- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ქართველი მწერლის, „მშვიდობის მსოფლიო ფედერაციის მშვიდობის ელჩის“, სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატის გურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო „ჩემი სოხუმი" გაიმართა. მწერალმა გაიხსენა ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული ურთიერთობები.
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარე, მწერალი თემურ ლანჩავა, რომელთაც ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის საქმეში გურამ ოდიშარიას ღვაწლზე ისაუბრეს.
საღამოზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ ქართული და აფხაზური ცეკვები და სიმღერები შეასრულა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, პოეტის მეგობრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. გერმანია ისტორიულად საქართველოს პარტნიორი ქვეყნაა ყველა ეტაპზე.
მთავრობის თავმჯდომარემ გერმანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების მდგომარეობის შესახებ გაეროს რეზოლუციების რეგულარული მხარდაჭერისათვის. მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ. გააცნო საოკუპაციო რეჟიმის მიერ მდინარე ენგურზე გადასასვლელის ჩაკეტვით შექმნილი ვითარება. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციასა და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზებისა და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზებას გულისხმობს.
საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანიის რესპუბლიკის საელჩოს შესაძლო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.
თავის მხრივ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე და ურყევი პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე პოლიტიკის, კულტურის და პრესის საკითხებში მიხაელ ფაბრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ არად ბენკოს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
მთავრობის თავმჯდომარემ ავსტრიელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ. ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ძირითად პრობლემებზე, მათ შორის გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციაზე, მდინარე ენგურზე არსებული გადასასვლელების დახურვასა და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზებისა და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზებას გულისხმობს.
ყურადღება გამახვილდა ნდობის აღდგენის კუთხით ქართველებსა და აფხაზებს შორის პირდაპირი კონტაქტების გააქტიურებაზე.
საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს შესაძლო თანამშრომლობას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით, ასევე, ჯანდაცვის სფეროში.
თავის მხრივ ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა და ურყევი პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფ ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს არგენტინის პრეზიდენტ ბარბარა ტომფსონ ვიუს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქართული კულტურის მნიშვნელობაზე და მის პოპულარიზაციაზე ლათინურ ამერიკაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის" შემოქმედებაზე. შეხვედრაზე შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებასა და სამომავლოდ შესაძლო ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს პრეზიდენტი ნიკოლოზ პატარქალიშვილი და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის" სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა და აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
თეატრალიზებული მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. დღის განმავლობაში მიღებული შემოწირულობა ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ულოცავს უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ს 86 წლის იუბილეს. უსურვებს მას ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს.
რამდენიმე საათში ახალი, 2019 წელი კარს შემოგვიღებს. დადგება ქრისტეს დაბადების 2019 წელი.
ვუსურვებ საქართველოს ყველა ოჯახს, დიდსა თუ პატარას, ბედნიერებას, სიხარულს, კეთილდღეობას, ხვავსა და ბარაქას, ტკივილების მოშუშებას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.
ვუსურვებ საკუთარი კუთხიდან დევნილ მოსახლეობას განსაკუთრებული შობა-ახალი წლის დღეებს, რომელიც ყოველ ჩვენგანს მოუტანს იმ იმედის აღსრულებას, რომელსაც შინ დაბრუნება ჰქვია. ნურავის ექნება იმედი, რომ ვინმეს დავანებებთ მამა-პაპათა ნაფუძარს, მრავალი თაობის მიერ შექმნილ დოვლათსა და ბარაქას. იქ ჩვენი სახლია, ჩვენი სულია, ჩვენი ჭირ-ვარამი და სიხარულია. არ ვიცი რომელი ადამიანური საზომით შეიძლება შეფასდეს თქვენი მოთმინება, შრომისმოყვარეობა, რაშია თქვენი გასაოცარი სიცოცხლისმოყვარეობის, ფოლადისებური სიმტკიცისა და გამძლეობის ამოუცნობი საიდუმლო. ნათქვამია, რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებსო. ამიტომაც, ნურაფრის ნუ შეგვეშინდება! ჩვენ მხარს გვიჭერს და გვერდით გვიდგას მთელი პროგრესული კაცობრიობა, პოლიტიკური თუ სამოქალაქო ძალა. მაგრამ ჩვენი მომავალი ჩვენვე უნდა გამოვძერწოთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს. ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა აფხაზებთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარების, ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის საქმეში. ჩვენ ყველანი ერთნი და ერთიანნი ვართ. ჩვენვე უნდა დავძრათ აისბერგი, რომელსაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები ჩახერგილი აქვს. ახალი 2019 წელი უნდა იქცეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისად, ახალი იდეების, ახალი მიდგომების დამკვიდრების გზაზე.
