- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის მეომართა კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ წიგნის „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების დასაწყისში დამსწრე საზოგადოებამ პატივი მიაგო დაღუპული მეომრების ხსოვნას. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და წიგნის „საქართველოსთვის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, მოადგილემ ჯანდრი უბირიამ, გენერალმა დავით გულუამ და წიგნის მთავარმა რედაქტორმა ირმა ირემაძემ.
ექვსასგვერდიანი წიგნი-კრებული 1992-1993 წლებში აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული იმ 1 200 გმირის ცალკეულ ისტორიებს აერთიანებს, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსში, აფხაზეთის გარნიზონებსა და მათში შემავალ შენაერთებში ირიცხებოდნენ. წიგნი-კრებული ერთგვარი ენციკლოპედიური ცნობარია სამშობლოს ერთიანობას, მის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას უანგაროდ შეწირული ეროვნული გმირების და რიგითი ჯარისკაცების შესახებ.
ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, აფხაზეთის ხელისუფლების, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები, დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები ეწსრებოდნენ.
ღონისძიებაში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ მონაწილეობდა. პრეზენტაციის ბოლოს ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია და მინისტრის მოადგილე მურად აბლოთია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩაზე იმყოფებოდნენ და დევნილ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა-პროექტირების სამუშაოები. უკვე მომზადებულია რამდენიმე სახის ტექნიკური დოკუმენტი.
რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, მერის მოადგილის განმარტებით, მიმდინარე ეტაპზე, ბროწეულის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრებათ და ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, 24-საათიან რეჟიმში, ყველანაირ კითხვაზე პასუხის გასაცემად და სათანამშრომლოდ.
ბროწეულის ქუჩაზე, ასევე, თბილისის მერიის, საბურთალოს გამგეობის, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ ზუგდიდში მდებარე ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 და აფხაზეთის №12 საჯარო სკოლები მოინახულეს. მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრი სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდნენ, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ და სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
შეხვედრაზე COVID-19-ის პანდემიის პირობებში სკოლებში არსებულ მდგომარეობასა და განახლებული სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში გაგრძელებისთვის განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სასწავლო დაწესებულებები სრულად უზრუნველყოფენ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ არსებულ რეკომენდაციებს.
სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით და საქველმოქმედო ფონდი სარაჯიშვილის მხარდაჭერით აფხაზეთის აღნიშნულ საჯარო სკოლებს კომპიუტერები გადაეცათ.
სამინისტროს პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების კომპიუტერიზაციის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება „ხელოვნება გვაერთიანებს“ გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.
ღონისძიების ფარგლებში 2021 წლის კალენდრის გამოფენა-პრეზენტაცია მოეწყო. კალენდარში შესულია ქართულ-აფხაზურ თემაზე შექმნილი პოეზია, სადაც ასახულია ქართველებისა და აფხაზების უნიკალური ურთიერთობები. პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება.
ღონისძიებაში სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ.
15 მარტს ქართული არტილერიის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, არტილერისტები და ომის ვეტერანები იმყოფებოდნენ.
1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და თავმჯდომარის მრჩეველი გია მხეიძე მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ვეტერანთა საკითხებზე, აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების წინაშე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო გეგმებსა და სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
შეხვედრაზე დაიგეგმა ვეტერანებთან მიმართებაში ერთობლივი პროგრამების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
8 მარტი, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან ერთად გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.
გენო ადამია აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური, მოგვიანებით კი გენერალ-მაიორი გახდა. მან 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე ბრძოლისას დაიღუპა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, კულტურის სფეროში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილ ხელოვან ქალბატონებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში წარმატებულ ქალბატონებს აზა ბასლანიძეს, მზია აკობიას, ია მაისაიას, ნაირა მარშანიას, ნათელა ბერიკაშვილს, დალი ლაკერბაიას, თინა ბაბლიძეს, მანანა ბურბუთაშვილს, დოდო ნარმანიას, ნანა ჭურღულიას, ირმა ოსიას (კინწურაშვილი), ლეილა ბაღბაიას და ლიანა მიქაშავიძეს 8 მარტი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ.
ღონისძიება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთის შეარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული ჟურნალისტის, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ბერულავას მეუღლეს და ოჯახის წევრებს ქალთა საერთაშორისო დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
აფხაზეთის კონფლიქტის დროს ალექსანდრე ბერულავა მუშაობდა სამხედრო კორესპონდენტად, შემდეგ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელად. სოხუმის ბრძოლების დროს ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოქცეულ მინისტრთა საბჭოს შენობაში იმყოფებოდა.
ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.
დღეს, საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 77 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით პატივისცემა და მოწიწება მინდა გამოვხატო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას. ჟიული შარტავა გმირობის, გაუტეხელობისა და სამშობლოსათვის თავდადების მაგალითია. მისი ღვაწლის წინაშე ყველანი ვალში ვართ. მისი ხსოვნის პატივისცემა კიდევ ერთი მიზეზია, რომ აუცილებლად მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და ჩვენი საზოგადოების კვლავ გაერთიანებას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის გასაბჭოების 100-წლისთავისადმი მიძღვნილ ონლაინ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ხონელიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის დოქტორი გიორგი სოსიაშვილი მონაწილეობდნენ.
„აფხაზეთის რუსულ-საბჭოური ოკუპაცია და თანამედროვეობა“, „1921 წლის 4 მარტის აღქმის საკითხისათვის აფხაზურ საზოგადოებაში“, „ანტისაბჭოთა საპროტესტო გამოსვლები აფხაზეთში 1921-1924 წლებში“ მოხსენებები ისტორიკოსებმა ჯემალ გამახარიამ, ზურაბ პაპასქირმა და ლევან ჯიქიამ წაიკითხეს. კონფერენციაზე მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა.
კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს შეხვდნენ, დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა დედებს ღირსეული ვაჟკაცების აღზრდისა და მათი გმირული თავდადებისთვის.
„დედის დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ყველა იმ ქალბატონს, რომლის შვილებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის თავი გაწირეს. თქვენი შვილების გმირობის, მათი სამშობლოსათვის თავდადების მაგალითი საქართველოს ისტორიაში ღირსეულ ადგილს იკავებს. ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყნის კვლავ გაერთიანებამ შეგიმსუბუქოთ ის დიდი ტკივილი, რომელსაც წლებია გულით ატარებთ. იმედი მაქვს, არც ერთი დედა აღარ გამოსცდის იგივეს და სახელმწიფო სამშვიდო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ ჩვენი საზოგადოების კვლავ გაერთიანებას და ღირსეულ თანაცხოვრებას ერთიან, ძლიერ და დემოკრატიულ საქართველოში“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
ღონისძიება დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ინიციატივით და კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ „კარფურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი და კარფურ ისთ ფოინთის გენერალური მენეჯერი ჯოზეფ კოჩანდრლე.
პროექტის ფარგლებში დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით სასაჩუქრე კალათები, პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში გადაეცემათ.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია ,,კარფური’’ აქტიურად თანამშომლობს აფხაზეთის მთავრობასთან და ჩართულია დევნილი ოჯახების მხარდასაჭერად დაგეგმილ სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებში.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.