მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. 

„დღეს პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ებრძოდნენ ოკუპაციას. სამწუხაროა, რომ ეს პროცესი დღესაც გრძელდება და კვლავ ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. ამ პროცესს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ყველა ის მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია სამშვიდობო პოლიტიკით,“- განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 1921 წლის თებერვალში კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში საბჭოთა საოკუპაციო ძალებთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი იუნკერების დიდი ნაწილი გმირულად დაიღუპა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს შეხვდა.
 
შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობის, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება და სათანადო მატერიალური ბაზის შექმნა.
 
ასევე, გამოითქვა ქალთა ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე განვითარების ინიციატივა და ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობა აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებში.
 
შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე, რომელშიც აქტიურად იქნება ჩართული სსიპ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო.
 
შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდა.

საერთაშორისო პროექტის „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის - სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“  ფარგლებში ნიდერლანდებსა და ბელგიაში ოფიციალური ვიზიტით  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების,  არასამთავრობო ორგანიზაცია „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

პროექტი ქალაქ ამსტერდამში 16 თებერვალს გალა კონცერტით გაიხსნა, რომელშიც ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანები და შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ. კონცერტის პარალელურად  აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნახატების და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

17 თებერვალს ჰააგაში, საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტომასალა პროექტიდან „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“. საელჩოში მწერალ გურამ ოდიშარიას, ისტორიკოს ჯემალ გამახარიას წიგნების, ასევე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცემული წიგნის „საერთო წარსულით, საერთო მომავლისკენ“ წარდგენა და როტერდამის ერასმუსის პროექტის, ქართველი სტუდენტების კვლევის  „How did Georgian civil wars shape Georgia's foreign policy identity?/ Civil wars means wars in Abkhazia“ პრეზენტაცია გაიმართა.

ოფიციალური მიღება გაიმართა ბრიუსელში საქართველოს საელჩოში, სადაც პროექტის „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“ გამოფენა მოეწყო. ვიზიტის ბოლოს ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში დიასპორის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე,  აფხაზეთის საზოგადოების გაერთიანების პროცესში სახალხო დიპლომატიის როლზე, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასა და ინიციატივებზე ისაუბრეს. ეპარქიაში გამართული ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო ნიდერლანდებში მოღვაწე ცნობილი სოხუმელი მხატვრის, გიორგი შენგელიას ნამუშევრების და კომპანია “ფაფანაკის“ ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენა. შეხვედრაზე აფხაზეთის თემაზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა, საღამო კონცერტით დასრულდა.  

ნიდერლანდებსა და ბელგიაში გამართულ ღონისძიებებში German Voice-ის გამარჯვებული, აფხაზეთიდან დევნილი ნათია თოდუა, „ქართული კულტურის ცენტრი ნიუ-იორკში“, „ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდი“ და ემიგრანტთა ბაღი “ფესვები“ მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და ორგანიზაცია „ქართული კულტურის ცენტრი ნდერლანდებში“ ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა, ხოლო პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა,  იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მინისტრის აპარატი,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო, ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩო, საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია, კომპანია „TIKA TOURS GEORGIA“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტის მუდმივ წარმომადგენელს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს და სამშვიდობო პროცესებში მიღებული გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და უკრაინა უსაფრთხოების კუთხით საერთო გამოწვევების წინაშე იმყოფება და ორივე სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ისწრაფვის დინამიური ნაბიჯები გადადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე.

ანზორ მარგიანმა უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სტუმრობისთვის და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.  შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა სხვადასხვა ფორმატში ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ყირიმელი თათრების სახალხო დამცველი ნარიმან უსტაევი, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივნები პეტრო ბოგდანი და ტატიანა კოვპაკი ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ანგარიშს დაესწრო. პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეაჯამა და იმ საკანონმდებლო პაკეტებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ბორჯომისა და ლიკანის სანატორიუმებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ მდგომარეობას, მოისმინა დევნილთა პრობლემები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.  შეხვედრაზე რუსლან აბაშიძე დევნილ მოსახლეობას  იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დევნილებთან შეხვედრების პარალელურად ბორჯომში   დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრა-ტრეინინგი გაიმართა. ტრეინინგის მონაწილეებს „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (კანონის ადაპტირებული ვერსია) გადაეცათ. მსგავსი შეხვედრები აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით რეგიონებში უკვე მეორე წელია იმართება და მისი მიზანი საბინაო მართვის პროცესში დევნილთა მონაწილეობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით დევნილი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით ძალამიძე  და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენელი ირინა არბოლიშვილი მონაწილეობდნენ. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩ მარია ვან კოლდამს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მთავრობის თავმჯდომარემ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს მთავრობის საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო.

რუსლან აბაშიძემ ნიდერლანდელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ისაუბრა  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში განხილულ საკითხებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსტრაციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლების სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ და მინისტრის მოადგილეებმა ალექსანდრე მოწერელიას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელი კოტე ბასარია წარუდგინეს.

შეხვედრის მონაწილეებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე და ერთობლივად განსახორციელებელ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მიმდინარე  სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში ხელმძღვანელი პირები შეიცვალნენ.

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე  ბესიკ ჭანტურია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში დავით ძალამიძე, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კოტე ბასარია დაინიშნენ.

წარმომადგენლობებში ახალი ხელმძღვანელი პირები მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ, მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა და მინისტრის მოადგილემ დავით მიქავამ წარადგინეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პაველ ვიზდალს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

რუსლან აბაშიძემ სლოვაკ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სლოვაკეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის და აფხაზეთის მხატვართა კავშირის ორგანიზებით „მაგთი კლუბში“ აფხაზი მხატვრების ნამუშევრებით შექმნილი კალენდრის „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ პრეზენტაცია გაიმართა.

ნაბეჭდი 14 ხელოვანის ნამუშევარს აერთიანებს. პროექტის მიზანია ნდობის აღდგენისა და ხელოვანთა შემოქმედებითი ურთიერთობების განვითარების პროცესის ხელშეწყობა.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა, დევნილი მხატვრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორ ნეჯლა დემირდაღს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ნეჯლა დემირდაღს თურქეთის მთავრობის მიერ წლების განმავლობაში დევნილების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს და სხვადასხვა მიმართულებით დევნილთა საჭიროებებისათვის მორგებული პროექტების მომავალში განხორციელების საკითხებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერ ნიკოლოზ თოფურიძესთან ერთად დევნილი მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო. გამოიკვეთა კონკრეტული საკითხები, რომელთა მოგვარებაზე მთავრობის წარმომადგენლები კოორდინირებულად იმუშავებენ. შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

დევნილებთან შეხვედრაში იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, დევნილთა პრობლემების გადაჭრის მიზნით კოორდინირებულ მუშაობასა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე ესწრებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

რუსლან აბაშიძემ ბრიტანელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდის ფარგლებში განხილულ საკითხებსა და შედეგებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშმრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და აფხაზეთის საზოგადოების ერთმანეთთან დაახლოების პროცესს.

გაერთიანებული სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მეორე პოლიტიკური მდივანი მარგარეტ ბელოფი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.