აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
დედის დღესთან დაკავშირებით დევნილ ქალბატონებს სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა დედის დღესთან დაკავშირებით დევნილ ქალბატონებს უმასპინძლა.

განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები, 50 დევნილი ქალბატონი სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის ,,პრემიერა’’-ს ჩვენებას დაესწრო. სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა.

ორმოქმედებიანი სპექტაკლი ,,პრემიერა’’ ლალი როსებას პიესაზეა შექმნილი. სპექტაკლის რეჟისორია დიმიტრი ხვთისიაშვილი.

,,ოკუპაციის კვირეულს“ აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები შეუერთდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საქართველოს ,,ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში გამართულ თემატური გამოფენის ,,საქართველოს ოკუპაციის ისტორია და ადამიანები" დახურვას დაესწრნენ.

მოზარდებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდში დაცული ქართველი ემიგრანტების (ნოე ჟორდანია, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გრიგოლ რობაქიძე და სხვ.) პირადი საარქივო მასალა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სხვა საგამოფენო ექსპონატები. ასევე მათ შესაძლებლობა მიეცათ ისტორიული პარალელები გაევლოთ 2008 წლის აგვისტოსა და 1921 წლის მოვლენებს შორის.

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ,,ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში გამართულ გამოფენას აფხაზეთის საჯარო სკოლების, მათ შორის   ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან გადმოსული 100-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ყოველწლიურად უერთდება ,,წითელი ყაყაჩოების" აქციას, რომელიც ,,ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში ტარდება.

ხელოვნების სკოლამ - „აფხაზეთი №1“ სადებიუტო თეატრალიზირებული კონცერტი გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის  მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ხელოვნების სკოლამ „აფხაზეთი №1" და საოპერო სიმღერის სახლმა, პირველად საქართველოს სახელოვნებო სკოლების სივრცეში, გამართა თეატრალიზირებული კონცერტი „მოცარტიანა", რომელშიც მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და კამერულმა ორკესტრმა მიიღეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, ქალაქ თბილისის მერიის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხელოვნების სკოლა ,,აფხაზეთი №1" ქ. თბილისის მერიის მიერ 2008 წელს ,,სოხუმის №1'' სამუსიკო სკოლის ბაზაზე დაფუძნდა. მერიის მიზნობრივი პროგრამებით, სკოლაში თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ეთნიკური აფხაზები, რეპატრიანტი მესხები და ინგილოები სწავლობენ. შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან. სკოლა წარმატებით მონაწილეობს სხადასხვა საქალაქო თუ რესპუბლიკური მასშტაბის სახელოვნებო კონკურსებსა და ფესტივალებში.

გიორგი ბარამია და გიორგი ასანიძე მუხიანში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს სტუმრობდნენ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ასანიძე მუხიანის მე-2 მ/რ-ში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს სტუმრობდნენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ.

გიორგი ბარამიამ აფხაზეთის მთავრობასა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის "კეთილი სამარიელი საქართველოში'' გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დევნილებს საჩუქრები გადასცა. საჩუქრები კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებმა 300-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღო.

"აფხაზეთის მთავრობა პერმანენტულად ახორციელებს მსგავს ღონისძიებებს. გვაინტერესებს, როგორ პირობებში ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები. მთავარია მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენი დევნილი მოსახლეობის ," - განაცხადა გიორგი ბარამიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს უფასო სტაჟირებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის

სამინისტრო აცხადებს უფასო სტაჟირებას!

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში მისაღები სტაჟიორების კვოტა განსაზღვრულია:

ა. მინისტრის აპარატი - 2 (ორი) სტაჟიორი;

ბ. იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტი - 2 (ორი) სტაჟიორი;

გ. საფინანსო და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი - 2 (ორი) სტაჟიორი;

დ. სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტი - 2 (ორი) სტაჟიორი;

ე. სტატისტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი - 2 (ორი) სტაჟიორი;

ვ. შიდა აუდიტის სამსახური - 1 (ერთი) სტაჟიორი.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

1. პირადობის დამადასტურებელი (თუ კანდიდატი დევნილია ასევე დევნილის) მოწმობის ასლი;

2. დახასიათება ან/და რეკომენდაცია;

3. დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;

4. ავტობიოგრაფია ან CV;

5. ერთი ფოტოსურათი - 3X4-ზე.

