აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ვახტანგ ყოლბაი „სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის“ ხელმძღვანელს დავით ტატიშვილს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე „სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი"-ს ხელმძვენელს დავით ტატიშვილსა და ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის ატარებდა. ვახტანგ ყოლბაიამ და ქეთევან ბაკარაძემ „სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი დაათვალიერეს და საქმიანობებს გაეცნენ.

შეხვედრაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ცენტის ხელმძღვანელმა დავით ტატიშვილმა სამომავლო გეგმებზე და ურთიერთანამშრომლობის გზემზე ისაუბრეს.

შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსა და „სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი"-ს შორის დაიდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანი გარკვეული კატეგორიის დევნილი მოსახლეობისთვის შეღავათიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა იქნება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზ ბავშვებს შეხვდა

სასტუმრო „საქართველო"-ში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზ ბავშვებს შეხვდნენ, რომლებიც მთავრობის ხელშეწყობითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „დედათა კომიტეტი"-ს ორგანიზებით თბილისში ჩამოვიდნენ.

შეხვედრას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელით, ბავშვებს წიგნები - „ცხოვრება იესო ქრისტესი" გადასცეს.

მთავრობის სახელით, ბავშვებს მაყვალა ბერიანიძის ავტორობით გამოცემული წიგნები: „საოცნებო საქართველო", „საქართველო ზღაპრული ფენიქსი" (საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის) დაურიგდათ. ამასთან ერთად მათ საახალწლო საჩუქრები  აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ გადასცა.

აფხაზმა და ქართველმა ბავშვებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. შესრულდა ქართულ-აფხაზური სიმღერები, მუსიკალური ნაწარმოებები, წაიკითხეს ქართული და აფხაზური პოეზიის ნიმუშები.

დევნილი ბავშვებისათვის საახალწლო ზეიმი გაიმართა

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე საახალწლო წარმოდგენა „საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისათვის" გაიმართა. ღონისძიებას აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო და ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

წარმოდგენას 10-წლამდე აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი 600-ზე მეტი მოზარდი ესწრებოდა. ბავშვებს საახალწლო განწყობა სხვადასხვა ცნობილმა მულტფილმის (მიკი და მინი მაუსი, დონალდ დაკი, დრაკონი, ჯადოქარი და კეთილი ფერიები) გმირებმა შეუქმნეს. თოვლის ბაბუამ ყველა ბავშვს საახალწო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა ვასილ ხორავამ დევნილ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა ვასილ ხორავამ ქ.ფოთში ნაბადას დასახლებაში არსებულ ერთ-ერთი კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულა და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა.

მინისტრმა აღნიშნულ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 40-მდე დევნილ ბავშვს საახალწლო საჩუქრები ჩაუტანა. დევნილმა მოზარდებმა საჩუქრად ტკბილეული, სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები მიიღეს.

საქველმოქმედო აქცია „პრივატ-ბანკი"-ს მხარდაჭერით მოეწყო.

ვასილ ხორავასთან ერთად დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს ფოთის მერი დავით სარსანია და „პრივატ-ბანკის" წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები კონსული შიროკი ტოკუნაგა და გრანტების კონსულტანტი თაე იამამოტო ესტუმრნენ. სტუმრებმა კალოუბნის 16-ში მდებარე შენობის მეორე და მესამე სართულები დაათვალიერეს, სადაც დევნილთა სამედიცინო დაწესებულებები (შ.პ.ს. საოჯახო მედიცინის ცენტრი, შ.პ.ს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა კონსულტაცია, შ.პ.ს. ოფთალმოლოგიური კლინიკა და შ.პ.ს. ზემო აფხაზეთის საავადმყოფო) და აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა განთავსებული. მათ ყურადღება გაამახვილეს ამ დაწესებულებების დატვირთვაზე და დაინტერესდნენ პაციენტების მომართვების რაოდენობით.

საელჩოს წარმომადგენლებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძესთან ერთად განიხილეს ასევე, სამინისტროსა და იაპონიის საელჩოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დიდი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის „ექვთიმე თაყაიშვილი-მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ღვთისკაცი" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილმა, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსწავლეებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სადახლოსა და კაჩაგანის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების, მამხუტისა და ქვემო არქევანის, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონისა და თეთრწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის საჯარო სკოლის და თბილისის #218-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. პროექტში მონაწილე მოსწავლეებს დიპლომები გადაეცათ. გამარჯვებულებმა დიპლომებთან ერთად საჩუქრები მიიღეს.

პროექტის მიზანია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბუბა კუდავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესწრენ.

ღონისძიება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და კინოცენტრი „აფხაზეთის" ორგანიზებით მოეწყო.

აფხაზეთის ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული პოეტის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული პოეტის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე წაიკითხეს პოეტის ლექსები, გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან, ასევე შესრულდა ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. შეკრებილმა საზოგადოებამ პოეტის სახელობის სკვერში ყავავილებით შეამკო მემორიალური დაფა „უვიწყარა" და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო ტრაგიკულად დაღუპული პოეტის ხსოვნას.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქარუმ წერეთელი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტის ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საღამო ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ჭიათურა-საჩხერის მწერალთა გაერთიანებისა და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

23 დეკემბრიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებ-გვერდს ახალი განყოფილება „Abkhazia News“ დაემატება

„ინფორმირებული მოქალაქეები ქვეყანას აერთიანებენ"

23 დეკემბრიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებ-გვერდს ახალი განყოფილება „Abkhazia News" დაემატება. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე სიახლეების გასაცნობად www.abkhazia.gov.ge-ზე შევა, „Abkhazia News"-ის ღილაკის საშუალებით შესაძლებლობა ექნება საინფორმაციო განყოფილებაში გადაინაცვლოს. ეს სიახლეა, რომელიც მკითხველს საშუალებას მისცემს აფხაზეთის მთავრობის ვებ-გვერდზევე მოიძიოს ინფორმაცია საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური მოვლენების შესახებ. აქვე იხილავთ მასალებს პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სიახლეებზე, ასევე, ანალიტიკურ სტატიებს, ინტერვიუებს, ექსკლუზიურ ინფორმაციებს. „Abkhazia News"-ის განყოფილების მუშაობის მთავარი პრინციპებია აბსოლუტური დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, მხოლოდ პირველწყაროსთან შემოწმებული ინფორმაციების გავრცელება. „Abkhazia News" დაეყრდნობა საქართველოსა და უცხოეთის საინფორმაციო სააგენტოების საუკეთესო გამოცდილებასა და აღიარებულ სტანდარტებს.

„Abkhazia News"-ის ადმინისტრაცია

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ანიმაციური ფილმის „ინდაურები“ 3D ფორმატში უფასო ჩვენებას დაესწრნენ

რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით დევნილი ბავშვები ანიმაციური ფილმის „ინდაურები" 3D ფორმატში უფასო ჩვენებას დაესწრნენ.

ფილმის ჩვენება კინოთეატრ „რუსთაველში" გაიმართა და მას 30-მდე მოზარდი დაესწრო.

ამჯერად დევნილი ბავშვები „134 ყოფილი ბაგა-ბაღი კ. 4ა" და „ტექნოსერვისი"-ს კომპაქტური ჩასახლების ობიექტებიდან შეირჩნენ.

მსგავსი საქველმოქმედო აქციები მომავალში თბილისის სხვა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები ბავშვებისთვისაც ჩატარდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გაფართოებული სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და საქართევლოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ესწრებოდნენ.

სხდომა ფედერაციის პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემ გახსნა. შეხვედრაზე აფხაზეთის ფედერაციის აღმასკომმა 2013 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო.

