მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

26 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთი, რუსეთის მიერ „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ" აღიარებას "ზეიმობს". განვლილი 10 წელი ნათლად აჩვენებს ოკუპირებული აფხაზეთის რეალურ ყოფას: - არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, მყიფე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ჩამოშლილი ეკონომიკა, გაზრდილი კრიმინოგენური საფრთხეები, ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდობა, უიმედო მოხუცები და პენსიონერები, იმედგაცრუებული საზოგადოება, რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეწირული ათასობით ადამიანის ბედი, განდევნილი ქართველების შემდეგ, საკუთარი სახლებიდან დევნილებად ქცეულნი და აფხაზეთიდან საერთოდ გადახვეწილი აფხაზები. ურა-პატრიოტიზმის განცდა არასახარბიელო რეალობის და კიდევ უფრო გაურკვეველი მომავლის ფონზე აშკარად გაუგებარია.  ეს არის საზეიმო?  ეს ხომ ჩვენი საერთო ტრაგედიაა.

მივმართავთ აფხაზ თანამოძმეებს, კარგად დაუკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს,  ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს აღიარება არ ეფუძნება არანაირ საერთაშორისო სამართლებრივ ბაზას, პირიქით, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშს დარღვევას, რომელიც ნაკლებად ემსახურება აფხაზთა ინტერესებს, ვინაიდან რუსეთმა, 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იგნორით, ფსევდოდამოუკიდებლობის მანტიით სამხედრო პლაცდარმი გაიკეთა რეგიონში.

დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ახალგაზრდების აღზრდის საქმეში. თვით აფხაზი თანამემამულეები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდობა ეთნორადიკალიზმის გავლენით იზრდება. ცრუ იდეალებით და სიძულვილის რიტორიკით აღზრდილ თაობას ძალიან გაუჭირდება თვითდამკვიდრება, მით უმეტეს, რომ ისტორიულად არის დადასტურებული - ეთნორადიკალიზმით ვერცერთი საზოგადოება ვერ ვითარდება და ტოლერანტობა არის პროგრესული კაცობრიობისთვის დამახასიათებელი. ამიტომ კარგად უნდა გაიაზრონ ის, თუ როგორ პირობებში უწევთ არსებობა და იცოდნენ, რომ საქართველო მათ გვერდით არის, საქართველოს ხელისუფლება მათ სთავაზობს ყველა იმ სიკეთით სარგებლობას, რაც მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ აღმსარებლობისა. ნდობის გარემოს ჩამოყალიბება და პირდაპირი დიალოგის წარმოება, მშვიდობიანი, ცივილიზებული მეთოდებით ნებისმიერი უთანხმოების დარეგულირების საწინდარია. 

ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ასოციაციამ „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" აფხაზი პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს ერთიანობისა და მის შემადგენლობაში აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისათვის დაუღალავი მებრძოლის, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერის ვასილ გურჯუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

შესავალი სიტყვა საღამოს ორგანიზატორმა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"-ს თავმჯდომარე ალუ გამახარიამ წარმოთქვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ისტორიკოსმა ჯემალ გამახარიამ ვრცელ მოხსენებაში ვასილ გურჯუას ბიოგრაფიასა და მის მოღვაწეობაზე ისაუბრა. ასევე ქვეყნის წინაშე მისი დამსახურებები გაიხსენა, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის განმტკიცებისა და მშვიდობის მშენებლობისაკენ იყო მიმართული.

ვასილ გორჯუას მოღვაწეობა და საქართველოს ერთიანობის შესანარჩუნებლად მის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და დამსახურების შესახებ ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა და სხვა გამომსვლელებმა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შოთა ხეცურიანი და თემურ მჟავია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, პროფესორები, ეთნიკურად აფხაზები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა  და თანამშრომლებისგან მოისმინა რეგიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის სოციალურად დაუცველი დევნილებისათვის დახმარების გაცემის წესის შესახებ.

საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ  ტერიტორიაზე  მცხოვრები მოქალაქეების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და გალის რაიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.  ყურადღება გამახვილდა ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვასა და  სხვა არსებულ პრობლემებზე.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დევნილების კომპაქტურ ჩასახლებებში მცირეფასიანი/ გადაუდებელი სარემონტო  სამუშაოების ჩატარების მიმდინარეობაზე და ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

ვახტანგ ყოლბაიამ  მოისმინა  ინფორმაცია   ზუგდიდის  დევნილთა ახალ ჩასახლებაში ამხანაგობების შექმნის პროცესზე. შეხვედრისას გამოიკვეთა  ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც მერიასა  და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი.

სამუშაო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე  და  წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სხვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე სოფელ რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ.

სასათბურე მეურნეობა 2014 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, პროგრამა „GRASSROOT"-ის ფარგლებში გაკეთდა. ასევე მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა USAID-ის პროგრამა „ზრდა"-ს ფინანსური დახმარებით მოწყობილი მოცვის სანერეგე მეურნეობა. სასათბურე მეურნეობაში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობაა დასაქმებული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ცაგერის რაიონში, სასტუმრო „ლეჩხუმში" კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა და ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.

იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ვახტანგ ყოლბაის მათი პრობლემები გააცნეს და სასტუმროში არსებულ საყოფაცხოვრებო პირობებზე ესაუბრნენ.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დევნილებს პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აჭარასა და იმერეთის რეგიონში ზაზა ჩაჩავა იმყოფებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

აქციის ფარგლებში დევნილმა მოსახლეობამ მიიღო: ოჯახის ექიმის, ალერგოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, დერმატოლოგის, უროლოგისა და  ოტოლარინგოლოგის მომსახურება. 

ჩატარდა ინსტრუმენტული გამოკვლევები: ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების) ელექტროკარდიოგრაფია, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. ასევე, C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი.

ექიმების დანიშნულების შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე გაიცა უფასო მედიკამენტები. დევნილ პენსიონერებს თვალის კლინიკა „მედიქალ სითი“-სგან ერთჯერადი უფასო გამოკვლევების ვაუჩერები გადაეცათ.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი ავთანდილ ხაზალია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ბათუმში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ომის ვეტრანებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

აჭარაში მცხოვრებმა ვეტრანებმა ვახტანგ ყოლბაიას საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს. ასევე იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მთავრობის თავმჯდომარეს გააცნეს მათ წინაშე არსებულ პრობლემები და მათ გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

 

ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან, პროექტ „Check in Georgia“-სა და ფესტივალ „ფოლკლორის დღეები“-ის ფარგლებში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ანსამბლი „აფხაზეთი“ განახლებული პროგრამით წარსდგა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

ფესტივალი 29 ივლისს დაიწყო და 26 აგვისტომდე გაგრძელდება და მასში 45 ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობს საქართველოს ყველა რეგიონიდან. ფესტივალის მიზანი ტურიზმის ხელშესაწყობად ქალაქ ბათუმში ჩასული სტუმრებისათვის ქართული ხალხური შემოქმედების გაცნობაა.

 

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელების მიზნით საგრანტო რესურსების მოზიდვის შესაძლებლობებზე, ასევე განიხილეს საგრანტო პროექტების თანადაფინანსების  იურიდიული და ფინანსური ასპექტები.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და ფონდი „აფხაზეთის" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 26 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

დღესვე აფხაზეთის ხელისუფლებამ ნუცუბიძის პლატოზე მდებარე სკულპტურული მემორიალი „საქართველოსთვის" ყვავილებით შეამკო.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ორივე მხრიდან ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო იმ დროისათვის სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.

2008 წლის აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით სენაკსა და ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ქალაქ სენაკის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ ომის დროს  დაღუპული სამხედროების თემურ ბოკუჩავასა და ბადრი ბერანძის საფლავები მოინახულეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„2008 წლის აგვისტო საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამ ბიჭებმა სიცოცხლე არ დაიშურეს ჩვენი სამშობლოს დასაცავად. აგვისტოს საზარელმა დღეებმა მრავალი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და ტერიტორიები დროებით დაგვაკარგვინა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მშვიდობიანი თანაცხოვრების იმედს არ ვკარგავთ. ყოველი ჩვენთაგანის ვალია ამ გმირების სახელები სამუდამოდ უკვდავვყოთ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ

კაპრალ თემურ ბოკუჩავას მეუღლის მაია ცეცხლაძის ინიციატივით, თემურ ბოკუჩავას სახელობის სენაკის მე-7 საჯარო სკოლაში, წარმატებული მე-12 კლასელისთვის ოჯახის დაფინანსებით მისი სახელობის სტიპენდია დაწესდება.

