- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოცემული წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის. მასში მოცემული გაკვეთილებისა და თემების განხილვა დაეხმარება მკითხველს შეისწავლოს წერა-კითხვა აფხაზურ ენაზე, გაეცნოს ხშირად გამოყენებად სიტყვებსა და ფრაზებს, შეიძინოს დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი. წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჭბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.
ღონისძიების მონაწილეებმა აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წიგნი ხელს შეუწყობს აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებასა და მის განვითარებაზე ზრუნვას.
პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე მინი-სპექტაკლი „ყელში მობჯენილი მონატრება“ წარმოადგინეს. ფერიის საჯარო სკოლისა და აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“. ასევე, აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები აფხაზურ ენაზე.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე, აჭარაში მცხოვრები აფხაზები და აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ და ჟიული შარტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და თეატრის მსახიობები. საღამოზე ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმის „ჩვენი დროის გმირი“ ფრაგმენტები, რომელშიც ასახულია აფხაზი სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების სიცოცხლის უკანასკნელი კადრები.
საღამოზე ჟიული შარტავას ოჯახს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის ინიციატივით დაწესებული სპეციალური ჯილდო მედალიონის სახით, წარწერით „სოხუმელი“ გადაეცა.
ჟიული შარტავას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს დამდგმელი რეჟისორი იყო საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე.
საღამოზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები , ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები.
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა ნინო სადღობელაშვილის პიესის - „დაბადების დღე“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა.
სპექტაკლი მაყურებელს საქართველოს უახლესი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის - 1993 წლის 27 სექტემბრის მოვლენების შესახებ და ჟიული შარტავას უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს. პიესა აგებულია აფხაზეთის ომის მონაწილეთა, თვითმხილველთა, მებრძოლთა ახლობლების მონათხრობისა და ზეპირი ისტორიების საფუძველზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის დასსა და ხელმძღვანელობას სპექატკლისათვის - „დაბადების დღე“ მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული სპექტაკლის მაღალ მხატვრულ დონეზე დადგმისათვის რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
სპექტაკლის ჩვენება საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო.
ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პარლამენტში პირველი ეროვნული გმირის სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა გაიხსნა.
მემორიალური დაფა და დარბაზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟიული შარტავას ოჯახის წევრებთან ერთად გახსნა და საქართველოს ეროვნული გმირის თავდადების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის დარბაზისა და მემორიალური დაფის გახსნას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.
ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ეროვნული გმირების ოჯახის წევრებმა, დევნილმა საზოგადოებამ გვირგვინით შეამკეს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას საფლავი და პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას.
გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ჟიული შარტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების მამია ალასანიას და გურამ გაბესკირიას საფლავები.
ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები ასევე, საქართველოს რეგიონებშიც გაიმართა.
საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებით აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ალპინიადის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. ასევე, მოეწყო ალპინიადისადმი მიძღვნილი ვიდეო კლიპების პრეზენტაცია. ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე მოწყობილი პირველი ალპინიადის მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საპატიო სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ალპინიადის მონაწილეები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
დაჯილდოება საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ეროვნული ალპინიადა 2018 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდა. მასში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის - პარტნიორობის მომზადებისა და განათლების ცენტრის, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. დალაშქვრის შედეგად აღმოსავლეთ კავკასიონზე, ხდის ხეობაში მდებარე უსახელო მწვერვალს (სიმაღლე 3700 მეტრი ზღვის დონიდან), საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგ თინა ოდიშარიას დედის დღე მიულოცეს და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისა და ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში გაწეული უანგარო შრომისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელი გადასცეს.
თინა ოდიშარია 1919 წლის 20 მარტს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში დაიბადა. 1958 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ სოხუმში გადავიდა. მუშაობდა სოხუმის №16 საშუალო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლად. წლების განმავლობაში ემსახურებოდა საგანმანათლებლო სისტემას და იყო გამორჩეული, სანიმუშო პედაგოგი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს მისი შვილი ლორენ ოდიშარია სოხუმში დახვრიტეს.
2019 წლის 20 მარტს თინა ოდიშარიას 100 წელი შეუსრულდება.
ვაზისუბნის დასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი გაიმართა.
ისანი-სამგორის სპორტული კომპლექსის რაგბის მოედანზე ერთმანეთს თბილისის „თბილისი“ და სოხუმის „მეომრები“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კლუბ „თბილისის“ მცირე უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით ანგარიშით 19-18 დასრულდა.
გამარჯვებული გუნდი თასითა და დიპლომით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაქარია ჯაჭვაძემ დააჯილდოვეს.
ასევე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით კუს ტბაზე სამშვიდობო მარათონი მოეწყო, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. გარბენში ადგილობრივებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „მხოლოდ ქალები“ გაიმართა.
