- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეების მონაწილეობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.
საქართველოში ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტის მიზანს 25-26 მარტს დაგეგმილი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის სათანადოდ მომზადება და დღის წესრიგის საკითხების განხილვა წარმოადგენს.
საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიზნით. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა პროგრესის მიღწევის საჭიროება მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა, ძალის არგამოყენება და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, აგრეთვე იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებასა და ბოლოდროინდელ პროვოკაციულ ქმედებებს, მათ შორის, მოსკოვის მიერ ე.წ. „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ საკითხის წამოწევას, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” დამტკიცებას, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიმდინარეობას, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, ქართველთა ეთნიკურ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციულ გადაწყვეტილებას ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. მინისტრის მოადგილემ მწვავედ დასვა ზაზა გახელაძის ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ახალგორისა და გალის რაიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ხაზი გაესვა ადგილობრივი მაცხოვრებლების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვამ სრულ იზოლაციაში მოაქცია რეგიონი, რაც ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისს იწვევს და საფრთხეში აგდებს ადამიანების სიცოცხლეს. შეშფოთება გამოითქვა სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვის ფაქტებზე, რაც ხშირად ადგილობრივ მაცხოვრებელთა გარდაცვალებით მთავრდებოდა.
ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის IPRM-ის შეხვედრების რეგულარულად გამართვის აუცილებლობას.
საქართველოს დელეგაციამ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე კვლავ დააყენა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროების საკითხი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში. აღინიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება ახალ ეტაპს ქმნის დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდებზე შესაძლებელი გახდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ ბესიკ სილაგაძესთან ერთად თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა. მთავრობის წარმომადგენლებმა ეკლესიის მრევლს, აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებაში ასევე ტაძრის წინამძღვარი მამა ლევან ჯანაშია მონაწილეობდა.
ღონისძიება აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ფოტოგამოფენები „საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი“, „აფხაზეთი დღეს“ და „მუჰაჯირობა“ მოეწყო, ასევე გაიმართა მუჰაჯირობასთან დაკავშირებული პუბლიკაციის პრეზენტაცია.
გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მალხაზ თორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ბოლოს მინისტრმა დავით ფაცაციამ ზუგდიდის სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის ბენეფიციარებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
„პატივი მინდა მივაგო 25 თებერვალს დაღუპულთა ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას სიცოცხლე შესწირეს. 1921 წლის 25 თებერვალი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში. საბჭოთა ოკუპაციამ საქართველოს უზარმაზარი ზიანი მოუტანა. პირველივე დღეს საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა საუკეთესო ახალგაზრდები, საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა ასეულათასობით საქართველოს მოქალაქე.
სამწუხაროდ, ოკუპაცია დღესაც გრძელდება. რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამის ნათელი მაგალითია. საბჭოთა პოლიტიკის მემკვიდრეობა დღესაც ყოველდღიური გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ძალიან ტრაგიკულია, რომ საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს მუდმივ ძალადობას აფხაზეთში მცხოვრებ საზოგადოებაზე. ოკუპაციის პირობებში ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას აფხაზური ეთნოსის კულტურის და ენის თვითმყოფადობა. გარდა ამისა, აფხაზეთში მიზანმიმართულად აყალბებენ ისტორიას და წერენ მას სხვადასხვა ინტერპრეტაციით, რაც მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას და საქართველოს დეოკუპაციის პერსპექტივას. საბედნიეროდ, 1921 წლის 25 თებერვლისგან განსხვავებით, დღეს საქართველო საერთაშორისო სისტემის ნაწილია. ეს მოცემულობა ქმნის მეტ შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ შევძლოთ ჩვენი საზოგადოების გაერთიანება და დეოკუპაცია“- განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აფხაზეთიდან დევნილ წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შეხვედრა ნაწილობრივ ონლაინ ფორმატში გაიმართა. შეხვედრაში დისტანციურად მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში განათლებამიღებული და სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწე დევნილი ახალგაზრდები.
შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და გამოწვევები, ჰუმანიტარული და პოლიტიკური კრიზისის შემცირების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდების შეკითხვებს სახელმწიფო მინისტრმა და მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხეს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა პერმანენტულად იმართება და მიზნად ისახავს ახალგაზრდული პოლიტიკის და სამომავლო პროექტების განსაზღვრას დევნილი ახალგაზრდებისთვის.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია ესწრებოდა.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე კანონმდებლებმა საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
პარლამენტმა კენჭისყრაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობა გამოუცხადა და მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა.
რუსლან აბაშიძემ ნორვეგიის ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო. მთავრობის თავმჯდომარემ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის და COVID-19-ის პანდემიის პირობებში ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ეკოლოგიის და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ პრობლემურ საკითხებს.
შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრას პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში ნორვეგიის სამეფოს ელჩის მრჩეველი დავით მაღრაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
რუსეთის მიერ ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის საკრებულოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მშობლიური ენის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პერიოდის ცნობილ ხელოვანთა ქართული შრიფტის გარნიტური (გრავიურა) და აფხაზურ-ოსურ ენებზე გამოცემული მხატვრული წიგნები. ასევე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის კონცეფციით შექმნილი და გამოცემული ლექსიკონები: ქართული ენის დიალექტებისა და ქართველური ენების, აგრეთვე ქართულ-აფხაზურ-ინგლისური, ქართულ-ოსურ-ინგლისური, უდიურ-ქართული, ბეჟიტურ-ქართული, ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ლექსიკონი.
ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო მწერალ ირაკლი შამათავას წიგნის „ვილაპარაკოთ - 33 ამბავი აფხაზეთზე“ უახლესი გამოცემა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ქართული მწერლობის პროზას აფხაზეთზე.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით გაიმართა და „აფხაზეთის სულიერების ცენტრის“ დირექტორი ბესიკ სილაგაძე, კალიგრაფი ლეილა ბაღბაია, მწერლები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით 1999 წელს იუნესკომ 21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ დააწესა. 2000 წლის თებერვლიდან აღნიშნული თარიღი მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.
პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პარლამენტში „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ გაიხსნა. მუზეუმი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შთამომავალმა, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილმა გახსნეს.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მუზეუმი წარმოდგენილია ცენტრალური, „დიდების დარბაზით“ და ეპოქების ამსახველი შესაბამისი ოთხი სივრცით.
„ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის“ დათვალიერებით მნახველს 1919 წლიდან ქართული პარლამენტარიზმის დღემდე განვლილ გზაზე სრული წარმოდგენა შეექმნება და გაეცნობა ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის სხვადასხვა არქივებსა თუ წიგნთსაცავებშია დაცული. ვიზიტორები თამარ მეფის დროინდელი „კარვის“ შესახებ ექსპოზიციასაც გაეცნობიან, რომელიც საქართველოში პარლამენტარიზმის დამკვიდრების პირველ მცდელობად მიიჩნევა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას დაესწრო.
სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს საგამოფენო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ფერწერული ნამუშევრების „ფერწერა აფხაზეთიდან“ გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე 30-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
გამოფენის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი, მხატვრული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია.
საქართველოს საპატრიარქოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტს მის მაღალყოვლადუსამღვდელოსობას მეუფე შიოს შეხვდა.
შეხვედრას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ა(ა)იპ „სულიერების ცენტრის“ მიერ განხორციელებული პროექტები განიხილეს, ასევე განსახორციელებელ პროგრამებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსული პაციენტების მართვის გეგმა, მათი სამედიცინო საჭიროებები და ჯანდაცვის პოლიტიკა განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებს, ისაუბრეს არსებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ არსებულმა რეფორმებმა დევნილთა სოციალური კეთილდღეობა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს.
შეხვედრაში, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ანგარიშს დაესწრო.
არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობობასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენება წარადგინა.
ავჭალაში სოხუმის „დინამო“-ს რიგით მეორე საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ.
პირველი ცენტრი, სადაც ოცდაათამდე გოგონა უფასოდ ვარჯიშობს, 2020 წლის ბოლოს ზემო ფონიჭალაში გაიხსნა. ავჭალის ახალ საფეხბურთო ცენტრში 6-დან 14 წლამდე ასაკის, ორმოცდაათამდე მოზარდმა, როგორც გოგონებმა, ასევე ვაჟებმა, უკვე გაიარეს რეგისტრაცია და დღეიდან ვარჯიშს შეუდგებიან. სოხუმის „დინამო“ საფეხბურთო ცენტრების გახსნას თბილისის ყველა რაიონში და ქვეყნის მასშტაბით ათ ქალაქში აპირებს.
ცენტრის გახსნაზე ასევე იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.