აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია კულტურის სფეროს წარმომადგენლებს: კომპოზიტორსა და რუსთაველის პრემიის ლაურეატს ვაჟა აზარაშვილს, სახალხო არტისტსა და პროფესორს ანზორ შომახიას, საერთაშორისო-საოპერო თეატრების გრანდ-სოლისტს, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატს, საქართველოს ახალი საოპერო თეატრის „რეგიონ-ოპერას" სამხატვრო ხელმძღვანელს ზურაბ ბუხრაძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე აფხაზეთიდან დევნილი მუსიკოსი, ოპერის მომღერალი, კიევის მუსიკალური აკადემიისა და ავსტრიაში, ქ. გრაციის მუსიკალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, წლების განმავლობაში იტალიაში მოღვაწე დავით ჩაკაბერია ესწრებოდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზურ-ქართული კონფლიქტის მოგვარების საკითხში კულტურის მნიშვნელობაზე და მის როლზე. ამასთან ერთად, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების აღდგენის საკითხში კულტურის მოღვაწეთა შესაძლებლობების გამოყენებასა და მათ ჩართულობის აუცილებლობაზე. ასევე, საქართველოს გარეთ მოღვაწე ქართველ და აფხაზ ხელოვანთა ერთობლივი ძალისხმევით შერიგების პროცესის ხელშეწყობასა და ამ პროცესებში მათ აქტიურ მონაწილეობაზე.

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გაიმართა და ის ქართველი ხელოვანების ინიციატივით შედგა.

ვახტანგ ყოლბაი „სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის“ ხელმძღვანელს დავით ტატიშვილს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე „სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი"-ს ხელმძვენელს დავით ტატიშვილსა და ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის ატარებდა. ვახტანგ ყოლბაიამ და ქეთევან ბაკარაძემ „სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი დაათვალიერეს და საქმიანობებს გაეცნენ.

შეხვედრაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ცენტის ხელმძღვანელმა დავით ტატიშვილმა სამომავლო გეგმებზე და ურთიერთანამშრომლობის გზემზე ისაუბრეს.

შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსა და „სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი"-ს შორის დაიდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანი გარკვეული კატეგორიის დევნილი მოსახლეობისთვის შეღავათიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა იქნება.

აფხაზეთის მთავრობის საახალწლო საჩუქრები სენაკში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით გვაძაბიამ სენაკის ყოფილი პროფესიული სასწავლებლის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

აღნიშნულ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 80 დევნილ ოჯახს საჩუქრად საახალწლო ნობათი გადაეცა.

დევნილებს ასევე სტუმრობდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვეფხვია ვეფხვაძე, მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსი კოტე ბასარია და სენაკის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გოჩა ჭანტურია.

საქველმოქმედო აქცია კომპანიების „კანტი", შპს „ბადაგონი", „თბილისის ფქვილი" და  „ბავშვთა სამყარო"-ს მხარდაჭერით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით კახეთში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ყვარლის რაიონში ჩასახლებული დევნილი ოჯახები მოინახულეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. 23 დევნილ ოჯახს საახალწლო საჩუქრები, ბავშვებს კი სათამაშოები და ტკბილეული გადაეცათ.

დღესვე, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქველმოქმედო კავშირი „თემი"-ს აღსაზრდელებთან ერთად სოფელ გრემში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 70 ბავშვი მონახულეს და საახალწლო საჩუქრები ჩაუტანეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზ ბავშვებს შეხვდა

სასტუმრო „საქართველო"-ში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზ ბავშვებს შეხვდნენ, რომლებიც მთავრობის ხელშეწყობითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „დედათა კომიტეტი"-ს ორგანიზებით თბილისში ჩამოვიდნენ.

შეხვედრას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელით, ბავშვებს წიგნები - „ცხოვრება იესო ქრისტესი" გადასცეს.

მთავრობის სახელით, ბავშვებს მაყვალა ბერიანიძის ავტორობით გამოცემული წიგნები: „საოცნებო საქართველო", „საქართველო ზღაპრული ფენიქსი" (საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის) დაურიგდათ. ამასთან ერთად მათ საახალწლო საჩუქრები  აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ გადასცა.

აფხაზმა და ქართველმა ბავშვებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. შესრულდა ქართულ-აფხაზური სიმღერები, მუსიკალური ნაწარმოებები, წაიკითხეს ქართული და აფხაზური პოეზიის ნიმუშები.

დევნილი ბავშვებისათვის საახალწლო ზეიმი გაიმართა

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე საახალწლო წარმოდგენა „საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისათვის" გაიმართა. ღონისძიებას აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო და ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

წარმოდგენას 10-წლამდე აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი 600-ზე მეტი მოზარდი ესწრებოდა. ბავშვებს საახალწლო განწყობა სხვადასხვა ცნობილმა მულტფილმის (მიკი და მინი მაუსი, დონალდ დაკი, დრაკონი, ჯადოქარი და კეთილი ფერიები) გმირებმა შეუქმნეს. თოვლის ბაბუამ ყველა ბავშვს საახალწო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა ვასილ ხორავამ დევნილ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა ვასილ ხორავამ ქ.ფოთში ნაბადას დასახლებაში არსებულ ერთ-ერთი კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულა და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა.

მინისტრმა აღნიშნულ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 40-მდე დევნილ ბავშვს საახალწლო საჩუქრები ჩაუტანა. დევნილმა მოზარდებმა საჩუქრად ტკბილეული, სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები მიიღეს.

საქველმოქმედო აქცია „პრივატ-ბანკი"-ს მხარდაჭერით მოეწყო.

ვასილ ხორავასთან ერთად დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს ფოთის მერი დავით სარსანია და „პრივატ-ბანკის" წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები კონსული შიროკი ტოკუნაგა და გრანტების კონსულტანტი თაე იამამოტო ესტუმრნენ. სტუმრებმა კალოუბნის 16-ში მდებარე შენობის მეორე და მესამე სართულები დაათვალიერეს, სადაც დევნილთა სამედიცინო დაწესებულებები (შ.პ.ს. საოჯახო მედიცინის ცენტრი, შ.პ.ს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა კონსულტაცია, შ.პ.ს. ოფთალმოლოგიური კლინიკა და შ.პ.ს. ზემო აფხაზეთის საავადმყოფო) და აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა განთავსებული. მათ ყურადღება გაამახვილეს ამ დაწესებულებების დატვირთვაზე და დაინტერესდნენ პაციენტების მომართვების რაოდენობით.

საელჩოს წარმომადგენლებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძესთან ერთად განიხილეს ასევე, სამინისტროსა და იაპონიის საელჩოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დიდი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის „ექვთიმე თაყაიშვილი-მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ღვთისკაცი" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილმა, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსწავლეებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სადახლოსა და კაჩაგანის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების, მამხუტისა და ქვემო არქევანის, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონისა და თეთრწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის საჯარო სკოლის და თბილისის #218-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. პროექტში მონაწილე მოსწავლეებს დიპლომები გადაეცათ. გამარჯვებულებმა დიპლომებთან ერთად საჩუქრები მიიღეს.

პროექტის მიზანია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბუბა კუდავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესწრენ.

ღონისძიება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და კინოცენტრი „აფხაზეთის" ორგანიზებით მოეწყო.

აფხაზეთის ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული პოეტის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული პოეტის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე წაიკითხეს პოეტის ლექსები, გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან, ასევე შესრულდა ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. შეკრებილმა საზოგადოებამ პოეტის სახელობის სკვერში ყავავილებით შეამკო მემორიალური დაფა „უვიწყარა" და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო ტრაგიკულად დაღუპული პოეტის ხსოვნას.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქარუმ წერეთელი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტის ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საღამო ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ჭიათურა-საჩხერის მწერალთა გაერთიანებისა და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

23 დეკემბრიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებ-გვერდს ახალი განყოფილება „Abkhazia News“ დაემატება

„ინფორმირებული მოქალაქეები ქვეყანას აერთიანებენ"