როგორც უნდა იღვაწონ ოკუპანტებმა ისტორიის ჩარხს უკუღმა ვერ დაატრიალებენ, ღვთისა და კაცობრიობის ნებას წინ ვერ აღუდგებიან. ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით. ბიბლიაში ნათქვამია: არის ჟამი სიძულვილისა და ჟამი სიყვარულისა, ჟამი სიკვდილისა და სიცოცხლისა. ჩვენ სიცოცხლეზე, სიყვარულზე და ერთმანეთის დაბრუნებაზე ვფიქრობთ. ორივე მხარეს მყოფებმა ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რათა მომავალი წელი გახდეს გარდამტეხი იმ ურთიერთობების აღდგენაში, რომელიც ტრადიციულად გვაკავშირებდა ორ უძველეს და უნიკალურ ერს. ერთად უნდა დავძლიოთ წინააღმდეგობები, ერთად უნდა დავივიწყოთ წყენა, უთანხმოება, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი მშვიდობისა და შერიგებისთვის ერთობლივად ვიღვაწოთ. აფხაზეთში დაბრუნებამდე უნდა დავუბრუნდეთ ერთმანეთს სიყვარულით და სიკეთით. გამარჯვება ჩვენი ხვედრია. მართალია, სამართალი ურმით დადის, მაგრამ სამაგიეროდ ყველას კართან მიდის.
მინდა მოგმართოთ ყველას, ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ნათესავებო, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ოკეანის გაღმა და ევროპაში, ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში მყოფნო, მინდა ხმა მოგაწვდინოთ, მოგეფეროთ, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, გისურვოთ ჯანის სიმრთელე, წინსვლა და გამარჯვება იყოს მუდამ თქვენი თანამგზავრი და გზის მანათობელი.
ახალი წლის დამდეგს მინდა ნუგეში ვცე სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა დედებს, მამებს, მეუღლეებს, შვილებს, ყველა ჭირისუფალთ. სამშობლო არასდროს დაივიწყებს თქვენს ძვირფას სახელებს.
განსაკუთრებული იყოს ეს წელი საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის, ჩვენი პატარების, ჩვენი საამაყო ახალგაზრდობისათვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, სქესის, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების მიუხედავად.
ხვავი და ბარაქა თქვენს ოჯახებს!
მრავალ ახალ შობა-ახალ წელს დაესწარით ძვირფასო მეგობრებო!
იდღეგრძელეთ და იბედნიერეთ!
ღმერთი ფარავდეს ერთიან საქართველოს!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით ზესტაფონში აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" გაიმართა. აქციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა მოხუცები და მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა, შობა-ახალი წელი მიულოცა და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში ჩავიდა, იქ მცხოვრებ აფხაზეთის ომის მონაწილეების ნაწილსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო ნობათი გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" გაიმართა. აქციის ფარგლებში აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.
საახალწლო ნობათი განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდათ, მათ შორის: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, ლეიკემიით დაავადებულ არასრულწლოვნებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.
ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს შეხვდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აბრეშუმის გალერეაშიაფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი იუბილარი მხატვრების - რამინ აფაქიძის (80 წ.), ნერსე ბაცაშის (70 წ.), ზურაბ ჭედიას (60წ.) ალბომების პრეზენტაცია გაიმართა. აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ გამოცემულ ალბომებში შესულია ხელოვანების მიერ წლების მანძილზე შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები. იუბილარების ნამუშევრები მრავალ საგამოფენო სივრცესა და კერძო კოლექციებს ამშვენებენ.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ გადაღებული ფილმი „ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა".
