- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ დედებს, უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ექიმთა ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ექიმი გინეკოლოგი, გინეკოლოგ ონკოლოგი, თერაპევტი, მამოლოგი, ექოსკოპია. აქციის ფარგლებში გაისინჯა 60 ბენეფიციარი.
ღონისძიების მსვლელობას მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოდაგილე მარინა ონიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ჯანდაცვის საკითხებში მანონი გოგუა და ცენტრის დირექტორი კახა ტატუნაშვილი უწევდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ხანძრის დროს დაშავებულ მოქალაქეებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ჭეშმარიტი მამულიშვილის, საყოველთაოდ ცნობილ პოლიტიკოსის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერის ლორიკ მარშანიას დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.
საღამოში მონაწილეობდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ლევან ღვინჯილიას ხელმძღვანელობით.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ლორიკ მარშანიას შვილი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ადა მარშანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
ლორიკ ბესარიონის ძე მარშანია 1932 წლის 24 ნოემბერს ოჩამჩირეში, მარშანიების თავადური საგვარეულოს შთამომავლთა ოჯახში დაიბადა. დაამთავრა სოხუმის მე-4 საშუალო სკოლა. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკურ ინსტიტუტში. 1988 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1992-2002 წლებში ეკავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა.
ეთნიკურად აფხაზი ლორიკ მარშანია იმ მცირერიცხოვან აფხაზ მოღვაწეთა შორის იყო, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში ღიად დაუპირისპირდა სეპარატისტთა ლიდერ ვლადისლავ არძინბას. იგი მუდამ პრინციპულად იცავდა აფხაზი ეთნოსის თვითმყობადობას და იმავდროულად აფხაზთა სასიკეთო მომავალს მხოლოდ ერთიან საქართველოში განიხილავდა. ამიტომაც ლორიკ მარშანიას, როგორც სეპარატიზმის წინააღმდეგ მებრძოლს, საქართველოს ერთიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში თავისი წვლილი მიუძღვის.
ლორიკ მარშანია იყო თვალსაჩინო მეცნიერი-ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე იგი მუდამ ცდილობდა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ცივილიზებული გზები, სახალხო დიპლომატიის ნაცადი მეთოდები ახლებურად გაეაზრებინა და მათი განხორციელების ინიციატორად გვევლინებოდა.
ლორიკ მარშანიას ეკუთვნის სიტყვები: „მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება".
ლორიკ მარშანია 2010 წლის 13 აგვისტოს ავტოავარიის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა.
გარდაცვალების არსი მაგიურია - ადამიანი ფიზიკური არსებობიდან მარადიულში გარდავა, შეიცვლება და სხვა სულიერებით მოგვევლინება...
ასეა დიდი აფხაზის და როგორც მას უყვარდა გამოთქმა - „საქართველოს ღვიძლი შვილის" ლორიკ მარშანიას გარდასახვა მარადიულ სამყოფელში.
ლორიკ მარშანიას 24 ნოემბერს დაბადების დღე აქვს - 85 წლის იუბილეს აღნიშნავს სრულიად საქართველო.
შეუძლებელია ლორიკ მარშანიას ერთსახოვნად, სტანდარტულად შეფასება... მისი პიროვნული ღირსებები, უმაღლესი ავტორიტეტი, ბევრისთვის მიუწვდომელი იყო და არის!
2010 წელს თბილისში გამოიცა ბატონ მარშანიას, უკვე სამაგიდო წიგნად ქცეული - „ჯვარცმული აფხაზეთი". დიდ აფხაზს სტკიოდა დაგლეჯილ-დანაწევრებული საქართველო და მაინც მსოფლიოს გასაგონად ამბობდა: „დარწმუნებული ვარ - ღვთის ნება და ხალხის სამსჯავრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, ყველა მიიღებს თავისას - სამშობლოს ბედისადმი ჩვენი პასუხისმგებლობის თუ ჩვენი დანაშაულებრივი ქმედებების მიხედვით, რამაც აფხაზეთი და მისი ხალხი ისტორიულ ტრაგედიამდე მიიყვანა".
