- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
დეპუტატებს ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ მიაწოდეს.
სხდომაზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვით შექმნილ მძიმე ვითარებაზე. ასევე, აფხაზეთის საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და აფხაზური ენის შეზღუდვებთან და რუსული ენის დომინანტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
დღესვე, დახურული სხდომის ფორმატში ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე მოისმინეს ინფორმაცია.
სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
რუსლან აბაშიძემ იაპონიის ელჩს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მთავრობის თავმჯდომარემ იაპონელ დიპლომატთან ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ, ასევე, იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე, კერძოდ, სოფელ რუხში მოწყობილ სასათბურე მეურნეობაზე, სადაც აფხაზეთიდან დევნილები არიან დასაქმებულნი. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი მასატაკა ობატა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დიმიტრი ხვთისიაშვილის და ანანო მირიანაშვილის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის „სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“ პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლი მაყურებელს მოუთხრობს ორი ახალგაზრდის, ქართველი ლუკას და აფხაზი სოფიას სიყვარულის ისტორიას, რომელმაც საოკუპაციო ზოლის მავრთულხლართები გადალახა და 26 წლიანი მტრობა დაამარცხა.
სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ესწრებოდნენ.
სპექტაკლის პრემიერა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხარდაჭერით შედგა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ მიკისკას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
რუსლან აბაშიძემ ჩეხეთის ელჩს გააცნო ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდომარეობაზე და იმ სირთულეებზე, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს უკავშირდება.
მთავრობის თავმჯდომარემ ჩეხ დიპლომატთან ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ, ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრაზე მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოითქვა.
ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ იტალიელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მძიმე სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს შესაძლო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლები ლევან გერაძე და ნანა გოგოხია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
სენაკში „ეგრისობა 2019“ აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერ ლევან კუპრეიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჟიული შარტავას მუზეუმი მოინახულა, ასევე გვირგვინით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
„ეგრისობაზე“ სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. ნოქალაქევის უძველეს ციხე-გოჯში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეების დათვალიერება, ხალხური რეწვისა და ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა.
სახალხო დღესასწაულის ბოლოს ქუჯის ისტორულ ქალაქში გალა-კონცერტი და საპატიო სენაკელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
„ეგრისობის“ ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ქალაქ წყალტუბოში იმერეთის რეგიონის დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ორი დღის განმავლობაში დევნილებს ჩაუტარდათ ტრეინინგი და მიეწოდათ ინფორმაცია იმ სერვისებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს. მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს პრობლემური საკითხები, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში არსებულ საჭიროებებს გაეცნენ და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. ამხანაგობების თავმჯდომარეებს „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (კანონის ადაპტირებული ვერსია) დაურიგდათ.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტის მიზანია დევნილთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით და მათი მონაწილეობა საბინაო მართვის პროცესში. პროექტი აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა"-ს პარტნიორობით ხორციელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა იმერეთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და საჭიროებები, მათ შორის, საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების საკითხი იყო.
იმერეთის გუბერნატორმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და პროექტებზე იმსჯელეს.
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა იმერეთის თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის წყალტუბოშიც არიან ჩასახლებული, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული პროექტი იწყება. ქუთაისსა და წყალტუბოში ასევე მიმდინარეობს იმერეთის რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა ესწრებოდნენ.
დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სოლო-კონცერტი გაიმართა.
კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა ჯგუფ „The Georgian Six“-თან ერთად 6 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლეში, დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმს საზეიმოდ გახსნის. სტრასბურგში შესრულდება აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის მიერ საგანგებოდ ამ კონცერტისთვის არანჟირებული ქართული და უცხოური კომპოზიციები.
დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმი 6-8 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართება და მასში 100-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის ევროპის საბჭოს 47 წევრი და ექვსი დამკვირვებელი ქვეყნის) 2000-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენა პირდაპირი ეთერით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა.
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სოლო-კონცერტი ასევე „Respire Temple Neuf“-ის ტაძარში გაიმართება, რომელსაც ქართული დიასპორის, ადგილობრივი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ მადრიდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძისა და ესპანური ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ „FINSOL"-ის პრეზიდენტ ხულიო გარსია კარპიოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი ჰუმანიტარული და სოციალური ხასიათის პროექტები, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და „FINSOL“-ის თანამშრომლობით წლების განმავლობაში მიმდინარეობს. მხარეები არსებული პროექტების გაგრძელებასა და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრაზე მადრიდის რეგიონის ქალაქ ტრეს კანტოს მერი ხესუს მორენო გარსია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL“ 2008 წლიდან თანამშრომლობენ. ესპანურ არასამთავრობო ორგანიზაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სხვადასხვა ჰუმანიტარული პროექტები ხორციელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, აფხაზეთის სახალხო პოეტის დიმიტრი გულიას 145 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ და დიმიტრი გულიას მოღვაწეობასა და დამსახურებებზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, კვარტეტი „აფხაზეთი“ და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „გუმბათი“.
საღამოზე შესრულდა ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერები და ცეკვები, მსახიობებმა წარმოადგინეს დიმიტრი გულიას ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფრაგმენტები და წაიკითხეს ლექსები მისი შემოქმედებიდან. აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასევე აფხაზურ და ქართულ ენებზე დიმიტრი გულიას ლექსები წაიკითხეს.
დიმიტრი გულიამ უდიდესი წვლილი შეიტანა აფხაზური კულტურისა და ლიტერატურის განვითარებაში. მან რუსული გრაფიკის საფუძველზე კონსტანტინე მაჭავარიანთან ერთად შეადგინა აფხაზური ანბანი, ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი, იყო პირველი აფხაზური გაზეთის „აფსნის“ რედაქტორი. დიმიტრი გულია ივანე ჯავახიშვილის მიწვევით 1922-1924 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზურ ენას ასწავლიდა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის ორგანიზებით აფხაზური ენის დღესთან და დიმიტრი გულიას დაბადების 145 წლისთავთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ მიმართეს.
კონფერენციაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის აფხაზეთის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ ისაუბრა დიმიტრი გულიას ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე. ღონისძიების ფარგლებში წამოდგენილი იყო მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი საარქივო მასალები, ასევე აფხაზური ენის სახელმძღვანელოები, აფხაზურ-ქართული და ქართულ-აფხაზური ლექსიკონები.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ
აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თბილისში, გულიას მოედანზე, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
ვულოცავთ დღევანდელ დღეს ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც აფხაზური ენა თვითგამოხატვისა და კულტურული თვითმყოფადობის განმსაზღვრელია.
დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე რუსიფიკაციის ფონზე, ყოველი ჩვენთაგანის ვალია დავიცვათ კონსტიტუციით გამყარებული, სახელმწიფო სტატუსის მქონე ქართული და აფხაზური ენები. მაშინ, როდესაც აფხაზეთში ქართული ენის დისკრიმინაციის პარალელურად, ხორციელდება აფხაზური ენის მიზანმიმართული განდევნა საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო სფეროდან და მისი რუსული ენით ჩანაცვლება, ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება აფხაზური ენა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს აფხაზური ენის კათედრა, აფხაზურ ენაზე გამოიცემა ლიტერატურული ნაწარმოებები, რომელიც დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობაში.
სახელმწიფო ზრუნავს აფხაზური ენის გადარჩენისა და განვითარებისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
მთავრობის თავმჯდომარემ გერმანელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და აქტივობების შესახებ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე, მათ შორის, მძიმე სოციალ-ეკონომიკურ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შესაძლო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ლევან გერაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.