საბუთების მიიღება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტში 2012 წლის 23 იანვრიდან 2012 წლის 03 თებერვლის ჩათვლით 10.00 საათიდან 18.00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N42, მე-5 სართული. ინფორმაციისათვის დარეკეთ: 239 48 12.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირების მსურველთა საკვალიფიკაციო მოთხოვნა და თემატიკა:      

 

ზოგადი მოთხოვნები

1. სავალდებულო მოთხოვნა:

ა. კომპიუტერის საოფისე პროგრამების  ცოდნა; 

ბ. გუნდური მუშაობის უნარი;

გ. კომუნიკაბელურობა.

2. თემატიკა:

ა. საქართველოს კონსტიტუცია;

ბ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულება;

დ. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი;

ე. „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;

 

იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტი

1. სპეციალობა: სამართალმცოდნე ან/და საერთაშორისო სამართლმცოდნე;

2. დამატებითი თემატიკა:

ა. საქართველოს სამოქალაქო სამართალი (საკუთრებითი სამართალი და ვალდებულებითი სამართალი);

ბ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი;

გ. საქართველოს სამოქალაქო პროცესი;

დ. „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი;

ე. „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი;

ვ. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;

ზ. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;

თ. „ნორმატიული აქტების შესახებ" აფხაზეთის კანონი;

ი. „აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონი;

კ. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონი;

ლ. საქართველოს შრომის კოდექსი.

 

სამინისტროს მინისტრის აპარატი

1. სპეციალობა: ნებისმიერი;

2. სავალდებულო მოთხოვნა:

ა. უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ანდა გერმანული) ცოდნა;

 

სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტი

1. სპეციალობა: ეკონომისტი, სამართალმცოდნე;

2. დამატებითი თემატიკა:     

ა. საქართველოს სამოქალაქო სამართალი (საკუთრებითი სამართალი და ვალდებულებითი სამართალი);

ბ. „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი;

გ. „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი;

დ. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი.

 

სტატისტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი

1. სპეციალობა: ეკონომისტი;

2. დამატებითი თემატიკა:

ა. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონი;

ბ. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი;

გ. ეროვნული ანგარიშების  სისტემის (ეას) ზოგადი დახასიათება (საფუძველი - მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რეკომენდირებულ ეროვნულ ანგარიშთა 1993 წლის სისტემის (SNA-93) სტანდარტული მეთოდოლოგია);

 

შიდა აუდიტის სამსახური

1. სპეციალობა: ეკონომისტი, სამართალმცოდნე;

2. დამატებითი თემატიკა:

ა. „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ" საქართველოს კანონი;

ბ. „შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნო უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის N345 დადგენილება;

გ. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი.

 

საფინანსო და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1. სპეციალობა: ეკონომისტი;

2. დამატებითი თემატიკა:

ა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი;

ბ. „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი;

გ. „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი;

დ. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;

ე.  საბიუჯეტო კოდექსი;

 

შენიშვნა:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში სტაჟირების კანდიდატი შეიძლება იყოს ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის (მე-4 კურსი), ბაკალავრი, მაგისტრატურის ნებისმიერი კურსის სტუდენტი და მაგისტრანტი.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ფილმის ,,ანო და ვანოს ” კინოჩვენებას დაესწრნენ

დღეს, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს კინოთეატრმა ,,რუსთაველმა" უმასპინძლა. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით დევნილი ბავშვები ფილმის ,,ანო და ვანოს" კინოჩვენებას დაესწრნენ.

50-მდე სოციალურად დაუცველი დევნილი ბავშვი ფილმის ჩვენებაზე კინოთეატრმა ,,რუსთაველმა'' მიიწვია.

აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა საჩუქრები მიიღეს

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივითა და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,კეთილი სამარიელი საქართველოში'' ორგანიზებით, გლდანის №104 ბაგა-ბაღში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ბავშვებს საჩუქრები დაურიგდათ.

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ბობოხიძემ ბავშვებს საჩუქრები პირადად გადასცა.