კაპრალი თემურ ბოკუჩავა 1983 წელს სოხუმში დაიბადა. ის ათი წლისაც არ იყო, როდესაც მშობლიური ქალაქის იძულებით დატოვება მოუწია. ოჯახი სენაკში გადავიდა საცხოვრებლად. სწავლობდა სენაკის მეშვიდე საშუალო სკოლაში, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს.  2001 წელს ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა სენაკში, იყო კოდორის ხეობაში, ცხინვალის სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში. დაიღუპა 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის (სიკვდილის შემდეგ).

კაპრალი ბადრი ბერანძე 1987 წელს გალში დაიბადა. აფხაზეთის ომის შემდეგ ის ქობულეთში იზრდებოდა. იგი ყოველთვის მშობლიურ მხარეში დაბრუნებაზე ოცნებობდა. 2008 წლის 8 აგვისტოს ის 21 წლის გახდა და იმავე დღეს ცხინვალთან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).

ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას, რითაც დღემდე არღვევს მის მიერვე 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას და იგნორირებას უკეთებს  ჯარების გაყვანის თაობაზე  ნაკისრ ვალდებულებას. უფრო მეტიც, ოკუპაცია მოახდინა კოდორის ხეობის, სადაც არანაირ საბრძოლო მოქმედებებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა  მუდმივი საცხოვრებელი ადგილები, ხოლო დარჩენილებს კი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ თავიანთ სახლებში ცხოვრება. მათი, ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობა ცალმხრივად რუსეთის ფედერაციას ეკისრება.     

2008 წლის ომი, იყო რუსეთის მცდელობა შეეჩერებინა საქართველოს ევროპული სწრაფვა და არ დაეშვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება. ეს იყო მცდელობა, ქართველი ხალხის არჩევანის ჩაკვლისა ძალადობრივი გზით, რაც საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და მიუღებელია XXI საუკუნის ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროსათვის.

ჩვენ მუდამ გვემახსოვრებიან ის გმირები, რომელთაც ჩვენი ქვეყანა დაიცვეს. მათ შორის ბევრი აფხაზეთის მკვიდრიც იყო, რომელთაც ერთხელ უკვე გამოსცადეს თავს მოხვეული  ომის სიმწარე, მაგრამ თავიანთი მამულიშვილური ვალი ვაჟკაცურად მოიხადეს ერისა და ქვეყნის წინაშე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გმობს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და იმედოვნებს, რომ მთელი პროგრესული, დემოკრატიული სამყაროს თანადგომითა და ძალისხმევით, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის წარმოებით მიღწეული იქნება შედეგი - აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სამშობლო დაიკავებს ღირსეულ ადგილს დემოკრატიულ სახელმწიფოთა რიგებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით კახეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. 

ქალაქ თელავსა და სოფელ ბაკურციხეში მცხოვრებმა დევნილმა მოსახლეობამ მიიღო ოჯახის ექიმის, თერაპევტის, კარდიოლოგის, პედიატრის, ნევროლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგის, დერმატოლოგისა და ბავშვთა ენდოკრინოლოგის  მომსახურება.

ჩატარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, ასევე, აქციაში მონაწილე პირებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.

ექიმების დანიშნულების შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე გაიცა უფასო მედიკამენტები.

ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა  ულოცავს  სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ზეციური მფარველი წმინდანის - ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს, უსურვებს  ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს და ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნისა  და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შვილთა ნუგეშსაცემად.  

ამავდროულად ულოცავს  მე-20 საუკუნის საქართველოს უდიდესი მოღვაწის, „ერის მამად“ წოდებულის - წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს. 

ნიშანდობლივია, რომ უდიდესი ქარტეხილებისა და საქართველოსთვის ფრიად მნიშვნელოვან  2 საუკუნოვან პერიოდში,  ღმერთმა ინება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე ყოფილიყო წმ. ილია მართალი, რომლის ღვაწლის მტვირთველი და ხალხის ზნეობრივი მდგომარეობის გამოსწორებაზე მზრუნველი, დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გვევლინება.  

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის აფხაზების სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ მის უწმინდესობას დღევანდელ დღეს.  

მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას!

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა