მთავრობის აპარატი
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ქალაქ ხონის №4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის 100-მდე მოსწავლეს საბავშვო, ილუსტრირებული ბიბლია, თემატური გასაფერადებელი ჟურნალები და სახატავი ფანქრები გადაეცა. მოზარდებს მიესალმნენ და საჩუქრები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ.
დღესვე ქალაქ ხონში გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც №4 საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის, ხონის ეკლესიისა და დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიებზე 200 ძირი ელდარის ფიჭვის ნერგი დაირგო.
მოგვიანებით ქალაქ ხონის სტადიონზე ადგილობრივი და დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით მინიფეხბურთში ტურნირი გაიმართა. გამარჯვებულებს თასები, მედლები და სპორტული აღჭურვილობის სრული კომპლექტი გადაეცათ.
ღონისძიებები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სულიერების ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზებაში ასევე აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანო და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი.
თბილისში, დირსის საცხოვრებელ კომპლექსში არსებულ კალათბურთის მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას სახელობის საკალათბურთო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ოთხი დღის განმავლობაში, 13-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ტურნირის გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სპორტული ინვენტარით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა დააჯილდოვეს.
ტურნირის მიზანია ახალგაზრდებში კალათბურთის პოპულარიზაცია, აფხაზეთის მოზარდი თაობის ჩაბმა სპორტის ამ სახეობაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
პროექტ „ევროპული არდადეგების“ ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩატარდა.
ღონისძიება გახსნეს და ახალგაზრდებს მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია.
სემინარზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა სალომე შაფაქიძემ ნატო-საქართველოს და ნატო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის მექანიზმებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
სემინარის შემდეგ მოეწყო ექსკურსია ძველ თბილისში, სადაც მწერალმა დათო ტურაშვილმა ახალგაზრდებს ქალაქის ისტორიის შესახებ ესაუბრა.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და ამ პროცესში მათი ჩართულობის გაზრდა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურებას საქართველოს პრემიერ- მინისრტი გიორგი გახარია, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ ორგანიზებით ქალაქ ზესტაფონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ, ელისო ჯაოშვილის მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცა.
ზესტაფონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე იმყოფებოდნენ, რომლებიც ადგილზე გაეცნენ მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელ პირობებს.
შეხვედრაზე ასევე „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ დირექტორი ვახტანგ ფოჩხუა და იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია იმყოფებოდნენ.
თბილისის მერიამ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია გამართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოწვეულ სტუმრებს მომავალი პარკის კონცეფცია გააცნო. ახალი პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარ ფართობზე გაშენდება, რომელიც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ტერიტორიაზე შეიქმნება მწვანე სივრცე და მოეწყობა გასართობი და დასასვენებელი ზონები, სადაც თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა ექნებათ.
პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის“ წევრებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
დღესვე, თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონში 1992 წლის ოქტომბერში გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ასევე, დევნილობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
კაჭრეთის „ამბასადორში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, აფხაზეთის თასზე საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა. ტურნირში აფხაზეთიდან დევნილი მხედრებიც მონაწილეობდნენ.
შეჯიბრის გამარჯვებულები თასებითა და სამახსოვრო პრიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ცირეკიძემ დააჯილდოვეს.
ტურნირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ისახავს მოსახლეობაში ცხენოსნობის პოპულარიზაციასა და განვითარებას, ახალგაზრდა თაობის აქტიურ ჩართულობას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში ჰიგიენური საშუალებების დისპენსერები მონტაჟდება და ერთჯერადად სადიზინფექციო ხსნარი გადაეცემათ. ობიექტებზე სადეზინფექციო საშუალებების მიწოდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ ხორციელდება.
შერჩეულ ობიექტებზე დისპენსერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გადაცემა უკვე დაწყებულია და ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება. პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით 120 ერთეული დისპენსერის მონტაჟი იგეგმება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სსიპ აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სოფელ ვაზიანში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. პირველ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ 1323 ობიექტზე განხორციელდა.
ვაზიანში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და სსიპ აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტო ხელმძღვანელი მინდია სილოგავა იმყოფებოდნენ, რომლებიც ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობას. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე დევნილებთან შეხვედრისას მათ საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა პროექტზე ისაუბრა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მესამე ნაკადი გაემგზავრა.
დევნილები 20-დღიან უფასო კურსს გაივლიან, რომელიც მოიცავს ბენეფიციარების განთავსებას, სამჯერად კვებას და სარეაბილიტაციო პროცედურებს. პროგრამით მოსარგებლე პირთა ტრანსპორტით უზრუნველყოფას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
2020 წლის 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გენერალ-მაიორ გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა გარდაცვალების შემდეგ. უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ეროვნული გმირის ორდენი გენერალ-მაიორ გენო ადამიას შვილებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადასცა
გენო ადამია აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური, მოგვიანებით კი გენერალ-მაიორი გახდა. მან 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე ბრძოლისას დაიღუპა.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით.
დღეს სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სამების ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.
აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 27 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს მთავრობის წევრებმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ პატივი მიაგეს აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში - სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის ყველა მსხვერპლს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს. მიმდინარე ოკუპაციის, არსებული სირთულეების და გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს უმთავრესს პრიორიტეტს კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკა წარმოადგენს, ვინაიდან მშვიდობიანი გზებით უთანხმოების მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ აფხაზეთის დაშორიშორებული საზოგადოების გაერთიანებისთვის, რათა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება ერთიან, ძლიერ საქართველოში,” - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
მემორიალთან ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.
დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა საქართველოს ეროვნული გმირების, ჟიული შარტავას, მამია ალასანიასა და გურამ გაბესკირიას საფლავები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს, ასევე, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
თბილისში, მუშტაიდის ბაღში მდებარე სპორტკომპლექს „იმედის“ სპორტულ მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი მინი-ფეხბურთში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის „აფხაზეთის თასი“ ჩატარდა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
გამარჯვებულები თასებითა და მედლებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა დააჯილდოვეს.
ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიების მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრებისადმი პატივის მიგება და მათი სახელების უკვდავყოფა.