23 დეკემბრიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებ-გვერდს ახალი განყოფილება „Abkhazia News" დაემატება. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე სიახლეების გასაცნობად www.abkhazia.gov.ge-ზე შევა, „Abkhazia News"-ის ღილაკის საშუალებით შესაძლებლობა ექნება საინფორმაციო განყოფილებაში გადაინაცვლოს. ეს სიახლეა, რომელიც მკითხველს საშუალებას მისცემს აფხაზეთის მთავრობის ვებ-გვერდზევე მოიძიოს ინფორმაცია საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური მოვლენების შესახებ. აქვე იხილავთ მასალებს პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სიახლეებზე, ასევე, ანალიტიკურ სტატიებს, ინტერვიუებს, ექსკლუზიურ ინფორმაციებს. „Abkhazia News"-ის განყოფილების მუშაობის მთავარი პრინციპებია აბსოლუტური დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, მხოლოდ პირველწყაროსთან შემოწმებული ინფორმაციების გავრცელება. „Abkhazia News" დაეყრდნობა საქართველოსა და უცხოეთის საინფორმაციო სააგენტოების საუკეთესო გამოცდილებასა და აღიარებულ სტანდარტებს.

„Abkhazia News"-ის ადმინისტრაცია

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ანიმაციური ფილმის „ინდაურები“ 3D ფორმატში უფასო ჩვენებას დაესწრნენ

რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით დევნილი ბავშვები ანიმაციური ფილმის „ინდაურები" 3D ფორმატში უფასო ჩვენებას დაესწრნენ.

ფილმის ჩვენება კინოთეატრ „რუსთაველში" გაიმართა და მას 30-მდე მოზარდი დაესწრო.

ამჯერად დევნილი ბავშვები „134 ყოფილი ბაგა-ბაღი კ. 4ა" და „ტექნოსერვისი"-ს კომპაქტური ჩასახლების ობიექტებიდან შეირჩნენ.

მსგავსი საქველმოქმედო აქციები მომავალში თბილისის სხვა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები ბავშვებისთვისაც ჩატარდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გაფართოებული სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და საქართევლოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ესწრებოდნენ.

სხდომა ფედერაციის პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემ გახსნა. შეხვედრაზე აფხაზეთის ფედერაციის აღმასკომმა 2013 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო.

სხდომაზე 2014 წლის სამუშაო გეგმა დამტკიცდა, რომელიც ითავლისწინებს ,,დევნილთა შორის ფეხბურთის განვითარების პროგრამა''-ს, მინი-ფეხბურთში ტურნირების ჩატარებას და სხვა სახის სპორტულ ღონისძიებების გამართვას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთიდან დევნილთა შორის ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საპატიო წიგნში „აფხაზეთის ფეხბურთი - საუკუნის მემატიანე" იქნენ შეყვანილი.

აფხაზეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და აღმასკომის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის პრიორიტეტია დევნილი მოზარდებისთვის სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.

აფხაზი პოეტის თეიმურაზ ხაჯბას ლექსების კრებულის „აფხაზის ლექსები“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტoნომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და შავი ზღვის ეკოლოგთა კავშირის ორგანიზებით, აფხაზი ეროვნების ახალგაზრდა პოეტის თეიმურაზ ხაჯბას ლექსების კრებულის „აფხაზის ლექსები" პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლის გიორგი ჟიჟიბაიას ნახატებიც.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტინომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

წიგნის პრეზენტაცია აფხაზეთის ავტინომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის „ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამა" ფარგლებში მოეწყო.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვდნენ

17 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის მთავრობის უმაღლესი შემოქმედებითი ჯილდოს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა.

2013 წელს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ: ნატო მარშანია - წიგნისთვის „ქედუხრელი რაინდი", ტიტე მოსია - წიგნისთვის „გიორგი შარვაშიძის ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობა", მანონი ბულისკერია - ლექსების კრებულისთვის „ნედლი ნამხრევი", თეიმურაზ გვანცელაძე - წიგნისთვის „აფხაზური ენა, სტრუქტურა, ისტორია, ფუნქციონირება", „ქართულ-აფხაზური ლექსიკონი, აფხაზურ-ქართული ლექსიკონი" (2 ტომად).

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატებს დიპლომები და ფულადი ჯილდო 3000 ლარი გადაეცათ.

დაჯილდოვების ცერემონიალს აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რაისა ქარაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.