აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ახმეტელის თეატრმა აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უმასპინძლა

ახმეტელის თეატრში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სპექტაკლის „საშობაო ზღაპარი" უფასო წარმოდგენა მოეწყო.

წარმოდგენას აფხაზეთიდან დევნილი 25 ბავშვი დაესწრო. სპექტაკლის შემდგომ კი დევნილ მოზარდებს კომპანია „ცეროდენა"-ს საჩუქრები დაურიგდათ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. მსგავსი სახის საქველმოქმედო აქცია დევნილი ბავშვებისთვის მომავალშიც მოეწყობა.

აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს საახალწლო საჩუქრები აფხაზეთიდან დევნილიმა მრავალშვილიანმა დედებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა მიიღეს

აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი დედებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში მიღება გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ სტუმრებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

მინისტრი დევნილ ბავშვებს და მრავალშვილიან მშობლებს გაესაუბრა და მათი პრობლემებიც მოისმინა.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქარი თორმეტმა მრავალშვილიანმა დედამ და თვრამეტმა შეზრუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვმა მიიღო.

ვახტანგ ყოლბაიამ და სოზარ სუბარმა არასრულწლოვანი მსჯავრდებულები მოინახულეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა არასრულწლოვანთა №11 სპეციალური დაწესებულების მსჯავრდებულებს შობა-ახალი წელი მიულოცეს. შეხვედრა აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივით გაიმართა და მას აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი დავით გვაძაბიაც ესწრებოდა. აღნიშნულ დაწესებულებაში 40-მდე პატიმარია, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე არასრულწლოვანიც იხდის სასჯელს. სტუმრებმა მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცეს და გაესაუბრნენ.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაის განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანია სულიერად დაეხმარონ და შეეხიდონ იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც მოკლებულნი არიან ოჯახურ გარემოს და მზრუნველობას.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, მსგავსი შეხვედრებისა და საუბრების მიზანია, დაეხმარონ არასრულწლოვნებს გარესამყაროსთან კონტაქტის დამყარებაში, რათა მათ თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ.

სტუმრებმა მსჯავრდებულებს მალე განთავისუფლება და ცხოვრების სწორი მიმართულებით გაგრძელება უსურვეს.

ღონისძიება შპს „კანტი"-ს, „გაგრა+"-ისა და „გრანდ ქენდი"-ს მხარდაჭერით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ტატიშვილმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალს აფხაზეთია ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრები და ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მემორანდუმის ფარგლებში, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივ პროექტებში ჩაერთვება. კერძოდ, დევნილი ბენეფიციარები სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაივლიან. ასევე, სპორტული მედიცინის ცენტრი, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განახორციელებს რეგიონებში გასვლით ღონისძიებებს, რომელიც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებში პროფილაქტიკურ-დიაგნოსტიკური გასინჯვების ჩატარებას და რეაბილიტაციის კურსს ითვალისწინებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საშობაო მილოცვა

„ძვირფასო თანამემამულენო, ჩვენო დევნილებო, თანამოქალაქენო, ახლობლებო, ჩვენგან შორს მყოფნო, აფხაზეთში და ოსეთში მცხოვრებნო, გილოცავთ ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს დღესასწაულს, ქრისტეშობას. ფარავდეს ღმერთი თქვენ და თქვენს ოჯახებს, შობის მადლი ნურავის მოკლებოდეს. სიკეთემ და გულმოწყალებამ დაიდოს ბინა თქვენს ოჯახებში. ქრისტეშობის მადლით,  სიყვარულით და სიკეთით განათებულს ევლოს ყოველ ჩვენგანს მრავალ შობა-ახალ წელს!"

პატივისცემით,

ვახტანგ ყოლბაია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

ვახტანგ ყოლბაიამ ლილოში ჩასახლებულ აფხაზებს შობის დღესასწაული მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია ლილოს დასახლებაში მცხოვრებ აფხაზებს ესტუმრნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზებს შობის დღესასწაული მიულოცა და მათ საშობაო ნობათი გადასცა.

საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით და კომპანიების „ჯისი"-ს, კომპანია „მეგაკო"-ს და კომპანია „ბარამბო"-ს მხარდაჭერით მოეწყო.

 

აფხაზეთის მთავრობამ გასვლითი სამთავრობო სხდომა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები ზუგდიდში გამართა

დღეს, ზუგდიდში, აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის გამსვლელი სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილული და დამტკიცებული იქნა 5 საკითხი, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული გმირის (სიკვდილის შემდეგ), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავად საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“.

ამავე დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს. ვახტანგ ყოლბაიამ მათ წარუდგინა აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის 100 დღის ანგარიში, ისაუბრა სხვადასხვა პროექტებზე და ინიციატივებზე, შეეხო საკადრო ოპტიმიზაციის საკითხებს.

შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა კითხვა–პასუხის რეჟიმში ყველა პრობლემაზე დეტალურად ისაუბრეს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, დევნილებს.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ გააჟღერა მთავრობის წევრების ინიციატივა, რომ შეიქმნას სპეციალური ფონდი დევნილთა პრობლემების მოგვარებისათვის, სადაც მთავრობის წევრების ხელფასებიდან ფონდში ჩაირიცხება 10%. გამოითქვა იმედი, რომ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს ფართო საზოგადოება და ფონდის საქმიანობა იქნება გამჭვირვალე.

შეხვედრის ბოლოს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმდა მემორანდუმი. გადაწყდა, რომ აფხაზეთის ა/რ მთავრობა სისტემატიურად მიაწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს ინფორმაციებს, მათ მიერ ჩატარებულ მუშაობაზე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამოქალაქო სექტორის დაახლოებას სახელისუფლებო სტრუქტურებთან.

ვახტანგ ყოლბაიას მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ,

გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და სულიერ მხნეობას.

მაცხოვრის შობის წინა დღეებში ვუსურვებ ჩვენს დედა-სამშობლოს და თითოეულ ქრისტიანს, დიდხანს არ მოკლებოდეს თქვენი ლოცვა-კურთხევა ჩვენი ქვეყნისა და მართლმადიდებლური სამყაროს საკეთილდღეოდ.

არ მტოვებს იმედი, რომ თქვენი მეუფების მადლი გაამთლიანებს, გააძლიერებს და გააბრწყინებს სრულიად საქართველოს.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი                                                                                   ვახტანგ ყოლბაია

ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა

თანამემამულენო, ძირძველ აფხაზეთში მყოფნო და მშობლიურ მიწა-წყალს დროებით მოცილებულებო, ჩვენო ახალგაზრდობავ და საყვარელო ბავშვებო!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების სახელით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ღმერთმა ინებოს, ეს წელი იყოს მშვიდობიანი, ნაყოფიერი, წარმატებებით დატვირთული.

გარწმუნებთ, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი კეთილდღეობისათვის.

ორივე მხარეს მყოფებმა ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რათა მომავალი წელი გახდეს გარდამტეხი იმ ურთიერთობების აღდგენაში, რომელიც ტრადიციულად გვაკავშირებდა ორ უძველეს და უნიკალურ ერს. ერთად უნდა დავძლიოთ წინააღმდეგობები, ერთად უნდა დავივიწყოთ წყენა, უთანხმოება, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი მშვიდობისა და შერიგებისათვის და ერთობლივად ვიღვაწოთ მშობლიური მხარის გაძლიერებისათვის!

ჩვენ ძალიან მოგვენატრა ერთმანეთი, ამიტომ ვამბობ: აფხაზეთში დაბრუნებამდე უნდა დავუბრუნდეთ ერთმანეთს სიყვარულით და სიკეთით.

ჯანმრთელობა, დოვლათი და ბარაქა თქვენ!
გფარავდეთ უფალი, რომელიც თვითონ სიყვარულია!

უღრმესი პატივისცემით

ვახტანგ ყოლბაია,

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავორბის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქველმოქმედო აქცია დევნილი მოსახლეობისათვის

რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილემ მანანა ანუამ თბილისში გლდანის მე-3 მიკრორაიონის მე-4 კორპუსში, ყოფილ 134-ე ბაგა-ბაღში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

აღნიშნულ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 30 დევნილ ოჯახს საჩუქრად საახალწლო ნობათი და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა.

დევნილებს ასევე სტუმრობდნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.

საქველმოქმედო აქცია კომპანიების „ჯისი"-ს, კომპანია „მეგაკო"-ს და კომპანია „ბარამბო''-ს მხარდაჭერით მოეწყო.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილებმა საახალწლო ნობათი მიიღეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია სამგორის რაიონში, სატანკო ქარხნის ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა.

დავით გვაძაბიამ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 23 ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად საახალწლო ნობათი გადასცა.

საქველმოქმედო აქცია კომპანიების „ჯისი"-ს, კომპანია „მეგაკო"-ს და კომპანია „ბარამბო''-ს მხარდაჭერით მოეწყო.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ომის მონაწილე სოციალურად დაუცველი პირველი ჯგუფის ინვალიდებისთვის მიღება მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები აფხაზეთის ომის მონაწილე სოციალურად დაუცველი პირველი ჯგუფის ინვალიდებს შეხვდნენ და მათ შობაახალი წელი მიულოცეს.

შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილებმა ინვალიდებმა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს და შესაბამისად, აფხაზეთის მთავრობაში არსებული ჯანდაცვის სხვადასხვა პროექტებს გაეცნენ, რომელიც გარკვეული კატეგორიის დევნილთათვის სამედიცინო მომსახურებასა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

აფხაზეთის მთავრობის სახელით პირველი ჯგუფის ინვალიდებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება აფხაზეთის მთავრობი დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.

ვახტანგ ყოლბაიამ ომში დაღუპული მეომრების მშობლებსა და აფხაზეთიდან დევნილ, ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ომში დაღუპული მეომრების მშობლები და აფხაზეთიდან დევნილი ინვალიდ-ამპუტანტი ფეხბურთელები მიიღო. ვახტანგ ყოლბაიამ მათ მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრების კალათა გადასცა.

შეხვედრაზე შვილმკვდარმა დედებმა და ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელებმა მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე, ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებში მათ ჩართულობაზე ისაუბრეს.

მსგავსი შეხვედრები აფხაზეთის მთავრობაში მომავალშიც მოეწყობა.

 

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სეზონი გახსნა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სეზონი გაიხსნა. სოხუმის თეატრმა სპექტაკლი „ირმის უკანასკნელი ბღავილი" შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოადგინა.

სპექტაკლის რესჟისორია ნუგზარ ლორთქიფანიძე. წარმოდგენა აგებულია ლადო ასათიანის ლექსებსა და მოგონებებზე, ასევე გამოყენებულია ფრაგმენტები ოთარ მამფორიას მოთხრობიდან „ირმის უკანასკნელი ბღავილი" და ნიკა აგიაშვილის წიგნიდან „ჭაბუკები დარჩნენ მარად".

მთავარ როლებს დიმიტრი ჯაიანია, მერაბ ყოლბაია, პაატა ვახტანგიშვილი, ლილი და ნანა ხურითები ასრულებდნენ.

სპექტაკლი შემოქმედი რაინდის ბედზე მოგვითხრობს, რომელმაც უამრავი განსაცდელის მიუხედავად თავის მრწამსს, სინდისს არ უღალატა და თავისი შემოქმედებით დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტი ხელოვანის ნაღვაწს სიკვდილი არ უწერია.

სეზონის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისათვის საახალწლო კონცერტი გაიმართა

ქ. თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისათვის აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო კონცერტი გამართეს, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დაესწრნენ.

სკოლა-პანსიონის მოზარდებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ქველმოქმედთა სახლის „მომავლის გზა" მიერ საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და კინოცენტრი „აფხაზეთი"-ს ორგანიზებით მოეწყო.