- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ზესტაფონში მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ბიჭიკო კაკაბაძეს ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქარი გადასცა.
ომის ვეტერანთან ასევე სტუმრად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით უცნობის ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
„ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღეს და პატივს მივაგებ ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას.
ვაფასებ ყველა იმ ვეტერანის ღვაწლს, რომელთა შორის აფხაზეთის მკვიდრნიც მრავლად არიან. მათ თავიანთ მხრებზე გადაიტანეს ომის მთელი სიმძიმე და დღეს, ამაყნი, ვალმოხდილნი, გამარჯვებულნი დგანან საკუთარი ქვეყნისა და კაცობრიობის წინაშე. ჩვენი ვალია, მათი თავდადება და გმირობა სათანადოდ იყოს დაფასებული და მაგალითს წარმოადგენდეს მომავალი თაობებისთვის“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
ვაკის პარკში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და კომპანია „კარფურმა“ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია და კომპანია „კარფურის“ წარმომადგენლები დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს აგრაფინა თავართქილაძესა და შოთა გვილავას ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი მიულოცეს, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და საჩუქრები გადასცეს.
კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით სასაჩუქრე კალათა საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ ყველა დევნილ ვეტერანს გადაეცემა.
საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით დღეს მთაწმინდის პარკში ყოველწლიური ჩაისა და თაფლის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალში აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეებიც მონაწილეობდნენ. კოოპერატივმა „კოდორი-2015“ ფესტივალზე თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის ფართო არჩევანი წარმოადგინა, რომელმაც სტუმრებისა და სპეციალისტების მაღალი შეფასება მიიღო.
ფესტივალზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. პრემიერმა თავის გამოსვლაში ხარისხის ნიშნის მინიჭების ახალ რეგულაციებზე ისაუბრა, რომლის მიზანია აგრარული სექტორის ბიზნეს-სუბიექტების მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.
ფესტივალის ფარგლებში 13 წარმატებული კომპანიის წარმოდგენელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხარისხის სხვადასხვა ნიშნები გადასცა.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინა. ტაძარში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება.
დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობისთვის გადაცემული იერუსალიმიდან ჩამოტანილი სადაფის ჯვარი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის, ჭკადუაშის, ზედა ეწერისა და ინგირის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. რუსლან აბაშიძე ადგილზე გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს და არსებული პრობლემები მოისმინა.
დევნილებთან შეხვედრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
პედაგოგებმა ისაუბრეს კონკრეტულ მიღწევებზე და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებსაც, როგორიც არის აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლების გაძლიერების მნიშვნელობა, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პროცესში მოსწავლეთა მეტი ჩართულობის აუცილებლობა და სხვა. წამოწეული იყო 1-ლი საჯარო სკოლისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭების პროცედურის დაჩქარების საკითხი.
შეხვედრაზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდსა და ინგირში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ექიმი-რადიოლოგი.
ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, მაღალკვალიფიციური ლაბორატორიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ორი დღის განმავლობაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ინგირის ამბულატორიაში გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ზურაბ ხონელიძეს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, სადაც ისაუბრეს სამომავლო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე და საუნივერსიტეტო პროექტების მხარდაჭერის აუცილებლობაზე.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
რუსლან აბაშიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რანგში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს.
დღეს მთავრობის ახალი თავმჯდომარე აპარატის თანამშრომლებს შეხვდა და თავის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აფხაზეთის მთავრობაში რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ წარადგინა.
შეხვედრას ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გუშინ დანიშნა.
რუსლან აბაშიძე 1996-2006 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2006-2009 წლებში იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2009-2013 წლებში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ესტონეთის რესპუბლიკაში. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2019 წლის 4 იანვრიდან 1 მაისამდე იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში ვაზიანის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ უკიდურესად შეჭირვებულ პირებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა. აქციის ფარგლებში აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სადღესასწაულოდ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.
სააღდგომო ნობათები გადაეცათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, ლეიკემიით დაავადებულ არასრულწლოვნებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ობოლ ბავშვებსა და აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა დედებს.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით 5 წელია წელიწადში ორჯერ (სააღდგომოდ და საახალწლოდ) იმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა დედებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე ესწრებოდა.
საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის ყოფილი თავმჯდომარის გენო კალანდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სიტყვით გამოსვლისას გენო კალანდიას ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენა. ასევე, აღნიშნა მისი განსაკუთრებული წვლილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის პროცესებში.
საღამოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემოქმედებითი კოლექტივები, პოეტები და მსახიობები მონაწილეობენ. ნაჩვენები იყო გენო კალანდიას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ვიდეო-კოლაჟი. ასევე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ გენო კალანდიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სონეტების კრებული გამოიცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტის მეგობრები, ახლობლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე. ის თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში საღამო „ვულოცავთ საერთაშორისო ჯილდოს გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა)“ გაიმართა. ღონისძიება ვარშავის უნივერსიტეტის მიერ გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დაჯილდოებას მიეძღვნა. მეუფე ანდრიამ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და წმ. გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობასა და ღვაწლზე ისაუბრა.
ღონისძიება მუსიკალურად ბარბარე თათარაძემ, ირინა შერაზადიშვილმა, ვიქტორია ჩაპლინსკაიამ და ანსამბლმა „იალონმა“ გააფორმეს.
საღამოს თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა (გუნია) უძღვება.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.