მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

„ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის" ორგანიზებით, 4-6 ოქტომბერს პროექტი „აფხაზეთის დღეები ნიდერლანდების სამეფოში" მრავალფეროვანი პროგრამითაა წარმოდგენილი. პროექტის ოფიციალური გახსნა საქართველოს საელჩოში გაიმართა და მისი სლოგანია „დავიბრუნოთ ერთმანეთი". ღონისძება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი მისასალმებელი სიტყვით ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ გახსნა.

ღონისძიების მნიშვნელობასა და აფხაზურ მხარესთან მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივებზე, ასევე ურთიერთობების სახალხო დიპლომატიის გზით აღდგენასა და მნიშვნელობაზე პროექტის იდეის ავტორმა ლალი ბუთბაიამ,  "ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის" დამფუძნებელმა თიკა სვანიძე-ვენკომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ,  მწერალმა გურამ ოდიაშარიამ, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარმა დოსითეოსმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს.  

ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ღონისძიებაზე გაიმართა ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2"-ის ბავშვთა კონცერტი.

„აფხაზეთის დღეებში" არასამთავრობო ორგანიზაცია „Youth of Democracy"-მ მიიღო მონაწილეობა. ასევე, მოეწყო დიზაინერ თეა გუნთაიშვილის თოჯინებისა და კომპანია „მარიგოლდი"-ს გათანამედროვებული ეროვნული სამოსის გამოფენა. 

პროექტის ფარგლებში 5 ოქტომბერს, ამსტერდამში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გაცნობითი შეხვედრა და პრეზენტაცია ჩატარდება.

6 ოქტომბერს ქართველი მხატვრების გამოფენით გაგრძელდება და ანსამბლ „რუსთავის" სოლისტის, გიორგი ალექსანდრიას, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2"-ის და „Voice of Germany"-ის 2017 წლის გამარჯვებული ნათია თოდუას კონცერტით დაიხურება. ასევე, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ნიდერლანდებში არსებული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „მერანი". ქეთევან წიკლაურისა და ივო ბოსვაიკის დირიჟორობით ნიდერლანდელი მომღერლები ქართულ და აფხაზურ სიმღერებს შეასრულებენ.

საქართველოს საპატრიარქოში თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 1988 წელს, მცხეთის სასულიერო სემინარიის ბაზაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, იტალიაში საქართველოს საელჩოს, რომის საპიენცის უნივერსიტეტის, საპიენცის უნივერსიტეტის ფონდის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, ორგანიზაცია „დოქტორანტურა ევროპის ისტორიაში" და წმინდა საყდართან არსებული საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 26-28 სექტემბერს ქალაქ რომში საერთაშორისო პროექტი განხორციელდა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა გლობალიზაციიდან გამომდინარე გამოწვევებზე საზოგადოების რეაგირების ცვალებადობის წარმოჩენას, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებისათვის ხელშეწყობასა და საქართველოს პოპულარიზაციას.

საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:

საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და იდენტობა", საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენცია „ახალგაზრდობა და იდენტობა", საერთაშორისო სტუდენტური ვორქშოფი „საერთო წარსულით-საერთო მომავლისკენ", გამოფენა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში" და „ქართული კალიგრაფია", ანზორ ერქომაიშვილის ქართულ-აფხაზური ფოლკლორის მასტერ კლასი, მოეწყო დევნილი მწერლის რუსუდან ჟორჟოლიანის წიგნის „ქალაქი, როგორც ასეთი", პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის „საერთო წარსულით, საერთო მომავლისკენ" და ფილმის „სიმინდის კუნძული" პრეზენტაციები.

სამეცნიერო კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები, სტუდენტები, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე, პროფესორი ბელა კოპალიანი ხელმძღვანელობდა.

 

კინოთეატრ „ამირანში" აფხაზეთისადმი მიძღვნილი კლიპის პრემიერა გაიმართა. მამა პეტრეს (კვარაცხელია) ტექსტზე და სცენარით შექმნილი სიმღერა „ფრთამოტეხილი მაფშალია" გერმანული „voice"-ს გამარჯვებულმა, აფხაზეთიდან დევნილმა ნათია თოდუამ შეასრულა. მუსიკის ავტორია დათო არჩვაძე, რეჟისორი ლევან აბულაძე. კლიპშიასევე ცნობილი ქართველი მსახიობი მურმან ჯინორია მონაწილეობს.

ეროვნულ მოტივებზე შექმნილი სიმღერებისა და მშობლიური კუთხის პოპულარიზაციისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ნათია თოდუას აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელი გადასცა.

პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები, ცნობადი სახეები, დევნილი საზოგადოება,ნათია თოდუას ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნების განყოფილება აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირი „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება"-ს ორგანიზებით ვალერი არქანიას არტ-გალერეაში მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეულის დახურვის ცერემონია გაიმართა. მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეული - „მშვიდობა უდრის მომავალს" 21 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე აფხაზეთის მთავრობისა და განათლების და კულტურის სამინისტროს სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში მიმდინარეობდა. დახურვის ღონისძიებაზე კვირეულის აქტივობებში მონაწილე ბავშვებს დიპლომები გადაეცათ. ასევე, ხანდაზმულთა დღესთან დაკავშირებით, სათნოების სახლ „კათარზისის" ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი-მადლი" ხელმძღვანელი ფლორა შენგელია, ქველმოქმედი გულიკო ორაგველიძე და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული და აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციების მხარდაჭერით, ევროპული კვირეულის ფარგლებში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა. ტურნირი აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა.

ტურნირში სულ 100-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ხოლო 10 სპორტსმენი აფხაზეთის სახელით ასპარეზობდა. აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები ასევე წარმოდგენილი იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ნაკრებ გუნდებშიც.

აფხაზეთის სპორტსმენებმა სხვადასხვა წონით კატეგორიასა და ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს:

ბართლომა ბიჭაშვილი - პირველი ადგილი, ლუკა გეჯაძე - მეორე ადგილი, საბა სეფერთელაძე, ანდრო გულორდავა, ოთარ სამუშია, ნიკოლოზ გოგებაშვილი, მიხეილ მებონია და გიორგი შუბითიძე - მესამე ადგილები.

ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებით, თასებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირის საუკეთესო სპორტსმენებს სპეციალური პრიზების სახით, აფხაზეთის ომში დაღუპული სპორტის ოსტატის მურთაზ გაბიძაშვილის სახელობის თასი და ლეგენდარული ფალავნის ნესტორ ესებუას სახელობის თასი გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში დევნილთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კოდორი-2015"-ის სტაციონარულ საფუტკრეში ღონისძიება „დევნილი მეფუტკრეების მიღწევები და მათ წინაშე არსებული პრობლემები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კოდორი-2015"-ის საქმიანობის მაგალითზე" გაიმართა.

ღონისძიების მიზანი დევნილი მეუფტკრეების წინაშე არსებული პრობლემების გააქტიურება და მათი გადაჭრის გზების ხელშეწყობა იყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"-ს თავმჯდომარე ალუ გამახარია, კავშირი-ასოციაცია „აგორას" დირექტორი თენგიზ სვანიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საერთაშორისო დონორი-ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრს, ჩრდილოვან მინისტრს მშვიდობისა და განიარაღების საკითხებში ფაბიან ჰამილტონსა და ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის აღმასრულებელ თავმჯდომარეს ფრედრიკ რ. ჰაიდ-ჩემბერსს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და ჯანდაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე.

ისაუბრეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და დაახლოების მიზნით ერთობლივი ბიზნეს-პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე, რომელიც მნიშვნელოვან საერთაშორისო მხარდაჭერას საჭიროებს. ასევე ახალგაზრდების სხვადასხვა ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის აუცილებლობაზე.

შეხვედრას ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"-ს თავმჯდომარე ალუ გამახარია, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კაციაშვილი, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ოთარ ხუფენია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

სოხუმის დაცემისა და ჟიული შარტავას გარდაცვალებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულმა თეატრმა საქართველოს ეროვნული გმირისადმი მიძღვნილი სპექტაკლის პრემიერა გამართა.

