- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ თავმჯდომარეს დევნილობაში თამაზ ნადარეიშვილს დღეს 65 წელი შეუსრულდებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
თამაზ ნადარეიშვილს მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, ის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, არის აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე მონოგრაფიის და მრავალი პუბლიკაციის ავტორი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას სახელობის ქუჩაზე მდებარე მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 1989 წელს სოხუმში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას.
ვოვა ვეკუა 1989 წლის 15 ივლისს, შეიარაღებული შეტაკებისას დაიღუპა. იგი იყო აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი.
2010 წელს აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ვოვა ვეკუას სახელი მიენიჭა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ოკუპირებული გალის რაიონიდან მოსწავლეებს შეხვდნენ, რომლებიც პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში მოქმედი ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში იღებენ მონაწილეობას.
შეხვედრაზე ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია იმყოფებოდნენ.
საზაფხულო სკოლა 23 ივნისს დაიწყო და მასში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 600 მოსწავლე იღებს მონაწილეობას, მათ შორის, 43 მოსწავლე ოკუპირებული გალის რაიონიდან. საზაფხულო სკოლა ინგლისური ენის გაძლიერებულ სწავლებასა და სხვადასხვა აქტივობას მოიცავს. 600 მონაწილიდან 21 გაერთიანებულ სამეფოში, ინგლისური ენის სკოლაში გაემგზავრება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში პროექტ „ზრდა“-ს ხელმძღვანელის მოადგილე ქეთევან ჭუმბურიძეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში პროექტ „ზრდა“-ს საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობის უფრო მეტად გააქტიურების საჭიროებაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოითქვა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, საქართველოში USAID-ის წარმომადგენლები დავით წიკლაური და ედუარდ შერმადინი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ლევან გერაძე და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა. შეხვედრას აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ისაუბრეს იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც აჭარის მთავრობა რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისადმი იჩენს და ასევე აფხაზების თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად გადადგმულ ნაბიჯებზე.
ხაზი გაესვა განათლების მიმართულებით აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას. კერძოდ, ბათუმში მცხოვრები აფხაზური წარმომავლობის მოსახლეობისთვის ენის შენარჩუნების მიზნით, რამდენიმე საჯარო სკოლაში სპეციალური სასწავლო პროგრამა ამოქმედდა.
შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქ ბათუმში, „ბენზეს“ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ და ჩასახლებაში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს.
დევნილებთან შეხვედრების შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება „მე ვარ აფხაზეთი“ მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში მოზარდებისთვის აფხაზეთიდან დევნილი და ბათუმელი მხატვრების ხატვისა და კალიგრაფიის მასტერკლასები ჩატარდა, ასევე ბავშვების მონაწილეობით ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული როკ-ჯგუფის კონცერტი და სენაკის თოჯინების თეატრის სპექტაკლის ჩვენება მოეწყო. ჩასახლებაში მცხოვრები მოზარდების ხალისიან განწყობაზე ანიმატორებმა და სხვადასხვა ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. მოზარდებს საჩუქრად ჟურნალები „რიწა“ და „იალქანი”, გენო კალანდიას, აზა ბასლანძის პოეტური კრებულები და ტკბილეული დაურიგდათ.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალისა“ და სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგას“ ხელმძღვანელ ნათელა დუმბაძეს, მოძრაობის წარმომადგენლებსა და აჭარაში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ნათელა დუმბაძემ ისაუბრა "ქართულ-აფხაზური საგას" საქმიანობის შესახებ, ასევე ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე.
რუსლან აბაშიძემ ძირითადი აქცენტები ქართველებისა და აფხაზების შერიგების პროცესში სამშვიდობო ინიციატივებზე და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე გააკეთა.
დაისახა გეგმები ერთობლივ სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგა“, სახალხო დიპლომატიის კუთხით 10 წელიწადზე მეტია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ჩართულობით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. მათი მიზანია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ფართო ჩართულობით, გამოინახოს გზები დროებით გაუცხოებულ, ენგურსგაღმა დარჩენილ საქართველოს ძირძველ კუთხესა და აფხაზების ისტორიულ ოჯახში დასაბრუნებლად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე რაც ამ ორგანიზაციამ განახორციელა არის ის, რომ ფერიისა და ბათუმის №14 საჯარო სკოლაში კლასები ჩამოაყალიბეს, სადაც აფხაზური ენის შესწავლაა შესაძლებელი.
აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდა.
სხდომაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავებების, თავისუფალი გადაადგილების აკრძალვისა და მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცის ფაქტებს, ასევე მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
2-3 ივლისს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.
ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ შეზღუდვების დაწესებასა და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე შედეგებზე.
ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გახსნის მიზნით.
მოლაპარაკებებზე განიხილეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების, თავისუფალი გადაადგილებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის საკითხები, რაც ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას.
განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე კოდორის ხეობის მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაცია, მათი მძიმე ჰუმანიტარული და სოციო-ეკონომიკური საცხოვრებელი პირობები. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დასვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საჭიროების საკითხი.
განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალებაზე და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვეს საქმის მასალების დაუყოვნებლივი გაზიარება.
მოლაპარაკებებისას საქართველოს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის მნიშვნელობაზე. თუმცა, აღნიშნულ საკითხზე დისკუსიისას მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის მიმართ.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.
ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი 2-3 ივლისს გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი და რევმატოლოგი.
ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების მიხედვით დევნილ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები გადაეცათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ესწრებოდნენ.
ასევე, სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის ვლადიმერ იმნაძის სამუშაო შეხვდრა გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების პრობლემებზე და იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო სამოქმედო გეგმაზე.
ახლო მომავალში იგეგმება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც მხარეებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი და მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 8 დევნილ ბენეფიციარს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.
დაბა წყნეთში დევნილ დათო შენგელიასთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მას ეტლი პირადად გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2016 წელს გაფორმდა. შეთანხმება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შშმ პირთათვის ეტლებით დახმარებასა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის მიღწევებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 200-ზე მეტი მეწარმე, ბიზნეს საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი დაესწრო.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე ესწრებოდნენ.
DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის ოფისები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში დაარსდა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) საკითხებზე საინფორმაციო ცენტრების მეშვეობით 6 ათასამდე მცირე და საშუალო მეწარმემ კონსულტაციები და ტრენინგები გაიარა.