საქველმოქმედო აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, საჩუქრებს თბილისსა და რეგიონის სხვა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 5000-მდე დევნილი ბავში მიიღებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს, ინვალიდებსა და ომში დაღუპულთა ოჯახებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს, ინვალიდებსა და ომში დაღუპულთა ოჯახებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა.

მთავრობის ინიციატივით ვეტერანებს, ინვალიდებსა და ომში დაღუპულთა ოჯახებს საახალწლო სასაჩუქრე კალათები დაურიგდათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საახალწლო საჩუქარი აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს

29, 30 და 31 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი 5 -დან 10 - წლამდე ბავშვებისათვის  ზაალ სულაკაურის გასართობ ცენტრში საახალწლო  ზეიმს  მართავს.ზეიმს უკვე დაესწრო 700 -ზე მეტი ბავშვი.

,,ზალიკოს სადღესასწაულო  ცენტრში" წარმოდგენილია გასართობი პროგრამა - პატარების განწყობაზე ჯამბაზები, ილუზიონისტები და ზღაპრის გმირები ზრუნავენ. წარმოდგენის ბოლოს თოვლის ბაბუა ბავშვებს საახალწლო საჩუქრებს და ტკბილეულს ურიგებს.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილებმა საახალწლო ნობათი მიიღეს

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით თბილისის რამდენიმე კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საახალწლო ნობათი მიიღეს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ და გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ასანიძემ გლდანში, ლიბანის #17-ში მდებარე ბაგა-ბაღში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შობა-ახალ წელი მიულოცეს და მათ საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

საახალწლო ნობათი დღესვე ლილოს დასახლებაში, ვეტერანთა სამხედრო-ჰოსპიტალსა და მუხიანის ყოფილ რადიო ქარხნის შენობაში ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებსაც დაურიგდათ. საჩუქრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კომაქტურად ჩასახლებული  დევნილებიც მიიღებენ.

აფხაზეთის მთავრობას საახალწლო საჩუქრები დევნილთათვის კომპანიებმა ,,ბარამბომ", ,,ნატახტარმა", ,,კოდამ'', ,,კუმისმა", ,,ტკბილმა ქვეყანამ", ,,მითანამ", ,,ვაზი პლიუსმა'', ,,გაგრა პლიუსმა" და ,,იფქლმა"  მიაწოდეს.

აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, აგრარული უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ.

იძულებით გადაადგილებულ პირებმა გამოკვლევები პედიატრთან, ოფთალმოლოგთან, ნევროპათოლოგთან, დერმატოლოგთან, კარდიოლოგთან და ექოსკოპისტთან გაიარეს. სამედიცინო აქცია მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა. 2 წლამდე ასაკის ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება - ბავშვთა ჰიგიენური პაკეტები და ტკბილეული გადაეცათ.

აღნიშნულ ობიექტში ბენეფიციართა რაოდენობა 314 შეადგენს.

აფხაზეთის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შენობის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

ქ. თბილისში, კალაუბნის #16 - ში განთავსებული აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი  რეაბილიტირებული  სამედიცინო დაწესებულების გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

აღნიშნული დაწესებულება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ  გიორგი ბარამიამ და  საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  მასაიოში კამოჰარამ გახსნა.

გახსნის ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ უტიაშვილი, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა დაესწრნენ.

პროექტი იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი „გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამის" ფარგლებში დაფინანსდა.

პროექტის მიზანია თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 85 000-მდე ადამიანისათვის ჯანდაცვის სფეროში კვალიფიციური კონსულტაციისა  და მაღალი  დონის  მომსახურეობის გაწევა.

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით დევნილ ბავშვებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა

აფხაზეთის მთვარობის ინიციატივით, ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილ უნარშეზღუდულ და ობოლ ბავშვებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა.

100-მდე დევნილი ბავშვისთვის ჯამბაზებმა სპეციალური გასართობი პროგრამა დადგეს. თოვლის ბაბუამ პატარებს დამდეგი შობა -ახალ წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

პატარებს ასევე პარტნიორი კომპანიების ,,დიპლომატ ჯორჯია'',  ,,ჰუმანა''; ,,ბარამბო'', ,,ტკბილი ქვეყანა'', ,,მეგაკო'', ,,პოპული''-სა და,,სუპერის'' მიერ მიწოდებული ჰიგიენური საშუალებები, ბავშვთა კვების პროდუქტები და ტკბილეული გადაეცათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-18 რაუნდთან დაკავშირებით

2011 წლის 14 დეკემბერს გაიმართა ჟენევის მოლაპარაკებების რიგით მე-18 რაუნდი, რომელზეც განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები. ჩატარდა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელთა მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჟენევის მოლაპარაკებათა მე-18 რაუნდში მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია. სამუშაო ჯგუფებში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.

