აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ევროპული ტურნედან გრან-პრით დაბრუნდა

აფხაზეთის სახელმწიფო ახალგაზრდული კაპელა ევროპული ტურნედან საქართველოში გრან-პრით დაბრუნდა.

ახალგაზრდულმა კაპელამ მონაწილეობა მიიღო ესპანეთში, ქ. ბარსელონაში, 27-30 მარტს ჩატარებულ საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსში ,,მონსერატის ოქროს ხმები" და გრან-პრის მფლობელი გახდა.

აფხაზეთის კაპელას ევროპული ტურნე 13 მარტს დაიწყო საერთაშორისო ფესტივალი ,,ჩვენებურების" ფარგლებში, რომელიც ,,ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ" ასოციაციის პრეზიდენტის, გიული ალასანიას ინიციატივით ჩატარდა საფრანგეთში, ესპანეთსა და შვეიცარიაში. ფესტივალ ,,ჩვენებურებს" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დაესწრო.

კონცერტებზე, რომელთაც ევროპელი მსმენელი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ, შესრულდა თანამედროვე საგუნდო მუსიკისა და ქართული ფოლკლორის გამორჩეული ნაწარმოებები.

პროექტი განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ექსკურსიაზე კახეთში გაემგზავრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ექსკურსიაზე კახეთში გაემგზავრნენ. 40-მდე ექსკურსანტი ბავშვიდან 10 ეთნიკურად აფხაზია. ბავშვები წმ. ნინოს სახელობის ბოდბის მონასტერს მოილოცავენ და ქ.სიღნაღს მოინახულებენ.

მოზარდები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის  წარმომადგენლებმა გააცილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ოფისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ქუთაისში დასაქმების ცენტრის, ბიზნეს ინკუბატორის, ამოქმედების ორგანიზაციული გეგმისა და მოსამზადებელი ღონისძიებების მიმდინარეობას შეეხო. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სამთავრობო, არსამთავრობო და ბიზნეს სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

პროექტის მიზანია იმერეთის რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარებისა და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობა ინოვაციური გზების გამოყენებით.

28-29 მარტს ჟენევის მოლაპარაკებების მე-19 რაუნდი გაიმართება

28-29 მარტს ჟენევის მოლაპარაკებების მე-19 რაუნდი გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

ქართული მხარე, ტრადიციულად, რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მექანიზმების შექმნის, იქ საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგების აუცილებლობის, მიმდინარე ინცინდენტების პრევენციისა და დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების პირობების შექმნის საკითხებს დასვამს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებათა მე-19 რაუნდზე დაისმება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობის აუცილებლობა იქნება.

სამეფო უბნის თეატრმა აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სამეფო უბნის თეატრმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა.

80-მდე მოზარდი თანამედროვე გერმანელი დრამატურგის, მარიუს ფონ მაიენბურგის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის ,,მახინჯი" ჩვენებას დაესწრო. სპექტაკლის რეჟისორია დათა თავაძე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, მსგავსი სახის აქციები პერმანენტულად იმართება.

საქართველოში პირველად ფარიკაობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო ტურნირი იმართება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოსა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოში პირველად ფარიკაობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო ტურნირი იმართება. ღონისძიება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კოალიცია სამართლიანობისათვის" მხარდაჭერით ტარდება.

ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან (ვლადიკავკაზი), თურქეთიდან და ირანიდან ჩამოსული 150-მდე სპორტსმენი.

ტურნირი 23 მარტს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ახალ სპორტულ დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა და 25 მარტს დაიხურება. საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცემათ.

ტურნირის მიზანია ფარიკაობის, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება. ასევე, ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, სპორტული ოსტატობის  ამაღლება და ჯანსაღი თაობის აღზრდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ, სოხუმზე განხორციელებული შეტევის მოგერიების თარიღი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მისვლით აღნიშნეს.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოსთვის თავგანწირული გმირების ხსოვნას. მათ, დღეს, 19 წლის წინ  აფხაზეთში განვითარებულ მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და სანთლები დაანთეს.

1993 წლის 15-16 მარტს, მოწინაღმდეგემ სოხუმზე ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა, რომელსაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, ღირსეულად მოიგერია და პოზიციები გაიმაგრა.

აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ფესტივალ ,,ჩვენებურების” ფარგლებში ევროპულ ტურნეს იწყებს

აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ევროპულ ტურნეს იწყებს. ,,ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ" ასოციაციის პრეზიდენტის გიული ალასანიას ინიციატივით, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფესტივალში ,,ჩვენებურები", რომელიც 13-დან 25 მარტის ჩათვლით საფრანგეთში, ესპანეთსა და შვეიცარიაში გაიმართება. პროექტი ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სოლო კონცერტები, როგორც ევროპელი მსმენელისთვის, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის. ფესტივალზე შესრულდება თანამედროვე საგუნდო მუსიკისა და ქართული ფოლკლორის გამორჩეული ნაწარმოებები. 

აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა გააცილა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არალეგიტიმურად მიიჩნევს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს.

ოკუპირებული აფხაზეთი არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს. შესაბამისად, იქ მიმდინარე ე.წ. არჩევნები ვერანაირად ვერ განიხილება საერთაშორისო სამართლის კუთხით.

,, ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ტარდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საიდანაც იძულებით განდევნილია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. გამომდინარე აქედან, ეს ე.წ. არჩევნები მოკლებულია სამართლებრივ ჩარჩოებს, არის აბსოლუტური ფიქცია, რომელიც, ფაქტიურად იმართება რუსეთის ხელისუფლების მიერ" - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა, ლევან თევზაიამ.

დედის დღესთან დაკავშირებით დევნილ ქალბატონებს სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა დედის დღესთან დაკავშირებით დევნილ ქალბატონებს უმასპინძლა.

განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები, 50 დევნილი ქალბატონი სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის ,,პრემიერა’’-ს ჩვენებას დაესწრო. სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა.

ორმოქმედებიანი სპექტაკლი ,,პრემიერა’’ ლალი როსებას პიესაზეა შექმნილი. სპექტაკლის რეჟისორია დიმიტრი ხვთისიაშვილი.

დედის დღესთან დაკავშირებით დევნილ ქალბატონებს სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა დედის დღესთან დაკავშირებით დევნილ ქალბატონებს უმასპინძლა.

განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები, 50 დევნილი ქალბატონი სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის ,,პრემიერა’’-ს ჩვენებას დაესწრო. სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა.

ორმოქმედებიანი სპექტაკლი ,,პრემიერა’’ ლალი როსებას პიესაზეა შექმნილი. სპექტაკლის რეჟისორია დიმიტრი ხვთისიაშვილი.

,,ოკუპაციის კვირეულს“ აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები შეუერთდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საქართველოს ,,ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში გამართულ თემატური გამოფენის ,,საქართველოს ოკუპაციის ისტორია და ადამიანები" დახურვას დაესწრნენ.

მოზარდებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდში დაცული ქართველი ემიგრანტების (ნოე ჟორდანია, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გრიგოლ რობაქიძე და სხვ.) პირადი საარქივო მასალა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სხვა საგამოფენო ექსპონატები. ასევე მათ შესაძლებლობა მიეცათ ისტორიული პარალელები გაევლოთ 2008 წლის აგვისტოსა და 1921 წლის მოვლენებს შორის.

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ,,ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში გამართულ გამოფენას აფხაზეთის საჯარო სკოლების, მათ შორის   ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან გადმოსული 100-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ყოველწლიურად უერთდება ,,წითელი ყაყაჩოების" აქციას, რომელიც ,,ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში ტარდება.

ხელოვნების სკოლამ - „აფხაზეთი №1“ სადებიუტო თეატრალიზირებული კონცერტი გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის  მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ხელოვნების სკოლამ „აფხაზეთი №1" და საოპერო სიმღერის სახლმა, პირველად საქართველოს სახელოვნებო სკოლების სივრცეში, გამართა თეატრალიზირებული კონცერტი „მოცარტიანა", რომელშიც მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და კამერულმა ორკესტრმა მიიღეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, ქალაქ თბილისის მერიის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხელოვნების სკოლა ,,აფხაზეთი №1" ქ. თბილისის მერიის მიერ 2008 წელს ,,სოხუმის №1'' სამუსიკო სკოლის ბაზაზე დაფუძნდა. მერიის მიზნობრივი პროგრამებით, სკოლაში თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ეთნიკური აფხაზები, რეპატრიანტი მესხები და ინგილოები სწავლობენ. შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან. სკოლა წარმატებით მონაწილეობს სხადასხვა საქალაქო თუ რესპუბლიკური მასშტაბის სახელოვნებო კონკურსებსა და ფესტივალებში.

გიორგი ბარამია და გიორგი ასანიძე მუხიანში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს სტუმრობდნენ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ასანიძე მუხიანის მე-2 მ/რ-ში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს სტუმრობდნენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ.

გიორგი ბარამიამ აფხაზეთის მთავრობასა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის "კეთილი სამარიელი საქართველოში'' გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დევნილებს საჩუქრები გადასცა. საჩუქრები კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებმა 300-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღო.

"აფხაზეთის მთავრობა პერმანენტულად ახორციელებს მსგავს ღონისძიებებს. გვაინტერესებს, როგორ პირობებში ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები. მთავარია მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენი დევნილი მოსახლეობის ," - განაცხადა გიორგი ბარამიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს უფასო სტაჟირებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის

სამინისტრო აცხადებს უფასო სტაჟირებას!

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში მისაღები სტაჟიორების კვოტა განსაზღვრულია:

ა. მინისტრის აპარატი - 2 (ორი) სტაჟიორი;

ბ. იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტი - 2 (ორი) სტაჟიორი;

გ. საფინანსო და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი - 2 (ორი) სტაჟიორი;

დ. სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტი - 2 (ორი) სტაჟიორი;

ე. სტატისტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი - 2 (ორი) სტაჟიორი;

ვ. შიდა აუდიტის სამსახური - 1 (ერთი) სტაჟიორი.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

1. პირადობის დამადასტურებელი (თუ კანდიდატი დევნილია ასევე დევნილის) მოწმობის ასლი;

2. დახასიათება ან/და რეკომენდაცია;

3. დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;

4. ავტობიოგრაფია ან CV;

5. ერთი ფოტოსურათი - 3X4-ზე.

საბუთების მიიღება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტში 2012 წლის 23 იანვრიდან 2012 წლის 03 თებერვლის ჩათვლით 10.00 საათიდან 18.00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N42, მე-5 სართული. ინფორმაციისათვის დარეკეთ: 239 48 12.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირების მსურველთა საკვალიფიკაციო მოთხოვნა და თემატიკა:      

 

ზოგადი მოთხოვნები

1. სავალდებულო მოთხოვნა:

ა. კომპიუტერის საოფისე პროგრამების  ცოდნა; 

ბ. გუნდური მუშაობის უნარი;

გ. კომუნიკაბელურობა.

2. თემატიკა:

ა. საქართველოს კონსტიტუცია;

ბ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულება;

დ. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი;

ე. „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;

 

იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტი

1. სპეციალობა: სამართალმცოდნე ან/და საერთაშორისო სამართლმცოდნე;

2. დამატებითი თემატიკა:

ა. საქართველოს სამოქალაქო სამართალი (საკუთრებითი სამართალი და ვალდებულებითი სამართალი);

ბ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი;

გ. საქართველოს სამოქალაქო პროცესი;

დ. „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი;

ე. „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი;

ვ. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;

ზ. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;

თ. „ნორმატიული აქტების შესახებ" აფხაზეთის კანონი;

ი. „აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონი;

კ. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონი;

ლ. საქართველოს შრომის კოდექსი.

 

სამინისტროს მინისტრის აპარატი

1. სპეციალობა: ნებისმიერი;

2. სავალდებულო მოთხოვნა:

ა. უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ანდა გერმანული) ცოდნა;

 

სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტი

1. სპეციალობა: ეკონომისტი, სამართალმცოდნე;

2. დამატებითი თემატიკა:     

ა. საქართველოს სამოქალაქო სამართალი (საკუთრებითი სამართალი და ვალდებულებითი სამართალი);

ბ. „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი;

გ. „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი;

დ. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი.

 

სტატისტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი

1. სპეციალობა: ეკონომისტი;

2. დამატებითი თემატიკა:

ა. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონი;

ბ. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი;

გ. ეროვნული ანგარიშების  სისტემის (ეას) ზოგადი დახასიათება (საფუძველი - მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რეკომენდირებულ ეროვნულ ანგარიშთა 1993 წლის სისტემის (SNA-93) სტანდარტული მეთოდოლოგია);

 

შიდა აუდიტის სამსახური

1. სპეციალობა: ეკონომისტი, სამართალმცოდნე;

2. დამატებითი თემატიკა:

ა. „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ" საქართველოს კანონი;

ბ. „შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნო უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის N345 დადგენილება;

გ. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი.

 

საფინანსო და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1. სპეციალობა: ეკონომისტი;

2. დამატებითი თემატიკა:

ა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი;

ბ. „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი;

გ. „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი;

დ. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;

ე.  საბიუჯეტო კოდექსი;

 

შენიშვნა:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირების კანდიდატი შეიძლება იყოს ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის (მე-4 კურსი), ბაკალავრი, მაგისტრატურის ნებისმიერი კურსის სტუდენტი და მაგისტრანტი.