ღონისძიებაზე საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებული 10 გამორჩეული ქალბატონის დაჯილდოება მოეწყო. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები, იურისტი, ჟურნალისტი, ექიმი, რეჟისორი და პედაგოგი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა კურთხევით სათნოების სახლ „კათარზისში“ აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა და მზრუნველობას მოკლებული მოხუცებისათვის საქველმოქმედო შემეცნებითი პროექტი „შენ ჩვენ გვჭირდები“ გაიმართა.
ღონისძიების პირველ დღეს „კათარზისელების“ და აფხაზეთის ახალგაზრდობის მხატვრული კოლექტივების მონაწილეობით სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო სადღესასწაულო სადილი.
მზრუნველობა მოკლებულ პირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, ილორის წმინდა გიორგის ტაძრის თბილისის მეტოქიონის წინამძღვარი მამა ლევანი და სხვა მოწვეული სტუმრები მიესალმნენ, მათ დედის დღე მიულოცეს და მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების თანამშრომლები და აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის ,,ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარების“ წევრები ორი კვირის განმავლობაში კათარზისის ადმინისტრაციას ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვაში დაეხმარებიან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ ბრიტანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
შეხვედრაზე განიხილეს გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ხელშეწყობით ერთობლივად უკვე განხორცილებული და სამომავლოდ გასახორციელებელი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთთან დაახლოების პროცესს.
თავის მხრივ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მეორე პოლიტიკური მდივანი მარგარეტ ბელოფი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ რუხში მდებარე კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა დაათვალიერა.
სახელმწიფო რწმუნებულმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადეს USAID-ის და პროექტ „ზრდას“ წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებისა და სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობისთვის. შეხვედრის პარალელურად, ადგილობრივი ფერმერების მიერ მწვანე კალმით გამრავლების პროცესის დემონსტრირება მოეწყო.
კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობა შპს „აგორა“-მ USAID-ის პროექტ „ზრდას“ დახმარებით გასული წლის გაზაფხულზე მოაწყო. პროექტი 50-მდე ფერმერს ყოველწლიურად დაეხმარება მინიმუმ 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სანერგეების მოწყობაში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ყოველწლიურად 100 000-მდე კენკროვანი კულტურის მაღალი ხარისხის ნერგის წარმოება და გაყიდვა, ადგილობრივი ბაზრის სრულად მომარაგება კენკროვანი კულტურების ნერგებითა და პროდუქციით.
სანერგე მეურნეობაში ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დეპარტამენტის თანამშრომლები და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დევნილ საზოგადოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ - განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებზე, რომელთა დაფინასება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ხორციელდება. ხაზი გაესვა იმ ერთობლივ პროექტებს რომლებიც აფხაზეთის მთავრობის საბიუჯეტო დაფინანსებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავარ ამოცანას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს.
„ჩვენ განსაკუთრებულ მზრუნველობას, ყურადღებასა და მხარდაჭერას ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობა საჭიროებს, რადგან ისინი აფხაზებისა და ქართველების დაახლოებისა და ნდობის აღდგენის ერთგვარ ხიდს წარმოადგენენ“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
2018 წელს მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე მიეწოდათ ინფორმაცია. ასევე საქმიანი შეხვედრები გაიმართა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თვითმმართველობის ორგანოებთან. შეხვედრებზე განხილებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
1921 წლის 12 თებერვალს საბჭოთა რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს დასაბყრობად შემოიჭრა. საოკუპაციო ძალებს თბილისის მისადგომებთან ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები დაუხვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. შეტაკებებისას იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა, საქართველოს დედაქალი დაიკავა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა კი ემიგრაციაში წავიდა.
რუსთავში, ქალაქის მერიის ინიციატივით, ცნობილი ქართველი ლოტბარის, ჯუმბერ ყოლბაიას მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა ფიროსმანის ქუჩაზე, საქართველოს დამსახურებული არტისტის საცხოვრებელი სახლის ფასადზე, მისმა შვილმა და შვილთაშვილმა გახსნეს. ჯუმბერ ყოლბაიას დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია, ანსამბლ „ფაზისის“ წევრები, ჯუმბერ ყოლბაიას ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ჯუმბერ ყოლბაია ანსამბლ „რუსთავის“ დაარსების დღიდან მისი წევრი იყო, ხელმძღვანელობდა ვოკალურ ანსამბლ „ფაზისს“, იყო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მის მიერ ქალაქ რუსთავში ბავშთა გუნდი „ჩაკრულო“ დაარსდა.
ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, 2016 წელს, რუსთაველ ლოტბარს ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა. რუსთავის მერის გადაწყვეტილებით, დამსახურებული არტისტის, ჯუმბერ ყოლბაიას სახელი მიენიჭა ასევე წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლსაც.