აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ვახტანგ ყოლბაია სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორს სამეგრელო-ზემო სვანეთში ლევან შონიას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულს ლევან შონიას შეხვდა.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ და ლევან შონიამ დევნილთა სოციალურ-ეკონომიური საკითხების გაუმჯობესებაზე, მათი პრობლემების მოგვარების გზებზე და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ასევე, გაცვალეს ინფორმაციები დევნილთა მიმართულებით განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი

გარდაიცვალა ჯუმბერ ლომინაძე.

სახელგანთქმული მეცნიერი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საზოგადო მოღვაწე.

მწუხარებას გამოვხატავთ დიდი მეცნიერის გარდაცვალების გამო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო ჯუმბერ ლომინაძის სახელი და საქმენი.

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმა აფხაზეთიდან დევნილებს უმასპინძლა

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლი, „ვეფხისა და მოყმის ბალადა“, გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინციატივით აფხაზეთიდან დევნილები დაესწრნენ.

სპექტაკლზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებიც.

მაყურებლები დალოცა მეუფე ესაიამ. დევნილებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში მინისტრმა ლელა გულედანმა. მან კმაყოფილება გამოთქვა, რომ სპექტაკლს ესწრებოდნენ დევნილები შიდა ქართლიდან, მათ შორის ნიქოზიდან, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მოიწვია. და რომ, აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილების დარბაზში ერთად ყოფნა საქართველოს ერთიანობის იმედის გაძლიერებას ნიშნავს.

სპექტაკლი ჟიული შარტავას დაბადების 70 წლისთა­ვისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.

ღონისძიება „პრივატბანკ“-ის მხარდაჭერით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი „პრივატბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აპარატის პასუხისმგებელი მუშაკები „პრივატბანკთან“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პარტნიორული ურთიერთობის განმტკიცების მიზნით, შეხვდნენ ბანკის წარმომადგენლებს.

ბანკის საკადრო მიმართულებაზე ისაუბრა კადრების სამსახურის უფროსმა და წარმოადგინა საპრეზენტაციო მასალა. ითქვა, რომ კადრების შერჩევის კრიტერიუმი არის მკაცრი, მაგრამ სამართლიანი.

აფხაზეთიდან დევნილთა შრომითი მოწყობის ხელშემწყობი პირობების შექმნაზე, სოხუმის უნივერსიტეტთან და სტუდენტებთან ბანკის წარმომადგენლების მუშაობის გააქტიურებაზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ. მან მადლობა გადაუხადა ბანკის ხელმძღვანელობას აფხაზეთიდან დევნილთა დასაქმებისათვის, საკადრო სარეზერვო ჯგუფის შექმნისა და სასწავლო პროგრამით უზრუნველყოფისათვის. გამოთქვა იმედი, რომ ის ფორმები და მეთოდები, რაც დანერგილია საბანკო სისტემაში, განსაკუთრებით დისტანციური სწავლების პროგრამა „პრომეთე“, ხელმისაწვდომი გახდება დევნილი ახალგაზრდობისათვის და მეტი შესაძლებლობა იქნება მათი დასაქმებისა და კარიერული წინსვლისათვის.

საქმიან შეხვედრაზე გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები, რომელთაც შეისწავლის ორივე მხარე და ურთიერთშეთანხმების გზით მოახდენს მათი რეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნას.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის უსინათლო და ყრუ-მუნჯთა საზოგადოება „ჰერა“-ს ეწვია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია აფხაზეთის უსინათლო და ყრუ-მუნჯთა საზოგადოება „ჰერა"-ს ეწვივნენ.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და კავშირის წევრებს შეხვდა და საზოგადოება „ჰერა"-ს სამუშაო გარემოს გაეცნო.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

ბავშვების საჩუქრებზე კომპანებამ „კოკა-კოლა", „სანტე", „ტკბილი ქვეყანა" და „სმარტ-დისტრიბუშენ"-მა იზრუნეს.

ვახტანგ ყოლბაია გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის უმაღლესი ჯილდოს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატებს შეხვდა, მიულოცა სამეცნიერო და შემოქმედებით სფეროში მიღწეული წარმატებები, უსურვა ჯანმრთელობა და აფხაზეთში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ენიჭება ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში შექმნილ ნაწარმოებებს, რომელთაც მხატვრული, სამეცნიერო და სხვაღირსებათა გამო საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვეს და ქართული ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს.

2013 წელს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ: ნატო მარშანია - წიგნისთვის „ქედუხრელი რაინდი", ტიტე მოსია - წიგნისთვის „გიორგი შარვაშიძის ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობა", მანონი ბულისკერია - ლექსების კრებულისთვის „ნედლი ნამხრევი", თეიმურაზ გვანცელაძე - წიგნისთვის „აფხაზური ენა, სტრუქტურა, ისტორია, ფუნქციონირება",„ქართულ-აფხაზური ლექსიკონი, აფხაზურ-ქართული ლექსიკონი".

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის და განათლების მინისტრი დიმიტრი ჯაიანი  დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით სათნოების სახლ „კათარზისში“ საქველმოქმედო საშობაო კონცერტი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით სათნოების სახლ „კათარზისში" საქველმოქმედო საშობაო კონცერტი გაიმართა. „კათარზისში" მყოფი მოხუცებისთვის საშობაო კონცერტი „პატივი ეცი სიბერეს" აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს. სახლის ხანდაზმულებმა საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული მიიღეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ქეთევან ბაკარაძე და კონსტანტინე კუჭუხიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ა/რ კულტურის სამინისტროს - სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთი"-სა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირი „მომავლის ხმა"-ს ორგანიზებით მოეწყო. საქველმოქმედო აქცია ქალაქ თბილისის მერიისა და კომპანია „ბარამბო"-ს მხარდაჭერით ჩატარდა.

ახმეტელის თეატრმა აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უმასპინძლა

ახმეტელის თეატრში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სპექტაკლის „საშობაო ზღაპარი" უფასო წარმოდგენა მოეწყო.

წარმოდგენას აფხაზეთიდან დევნილი 25 ბავშვი დაესწრო. სპექტაკლის შემდგომ კი დევნილ მოზარდებს კომპანია „ცეროდენა"-ს საჩუქრები დაურიგდათ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. მსგავსი სახის საქველმოქმედო აქცია დევნილი ბავშვებისთვის მომავალშიც მოეწყობა.

აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს საახალწლო საჩუქრები აფხაზეთიდან დევნილიმა მრავალშვილიანმა დედებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა მიიღეს

აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი დედებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში მიღება გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ სტუმრებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

მინისტრი დევნილ ბავშვებს და მრავალშვილიან მშობლებს გაესაუბრა და მათი პრობლემებიც მოისმინა.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქარი თორმეტმა მრავალშვილიანმა დედამ და თვრამეტმა შეზრუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვმა მიიღო.

ვახტანგ ყოლბაიამ და სოზარ სუბარმა არასრულწლოვანი მსჯავრდებულები მოინახულეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა არასრულწლოვანთა №11 სპეციალური დაწესებულების მსჯავრდებულებს შობა-ახალი წელი მიულოცეს. შეხვედრა აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივით გაიმართა და მას აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი დავით გვაძაბიაც ესწრებოდა. აღნიშნულ დაწესებულებაში 40-მდე პატიმარია, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე არასრულწლოვანიც იხდის სასჯელს. სტუმრებმა მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცეს და გაესაუბრნენ.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაის განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანია სულიერად დაეხმარონ და შეეხიდონ იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც მოკლებულნი არიან ოჯახურ გარემოს და მზრუნველობას.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, მსგავსი შეხვედრებისა და საუბრების მიზანია, დაეხმარონ არასრულწლოვნებს გარესამყაროსთან კონტაქტის დამყარებაში, რათა მათ თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ.

სტუმრებმა მსჯავრდებულებს მალე განთავისუფლება და ცხოვრების სწორი მიმართულებით გაგრძელება უსურვეს.

ღონისძიება შპს „კანტი"-ს, „გაგრა+"-ისა და „გრანდ ქენდი"-ს მხარდაჭერით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ტატიშვილმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალს აფხაზეთია ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრები და ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მემორანდუმის ფარგლებში, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივ პროექტებში ჩაერთვება. კერძოდ, დევნილი ბენეფიციარები სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაივლიან. ასევე, სპორტული მედიცინის ცენტრი, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განახორციელებს რეგიონებში გასვლით ღონისძიებებს, რომელიც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებში პროფილაქტიკურ-დიაგნოსტიკური გასინჯვების ჩატარებას და რეაბილიტაციის კურსს ითვალისწინებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საშობაო მილოცვა

„ძვირფასო თანამემამულენო, ჩვენო დევნილებო, თანამოქალაქენო, ახლობლებო, ჩვენგან შორს მყოფნო, აფხაზეთში და ოსეთში მცხოვრებნო, გილოცავთ ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს დღესასწაულს, ქრისტეშობას. ფარავდეს ღმერთი თქვენ და თქვენს ოჯახებს, შობის მადლი ნურავის მოკლებოდეს. სიკეთემ და გულმოწყალებამ დაიდოს ბინა თქვენს ოჯახებში. ქრისტეშობის მადლით,  სიყვარულით და სიკეთით განათებულს ევლოს ყოველ ჩვენგანს მრავალ შობა-ახალ წელს!"

პატივისცემით,

ვახტანგ ყოლბაია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

ვახტანგ ყოლბაიამ ლილოში ჩასახლებულ აფხაზებს შობის დღესასწაული მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია ლილოს დასახლებაში მცხოვრებ აფხაზებს ესტუმრნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზებს შობის დღესასწაული მიულოცა და მათ საშობაო ნობათი გადასცა.

საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით და კომპანიების „ჯისი"-ს, კომპანია „მეგაკო"-ს და კომპანია „ბარამბო"-ს მხარდაჭერით მოეწყო.

 

აფხაზეთის მთავრობამ გასვლითი სამთავრობო სხდომა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები ზუგდიდში გამართა

დღეს, ზუგდიდში, აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის გამსვლელი სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილული და დამტკიცებული იქნა 5 საკითხი, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული გმირის (სიკვდილის შემდეგ), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავად საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“.

ამავე დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს. ვახტანგ ყოლბაიამ მათ წარუდგინა აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის 100 დღის ანგარიში, ისაუბრა სხვადასხვა პროექტებზე და ინიციატივებზე, შეეხო საკადრო ოპტიმიზაციის საკითხებს.

შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა კითხვა–პასუხის რეჟიმში ყველა პრობლემაზე დეტალურად ისაუბრეს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, დევნილებს.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ გააჟღერა მთავრობის წევრების ინიციატივა, რომ შეიქმნას სპეციალური ფონდი დევნილთა პრობლემების მოგვარებისათვის, სადაც მთავრობის წევრების ხელფასებიდან ფონდში ჩაირიცხება 10%. გამოითქვა იმედი, რომ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს ფართო საზოგადოება და ფონდის საქმიანობა იქნება გამჭვირვალე.

შეხვედრის ბოლოს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმდა მემორანდუმი. გადაწყდა, რომ აფხაზეთის ა/რ მთავრობა სისტემატიურად მიაწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს ინფორმაციებს, მათ მიერ ჩატარებულ მუშაობაზე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამოქალაქო სექტორის დაახლოებას სახელისუფლებო სტრუქტურებთან.

ვახტანგ ყოლბაიას მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ,

გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და სულიერ მხნეობას.

მაცხოვრის შობის წინა დღეებში ვუსურვებ ჩვენს დედა-სამშობლოს და თითოეულ ქრისტიანს, დიდხანს არ მოკლებოდეს თქვენი ლოცვა-კურთხევა ჩვენი ქვეყნისა და მართლმადიდებლური სამყაროს საკეთილდღეოდ.

არ მტოვებს იმედი, რომ თქვენი მეუფების მადლი გაამთლიანებს, გააძლიერებს და გააბრწყინებს სრულიად საქართველოს.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი                                                                                   ვახტანგ ყოლბაია