- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა კორონავირუსის პანდემია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებული ვითარების და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით ინტენსიურად მუშაობს და, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული პანდემიისთვის მზაობის შესაბამისად, ახორციელებს საკუთარ სამოქმედო გეგმას.
მსოფლიოს მასშტაბით არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, კოორდინირებული და დროულად მიღებული ზომებით, საქართველოში ვითარება ამ ეტაპზე სტაბილურია. თუმცა, გამოწვევა ძალიან დიდია და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ასევე - საზოგადოების წინაშე.
საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო, ეკონომიკის, განათლების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა თუ სხვა სამინისტროები გადავიდა მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე.
ამჟამად ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირებულთა 24 შემთხვევა, თითოეულ პაციენტს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება, ხოლო დაინფიცირებულ ადამიანებთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეები გადიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურებს.
სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში რეგულარულად გამოსცემს ახალ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპრევენციო ზომაა დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება, ამიტომ:
1. საქართველოს მასშტაბით სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
2. ასევე, ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა.
3. სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილი დროებით გადადიან დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას, საკუთარი სახლიდან, დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს. ასეთი რეკომენდაცია ეძლევათ კერძო დაწესებულებებსაც. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს უწყებების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას და არ უნდა აისახოს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.
4. პრობაციონერები 14 აპრილის ჩათვლით თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისა და რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან. პრობაციის ოფიცერთან დაფიქსირების აუცილებლობა, სოციალურ მუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები ამ ეტაპზე გაუქმებულია. 14 აპრილის ჩათვლით, პრობაციის ბიუროში პრობაციონერების გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაითვლება და მას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.
5. პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით ამოქმედდა განსაკუთრებული პირობები. ამ პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება. ასევე, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესული ბრალდებულები/მსჯავრდებულები განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.
6. დროებით შეწყდეს საქართველოში საგანმანათლებლო, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ხალხმრავალ შეკრებასთან.
• ამ დროისთვის უკვე შეწყდა: საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები, საქართველოს რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატი, ხელბურთელთა ჩემპიონატი, ასაკობრივი საკალათბურთო პირველობების გათამაშება და ა.შ.;
• თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 27-29 მარტს გასამართი ძიუდოს გრან პრი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუქმდა;
• ხოლო 14 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი რაგბი ევროპის ეგიდით გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საზღვრის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, კვეთისას ფართოვდება შეზღუდვები როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის:
ჩინეთს, სამხრეთ კორეას, ირანს და იტალიას ემატება სხვა ქვეყნებიც და ახლა უკვე გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან:
1. წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
2. PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მათ უნდა გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გაემგზავროთ საზღვარგარეთ!
კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოებისგანაც მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს.
შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია თვითიზოლაციის წესების ზედმიწევნით დაცვა.
კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები!
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან სრული კოორდინაციით უზრუნველყოფს თვითიზოლაციის წესების დაცვის მკაცრ კონტროლს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, საქართველოს მთავრობა ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა ეფექტურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას, შესაძლოა, ვირუსის გავრცელებით მიადგეს.
უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ბიზნესთან, მათ შორის, საბანკო და ტურიზმის სექტორთან და კერძო სექტორის სხვა სფეროების წარმომადგენლებთან.
მთავრობის ეკონომიკური გუნდი 2020 წლის 12 მარტს, დღის ბოლომდე შემუშავებული გეგმის სახით წარმოადგენს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტულ გეგმას, რათა მაქსიმალურად შევამციროთ მსოფლიოში პანდემიური ვითარებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო, მთავრობა მოკლებულია ადგილზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შესაძლებლობას, რაც ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შესაბამისად, მთავრობა ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ინტენსიურად მუშაობს პრევენციული ზომების გასატარებლად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მათთვის საჭირო დიაგნოსტირების თუ მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებასთან მიმართებაში უნდა ენდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მათ შორის, მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე - StopCoV.ge .
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 13 მარტიდან გადადის დისტანციური შრომის რეჟიმზე. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაში შემავალ ყველა სამინისტროსა და სტრუქტურულ ერთეულზე.
საქართველოს მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველა შესაძლო საშუალებით ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას პრევენციული ზომების გასატარებლად როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ინფორმირებისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, მათი დიაგნოსტირების და მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მოქალაქეებს ცხელ ხაზთან დაკავშირება შეეძლებათ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან ნომერზე 143 ან 2371998 (საზღვარგარეთიდან +995 32 2371998), სადაც ნებისმიერ საკითხზე ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებენ. აფხაზეთიდან დევნილები დისტანციურად შეძლებენ გააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ნებისმიერი განცხადება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@abkhazia.gov.ge.
ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 551 08 09 84, ბენეფიციარების განცხადებების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: contactus@mhsa.gov.ge.
ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან დარეკონ ნომერზე 143 ან 2371998 (საზღვარგარეთიდან +995 32 2371998).
ცხელი ხაზით სარგებლობა შეუძლიათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ მოქალაქეებს.
ცხელი ხაზის დახმარებით მოსახლეობა შეძლებს მიიღოს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოციალური, ჯანდაცვის და განათლების პროგრამების შესახებ, გაიაროს იურიდიული კონსულტაციები საჭირო საკითხებზე.
ასევე, აფხაზეთიდან დევნილებს შეუძლიათ დისტანციურად გააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ნებისმიერი განცხადება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@abkhazia.gov.ge;
განცხადების ელექტრონულად გაგზავნასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან დევნილ დედ-მამით ობოლ ბავშვებს და მათ მეურვეებს შეხვდა. რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად, ფინანსური დახმარების მიზნით, აღნიშნული კატეგორიის ბავშვებს საჩუქრად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვაუჩერები გადასცა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ბავშვებს ასევე საქართველოში ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის „კარფურის“ საჩუქრებიც გადაეცათ.
შეხვედრები თბილისსა და საქართელოს რეგიონებში გაიმართა და მასში მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტერიტორიული ორგანოს უფროსი კოტე ბასარია მონაწილეობდნენ.
საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის პატრონაჟით მიმდინარეობს და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჭუბერსა და მესტიაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სათანადო რეკომენდაციები გაიცა. ასევე, მოსახლეობას სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდა.
სამედიცინო აქციაში საქართველოს წამყვანი კლინიკების სპეციალისტები მონაწილეობდნენ. იძულებით გადაადგილებულ პირებს სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაციების პარალელურად ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ. პროგრამის ფარგლებში, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, დევნილ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები გადაეცათ.
ჭუბერსა და მესტიაში იმყოფებოდნენ და სამედიცინო აქციის პარალელურად მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია.
ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ხსოვნას.
საქართველოს ეროვნული გმირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტში, სადაც დამსწრეებს 2020 წელს საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებული ჟიული შარტავას საფოსტო მარკა წარუდგინეს და ეროვნული გმირის ძეგლის პროექტის ესკიზი გააცნეს.
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონმიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ჟიული შარტავას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებსა და მათში ზემო სვანეთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების მხარდასაჭერად.
შეხვედრაში მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მესტიის მუნიციპალიტეტის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი კოტე ბასარია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სოციალური დაცვის დარგში ნელი ნავერიანი და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი სოფიო ჩხვიმიანი მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობისა და საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიმართულებით არსებული ის ინიციატივები და პროექტები, რომლებიც მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.
პრეზიდენტის მოხსენებას აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ითვალისწინებს რა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, აუქმებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მიმდინარე პერიოდისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი 143, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე იმსჯელეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.
სხდომაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას, ადგილზე სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას, იქ არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებს. მონაწილეთა გადაწყვეტილებით სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
სასტუმრო „ბილტმორში“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2018-2019 წლების ანგარიშის და ფოტოალბომის „რწმენა თავისუფლების აქტია“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ა(ა)იპ სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებს ანგარიში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ წარუდგინა. მან იმ ძირითად ღონისძიებებზე ისაუბრა, რასაც სააგენტო ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების, შემწყნარებლური გარემოს განმტკიცებისთვის ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მუდმივად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები რელიგიის, გამოხატვის, გადაადგილების თავისუფლების კუთხით. ასევე, მან ქართული ტაძრების თვითნებური გადაკეთების და დაზიანების ტენდენციებზე ისაუბრა. სააგენტოს თავმჯდომარე 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს პროექტებს შეეხო.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოალბომის პრეზენტაცია, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო რელიგიური ლიტერატურა, შესამოსელი და სარიტუალო ინვენტარი, პუბლიკაციები რელიგიის თავისუფლების, რელიგიებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის თემატიკაზე.
რუხის ინოვაციების ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვალერი ბასარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კოტე ბასარია აფხაზეთიდან დევნილ მცირე მეწარმეებს შეხვდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა მეწარმეებს იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად ახორციელებს.
დღესვე რუხის ინოვაციების ცენტრში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით დამწყები და მცირე მეწარმეებისთვის ტრეინინგი ,,დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი" (SIYB) ჩატარდა. ტრეინინგში აფხაზეთიდან დევნილი ექვსი მცირე მეწარმე მონაწილეობდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრეინინგს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპერტები უძღვებოდნენ. საგანმანათლებლო პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგების ჩატარება აღნიშნული სეგმენტის სტიმულირებისა და განვითარებისთვის. ტრეინინგის პროგრამა ბიზნეს იდეის შემუშავებას, ბიზნესის, მარკეტინგული და მენეჯმენტის გეგმების შედგენას, ფინანსურ დაგეგმვას და საწყისი კაპიტალის მოძიებას მოიცავს.
საგანმანათლებლო პროექტი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით განხორციელდა.