მაყურებელმა ნინო სადღობელაშვილის პიესის „დაბადების დღე" მიხედვით დადგმული სპექტაკლი იხილა, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მიერ სოხუმში გატარებული უკანასკნელი დღეების ქრონიკას ასახავს.

სპექტაკლის პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მხეიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ფრანგი ფოტოდოკუმენტალისტის ორელიენ ვილეტის გამოფენა „სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი" გაიხსნა. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული კონფლიქტის შედეგად დანგრეული და დამწვარი შენობების ფოტოები.

ღონისძიება ფონდ „არტექოს" და მისი დამფუძნებლის დალი უბილავა-დე გრააფის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით გაიმართა.

გამოფენაზე სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა" ნოდარ დუმბაძის და გურამ ოდიშარიას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი პიესიდან „გამარჯობა სოხუმო" ნაწყვეტი წარმოადგინა. ასევე აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

სიტყვით გამოსვლისას გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება 7 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 25 წლისთავზე საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გამოფენა სახელწოდებით „ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს" გაიმართა. ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოზარდების მიერ აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნამუშევრები.

ღონისძება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მასპინძლობითა და თანაორგანიზებით, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა (BEC) და ბრიტანული საერთაშორისო ასოციაციის - „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის" (EPDI) ერთობლივი ორგანიზებით, ასევე ფონდი „კრისტალის" მხარდაჭერით გაიმართა.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დღეს, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, ქალაქ თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონის გუმბათზე ჯვარი აღიმართა.

ჯვრის კურთხევისა და აღმართვის ლოცვა აღავლინა და ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი დალოცა პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.

„დღეს ჯვართამაღლებაა და ამავე დროს ჩვენთვის ტრაგიკული დღეა, რადგან 25 წლის წინ ამ დღეს დაეცა სოხუმი და ასიათასობით ძირძველი მოსახლე იძულებული გახდა საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა. მიუხედავად ბევრი განსაცდელისა ჩვენ დევნილეობაში მოვახერხეთ და თბილისის შუაგულში ავაშენეთ ტაძარი, რომელიც ილორის წმინდა გიორგის სახელს ატარებს. დღეს ამ ტაძარზე ჯვარი აღიმართა და მწამს, რომ ამ ჯვრის მადლით დავბრუნდებით და გავერთიანდებით", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ჯვრის აღმართვის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერი პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით 12 საათზე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში ერთდროულად დაირეკა ზარი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარდაცვლილთა სულთა საოხად პანაშვიდი გადაიხადეს.

თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით შენდება.

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკ მამია ალასანიას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას, საქართველოს ეროვნული გმირის  გურამ გაბისკირიას საფლავები და ვაშლიჯვრის  ძმათა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

90-იანი წლებში აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით სპორტული კომპლექსი „იმედი"-ს სტადიონზე აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი „აფხაზეთის თასი 2018" გაიმართა.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს გორის „დილა" და ზუგდიდის „ოდიში" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გორის „დილას" გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი გადაეცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ.

საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ინიციატივით კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის თემა აფხაზეთის კონფლიქტის შეფასება ოცდახუთი წლის გადასახედიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა და ქართულ-აფხაზური სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივა იყო.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

„სოხუმშიც და თბილისშიც ვთანხმდებით, რომ აფხაზეთში შექმნილია უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. კონფლიქტიდან 25 წლის განმავლობაში, აფხაზეთში ვითარება არცერთი მიმართულებით არ გაუმჯობესებულა. ამას ვამბობ გულისტკივილით და არა ნიშნისმოგებით.

ჩვენთვის უმთავრეს ამოცანას აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა, საკუთარ სახლებში დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება და ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრება წარმოადგენს.

საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ვთანხმდებით, რომ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო დიალოგი ამის საუკეთესო ინსტრუმენტია. ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ ამაში აფხაზები და სერიოზულად ვიმსჯელოთ შემოთავაზებული დიალოგის წარმოებაზე", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომლები, მეცნიერები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.