სხდომაზე 2014 წლის სამუშაო გეგმა დამტკიცდა, რომელიც ითავლისწინებს ,,დევნილთა შორის ფეხბურთის განვითარების პროგრამა''-ს, მინი-ფეხბურთში ტურნირების ჩატარებას და სხვა სახის სპორტულ ღონისძიებების გამართვას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთიდან დევნილთა შორის ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საპატიო წიგნში „აფხაზეთის ფეხბურთი - საუკუნის მემატიანე" იქნენ შეყვანილი.

აფხაზეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და აღმასკომის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის პრიორიტეტია დევნილი მოზარდებისთვის სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.

აფხაზი პოეტის თეიმურაზ ხაჯბას ლექსების კრებულის „აფხაზის ლექსები“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტoნომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და შავი ზღვის ეკოლოგთა კავშირის ორგანიზებით, აფხაზი ეროვნების ახალგაზრდა პოეტის თეიმურაზ ხაჯბას ლექსების კრებულის „აფხაზის ლექსები" პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლის გიორგი ჟიჟიბაიას ნახატებიც.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტინომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

წიგნის პრეზენტაცია აფხაზეთის ავტინომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის „ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამა" ფარგლებში მოეწყო.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვდნენ

17 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის მთავრობის უმაღლესი შემოქმედებითი ჯილდოს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა.

2013 წელს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ: ნატო მარშანია - წიგნისთვის „ქედუხრელი რაინდი", ტიტე მოსია - წიგნისთვის „გიორგი შარვაშიძის ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობა", მანონი ბულისკერია - ლექსების კრებულისთვის „ნედლი ნამხრევი", თეიმურაზ გვანცელაძე - წიგნისთვის „აფხაზური ენა, სტრუქტურა, ისტორია, ფუნქციონირება", „ქართულ-აფხაზური ლექსიკონი, აფხაზურ-ქართული ლექსიკონი" (2 ტომად).

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატებს დიპლომები და ფულადი ჯილდო 3000 ლარი გადაეცათ.

დაჯილდოვების ცერემონიალს აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რაისა ქარაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სურამში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება დაურიგდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 17 დეკემბერს, წმინდა დიდ მოწამე ბარბარეს ხსენების დღესთან დაკავშირებით, დაბა სურამში მდებარე სანატორიუმებში („სურამი", „მზიური" და „გსმ") ჩასახლებულ დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება დაურიგდათ.

აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან, მარჩენალდაკარგულ და ომის ვეტერანთა 100-მდე ოჯახმა კვების პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები  მიიღო. დევნილებს ასევე საჩუქრად სადღესასწაულო ხატები გადაეცათ.

საქველმოქმედო აქცია რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და კომპანიების - „მეგაკო"-სა და „ჯისი"-ს მხარდაჭერით ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ჟენევაში გაემგზავრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ჟენევაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო მოლაპარაკებების 26-ე რაუნდი გაიმართება. ქართული მხრიდან მოლაპარაკებებში ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ყოფილი სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 17-18 დეკემბერს გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი გამყოფ ხაზთან მიმდინარე მოვლენები იქნება. საუბარი ასევე შეეხება დევნილთა დაბრუნებასა და ჰუმანიტარულ პრობლემებს.

ჭადრაკში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა

16 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში.

შეჯიბრში 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ყველაზე ნორჩ მოჭადრაკეებად 7 წლის თამარ სურგულაძედა გიორგი მეგრელიშვილი დასახელდნენ.

საპრიზო ადგილების გამარჯვებულები გახდნენ  ვაჟთა შორის თორნიკე ნასარიძე (I ადგილი), გიორგი ლეთოდიანი (II ადგილი), თევდორე ჭელიძე (III ადგილი), ხოლო ქალთა შორის ელენე შელია (I ადგილი), ანა შელია (II ადგილი) და ეთერ წიტაიშვილი (III ადგილი).

გამარჯვებულები თასებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციისგან საჩუქრად წიგნები გადაეცა.