მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღსაყდრებიდან 41-ე წლისთავს ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II -ს:

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

გულითადად გილოცავთ სრულიად საქართველოს ავტოკეფალური, სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლობის ორმოცდამეერთე წლისთავს.

არ გვტოვებს იმედი, რომ თქვენი მეუფების მადლი გაამთლიანებს, გააძლიერებს და გააბრწყინებს საქართველოს.

გისურვებთ დღეგრძელობასა და მხნეობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ".

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში სვეტლანა ქეცბას, დიმიტრი ჯაიანისა და ჯუმბერ ყოლბაიას გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „სულიერი ცხოვრების ციცინათელები" გაიმართა. ღონისძიებაზე გაიხსენეს ხელოვანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები, ასევე, ისაუბრეს კულტურის სფეროში მათ მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: დეკანოზი ბიძინა (გუნია), ზურაბ ერქვანია, ელდარ გეწაძე, ლევან ღვინჯილია, დავით საყვარელიძე, გიორგი ბალახაშვილი. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვოკალური ჯგუფი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები: თემურ გუგუშვილი, თემურ ელიავა, ლამარა გოგლიჩიძე, ლელა უსეინაშვილი, 2018 წლის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი ლექსო კაპანაძე  და 195-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანა ქაშიბაძე.

საღამოზე წარმოდგენილი იყო სვეტლანა ქეცბას, დიმიტრი ჯაიანისა და ჯუმბერ ყოლბაიას მოღვაწეობის ამსახველი სურათების გამოფენა. საღამოს არქიმანდრიტი ადამ ახალაძე უძღვებოდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირინა ქეცბა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების თანამშრომლები, ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“-ს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით პროექტ „CYNC სივრცის“ ფარგლებში ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტრეინინგები გაიმართა. ტრეინინგებში თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი და თბილისში არსებული დიასპორების წარმომადგენლები 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „გალიდან ფსოუმდე“. ასევე წარმოდგენილი იყო წიგნი „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ და გაიმართა ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველმა მოადგილე ბელა კოპალიანმა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ბელა სარიამ.

დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისგან“ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობით ცნობიერების ამაღლებას ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, ბავშვის უფლებები, აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობა, მეგობრობა ბულინგისა და აგრესიის ნაცვლად, ხელოვნება, როგორც მშვიდობის მშენებლობის გზა და სხვ. 

საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ორგანიზებით სამთავრობო ინიციატივა „პირველი ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ" მიძღვნილი შეხვედრა-დიალოგი გაიმართა. შეხვედრის თემა - „ქალთა როლი სამთავრობო ინიციატივების განხორციელებაში" იყო. მოწვეულმა სტუმრებმა ამ საკითხის მიმართ სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, ქალთა და ომის ვეტერანთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, მწერლები, მეცნიერები, იურისტები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას სარეპეტიციო დარბაზი დღეს საზეიმოდ გაიხსნა დღეს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სარეპეტიციო დარბაზი გაიხსნა.

ახალგარემონტებული დარბაზის გახსნაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელმა ზვიად ბოლქვაძემ ლენტი საზეიმოდ გაჭრეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელასა და ნუკრი კაპანაძის მონაწილეობით კონცერტი მოეწყო. 2015 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სარგებლობაში არსებული დარბაზი, რომელიც დიმიტრი ჯაიანის ინიციატივით გარემონტდა, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გადაეცა. მიმდინარე წელს განხორციელდა დარბაზში ხმის რევერბერაციის დროის გაზომვა და დარბაზის აკუსტიკის კამერული გუნდისთვის სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად გადაწყდა, დარბაზის ჭერის დაფარვა Sonaspray K-13 აკუსტიკური მასალით. ამ მიზნით, ჰოლანდიიდან სპეციალურად იქნა ჩამოყვანილი სპეციალისტი, რომელმაც საქართველოში პირველად განახორციელა აკუსტიკის მოწყობა აღნიშნული ტექნოლოგიით. დარბაზში ასევე დამონტაჟდა გამათბობელ-გამაგრილებელი სისტემა. სარეპეტაციო დარბაზის გარდა მოეწყო შემოქმედებითი საქმიანობისათვის განკუთვნილი დამატებითი სამუშაო სივრცე.

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას უკვე აქვს შესაძლებლობა თანამედროვე სტილის დარბაზში გააგრძელოს შემოქმედებითი საქმიანობა. დარბაზის სრული რეაბილიტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდმა  და არასამთავრობო ორგანიზაციამ „გენი ქართული" აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია „ბავშვის ჯანსაღი კვება და უსაფრთხო ბავშვობა" (რა იწვევს ტყვიის მაღალ შემცველობას ბავშვის ორგანიზმში, უსაფრთხო სათამაშო) გამართეს.

ღონისძიებას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, საქველმოქმედო პროგრამის ხელმძღვანელი, ექიმი პედიატრი, პროფესორი ნინო თოთაძე და პროფესორი რევაზ სულუხია ესწრებოდნენ. საქველმოქმედო აქცია  კლინიკაში "ბაზი" გაიმართა.

აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ათ მრავალშვილიან ოჯახს 6 თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და სათამაშოები გადაეცა.

ასევე, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში  კომპანია „ისი-პარის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხატია შამუგიამ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან  დედებს საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დღეს სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართულ დიალოგში „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება" მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი  ლაშა დარსალია, ევროკავშირის  სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მარტა ფრიმანი, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდებზე განხილულ საკითხებსა და მომავალ რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე. იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასა და მის როლზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში, სამშვიდობო პროცესებში არასამთავრობო სექტორის, განსაკუთრებით  ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებობს.

ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე. კერძოდ, უკანონო დაკავებების, ადამიანის უფლების შეზღუდვის შემთხვევებზე. ამ ჭრილში მიმოიხილეს დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები.

დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ჩართულობით დღეს სასტუმრო „რუმსში" გაიმართა.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული 28 მეომრის ოჯახს სახელმწიფო ჯილდოები - ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენები და მედლები - მხედრული მამაცობისთვის გადაეცა.

ჯილდოები დაღუპულთა ოჯახის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ გადასცეს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდნენ:

ვახტანგ ღვინჯილია (ვახტანგ გორგასლის I  ხარისხის ორდენი), ლევან თოდუა (ვახტანგ გორგასლის I  ხარისხის ორდენი), მერაბ ქვილითაია (ვახტანგ გორგასლის I  ხარისხის ორდენი), შოთა ფაჩუაშვილი (ვახტანგ გორგასლის I  ხარისხის ორდენი), თენგის კოპალიანი (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), შერმადინ ქობალია (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), მურმან ლეთოდიანი (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), რომან ლეთოდიანი (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), ავთანდილ გოგუა (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი), რეზო ღვინჯილია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), ხვიჩა სულაკაძე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), ბადრი შელეგია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), თამაზ მიქაძე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), გიორგი თვალავაძე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), თენგიზ ვეკუა (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), გია ლიპარტია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), ელგუჯა მანაგაძე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), მერაბ ზარანდია (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი), რევაზ გელაშვილი (მედალი), გენადი გაბუნია (მედალი), მამუკა ჯელაძე (მედალი), დათო ბენდელიანი (მედალი), ვახტანგ ხურცილავა (მედალი), თემურ ხასია (მედალი), გია ჯახია (მედალი), გივი უგრეხელიძე (მედალი), მაცი ქირია (მედალი), ვალტერ ღვინჯილია (მედალი).

დაჯილდოებას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები, ახლობლები და ვეტერანები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრები აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 29 ნოემბრის განკარგულებით  დააჯილდოვა.

დღეს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების  დაჯილდოება გაიმართა. სპორტსმენებს საპატიო სიგელები და ფასიანი საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გადასცეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და სპორტსმენებს წარმატება მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა.

დაჯილდოვებულთა შორის იყვნენ: მიხეილ ჯიშკარიანი, სოსო მალანია, დავით ხურცია, სიმონ დარახველიძე, მიხეილ ცანავა, ვაჟა რეჭია, მარიამ ჭანტურია, ზურაბ სოხაძე და ლაშა მიქავა.

ღონისძიების ფარგლებში ქართველი და აფხაზი სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების მეგობრობის ამსახველი ძველი ფოტოების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები.წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2018 წლის პროგრამის „ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დაჯილდოება" ფარგლებში მოეწყო და მიზნად ისახავს წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების  მოღვაწეობის დაფასებას და წარმოჩენას.

11-12 დეკემბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი გაიმართა. ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე.  საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის პროცესზე, გახშირებულ სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე. ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრებაზე და დაგმეს სოფელ ატოცთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის გაძლიერების ფონზე, ქართულმა დელეგაციამ კვლავ დააყენა მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების საჭიროება და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსების აუცილებლობა.
მოლაპარაკებებისას საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს საკითხი არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროების შესახებ. 46-ე რაუნდის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ვრცლად განიხილეს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, საკუთრებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საკითხები. განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ამ გამოწვევის დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობა. აღინიშნა, რომ არსებული დისკრიმინაციული შეზღუდვები და შედეგად ადგილზე შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, ქმნის ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის საფრთხეს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას. ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კვლავ ხაზგასმით აღინიშნა გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დროულად, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენის აუცილებლობა. რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის - ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვა. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 2-3 აპრილს გაიმართება.

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ყვავილებით შეამკეს დიმიტრი (დიმა) ჯაიანის საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერი, მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი, ქ. სენაკის საპატიო მოქალაქე, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ათეული წლების განმავლობაში, 1999-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი (დიმა) ჯაიანი 2017 წლის 9 დეკემბერს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დიმიტრი (დიმა) ჯაიანის სახით სრულიად საქართველომ, ქართულმა თეატრმა, საზოგადოებამ, ჯაიანების ოჯახმა, გვარმა, მრავალრიცხოვანმა ნათესაობამ და სამეგობრომ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა.

სტამბოლში, ნაზიმ ჰიკმეთის სახელობის კულტურის ცენტრში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის ,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" პრეზენტაცია გაიმართა.

საღამო მისასალმებელი სიტყვით გახსნა სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ფეჰმი უზალმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.

საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, გერმანიასა და საფრანგეთში მცხოვრებ აფხაზ დიდგვაროვანთა შთამომავლები.

წიგნი დაწერილია დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით და მოგვითხრობს 1921 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოდან დევნილი, ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ბიოგრაფიებს. წიგნში ნაჩვენებია აფხაზ არისტოკრატთა და სწავლულთა სოციალური და კულტურული როლი საქართველოსა და მისი ერთ-ერთი მხარის - აფხაზეთის ყოფაში, ემიგრაციაში მყოფი აფხაზი არისტოკრატიის დიდი ნაწილის ერთიანი  ქართული ეროვნული ცნობიერება, მათი მცდელობა ქართველ ემიგრანტებთან ერთად წვლილი შეეტანათ საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისაგან გათავისუფლებაში. წიგნი თურქულ ენაზე თარგმნა ეკა ირემაძე-მელაშვილმა (ჰაჯერ ოზკან).

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზი არისტოკრატების და მათი ოჯახების ფოტოები. გაიმართა ფილმიდან ,,უფროსობის გმირი" ნაწყვეტის ჩვენება. ფილმი აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.

ღონისძიების ბოლოს იბერია მელაშვილის ხელმძღვანელობით სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. საღამოს დასასრულს სიტყვით გამოვიდა წიგნის ავტორი ნატო მარშანია, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მდებარე საქართველოს საელჩოში წამყვანი ეგვიპტური ინტერნეტ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, როგორიცაა ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა.

აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით არსებული პრობლემები და ხაზი გაესვა კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ქართულ-აფაზური დიალოგის მნიშვნელობას.

ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებით შეთავაზებულ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც სხვადასხვა პროგრამებს მოიცავს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილების მდგომარეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახურება.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისისა და ეგვიპტის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ასევე მოეწყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, პროფესორ ჯემალ გამახარიას წიგნის „აფხაზეთი, საქართველო: ისტორია, პოლიტიკა, კულტურა" არაბულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარადგინეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ივანე დოლიძე და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 elwatannews.com
- shorouknews.com
- nisfeldunia.ahram.org.eg

- almasryalyoum.com

- ik.ahram.org.eg
- gate.ahram.org.eg

- alnasheer.com

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

სამეცნიერო კონფერენციის მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ და უძრავ ძეგლებზე უახლესი ინფორმაციის მიღება და მათ დასაცავად საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.

კონფერენციას ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი მარიამ დვალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატაურდათ.

გასინჯვებში მონაწილეობდნენ რევმატოლოგიის ინსტიტუტის, ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის, კლინიკა „ენმედიცის“, თვალის კლინიკა „ახალი მზერის“, საუნივერსიტეტო კლინიკა „ნიუ-ვიჟენის“, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრის და რეგიონული ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტები.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, რევმატოლოგი, ონკოლოგი, მამოლოგი, თერაპევტი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და დერმატოლოგი.

პაციენტებს ჩაუტარდათ მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ლაბორატორიული კვლევა (შაქრის განსაზღვრა სისხლში), C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი. ექიმის დანიშნულების შესაბამისად დევნილებს მედიკამენტები გადაეცათ.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.