ლორიკ მარშანიასთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო აფხაზთა მომავალი. ის ამბობდა - „კრიტიკულ მდგომარეობაში კვლავ აღმოჩნდა ისტორიისგან გალახული მცირერიცხოვანი აფხაზი ერი" და კითხულობდა „იარსებებს თუ არა აფხაზი ეროვნება? როგორ გადარჩეს იგი და დადგეს ფეხზე თავის საკუთარ სამშობლოში?"
ეს კითხვა ყველას და უპირველესად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილ ხელისუფლებას, ჩვენს იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხება.
ჩვენ ხელთ გვაქვს ლორიკ მარშანიას სიმართლით სავსე წიგნები, მისი გამოსვლები საერთაშორისო დიპლომატიურ სარბიელზე, სამეცნიერო ნაშრომები, პუბლიცისტური წერილები, რომლებიც გარკვეულ მიმართულებებს გვაძლევენ კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით მოგვარებისკენ.
ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აფხაზი ხალხი გადარჩეს, აფხაზეთი ფეხზე დადგეს თავისსავე სამშობლო საქართველოში, რაც უპირველესად გულისხმობს აფხაზური ენის, კულტურის, მწერლობის, პოეზიის, საერთოდ ყველაფერი საუკეთესოს შენარჩუნებას და განვითარებას, რასაც ჭეშმარიტი აფხაზეთი და აფხაზეთობა ჰქვია, რასაც შეძლებისდაგვარად ვაკეთებთ და პრობლემებს ვუმკლავდებით.
ბატონ ლორიკ მარშანიას საიუბილეო დღე განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა და სწორად ამიტომ პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც სურდა მშვიდობა და რაც მთავარია, ქართულ-აფხაზური ურთიერთობის სიყვარულით მოწესრიგება.
ღმერთმა ინებოს „ჯვარცმული აფხაზეთის" აღდგომა და გაბრწყინება!!!
საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „ჩვენი აფხაზეთი" გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 15 მხატვრის 80-მდე ნამუშევარი.
გამოფენის გახსნაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მიწვეულ სტუმრებსა და კოლეგებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. ვიცე-სპიკერმა გამოფენაში მონაწილე მხატვრებს მადლობა გადაუხადა და საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა მიმართულებით შეხვედრების გამართვისთვის მზაობა გამოთქვა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე ხანოხ ლევინის სპექტაკლ „იაკიში და პუპჩე"-ს პრემიერა გამართა. სპექტაკლის ავტორი და რეჟისორია დავით საყვარელიძე.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ჯანო იზორია, ნინო შავგულიძე, მარინა სოლომონია, დავით ბერაძე, სანათა ძაძამია, ნიკა წერედიანი, პაატა ვახტანგიშვილი, ბადრი ბეგალიშვილი და მარიამ ყოლბაია.
პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ციალა ნებიერიძეს, საქართველოს ერთიანობისა და დამოკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსნოვნის უკვდავსაყოფად გამართული ღონისძიებების მხარდაჭერისა და მასში აქტიური მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი გადასცა.
ციალა ნებიერიძე საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია „100 ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის წევრია. მისი ინიციატივით, ყოველწლიურად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება, მათ შორის აღსანიშნავია აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო „აფხაზეთი ტკივილი ჩვენი".
ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 16 ნოემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ოფიციალური მიღება გამართა. მოწვეულ სტუმრებს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უმასპინძლა.
მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო მისიების, საელჩოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ში საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით საჯარო დისკუსია სახელწოდებით „ადამიანის უფლებების მდგომარეობა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: არსებული გამოწვევები და სახელმწიფო სტრატეგია" გაიმართა. დისკუსიის მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო.
შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წარმოადგინა სპეციალური ანგარიში „გამშვები პუნქტების გაუქმების გავლენა აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე".
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწემ ჯანდაცვის საკითხებში მანონი გოგუამ, მან ექიმებსა და ამ კამპანიაში ჩართულ ყველა პირს შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა დიაბეტით დაავადებულ მოზარდებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირებს საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია, საქართველოს დიაბეტის ცენტრის დირექტორი რამაზ ყურაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით ძიუდოში აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს 2004-2005 და 2006-2007 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა აფხაზეთიდან. საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები: გიორგი კურტანიძე, თემურ ამილახვარი, გიორგი ფოთოლაშვილი, ბადრი ხუსკივაძე, თორნიკე ბეჟიკელაშვილი, ლუკა ხარაზიშვილი, მიხეილ ჩორგოლიანი, თამაზ ნაცვალაძე, მოსე შამანაური, გიორგი თანდაშვილი.
შეჯიბრებაში გამარჯვებულ სპორტსმენებს მედლები, თასები და დიპლომები გადაეცათ.
საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში" დავით ნარმანიამ 2014-2017 წლების მუშაობა შეაჯამა. თბილისის მერმა 2014 წლის აგვისტოდან დღემდე მერიის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე, მოქალაქეთა მომსახურების სფეროში დანერგილ სიახლეებზე, საბავშვო ბაღების რეფორმაზე, დასუფთავების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
დავით ნარმანიამ საქმიანობის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტზე „ახალი ტფილისი", რომელიც თბილისის მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, აღდგენა-რესტავრირებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შეიქმნა.
პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქალაქ თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
92 წლის ასაკში გარდაიცვალა განათლების სისტემის ღვაწლმოსილი მუშაკი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე, გორგასლის ორდენისა და 12 მედლის კავალერი, მწერალთა,მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის "ქალდეა" და ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი მირიან ფილიპეს ძე ჯალაღონია.
მირიან ჯალაღონია დაიბადა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ სარაქონში.სწავლობდა სარაქონის დაწყებით, ნაკათის არასრულ საშუალო და ჯიხასკარის სკოლებში. 1950 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენათა ფაკულტეტი. ასევე დაუსწრებლად დაამთავრა ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა გაგრაში სკოლის დირექტორად, მასწავლებლად.
1966 წელს ის ოჯახთან ერთად გადმოვიდა სოხუმში საცხოვრებლად. მუშაობდა ქალაქის საბჭოში,ერთდროულად პედაგოგიური ინსტიტუტის უცხოენათა ფაკულტეტის ლექტორად. გამოქვეყნებული აქვს 10 წიგნი დაპუბლიცისტური წერილები.
1993 წლის სექტემბერიდან დევნილობაში, ცხოვრობდა ბათუმში, სადაც აირჩიეს უნივერიტეტის უცხო ენების ფაკულტეტის კათედრის გამგედ. იგი იყო მრავალმხრივ განვითარებული პიროვნება. ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობისას იგი ამჟღავნებდა სისპეტაკეს, სიკეთეს, სინდისიერებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ავტონომიუირ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მწუხარებას გამოთქვამს მირიან ჯალაღონიას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
საქართველოს მხატვართა საგამოფენო დარბაზში თანამედროვე მხატვრის, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარის დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 45 ფერწერული ტილო, რომელიც ხელოვანის 45 წლის საიუბილეო თარიღს უკავშირდებოდა.
გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, საქართველოსა და აფხაზეთის მხატვართა კავშირების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით ბაძაღუა აფხაზეთიდანაა და მისი ნამუშევრების უმეტესობა აფხაზეთის თემატიკას ეხება. აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანის შემოქმედება აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით. მისი ნამუშევრები ინახება ამერიკისა და ევროპის ქვეყნების კერძო კოლექციებში. მას ხშირად იწვევენ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" მოილოცეს და ღვთისმშობლის სადიდებელ პარაკლისს დაესწრნენ.
ხატი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა.
„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" აფხაზეთში 24 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და აფხაზთა და ქართველთა შერიგების მლოცველთათვის დაიწერა.