოლას შორის. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დევნილ სკოლებს საჩუქრად წიგნები გადასცა.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საპატრიარქოს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხარაგაულის რაიონის რესურს ცენტრი, ახალგაზრდული ალიანსის საინიციატივო ჯგუფ, ტრიო „ბრავო", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM),ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" და ზუგდიდის განათლების რესუსრს ცენტრი.
კლინიკა „ენმედიცის" მორიგი სამედიცინო აქცია დევნილი მოსახლეობისთვის. ამჯერად უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ქ. ბორჯომში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის ჩატარდა.
გამოკვლევებს კლინიკის მაღალპროფესიულ ექიმთა ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში სანატორიუმ „მთის ხეობაში" ატარებდა. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული გამოკვლევები გაიარეს.
სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ვ.ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ „ენმედიცს" შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებას აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია დაესწრო.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელი ვახტანგ ყოლბაია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის „ალმამატერის" სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრის ინიციატორები იყვნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, მთავარი თემა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს შეეხებოდა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებებზე, სახალხო დიპლომატიის როლსა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში სტუდენტების აქტიურად ჩართვის პროცესზე. ასევე, ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სახელმწიფო პერსპექტივებსა და ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.
მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გენეზისზეც ისაუბრა, ასევე აფხაზეთში 1992 წლამდე არსებულ ვითარებასა და ომის შემდგომ განვითარებული მოვლენებსაც შეეხო.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა ქართველმა ხალხმა უნდა შესძლოს აფხაზებთან ურთიერთბების აღდგენა, ამისათვის კი საჭიროა ნდობის მაღალი ხარიხსი და ჩვენ ყველაფერ უდნა გავაკეთოთ მის მოსაპოვებლად.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვახტანგ ყოლბაიამ სტუდენტების დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით დიმიტრი გულიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო. აქციაზე დეპარტამენტის თანამშრომლებმა 120 ძირი მარადმწვანე მცენარე „ტუია"-ს ნერგი დარგეს.
ღონისძიებაში სატყეო სამმართველოს სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
გამწვანების აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსი ვალერი ბასარია დაესწრო.
22 აპრილს , აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, www.hr.gov.ge გამოცხადდა კონკურსი სამინისტროს 11 სხვადასხვა თანამდებობაზე. შეიქმნა საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ქეთევან ბაკარაძე - აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ნოდარ ჯალაღონია - აფხაზეთის ა/რ მთავრობის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; კომისიის წევრები: მარინა დარახველიძე - საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, კობა ყალიჩავა - საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, შალვაწულეისკირი - აფხაზეთის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი, ირმახარშილაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თეაკაჭარავა - არასამთავრობო ჰუმანიტარული ფონდის „აფხაზეთი", ფსიქოლოგი.
სულ შემოვიდა 175 განცხადება, საიდანაც პირველ ეტაპზე გადავიდა 53 კონკურსტანტი. წერითი ტესტირება ჩატარდა 29 აპრილს და მასში მონაწილეობა მიიღო 50 კონკურსანტმა (3 არ გამოცხადდა). საკონკურსო კომისიამ კონკურსანტებს აცნობა მეორე ეტაპის შედეგები.
შექმნილია საპრეტენზიო კომისია, რომელიც 2 დღის ვადაში განიხილავს შემოსულ საპრეტენზიო განცხადებებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და კომპიუტერის შემსწავლელ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმს ხელი დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით გვაძაბიამ და შ.პ.ს „ინტელექტ-ცენტრის" დირექტორმა დავით ნიკოლაიშვილმა, შ.პ.ს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის" დირექტორმა გიორგი ებანოიძემ, სასწავლო ცენტრ „ერთობის" დირექტორმა ჟუჟუნა ტიტვინაძემ, ტრენინგ-ცენტრ „NB"-ს დირექტორმა ნათია ბირჩაძემ მოაწერეს.
მემორანდუმი დევნილი ბავშვისთვის საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსის გავლას ითვალისწინებს. კურსების დამთავრების შემდეგ ბავშვებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.
პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების საგანმანათლებო დონის ამაღლება.
2014 წლის 29 აპრილის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის სათათბირო საბჭოს განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა.
საბჭოს ორი ახალი წევრი დაემატა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვასილ ხორავა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე.
საბჭოს შემადგენლობაში კვლავ რჩებიან ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის, სსიპ მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი, სახაზინო სამსახურის უფროსი, დავების განხილვის, ასევე ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების უფროსები, დეპარტამენტების უფროსები, სამინისტროს ბიუროს ხელმძღვანელი.
საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.