მე-18 რაუნდის დროს, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხებში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩს გედრიუს ჩეკუოლისს გაწეული ძალისხმევისთვის და მიესალმა ეუთოს 2012 წლის ირლანდიის თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ჟენევის მოლაპარაკებების ახალ თანათავმჯდომარეს, ელჩს პოდრიგ მერფის.

მოლაპარაკებების პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მიმდინარეობს მუშაობა ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის შეთანხმების თაობაზე, განხილულ იქნა თანათავმჯდომარეების მიერ შემოთავაზებული გეგმით გათვალისწინებული კონკრეტული ნაბიჯები. ხაზი გაესვა, რომ სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარება შესაძლებელია მხოლოდ იმის შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია აიღებს ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ და შეასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პირობას, მათ შორის გაიყვანს თავის სამხედრო ძალებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა, ისევე როგორც აშშ-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას აიღოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციისა და რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან ხშირი აგრესიული განცხადებების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის მიერ მსგავსი ვალდებულების აღება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. აღნიშნულ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნ. პატრუშევისა და ს. ლავროვის მიერ უკანასკნელ პერიოდში გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებებზე. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია უპასუხებს 2010 წლის ნოემბერში საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას და აიღებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას. მხარეები გააგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდების დროს.

საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაარსების საკითხის სიღრმისეული განხილვა. პროცესის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები არის მშვიდობისა და ცეცხლის განუახლებლობის საუკეთესო გარანტია. თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მონაწილეებს კონსტრუქციული მოლაპარაკებებისკენ ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მისიის შექმნის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მანდატის სრულყოფილი შესრულებისა და ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდების საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნულ კონტექსტში მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა წარმოადგინეს კონკრეტული გეგმა, რომლის განხილვაც გაგრძელდება შემდგომ რაუნდებზე.

მე-18 რაუნდის დროს ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა თანათავმჯდომარეების ყურადღება საოკუპაციო ხაზების მიმდებარე ზონებში გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე და გამოხატა შეშფოთება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ე.წ. მესაზღვრეებისა და მარიონეტული რეჟიმის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავების გამო. თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ დაჟინებით მოითხოვეს მონაწილეებისგან მსგავსი პრაქტიკის შეწყვეტა და დაკავებული პირების გათავისუფლება.

მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ნაყოფიერი მუშაობა და მზადყოფნა გამოხატეს, განაგრძონ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. რამოდენიმე მონაწილემ ხაზი გაუსვა მექანიზმების შესაძლებლობის სრული გამოყენების აუცილებლობას.

სამწუხაროდ, მეორე სამუშაო ჯგუფში მოსკოვი და მისი მარიონეტული რეჟიმები კვლავაც უარს აცხადებენ განიხილონ ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო, ღირსეულ და ნებაყოფლობით დაბრუნებასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული საკითხები. აუცილებელია იძულებით გადაადილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნების საერთაშორისოდ აღიარებული უფლების პატივისცემა და ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებზე შესაძლებელი გახდება პროგრესის მიღწევა აღნიშნულთან მიმართებაში.

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი გაიმართება 2012 წლის 29 მარტს.

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სამედიცინო–პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქ. რუსთავში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ბავშვებს სამედიცინო-პროფილაქტიკური  გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქცია ქ. რუსთავის II საავადმყოფოს ბაზაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად საოჯახო მედიცინის ცენტრ "დიოსკურიას" ექიმებმა მიიღეს მონაწილეობა. გამოკვლევები პაციენტებმა პედიატრთან, ოფთალმოლოგთან, ნევროპათოლოგთან, დერმატოლოგთან, ოტოლარინგოლოგთან და ლაბორანტთან გაიარეს. ორ წლამდე ასაკის დევნილ ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ.

სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა დაესწრო.