მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კემლინ ფურლის შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურების საქმიანობა. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას და სხვა.

შეხვედრაზე მხარეები სამომავლო უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომელი მარინა შენგელია მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, აფხაზური ენის სწავლების გაძლიერებაზე. განიხილეს კონკრეტული წინადადებები და ინიციატივები, რომლებიც ითვალისწინებს დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობას განათლების, კულტურისა და სპორტის  მიმართულებით. ასევე, ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით საჭირო პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის 2019 წლის გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა.

ფარული კენჭისყრის საფუძველზე სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით საუკეთესო ნამუშევრისთვის 2019 წლის პრემია მხატვარ ჯემალ ბასარიას მიენიჭა. გამარჯვებულს ჯილდო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გადასცა. სერტიფიკატები ასევე გადაეცათ პროექტში მონაწილე ხელოვანებს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, საქართველოს მხატვართა კავშირის და აფხაზეთის მხატვართა კავშირის მხარდაჭერით და ორგანიზებით გაიმართა.

ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემია ორ წელიწადში ერთხელ ერთ გამარჯვებულზე - 2000 ლარის ოდენობით გაიცემა. პრემია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შექმნილ ნამუშევარს ენიჭება. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაშრომები ძირითადად აფხაზეთის თემატიკას და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეძღვნება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ ბაღდათსა და ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილებმა სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია მიიღეს. ასევე ჩაუტარდათ ინსტრუმენტული გამოკვლევები, სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა და C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგული გამოკვლევა. დევნილ ბენეფიციარებს ექიმების დანიშნულების მიხედვით უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

ხონის სამხედრო დასახლებაში იმყოფებოდნენ და გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია 12-16 დეკემბერს ვიზიტით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დელეგაციას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ხელმძღვანელობდა.   დელეგაციის შემადგენლობაში   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თეიმურაზ მჟავია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე დავით რაფავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბონდო გასვიანი იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო გამოფენაში, რომელშიც ეგვიპტეში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიურ მისიებთან ერთად საქართველოს საელჩოც იყო ჩართული. საელჩოსათვის გამოყოფილ სივრცეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატამ წარმოადგინა პალატის წევრი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლები ეგვიპტეში მცხოვრებ აბაზების ოჯახის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრამ მეგობრულ და საქმიან გარემოში ჩაიარა და შეთანხმდნენ შემდგომი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციამ შეხვედრა გამართა კაიროს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარების და ორმხრივი პროექტების შემუშავების მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობების განვითარების მზადყოფნა გამოითქვა.

შეხვედრები ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის ჩართულობითა და საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2019 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა. სახელმწიფო პრემია ყოველწლიურად ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგში გაიცემა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ: დავით ბაძაღუა (ფერწერა), სალომე კაპანაძე (წიგნისთვის „კონტექსტი“), ნაირა მარშანია (კრებულისთვის „ადრე თუ გვიან“) და გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. პრემიის ლაურეატებს ფულადი ჯილდო და დიპლომები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი ესწრებოდნენ.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა ერთობლივი პროექტის - გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ სპეციალური ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ესწრებოდნენ.

გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ მომზადებისა და აფხაზეთის პრობლემატიკის გაშუქებისთვის სტუდენტური ჯგუფის ხელმძღვანელს მაია ტორაძეს და სტუდენტებს - ილია მეგრელიძეს, ლიანა მარქარიანს, სალომე მელიქიშვილს, თამუნა ზარანდიას, ნატალია პატარკაცაშვილს, ანი დეკანოსიძეს, ნინო წულაიას, ნინო ჭკოიძეს, ელენე ზაქაშვილს, ნანუკა ქაჩიბაიას, ნატო ობოლაძეს, ანა ცუცქირიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მადლობის სიგელები გადაეცათ.

„ჩემი აფხაზეთი“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კვარტალური გაზეთია, რომელიც 2005 წლიდან გამოიცემა და სამინისტროს საქმიანობას, ასევე, აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელოვან საკითხებს ასახავს. გაზეთის რედაქტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ნატო კორსანტია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს  რუსლან აბაშიძეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  საკითხებში  დავით ფაცაციას და პროექტ „ქართულ-აფხაზური საგას“ დამფუძნებლებს შეხვდა.

მიღებას ასევე ესწრებოდნენ ცნობილი აფხაზი მეცნიერის – ფერიდე აცამბას ოჯახის წევრები, სოფელ ფერიის სკოლის დირექტორი, ამავე სკოლის აფხაზი მოსწავლეები და სხვა პირები.

შეხვედრაზე ითქვა თუ როგორი დიდია მისი უწმინდესობის როლი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობაში და სახალხო დიპლომატიის გააქტიურებაში. აღინიშნა ისიც, რომ პროექტის, – „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ მიზანია ქართველი და აფხაზი საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრების გააქტიურება, ნდობის აღდგენის, შერიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა.

ღონისძიებაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში მცხოვრებმა  ქართველმა  და აფხაზმა ახალგაზრდებმა აფხაზურ ენაზე ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს და შეასრულეს აფხაზური ფოლკლორული სიმღერები. მოსწავლეებმა ქართულად და აფხაზურად წაიკითხეს ფრაგმენტები ,,ვეფხისტყაოსნიდან“ და ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონიდან“.

მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები და ბრძანა: „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთმანეთის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ბედნიერი შობა-ახალი წელი გქონდეთ თქვენ და საქართველოს და მსოფლიოს!“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში ღონისძიება „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ გაიმართა. საღამოში სოფელ ფერიაში მცხოვრები მოზარდები და მარტვილში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში მცხოვრებმა  ქართველმა  და აფხაზმა ახალგაზრდებმა აფხაზურ ენაზე ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს. ასევე, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებით დაკომპლექტებულმა მარტვილის №2 საჯარო სკოლასთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „აფსნი“-მ ქართული ცეკვები და ხალხური სიმღერები შეასრულა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნეიშენალის“ ბათუმის კლუბისა და ქართულ-აფხაზური საგას წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები ესწრებოდნენ.

ღონისძების შემდეგ, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს საპატრიარქოში,    სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს,  მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,   უწმიდესსა  და უნეტარესს ილია II-ს ესტუმრნენ.

პროექტის „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ მიზანია ქართველი და აფხაზი საზოგადოების შეხვედრების გააქტიურება, ნდობის აღდგენის, შერიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის წარმომადგენლები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ანზორ მარგიანის (დელეგაციის ხელმძღვანელი), საერთაშორისო საკითხებში  აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწის ნანა გოგოხიას,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლის ბექარ მიქაბერიძის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის გოგიტა თედორაძის შემადგენლობით სამუშაო ვიზიტით ქალაქ პეკინში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის საერთაშორისო კომერციის პალატის მიერ ორგანიზებულ „აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის  ფორუმში“ (Listed Companies to Build the B&R International Cooperation Forum).

ქალაქ პეკინში გამართულ საერთაშორისო ფორუმში ქართული დელეგაციის მონაწილეობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების ჩინეთის საბჭოს თავმჯდომარე გაო იანგთან, მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტ არუნ მასინგთან, ჩინეთის საერთაშორისო კომერციულ პალატასთან. შეხვედრების დროს გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში  ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ მიიღო მონაწილეობა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის გამოჩენილი სპორტსმენების ფოტოგამოფენა და წიგნის - „აფხაზეთის სპორტი“ პრეზენტაცია გაიმართა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ვრცელი ანგარიში სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა წარადგინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს აფხაზეთის ვეტერანი სპორტსმენები, სპორტის მუშაკები და წარმატებული სპორტსმენები.

ღონისძიებას ცნობილი სპორტსმენები და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 135-ე სეზონი პრემიერით გახსნა - „ტროა, დაკარგული სამოთხე“ (ევრიპიდესა და ჟან-პოლ სარტრის „ტროელი ქალების“ მიხედვით). პროექტი განხორციელდა  თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, საქართველოში  თურქეთის რესპუბლიკის  საელჩოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  მხარდაჭერით. ტექსტის ავტორი და სპექტაკლის დამდგმელია  მოწვეული თურქი რეჟისორი - გამზე თანრივერმიშია.

სპექტაკლი დოკუმენტურია და მასში აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებში მონაწილე ქალთა რეალური ამბებია მოთხრობილი, რომელსაც თან ახლავს   ომის შემდგომ პერიოდში გადაღებული ფოტოებიც. ომმა მათი ცხოვრება დაანგრია, ყველაფერი დაკარგეს: ქმრები, შვილები, სახლ-კარი. ახლა ისინი დევნილობის რთული რეალობის წინაშე დგანან და არ იციან რას უმზადებს მათ ბედისწერა. ნანგრევებად ქცეული ქალაქისა და დამსხვრეული ოცნებების ფონზე, სცენაზე მდგარი ქალები ინარჩუნებენ სიცოცხლის სიყვარულს და რაც მთავარია იმედს, იმედს საკუთარ სახლებში  დაბრუნებისა.

პრემიერას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) საქართელოს ოფისის კოორდინატორი ნეჯლა დერმიდაგი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები,  საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის  საელჩოს თანმშრომლები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და  დევნილი საზოგადოება დაესწრო.

10-11 დეკემბერს  ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრებზე საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.

საუბარი შეეხო სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო და სეპარატისტული ძალების უკანონო მოქმედებებს - მავთულხლართების აღმართვას, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვას და ადამიანთა გატაცებების გახშირებულ შემთხვევებს, რის კულმინაციასაც წარმოადგენდა ექიმი გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება.

თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან, მკაცრად დაგმეს 24 ოქტომბერს საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორების უკანონო დაკავება და კიდევ ერთხელ მოითხოვეს  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხაზი გაესვა, ასევე. გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) მუშაობის განახლების აუცილებლობას.

საქართველოს დელეგაცია შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას, გააქტიურებულ მილიტარიზაციასა და მუდმივ სამხედრო წვრთნებს.

კვლავ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.

დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას ტრადიციულად, წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი,  თუმცა  მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავ სცადეს აღნიშნული თემის პოლიტიზირება და მოლაპარაკებები დატოვეს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2020 წლის 31 მარტსა და 1 აპრილს გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება.