მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და გაეცნო პრობლემურ საკითხებსა და მათ საჭიროებებს. განსაკუთრებით აღინიშნა განსახლებასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები. 

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა დევნილთა საკითხების მოსაგვარებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შესახებ და დევნილებს მათთვის  მნიშვნელოვან საკითხებზე შუამდგომლობას და მოგვარებას დაჰპირდა.

შეხვედრაში ქალაქ ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

„14 აგვისტო, აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ათვლის წერტილია. დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა დაღუპულის ხსოვნას ვინც თავი შესწირა ქვეყნის ერთიანობას. სამწუხაროდ, ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლა საუკუნეების განმავლობაში გრძელდება და მისი მსხვერპლი ჩვენი ხალხი და საზოგადობაა.

საქართველოში განვითარებული მოვლენები არ არის ეთნოკონფლიქტები, არამედ ერთიანი საზოგადოების დანაწევრების მცდელობას წარმოადგენს. დღეს მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საზოგადოება არის, რომელსაც დიდი საფასურის გაღება უწევს, მათ შორის,  კულტურის, ენის, დემოგრაფიის და ნაციონალური იდენტობის ხარჯზე.

აფხაზეთის საზოგადოება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ასევე იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები, იმყოფებიან უდიდესი განსაცდელის წინაშე. ამიტომ ყველამ უნდა იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, გვეყოს სიძლიერე და არ დავუშვათ მიმდინარე მოვლენების შეუქცევად პროცესებად გადაქცევა.

ჩვენს უმთავრესს პრიორიტეტს კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკა წარმოადგენს. სწორედ მშვიდობიანი გზებით ვაპირებთ ნებისმიერი უთანხმოების მოგვარებას, ვინაიდან მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია“.

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან და აფხაზეთში დაღუპული გმირების დედებთან ერთად ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაკარგულ და დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მუზეუმი „მოლოდინი“ მოინახულა.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ორივე მხრიდან ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო იმ დროისათვის სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრთან ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის სკოლის შენობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე ესწრებოდნენ.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, პულმონოლოგი და გასტროენტეროლოგი.

ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, გულის ეკოსკოპია, მუცლის ღრუს ელექტროკარდიოგრამა, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის განსაზღვრა და  C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების მიხედვით ბენეფიციარებს „პსპ-ფარმას“ მიერ ჰუმანიტარულად გადმოცემული მედიკამენტები გადაეცათ.

8 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და მათი მეუღლეები მიიღო.

ისინი დასალოცად ეწვივნენ მის უწმინდესობას და ამასთან გააცნეს თავის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა სტუმრები და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი გამოთქვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

„აგვისტოს ომი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია. ამ ომს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ადამიანმა დაკარგა საკუთარი სახლ-კარი, დამატებით დაიკარგა ქართული სოფლები  და კოდორის ხეობა. აფხაზეთის საზოგადოება არასდროს არ  შეეგუება ოკუპაციას. საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობო ინიციატივებით, სამშვიდობო პოლიტიკით, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, გონივრული და პრინციპული პოზიციით ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის გასაერთიანებლად. ქედს ვიხრი დაღუპული ადამიანების წინაშე და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე გურიის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და მათ პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნო. დაიგეგმა უახლოეს მომავალში შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილებსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის, სადაც დეტალურად მოხდება ყველა საჭიროებების განხილვა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

დევნილებთან შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძესა და გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

საუბარი შეეხო  იმ ინიციატივებსა და პროექტებს, მათ შორის  სოფლის მეურნეობის, ასევე საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიმართულებით, რომელთა  განხორციელება მნიშვნელოვანია გურიის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, გურიის  რეგიონული  სამმართველოს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი საინიციატივო ჯგუფის მხრიდან წარმოდგენილი წინადადებების განხილვა იყო. სამუშაო შეხვედრაზე, მინისტრმა და მთავრობის თავმჯდომარემ საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. კერძოდ, საუბარი შეეხებოდა ბინის მიღებისა და ქირის კრიტერიუმების გადახედვის საკითხებს. ასევე, დევნილების მეტ ჩართულობას და კომისიის გამჭვირვალეობის მექანიზმის შემუშავებას. მსგავსი სახის შეხვედრები დევნილთა საინიციატივო ჯგუფებთან, რეგულარულად გაიმართება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ჰეპატიტების წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოში გატარებულ ღონისძიებებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, ვინაიდან ყველა მოქალაქისათვის ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტები სრულიად უფასოა. ასევე, ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით  ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები თანამოქალაქეებიც აქტიურად სარგებლობენ.

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან  თანამშრომლობით,  პროგრამის „დევნილი ახალგაზრდების ჩართულობა  ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის“ ფარგლებში ორდღიანი ვორკშოპი ჩატარდა.

ვორკშოპის პარალელურად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების გადაღებული ფოტოების გამოფენა სახელწოდებით „გალიდან - ფსოუმდე“ მოეწყო. ასევე საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მიერ იტალიაში ერთობლივად მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ ჩვენება გაიმართა.

პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსი გიგა გაბელაია ესწრებოდნენ.

ვორკშოპში 100-მდე 14-დან 18 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობდა. პროექტის ბოლოს მონაწილეებს  სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიების მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება შემდეგ თემებზე: სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, ბავშვის უფლებები, აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, კონსტიტუცია, დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობა, მეგობრობა ბულინგისა და აგრესიის ნაცვლად, ხელოვნება, როგორც მშვიდობის მშენებლობის გზა.

„მსურს გამოვეხმაურო, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო  სისტემაში,  ოკუპირებული აფხაზეთიდან  დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის გამარტივებული წესით ჩარიცხვის გადაწყვეტილებას, რომელთაც  ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო არ მიეცათ თავისუფალი გადაადგილების საშუალება და შესაბამისად ვერ მოახერხეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება.  

მივესალმები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ  ყველა აბიტურიენტს,  განურჩევლად ეროვნებისა, მიეცეთ საშუალება სწავლა გააგრძელონ მათ მიერ არჩეულ უმაღლეს სასწავლებელში და არ მოხდეს  მათი  უფლებების შელახვა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.  

მინდა მივულოცო ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა სტუდენტს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა და ვუსურვო მათ წარმატებები“

დევნილთა საინიციატივო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საინიციატივო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან იძულებით გადაგილებულ პირებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მინისტრმა დევნილების პრობლემები მოისმინა და მათ საინიციატივო ჯგუფის შექმნა შესთავაზა. დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრები სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, სამუშაო ფორმატში, შეხვედრებს გამართავენ. რის შემდეგაც, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იძულებით გადაადგილებულ პირებს განმეორებით შეხვდება და მათ მიერ წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის გზებზე უფრო კონკრეტულად იმსჯელებენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის საკითხებს, ასევე ისაუბრეს მიმდინარე პროექტებსა და მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებელია რეფორმების განხორციელება და დევნილთა სოციალურ გაძლიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება ასევე, მათი დასაქმების მოტივირებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობა. რუსლან აბაშიძემ თავის მხრივ დაადასტურა აღნიშნული პოლიტიკის გატარების აუცილებლობა და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად განიხილა ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს დევნილების სოციალურ კეთილდღეობას.