მხატვრებს საიუბილეო თარიღი და ალბომების გამოცემა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაციამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძემ დააფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ირმა ირემაძემ მიულოცეს.
საღამოს აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებოღონისძიებათა მიმართულების ხელმძღვანელი დავით ბაძაღუა უძღვებოდა.
ღონისძიების ფარგლებში საშობაო გამოფენა, სახელწოდებით „ფერ-ფორმანსი" გაიხსნა, რომლის ნახვის საშუალება დამთვალიერებელს 29 დეკემბრამდე ექნება.
რამინ აფაქიძე - თანამედროვე ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწე და განსაკუთრებული ხელწერით გამორჩეული მხატვარი, გახლავთ არაერთი პრემიის ლაურეატი და აფხაზეთის დამსახურებული მხატვრის წოდების მფლობელი. ამაგდარი პედაგოგი, რომელიც არაერთი სახელოვანი მხატვრის აღმრზდელია, მათ შორის აფხაზი მხატვრებისაც.
ნერსე ბაცაში - ცნობილი ქართველი მოქანდაკე, ორმოცამდე ქანდაკების ავტორია, მათ შორის „ოქროს საწმისი - ჯვარცმული საქართველო", „დავით აღმაშენებელი", „მძიმე ჯვარი", „ძმათა მონანიება" და სხვა. ქანდაკება „ლიეტუვის გამათავისუფლებელი" კი დასახელებულია წლის საუკეთესო ნამუშევრად. არის გაეროს კონკურსის გამარჯვებული.
ზურაბ ჭედია - აფხაზეთის გამოჩენილი მხატვარი, აფხაზეთის მხატვართა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი. მის ნამუშევრებში აფხაზეთის თემატიკა ჭარბობს: „ზღვა და მირაჟები", „ნოსტალგია", „გზა", „განწყობა" და სხვა.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სააქტო დარბაზში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით საახალწლო კონცერტი გაიმართა. კონცერტში ახალგაზრდული ანსამბლი „მაფშალია" და როკ-ჯგუფი „ოცნება" მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ირემაძე, ჟურნალ „იალქნის" მთავარი რედაქტორი ნანა ჭანტურია და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში დაბა სურამში სანატორიუმ მზიურში, ნაკადულსა და სურამში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.
გეგმიური ღონისძიების ფარგლებში დევნილმა მოსახლეობამ მიიღო: ოჯახის ექიმის, პედიატრის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, რევმატოლოგის, ონკოლოგის, მამოლოგის, თერაპევტის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და დერმატოლოგის მომსახურება.
ჩატარდა ინსტრუმენტული გამოკვლევები: ექოსკოპია (მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის) ელექტროკარდიოგრაფია, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. ასევე, C ჰეპატიტის სკრინინგი.
ექიმების დანიშნულების შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე გაიცა მედიკამენტები.
გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდნენ.
კომპოზიტორთა კავშირში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი -2"-ის ორგანიზებითა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
ღონისძიების ბოლოს, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2"-ის დირექტორი ლელა უბილავა, მასწავლებლები და მოსწავლეები პროექტში - „აფხაზეთის დღეები ნიდერლანდების სამეფოში" წარმატებული მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ასევე, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სამუსიკო განათლებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2"-ის სასწავლო ნაწილის გამგე მარინა გერგედავა და იურისტი ანა შარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
მინისტრმა თავის გამოსვალში ყურადღება გაამახვილა 2012 წლიდან დღემდე ჯანდაცვის მიმართულებით გატარებულ ძირეულ რეფორმებზე. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე.
ანგარიშში წარმოდგენილი მასალები მომზადებული იყო ადგილობრივი და ასევე მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გლობალური ფონდის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის (HUES-ის კვლევა) შედეგების გათვალისწინებით, რომელშიც ნათქვამია, რომ 2012 წლიდან ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული ძირეული რეფორმები საგრძნობლად აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
მინისტრის ანგარიშს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.