მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ქალაქ წყალტუბოში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდებისათვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის ჩატარდა მასტერკლასები ხატვასა და კალიგრაფიაში, ბავშვების ხალისიან განწყობაზე კი ანიმატორებმა და სხვადასხვა ზღაპრისა და ანიმაციური ფილმების გმირებმა იზრუნეს.  ასევე, მოზარდებისთვის სახალისო კონკურსები და ვიქტორინები გაიმართა, რომლის გამარჯვებულებიც სხვადასხვა პრიზებით დასაჩუქრდნენ. ღონისძიება კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუხის ინოვაციების ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დევნილების შეკითხვებს უპასუხეს და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ საჭიროებებზე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია მონაწილეობდნენ. 

დღესვე რუხის ინოვაციების ცენტრში დევნილებს ტრეინინგი ჩაუტარდათ და მიეწოდათ ინფორმაცია იმ სერვისებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებენ. ამხანაგობების თავმჯდომარეებს „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (კანონის კონსოლიდირებული ვერსია) დაურიგდათ. 

პროექტის მიზანია დევნილთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით და მათი მონაწილეობა საბინაო მართვის პროცესში. პროექტი აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა"-ს პარტნიორობით ხორციელდება.

საინფორმაციო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„მსურს დღევანდელი დღე მივულოცო ყველა ვეტერანს, რომელმაც წვლილი შეიტანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, მსოფლიოში მშვიდობის დამყარების და გლობალური უსაფრთხოების საქმეში. ვაფასებ მათ ღვაწლს და თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი გმირობისთვის“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლები აფხაზური ენის გაკვეთილს და სკოლის მოსწავლეების მიერ აფხაზურ ენაზე შესრულებულ ლიტერატურულ პერფორმანს დაესწრნენ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სკოლას საჩუქრად წიგნები,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის რუკები და სპორტული ინვენტარი გადასცა. რუსლან აბაშიძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფერიის საჯარო სკოლას აფხაზური ენის პოპულარიზაციისათვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ქართულ-აფხაზური საგას წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები კახაბრის №34-ში (ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა) მდებარე აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც ცოტა ხნის წინ აფხაზეთის მთავრობის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის საფუძველზე, დასუფთავების და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.

დღესვე ქალაქ ბათუმში ლეონიძის №15-ში მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მაკდონალდსში უმასპინძლა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დიმა ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
ახალგაზრდებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გადასცეს.
მიმდინარე წელს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აბიტურიენტები, რომლებმაც ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ.

8-9 ოქტომბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.

ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით, ასევე ადგილზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას.

საუბარი შეეხო ასევე აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებულ ხელოვნურ შეზღუდვებს ივნის-სექტემბერში. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მონაწილეებს მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომ გახსნან ყველა ე.წ. გადასასვლელი და არ შეაფერხონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება.
 
განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო გალისა და ახალგორის რაიონების მაცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება. მწვავედ დაისვა  ეთნიკური იდენტობის შეცვლაზე იქ მცხოვრები ქართველების იძულების საკითხი, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა თბილისიდან წამოწიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობები, მათ შორის, სოფელ ერედვში ქართულ ნასახლარებზე ნაგავსაყრელების მოწყობის ცინიკური გადაწყვეტილება. 

მოლაპარაკებებისას საქართველოს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე. განხილულ იქნა ასევე აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საკითხი. 

მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანეს თემას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს ამ ჰუმანიტარულ საკითხზე ჟენევის ფორმატში საგნობრივი განხილვისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობაზე. თუმცა მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავ გამოიჩინეს უპასუხისმგებლო მიდგომა და დღის წესრიგის ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართება.

თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში  1992 წლის ოქტომბერში გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

დღესვე გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის“ წევრებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება „აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის“ ორგანიზებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში აფხაზეთიდან დევნილთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „კოდორი-2015“-ის სტაციონარულ საფუტკრეში ღონისძიება „დევნილი მეფუტკრეების მიღწევები და მათ წინაშე არსებული პრობლემები“ გაიმართა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ დათვალიერა წარმოდგენილი პროდუქცია ასევე, გაესაუბრა დევნილ მეფუტკრეებს და მათ საჭიროებებს გაეცნო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ბიზნეს პალატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელები და დევნილი მეფუტკრეები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დიეგო კოლასს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ფრანგ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ. გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და იქ მიმდინარე მოვლენები.

თავის მხრივ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ლევან გერაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელ ლუიზა ვინტონს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მთავრობის თავმჯდომარემ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ.

ლუიზა ვინტონმა ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც UNDP საქართველოში ახორციელებს. ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე რომელმაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ლევან გერაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საფრანგეთის საელჩოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მან პატივი მიაგო ჟაკ შირაკის ხსოვნას და ფრანგ ხალხს  საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალება მიუსამძიმრა.  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელ დოქტორ ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოში UNICEF-ის საქმიანობის შესახებ, ასევე ორგანიზაციის პრიორიტეტულ განათლების, ჯანდაცვისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებებზე.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავარი მიზანი აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაშორიშორებული საზოგადოების გაერთიანებაა. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ბავშვთა უფლებების დაცვას, განსაკუთრებით კი განათლების კუთხით.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თურქ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მისი ქვეყნის ურყევი პოზიციისათვის და იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის, აფხაზეთის საზოგადოების მხარდასაჭერად ახორციელებს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ესწრებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

დევნილებმა უფასოდ მიიღეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები, ასევე C ჰეპატიტის და შიდსის სკრინინგი.

სპეციალისტებს შორის იყვნენ კლინიკა „ღია გულის“, რუსთავის მედიცინის სახლი - N1 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრისა და საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმები.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია და რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი ესწრებოდნენ.

კინოთეატრ „ამირანში“ რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმის „შინდისი“ პრემიერა გაიმართა. ფილმის საპრემიერო ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ფილმში მოთხრობილი ამბავი ნამდვილ ისტორიას ეფუძნება. სიუჟეტი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს ვითარდება და ქართველი ჯარისკაცების ოცეულისა და შინდისის მაცხოვრებლების თავგანწირვასა და ადამიანურ ტრაგედიებზე მოგვითხრობს.